„მე ვარ „დიორის“ ოფიციალური ელჩი“ - გზაპრესი

„მე ვარ „დიორის“ ოფიციალური ელჩი“

ქრისტინე კეთილაძე 2014 წლიდან პარიზში ცხოვრობს. ის ბათუმიდანაა. აჭარის განათლების სამინისტროს გაცვლითი პროგრამის საფუძველზე, საფრანგეთში მას შემდეგ გაემგზავრა, რაც მისი დოსიეთი პარიზში მიმების თეატრი (Compagnie Hippocampe Mime Corporel Theatre) დაინტერესდა და 7-თვიანი სტაჟირება შესთავაზა, რაც სწავლა-პრაქტიკასთან ერთად, ყველანაირი საცხოვრებელი ხარჯით უზრუნველყოფას ითვალისწინებდა. წავიდა, მსახიობებს უკეთებდა გრიმს და პლუს, სპექტაკლის დეკორაციებზეც მუშაობდა, როგორც ასისტენტი. ქრისტინე მიმების თეატრთან თანამშრომლობას დღემდე აგრძელებს და ამავდროულად, პარიზის მიმების ფესტივალის ოფიციალური გრიმიორია. სტაჟირების პერიოდში იმუშავა 5 ფილმზეც, როგორც მთავარმა გრიმიორმა. ამბობს, რომ მაქსიმალურად ცდილობდა ამ სფეროში განვითარებას და შრომა დაუფასდა.

პარიზში გამგზავრებამდე, ქრისტინემ სკოლაში ნასწავლი ფრანგული ჯერ საქართველოში გაიღრმავა, შემდეგ უკვე ცოდნა საფრანგეთში განიმტკიცა - კურსებისა და პრაქტიკის მეშვეობით. მანამდე, ქრისტინე საქართველოში ნიკოლოზ კანდელაკის სამხატვრო სკოლის დასრულების შემდეგ, თეატრალურ უნივერსიტეტში ფოტოგრაფიის ფაკულტეტზე სწავლობდა. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო თეატრსა და კინოში გრიმიორად მუშაობა. პირველი შეხება ამ სფეროსთან ირაკლი გურგენიძის სტუდენტური ფილმის დროს მოხდა. კამერის უკან მდგარმა, გადაწყვიტა, რომ ეს მისთვის სიამოვნების მომნიჭებელი ის საქმე იყო, რომელიც უნდა ეკეთებინა. მას შემდეგ გრიმიორის პროფესიაში პრაქტიკა ფესტივალებზე, სპექტაკლებსა და გადაღებებზე მუშაობამ მოუტანა, პანტომიმების თეატრის გრიმიორი გახდა და ასევე ფილმებზე, რეკლამებზე მუშაობდა. ამჟამად, საფრანგეთში ერთ-ერთი პრესტიჟული ბრენდის წარმომადგენელია.

- რამდენიმე წლის წინ, პარიზში გალერეა ლაფაეტში დავიწყე მუშაობა. ეს კომპანია უამრავ ბრენდს აერთიანებს. ცენტრში პარფიუმის, სახისა და ტანის მოვლის საშუალებებისა და კოსმეტიკური საშუალებების სექციაში ვმუშაობდი, სადაც ვაკეთებდი ყველაფერს, რასაც საქმე მოითხოვდა: მომხმარებლისთვის პროდუქციის წარდგენა-კონსულტაცია, "მეიქაფი". მევალებოდა ყველა პროდუქტის ზედმიწევნით კარგად ცოდნა, რომ კლიენტისთვის სტენდზე წარმოდგენილი ყველა პროდუქტი გამეცნო და შემეთავაზებინა.

სწორედ იმ დროს მივიღე „დიორის“ რეგიონული დირექტორისგან შემოთავაზება თანამშრომლობაზე. ის ერთი კვირა გალერეაში დადიოდა და ყველას აკვირდებოდა. შესაბამისად, მან მუშაობის პროცესში მნახა და მოვეწონე. გამიხარდა. ფრანგული ბრენდი „დიორი“ ყოველთვის მიყვარდა. რასაკვირველია, ამ წინადადებას სიამოვნებით, დაუფიქრებლად დავთანხმდი. ეს 2019 წელს მოხდა და „დიორში“ 7 თვე კონტრაქტით ვიმუშავე. ამის შემდეგ მივიღე შემოთავაზება „სეფორადან“, ეს დიდი კომპანიაც გალერეა "ლაფაეტივით" უამრავ ბრენდს აერთიანებს. მან უვადო კონტრაქტი შემომთავაზა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელშეუხებელი ტიპი ვარ (იღიმის). თუ „დიორში“ მხოლოდ ამ ბრენდის პროდუქციაზე ვმუშაობდი, ახლა უფრო ბევრ და ფართო პროდუქციასთან მექნებოდა შეხება. ეს ჩემთვის რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ახალ შემოთავაზებას უკეთესი პირობების გამო დავთანხმდი, თან ეს უკვე სტაბილური სამუშაო ადგილია, რაც მნიშვნელოვანია იმ ადამიანისთვის, ვისაც რეგულარულად სჭირდება საფრანგეთში ვიზის განახლება. ალბათ „დიორს“ ვუყვარვარ, რადგან ცოტა ხანში სეფორას დირექტორმა ოფიციალურად დამნიშნა დიორის „ელჩად“, ანუ კვლავ წარმოვადგენ „დიორის“ პროდუქციას, მხოლოდ სეფორას მაღაზიაში. შემიძლია ვთქვა, რომ „დიორის“ ბრენდს 100%-ით ვიცნობ (იღიმის).

