„მათი სიყვარული გამოირჩეოდა ფანტასტიკური პატივისცემით ერთმანეთის მიმართ“ - გზაპრესი

„მათი სიყვარული გამოირჩეოდა ფანტასტიკური პატივისცემით ერთმანეთის მიმართ“

მისი მშობლები ყველასთვის ცნობილი და გამორჩეული წყვილი იყო: მამა - ლიტერატურათმცოდნე და კრიტიკოსი ბესო ჟღენტი, დედა - ხელოვნებათმცოდნე, თეატრალური ინსტიტუტის რექტორი ეთერ გუგუშვილი. მისმა ბავშვობამ, სტუდენტობამ მწერლებისა და თეატრის მოღვაწეთა წრეში ჩაიარა. არაერთი ცნობილი ხელოვანი თუ მწერალი იყო მათი ოჯახის მეგობარი. ყველას უყვარდა სტუმრად მისვლა ამ ოჯახში, რადგან ეს იყო საოცარი სიამოვნება და სულიერი ფუფუნება.

რეჟისორი ირინა ჟღენტი დედას, მამას, ბავშვობას იხსენებს.

et-1637932169.jpg

- 13 წლის ვიყავი, როცა მამა გარდაიცვალა. უამრავი ადამიანი მოდიოდა პანაშვიდებზე და პირველად მაშინ მივხვდი, რომ არა მარტო ჩემი მამა, არამედ საზოგადოებაში დაფასებული ადამიანი იყო... ჩემი მშობლების სიყვარული გამოირჩეოდა, პირველ რიგში, ფანტასტიკური პატივისცემით ერთმანეთის მიმართ. ამავე დროს, ერთ წრეში ტრიალებდნენ. მამა ახალგაზრდობაში კოტე მარჯანიშვილის მიერ დაარსებულ ქუთაისის დრამატულ თეატრში ლიტერატურულ ნაწილს ხელმძღვანელობდა. კოტესთან მეგობრობდა. როცა მარჯანიშვილი მოსკოვში მიდიოდა, მამაჩემი აცილებდა და ამშვიდებდა იმიტომ, რომ კოტე ფაქტობრივად გააგდეს აქედან. დედა მოსკოვში „გიტისში“ (თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი) სწავლობდა და იქ მუშაობდა კულტურის სამინიტროში. მერე გადმოვიდა თბილისში. აქაც კულტურის სამინისტროში დაიწყო მუშაობა. მამა გარეგნობით გამორჩეული კაცი არ იყო, მაგრამ დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ჩემი მშობლები ერთ ქუჩაზე ცხოვრობდნენ და მათი სახლები ერთმანეთს უყურებდა. ასაკობრივი სხვაობის გამო, პატარა ეთერი ბესოს იცნობდა, როგორც უფროს ადამიანს, რომელსაც უკვე საყოველთაო აღიარება და პატივისცემა ჰქონდა მოპოვებული... 1955 წლის დეკემბერში გაზეთ „ზარია ვოსტოკაში“ უნდა დაბეჭდილიყო დედას წერილი რუსთაველის თეატრის სპექტაკლზე „ტარიელ გოლუა“. წინა დღით რედაქციაში მისულმა გაიცნო ბესო, რომელიც დაინტერესდა ეთერის წერილით, წაიკითხა და ურჩია, კრიტიკული ტონი შეერბილებინა, მაგრამ დედამ არ გაითვალისწინა და სტატია უცვლელად დაბეჭდა. მათი მეორე შეხვედრა შედგა რუსთაველის თეატრში, სადაც უცნობი რეცენზენტისგან წაყენებული ბრალდების გამო დისპუტი გაიმართა. ყველა გამომსვლელი ეთერს უტევდა. ბესომ გაამხნევა ახალგაზრდა თეატრმცოდნე და ისინი თეატრიდან ერთად გამოვიდნენ. იმ დღეს დაიწყო მათი ერთობლივი გზა... მშობლები შემოქმედებითი კუთხით კამათობდნენ სპექტაკლების განხილვის დროს, ანდა როცა მსჯელობდნენ იმაზე, ვერიკო უკეთესი მსახიობი იყო თუ სესილია. მამას ფავორიტი ვერიკო იყო, დედას კი სესილია უყვარდა. მე და დედა შინ რუსულად ვსაუბრობდით, მე და მამა - ქართულად.

