სამების ტაძართან მოსმენილი ამბები... - გზაპრესი

სამების ტაძართან მოსმენილი ამბები...

ერთმანეთს დათქმულ დროს, სამების საკათედრო ტაძართან ვხვდებით. აქვე სახელოსნო აქვს და მანამდე სამებაში შევიარეთ. აქ ხის საეკლესიო ატრიბუტიკის ნაწილი მისი შესრულებულია და მათ შორისაა ტაძარში შესასვლელი მასიური კაკლის ხის კარიც. ხატებსა თუ ხის სხვადასხვა ნივთის შექმნისას, წლებმა გამოცდილებასთან ერთად, ბევრი ნამუშევარიც დაუგროვა. მისი ნახელავი საქართველოს ყველა კუთხის ეკლესია-მონასტერშია მიმობნეული. თავს მხატვარს უწოდებთ-მეთქი? - არა, მაგას ვერ ვიტყვი, ვმხატვრობო, - ღიმილით მპასუხობს.

ზეზვა საღლიანის მამა სვანეთიდან თბილისში გასული საუკუნის 50-იან წლებში ჩამოსახლდა, აქვე დაოჯახდა და დედაქალაქში დარჩა. თავდაპირველად სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის წარჩინებული სტუდენტი იყო. უმაღლესში სწავლას ასრულებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც სამხატვრო აკადემიაში მივიდა და იქაურობა დაათვალიერა, აზრი შეიცვალა. მართალია, ხატვა არ იცოდა, მაგრამ ხეზე მუშაობდა საუცხოოდ და სწორედ ამ მიმართულებით გააგრძელა. ზეზვა მთელი ბავშვობა უყურებდა მამის შრომას და თუმცა იმ დროს ხე არ იტაცებდა, ფაქტია, მასაც დაჰყვა შემოქმედებითი ხასიათი და რაც მთავარია, ნიჭი.

ზეზვა საღლიანი თბილისში დაბადებული სვანი კაცია, ექვს დედმამიშვილს შორის ერთ-ერთი. სვანურიც იცის, რომელიც ბავშვობაში ზაფხულისა და შემოდგომის სვანეთში გატარებისას ისწავლა. ბავშვობიდან ფანქრითა და ბლოკნოტით დადიოდა, სულ ორნამენტების ჩანახატებს აკეთებდა, 12 წლისამ პირველი ნამუშევარი შექმნა. შემდეგ „თოიძეში“ ჩააბარა, ჭედურობა და საიუველირო საქმე ისწავლა - მისი მრავალფეროვანი შემოქმედებითი ცხოვრების გზა ასე დაიწყო.

ზეზვა საღლიანი საკმაოდ მრავალმხრივი ავტორია: ჭედურობა, ხის მხატვრული დამუშავება, რესტავრაცია, ქანდაკება, გრაფიკა, ფერწერა, სამკაული ბზისა და შუშისგან... მრავალი წელია ჩუქურთმას ჭრის და თავადაც ბევრი ფორმა აქვს გამოგონილი. რამე ნივთს ერთხელ რომ გააკეთებს, მეორედ იმავეს გამეორება არ უყვარს. პარალელურად, პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა და ამ ეტაპზე კვირაში ორჯერ წინამძღვრიანთკარში, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში, ხის მხატვრულ დამუშავებას ასწავლის.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ამ ადგილის შესახებ ბოლო დროს ბევრი რამ მსმენია. კერძოდ, 1883 წელს ილია წინამძღვრიშვილის ძალისხმევითა და მოწინავე ინტელიგენციის მხარდაჭერით, წინამძღვრიანთკარში გაიხსნა საქართველოში პირველი სასოფლო-სამეურნეო სკოლა. სწავლა იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილი წესდებითა და ნიკო ცხვედაძის მიერ შემუშავებული პროგრამით მიმდინარეობდა. ისწავლებოდა: მიწათმოქმედება, მებაღეობა, მევენახეობა, მეღვინეობა, მეფუტკრეობა, მეტყევეობა და ა.შ. წლებთან ერთად სასწავლებელი დასახელებას იცვლიდა, ასევე ემატებოდა და აკლდებოდა სხვადასხვა ფაკულტეტი. ის დღესაც აქტიურად ფუნქციონირებს და ამა თუ იმ სფეროს პროფესიული კადრის აღზრდას ემსახურება.

maxaaaaaaaaaa-1637319829.jpg

ზეზვა საღლიანი:

- იმპულსური პიროვნება ვარ. დღეს ეს მინდა და ამას ვაკეთებ, ხვალ სხვა რამ და ისე მოვიქცევი. „თოიძის“ შემდეგ, სამხატვრო აკადემიაში აღარ ჩამიბარებია. ჯარიდან რომ დავბრუნდი, გამოცდებზე კი გავედი, ფერწერაზე ჩაბარება მინდოდა, მაგრამ ვერც პირველ და ვერც მეორე წელს შესაბამისი შეფასებები ვერ მივიღე. მესამე წელს სვანეთში წავედი, ცოტას დავისვენებ-მეთქი. თუმცა რითი ვიყავი დაღლილი, არ ვიცი (იღიმის). გამოცდების დრო რომ დადგა, იქიდან თბილისში წამოსვლა დამეზარა. გული არ დამწყვეტია. ამის გამო თავი არ მომიკლავს, ვხატავდი, ვმუშაობდი, შესანიშნავი პედაგოგები მყავდა და მათგან ბევრი ვისწავლე. 23 წლის ბიჭს ფული მჭირდებოდა და ვინაიდან მამაჩემის შემხედვარე მაგარი ავეჯის რესტავრაცია უკვე ვიცოდი, ახლა რბილი ავეჯის რესტავრაცია ვისწავლე. სულ მხატვრების წრეში ვტრიალებდი, მუდმივად ვმუშაობდი, „ზავხოზადაც“ მაქვს ნამუშევარი და სკოლებში მასწავლებლადაც. ხან იმერეთში ვიყავი, ხან კახეთში, რაჭა, გურია, ერთ ადგილზე გაჩერება არასდროს შემეძლო და ახლაც ასე ვარ - სულ საქმესა და მოგზაურობაში ვატარებ დროს.

- და თქვენი სამუშაო მასალაც ერთმანეთს ენაცვლებოდა...

- დიახ, მაგრამ ფანქარი ხელიდან არასდროს გამიგდია. იმდენი ესკიზი დამიგროვდა, ერთხელაც ყველა დავწვი. მანამდე ჩემი და-ძმა ხეირობდნენ, სადმე დაბადების დღეზე რომ მიდიოდნენ, ის ჩემი ჩანახატები (გრაფიკა, ფერწერა) საჩუქრებად მიჰქონდათ.

- და რატომ წვავდით?..

- ბევრია, რაში მჭირდება, ნაგავია-მეთქი და ვწვავდი. მაშინ დაახლოებით 25 წლის ვიქნებოდი. კიდევ მაშინ ვწვავდი ესკიზს, როცა ნამუშევარს გავაკეთებდი და უკვე მზად იყო, იგივე რომ არ გამემეორებინა. ასე დავწვი იმ სკამის ესკიზიც, რომელიც ნაზარბაევთან „წავიდა“ (სვანური ავეჯი, ხის მასიური მახვშის სკამი, ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის კოლექციაშია. - ავტ). რა ვქნა, მქონდა ეს ცუდი თვისება. ჰოდა, ერთხელაც მოქანდაკე გოგი წულაძემ მითხრა, რას აკეთებ, როგორ წვავ, ეს ხომ ისტორიააო. მაშინ ვთქვი, კარგი, მაშინ რაც ჯერ არ გამიკეთებია, მხოლოდ იმას შევინახავ-მეთქი. ახლა რაც გაუკეთებელი მაქვს, ვაგროვებ, აღარ ვწვავ (იცინის). დღეს ყველა ის დამწვარი ესკიზი რომ მქონოდა, არაერთი პერსონალური გამოფენაც მექნებოდა გაკეთებული.

- არ გქონიათ გამოფენა?

- არა, მაგრამ ვაპირებ თავი მოვუყარო ნამუშევრების ნაწილს და მომავალი წლის გაზაფხულზე გამოფენა გავმართო. ხეში გაკეთებული ქანდაკებებიც მაქვს, რომელთა ჩამოსხმას ბრინჯაოში ვგეგმავ. ერთიც ქვაში მინდა გავაკეთო - მშვენიერი ქალის ფიგურაა.