- ფოტოგრაფი, გრიმიორი, ვიზაჟისტი, კონსულტანტი... კიდევ ვინ ხარ?

- ხატვას 4 წელი ვსწავლობდი და დღემდე ვხატავ. ფოტოგრაფია ჰობის დონეზე დარჩა და ამ კუთხით არ მიმუშავია. ამიტომ მირჩევნია ვთქვა, მე ვარ გრიმიორი და „დიორის“ წარმომადგენელი. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. დღემდე ვმუშაობ სპექტაკლებსა და გადაღებებზე, მაგრამ კოვიდპანდემიის პერიოდში, ეს საკითხი ცოტა შეფერხებულია. ბოლო წლის განმავლობაში მხოლოდ 2 სრულმეტრაჟიან ფილმზე მომიწია მუშაობამ. რაც შეეხება განრიგს, ჩემი მაღაზია ტურისტულ ზონაში მდებარეობს. კერძოდ, პარიზის ღვთისმშობლის ტაძართან და ამიტომ, იქ ყოველთვის ბევრი ხალხია. ვინაიდან ტურისტული ზონაა, ჩემი მაღაზია დაკომპლექტებულია სხვადასხვა ეროვნების ადამიანისგან: ფრანგი, იტალიელი, არაბი, ჩინელი... მე 4 ენაზე ვსაუბრობ და ჩემი თანამშრომლებიც ასე არიან. 7-საათიანი სამუშაო დღე მაქვს და კვირაში 2 დღე ვისვენებ. მეგობრებთან ერთად ყოფნასაც ვახერხებ, თან, საფრანგეთში დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საკითხს. კოლეგასთან ან მეგობრებთან ერთად, სამსახურის შემდეგ 1 ჭიქა ალკოჰოლის ან წვენის დალევა აუცილებლობადაც კი მიიჩნევა.

- 2021 წლის 1-ლი დეკემბრიდან საქართველოში კოვიდპასპორტის გარეშე საჯარო სივრცეების ნაწილში ვერ შეხვალ. ამ მხრივ მანდ რა ხდება? თან თქვენ მომხმარებელთან ახლო კომუნიკაცია გიწევთ და რამდენად სავალდებულოა ვაქცინაცია?

- დიდ სავაჭრო ცენტრებში მდებარე მაღაზიის თანამშრომლებისთვის აცრა სავალდებულოა. სანამ ვაქცინა არ გავიკეთე, კაფესა და მუზეუმებში ვერ დავდიოდი. კვირა დღე არ არსებობს, მუზეუმში რომ არ წავიდე, ამიტომ ამ ფაქტს ვერ შევეგუებოდი (იღიმის). მართალია, ვაქცინაცია ოფიციალურ დონეზე სავალდებულოდ არ ითვლება, თუმცა ამგვარი წინააღმდეგობების გამო აცრას იკეთებ. ჩემს სამსახურშიც კატეგორიულად არავის დაუვალებია ჩვენთვის აცრა, თუმცა რჩევის სახით გვითხრეს. ვაქცინაციასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრი ორად იყო გაყოფილი და მეც ვყოყმანობდი, მაგრამ საქართველოში მინდოდა ჩამოსვლა; ყველა მენატრებოდა და ეს ენერგიის წყარო უნდა მიმეღო. პერიოდულად ძალიან მენატრება ჩემი ოჯახი, მშობლები, მეგობრები და რაღაც დროის მერე, ამ სიშორეს ვეღარ ვუძლებ ხოლმე. ახლა შევივსე და ისევ საფრანგეთში დავბრუნდი. ჩამოსვლას ვერ შევძლებდი, აცრილი თუ არ ვიქნებოდი ან 12 დღე კარანტინში უნდა ვყოფილიყავი. ჰოდა, აცრა ვარჩიე.

- ქართველებს თუ შეხვედრიხართ პარიზში, სეფორას მაღაზიაში?

- დიახ, კონსულტაციაც გამიწევია. მოულოდნელიც ყოფილა და ზოგს ძალიანაც გახარებია ასეთ კარგ დაწესებულებაში ჩემი ხილვა. სელფებიც გადაუღიათ და უთქვამთ, გვეამაყებიო (იღიმის).

- დღესდღეობით ბაზარზე უამრავი ახალი ბრენდია, მაგრამ „დიორი“ უკონკურენტოდ რჩება. თქვენი აზრით, რა არის ბრენდის პირველობისა და მისი ჩაუნაცვლებლობის მიზეზი?