ამბები მამაზე

- მამა გვიან იღვიძებდა, რადგან ღამის 2-3 საათამდე მუშაობდა. ჩვენ გვქონდა ტრადიცია, რომ აუცილებლად ერთად ვსადილობდით ყველანი - ჩემი უფროსი და-ძმა თავიანთი ოჯახებით მოდიოდნენ. მამას პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავდა და დედაჩემი მუდამ ამბობდა, სამი შვილი მყავსო. ჩვენი სახლის ხშირი სტუმრები იყვნენ: ვერიკო, სესილია, ნოდარ დუმბაძე, მამას ნათლული გურამ ასათიანი, ვასო გოძიაშვილი. ყველა ელოდა პირველ მაისს და შვიდ ნოემბერს, რადგან აღლუმის დამთავრების შემდეგ ჩვენთან მოდიოდნენ საქეიფოდ. მახსოვს როგორ ცეკვავდა „შალახოს“ ვასო გოძიაშვილი, ლექსებს კითხულობდა აკაკი ვასაძე... ეს იყო სხვანაირი ქეიფი.

1961 წელს მოსკოვში მწერალთა საკავშირო პლენუმი ჩატარდა, სადაც მამა მონაწილეობდა. დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ საბჭოთა კავშირში უნდა ყოფილიყო რაღაც ერთიანი, ყველასთვის გასაგები ენა. რა თქმა უნდა, იგულისხმებოდა რუსული, მაგრამ სიტყვა „რუსულს“ ვერავინ ამბობდა. გამომსვლელები ერთი და იმავეს იმეორებდნენ. მწერლები დაიბნენ, სიტუაცია დაიძაბა, მძიმე ვითარება შეიქმნა. გამოდის ბესო და ამბობს: მეგობრებო, თქვენი სწრაფვა გასაგებია, მაგრამ ამიხსენით, როგორ შეიძლება სხვა, რაღაც მითურ ენაზე წავიკითხო პუშკინი ან ლერმონტოვიო?! - და გააგრძელა პოეტების ჩამოთვლა და მათი ქება. საკითხი იქვე ჩაკვდა... მამას კარგი იუმორი და მწარე ენა ჰქონდა, ამიტომ მისი გამოსვლების ცოტა ეშინოდათ. ბესო მეგობრობდა ირაკლი აბაშიძესთან, გალაკტიონთან, კარგი ურთიერთობა ჰქონდა გრიგოლ აბაშიძესთან, ძალიან უყვარდა სიმონ ჩიქოვანი - ერთად სწავლობდნენ გიმნაზიაში. მამას ხელნაწერს ვერავინ ვერ არჩევდა, მწერალთა კავშირში მხოლოდ ერთი მბეჭდავი იყო, ვინც მის ნაწერს კითხულობდა. მეც მამასავით "უბედური" ხელი მაქვს.

პერიოდულად იხსენებენ ერთ თემას - მიხეილ ჯავახიშვილთან დაკავშირებით. ამ ფაქტის შესახებ მამამ მიამბო. მწერალთა კავშირში სხდომაზე ლავრენტი ბერია მივიდა, თავისი გამოსვლა დაიწყო და უცებ ამბობს: ამხანაგო ჟღენტი, მე თქვენ გხედავთ!.. მამას, გარეგნობის გამო, ყველგან შეამჩნევდი. ბესო კუთხეში, გვერდშექცევით მჯდარა. ბერიამ გააგრძელა: თქვენ ხომ იზიარებთ საერთო აზრს?.. უკლებლივ ყველამ (მანამდე მამას ხელი არაფერზე არ მოუწერია), მთელმა მწერალთა კავშირმა მოაწერა ხელი განკარგულებას, მამაჩემის ჩათვლით, ოღონდ ეს მოხდა მიხეილ ჯავახიშვილის დახვრეტის შემდეგ. საუბედუროდ, ასეთი დრო იყო... ბესო მივიდა სახლში და მეუღლეს - თამარს ჩემოდანი ჩაალაგებინა, რადგან ყოველ წუთს ელოდა დაპატიმრებას (ბერიამ ცუდად დაადგა თვალი). ახლოვდებოდა შოთა რუსთაველის საიუბილეო თარიღი, საკავშირო დელეგაცია უნდა ჩამოსულიყო და ირაკლი აბაშიძეს უთქვამს: ჩვენ გვყავს ერთადერთი კაცი, ვინც რუსულად ისევე თავისუფლად საუბრობს, როგორც ქართულად, - ეს ბესო ჟღენტია და ის უნდა გამოვიდეს მოხსენებითო. მხოლოდ და მხოლოდ ამ ფაქტის გამო გადაურჩა მამა დაპატიმრებას.