1992 წლიდან ფერწერაში არ მიმუშავია და ახლა ჯერ აკრილით ვხატავ, მერე ზეთზე გადავინაცვლებ. გამოფენაზე სხვადასხვა მასალას წარმოვადგენ: ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, ხატები ვერცხლში, წმინდა გიორგები, ჩემივე გაკეთებული ხის ჩარჩოებით. ბევრი ჯვარიც მაქვს გაკეთებული, ასევე - ესკიზები. პატრიარქი აღფრთოვანდა, როცა ნახა.

- ბუნებრივია თქვენს ნამუშევრებს იცნობს პატრიარქი და მუშაობის პროცესში მასთან თახმდება დეტალები? გაიხსენეთ ილია II როდის და როგორ გაიცანით?

- სამებაში, პატრიარქთან შეთანხმების გარეშე არაფერი გაკეთებულა. ტახტრევანის კვარცხლბეკის ძირიც რომ გავაკეთე, (რომელიც სამების ცენტრში დგას), ნახაზებიც ვუჩვენე და ნახატებიც... რაც შეეხება მასთან პირველ შეხვედრას, ეს საპატრიაქოში მოხდა. 90-იანი წლები იყო. ჩემმა მოძღვარმა მიხმო და მითხრა, რომ საპატრიაქოში სატრაპეზო გახლდათ გასაკეთებელი. მხოლოდ მასალის ფული ვითხოვე, სხვა არაფერი მინდა-მეთქი. გავაკეთე სკამები, მაგიდები, მივიტანე საპატრიარქოში და დავიწყე „აკინძვა“.

5-copy-1637319815.jpg

- ბევრი იქნებოდა...

- 14 მაგიდა და 28 სკამი იყო. პლუს, რკინისგისოსებიანი კარადა, ასევე ონკანის დასამონტაჟებელი მაგიდა... ხეს არ ვღებავდი. სატრაპეზოშო ბნელოდა და გადავწყვიტე, ავეჯი თეთრად დამეტოვებინა, ფიჭვს ლაქს რომ გადაატარებ, ოქროსფერი ხდება და ასეც ვფიქრობდი გაკეთებას. სატრაპეზოზე პასუხისმგებელი ვინც იყო, მითხრა შეღებეო, მაგრამ უარი ვუთხარი, - რომ წავალ, რაც გინდა ის ქენი, მაგრამ მე ასე დავტოვებ-მეთქი. მესამედაც რომ მოვიდა და იგივე მითხრა, გავბრაზდი: მერამდენედ უნდა გითხრა, შე დალოცვილო, არ ვღებავ, თავი დამანებე-მეთქი. ამ დროს მესმის ხმა: ასე რატომ ილანძღები? გავიხედე და პატრიარქი დავინახე (იღიმის). აი, მაშინ მოხდა პირველად ჩვენი შეხვედრა. მერე მან ავეჯი დაათვალიერა, ყველაფერი ნახა. მე ავუხსენი, თუ რატომ არ ვღებავდი. ხმას არ იღებდა. სატრაპეზოდან გასვლისას, ზღურბლზე მოტრიალდა და მღვდელს უთხრა: „რა გინდა, მამაო, მართალია ეს კაცი, თავი დაანებე“. მორჩა! ასე დავტოვე ის ავეჯი.

- მოსწავლეებთან რამდენ დროს ატარებთ?

- კოლეჯში კვირაში ორჯერ, დილიდან 5 საათამდე ვარ დატვირთული და ეს ჩემთვის განტვირთვაა. ბავშვთან კონტაქტი სასიამოვნოა და ამ საქმით არასდროს ვიღლები, რომ რაც მიყვარს, იმას ვაკეთებ. ჰობი რა გაქვსო? - ერთმა მკითხა და რა ჰობი, რის ჰობი?! რაც მიყვარს, იმას ვაკეთებ ყოველთვის! თავისუფლებას ვერ შევიზღუდავ... არ შემიძლია... ახლახან გუდიაშვილის მოედანზე რამდენიმე კარს სიცოცხლე დავუბრუნეთ. ამაზე რომ ვმუშაობდი, ვფიქრობდი, რამხელა სიკეთე და მადლია, როცა ისტორიას აცოცხლებ, ეფერები და თავის დროზე ვიღაცის გაკეთებულს, ახლა შენ ეხები და ალამაზებ.

ახლა ამ ყველაფრისგან დავისვენებ. დილას 6 საათზე უკვე ფეხზე ვარ და სახელოსნოში მივდივარ. ცოტ-ცოტას აქაც ვხატავ და საგაზაფხულოდ გამოფენის მოსაწყობად მოვემზადები.

ანა კალანდაძე