- არის და სულ ასეთი უკონკურენტო იქნება. როცა „დიორი“ ბერნარ არნომ შეიძინა, ის თავიდანვე ძალიან უფრთხილდებოდა მას და ზრუნავდა ბრენდის პირველობაზე. ჩემი, როგორც დიორის წარმომადგენლის დანიშნულებაა, მყიდველამდე მივიტანო მისი დადებითი მხარე, ყოველთვის ნომერ პირველი იყოს და ყოველწლიურ სტატისტიკაში მოწინავე ადგილი შეინარჩუნოს. რაც შეეხება იმას, თუ როგორ ინარჩუნებს პირველობას, გეტყვით, რომ ამ ფრანგულმა ბრენდმა, თავისი მრავალწლიანი არსებობის მანძილზე, ბაზარზე შესანიშნავი ხარისხითა და მრავალფეროვნით გაითქვა სახელი და ერგება ყველა ტიპის მომხმარებელს - როგორც ქალს, ისე მამაკაცს. ბოლო დროს „დიორმა“ მთლიანად შეცვალა პროდუქცია, ორიენტირებულია გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ. მაგალითად, მაკიაჟის ხაზი თითქმის სრულად ნატურალურ ინგრედიენტებზეა დამზადებული.

11111111-1637313638.jpg

- ალბათ თანამშრომლებს გაქვთ ახალი პროდუქციის საკუთარ თავზე დატესტვის საშუალებაც. განებივრებენ საჩუქრებით? და აქვე, როგორია თქვენი ყოველდღიური მაკიაჟი და დრესკოდი?

- დიახ, „დიორი“ ამ მხრივ ყველზე უხვი ბრენდია. როცა ახალი პროდუქცია გამოდის, მანამდე ოფიციალურად საჩუქრად ვიღებთ. სიახლეს მანამდე ვტესტავთ, სანამ მომხმარებლებს წარვუდგენთ. პლუს, მე მევალება თანამშრომლებისთვის მასტერკლასის ჩატარებაც და შესაბამისად, კარგად ვეცნობი პროდუქტს. რაც შეეხება დრესკოდს, აუცილებლად უნდა იყოს დაცული. თმა შეკრული უნდა გვქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ნიღბებს ვატარებთ, მაკიაჟი ყოველთვის გვაქვს და ვიყენებ როგორც ტონალურს, ისე ტუჩსაცხს. გვაცვია შავი სამოსი. ის არ უნდა იყოს ვულგარული. ზედატანის სიგრძე უნდა იყოს ისეთი, რომ დახრის ან ხელების ზევით აწევის დროს საჯდომი არ გამოჩნდეს. ფეხსაცმელი არ უნდა იყოს დახურული და დასაშვებია მხოლოდ 3-4 სანტიმეტრი ქუსლი. ტატუირებას ყურადღება არ ექცევა, თუმცა აქსესუარები უნდა გქონდეს მინიმალისტური და მცირე ზომის. რაც შეეხება ხელებს, ყოველთვის უნდა იყოს მოწესრიგებული და ფრჩხილები ლაქით დაფარული. მე თუ მოუწესრიგებელი ვარ, მომხმარებლის ნდობას ვერ დავიმსახურებ. თან, მე ჩემს ბრენდს წარმოვადგენ და ამიტომ, შესაფერისად უნდა გამოვიყურებოდე. შანელს აქვს ნათქვამი: ქალი, რომელიც თვლის, რომ მაკიაჟის გარეშე ლამაზია, ის სულელიაო. გარკვეულწილად ვეთანხმები. სულ სხვანაირად გამოიყურება ქალი მაკიაჟით და საკუთარი თავითაც კმაყოფილია. მუხედავად იმისა, რომ ახლა მსოფლიო ნიღბებს ატარებს, ყველას ვურჩევ ტონალურის წასმას, რაც კანს პირბადის "აგრესიისგან" იცავს. მეც ყოველდღიურად მისვია ტონალური და წითელი ტუჩსაცხი. აქვე ვიტყვი, რომ არა მხოლოდ მაღაზიაში, არამედ ზოგადად, მთელ საფრანგეთში, ყველაზე მნიშვნელოვანი და დაუწერელი კანონია იცოდე სამი სიტყვა: „გამარჯობა“, "გეთაყვა“ და „ნახვამდის“. ამ სიტყვების გამოყენების გარეშე უზრდელად ითვლები.

- ალბათ საფრანგეთში დარჩენას აპირებთ...

- დიახ, თან სამსახურმა სამუშაო ვიზა უკვე გამიკეთა, რომელიც ჩემი უვადო კონტრაქტის წყალობით შემიძლია მუდმივად განვაახლო და ამისთვის მადლობელი ვარ. პატარ-პატარა გეგმები მაქვს. ამ ეტაპზე მინდა, სეფორას ერთ-ერთ მაღაზიაში მენეჯერის პოზიცია დავიკავო. კარიერული წინსვლისთვის ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

ანა კალანდაძე