bes-1637932189.jpg

ამბები დედაზე

- დედა ადრიანად დგებოდა და დილას, ცხრის ნახევარზე უკვე თეატრალურ ინსტიტუტში მიქროდა. დედას უყვარდა კლასიკური ბალეტი, პოეზია, ცურვა, ნაყინი... მოსკოვში როცა სწავლობდა დედაჩემი, ცხოვრობდა იმ საერთო საცხოვრებელში, სადაც ძირითადად ქართველები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ დედა სტალინის სტიპენდიატი იყო, მაინც უჭირდა. მძიმე დრო იდგა და სტუდენტებს ხშირად საჭმელი არ ჰქონდათ. როცა შიოდათ, ნაყინს მიირთმევდნენ. იმ დროიდან გამოჰყვა დედას ნაყინის სიყვარული. ბებიაჩემი, ტატიანა-თინა ფურცელაძე მოხარშავდა ბორშჩს და დიდი ქვაბით თბილისი-მოსკოვის მატარებელს ატანდა შვილთან. ამ ძღვენს მთელი საერთო საცხოვრებელი მოუთმენლად ელოდა.

დედა 35 წელი მუშაობდა თეატრალურ ინსტიტუტში, ჯერ პრორექტორი იყო, მერე - რექტორი. მისი დამსახურებაა და მან მიაღწია იმას, რომ მოსკოვის კატეგორიული უარის მიუხედავად, თეატრალურში კინოფაკულტეტი გაიხსნა. დედას დამსახურებაა, რომ მიშა თუმანიშვილს ცალკე გაუხსნა სარეჟისორო კათედრა, როცა რეჟისორს რუსთაველის თეატრი დაატოვებინეს და სამსახურის გარეშე დარჩა. მიხეილ ივანიჩმა მაშინ პირველად აიყვანა ექსპერიმენტული ჯგუფი, სადაც მსახიობები და რეჟისორები ერთად სწავლობდნენ. მოგვიანებით მეც მასთან ვსწავლობდი. დედამ დააარსა სასწავლო თეატრი და თავისი მეგობრის, დიმიტრი ალექსიძის სახელი დაარქვა. სასწავლო თეატრი გაიხსნა თუმანიშვილის სპექტაკლით - შვარცის „დრაკონით“, სადაც ვირს ვთამაშობდი... ეთერი კბილებით იცავდა მიშას დადგმულ „ბაკულას ღორებს“, რადგან ე.წ. ჩაბარების დროს, კულტურის სამინისტროს გარდა, ცეკას წარმომადგენლებიც მოვიდნენ და თქვეს, ძალიან ანტირუსული სპექტაკლიაო. დედა იყო მკაცრი და სამართლიანი. თეატრალურ ინსტიტუტში მისაღებ გამოცდებზე დაიწუნეს რამაზ იოსელიანი და ლევან აბაშიძე, დედამ კი ისინი „გადაარჩინა“...

1989 წლის 8 აპრილს რუსთაველის გამზირზე ტანკები შემოვიდნენ. ამასთან დაკავშირებულ ერთ ეპიზოდს კახი კავსაძე გენიალურად ჰყვება: „რუსთაველის თეატრის წინ ვდგავართ და გაგიჟებულები ვუყურებთ, როგორ მოდიან ქუჩაში ტანკები. უცბად, თეატრალური ინსტიტუტიდან ვიღაცა გამოექანა და პირდაპირ ტანკის წინ გაიშხლართა. ვინ არის? გავვარდი, მინდა, რომ გამოვათრიო და ვხედავ ფანტასტიკურ ფეხებს ასფალტზე... წამოვწიე და ეთერი არ შემრჩა ხელში?!“ დედაჩემი 1956 წლის 9 მარტის ამბების მონაწილეც იყო, მაშინ გადარჩა იმიტომ, რომ მეგობარმა თურმე სადარბაზოში შეაგდო. 9 აპრილს რომ გავარდა ეთერი თეატრალურში, იქ იყო ბოლომდე. ჯარისკაცები ინსტიტუტის ფანჯრებს ამსხვრევდნენ და გაზის ბალონებს შენობაში აგდებდნენ. დედაჩემი მოიწამლა და საავადმყოფოში აღმოჩნდა. დაზარალებულის ცნობა რომ უნდა მიეცათ, - თქვენი ქაღალდები რაში მჭირდებაო?!. - თქვა და ის ფურცლები გადახია.

cop-1637932210.jpg

ირინა

- თეატრი ჩემი ცხოვრების თანმდევია. მახსოვს „ძველი ვოდევილები“ და ვასო გოძიაშვილი, „ჭინჭრაქა“ და სერგო ზაქარიაძე... „სამანიშვილის დედინაცვალში“ სერგო ისე მომწონდა, რომ დედას ვთხოვე და მის საგრიმიოროში შევდიოდი. საათობით ვიჯექი და ვუყურებდი, როგორ ემზადებოდა სპექტაკლის წინ. ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი. აკაკი ხორავაზე ვგიჟდებოდი. მე და ბებიაჩემი რუსთაველზე რომ ვსეირნობდით, ძალიან ხშირად ვხედავდი თეატრალური ინსტიტუტისკენ მიმავალ აკაკის. მაშინვე დავუძახებდი - „ძიაძია“ ხორავა!" - და მივრბოდი მისკენ. აკაკიმ დატოვა წერილი, რომელიც უნდა გამეხსნა ქორწინების დღეს და კონიაკი ცხენისთავიანი ბოთლით. ძალიან თბილი წერილი იყო, თამადამ - გიგა ლორთქიფანიძემ გახსნა და წაიკითხა ჩემს ქორწილში. ცოტა გავბრაზდი, ჯერ ჩემთვის უნდა მოეცა...

კარგად ვსწავლობდი. სკოლა რომ დავამთავრე, მხოლოდ ერთი ოთხიანი გამომყვა, ქართულ წერაში. მე-8 კლასში როცა გადავედი, ერთ დღესაც მიშა თუმანიშვილთან მიმიყვანა. შევედით ოთახში, სადაც იჯდა კაცი რენტგენის თვალებით. ცოტა შემეშინდა. დედამ დაგვტოვა. იმ პერიოდში გატაცებული ვიყავი იმით, რომ სპექტაკლებისთვის მაკეტებს ვამზადებდი, თავისი განათებებით. მიშამ ჩემს მაკეტს დახედა და ულვაში დაივარცხნა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მოეწონა, - ეს მერე გავიგე. ჩემთან თეატრში მოდიო, მითხრა. სწორედ მაშინ იხსნებოდა თუმანიშვილის თეატრი. მიშა ამბობდა, არ შემხვედრია რეჟისორი, რომელიც მსახიობის ტყავს არ მოირგებსო... მამისგან მემკვიდრეობით მერგო ახლომხედველობა, სცენაზე სათვალით ვერ გამოვიდოდი და „შუშანიკის წამებაში“ ხან ვის ვეჯახებოდი და ხან ვის. ამის შემდეგ ჩემი ერთი ხელი მანანა სურმავას ეჭირა, მეორე - ნინელი ჭანკვეტაძეს და აქეთ-იქით დამატარებდნენ. მე და მიშას თბილი და ახლო ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ ეს ხელს არ უშლიდა, ზოგჯერ გავეცოცხე კიდეც.

მთელი ცხოვრება თუმანიშვილის თეატრში ვმუშაობ, არ მიყვარს სხვა თეატრის სცენა. ერთხელ იყო, როცა გოგი ქავთარაძის დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ გრიბოედოვის თეატრში „ანა კარენინაზე“ ვიმუშავე. დედა მოესწრო ჩემი სპექტაკლების წარმატებას და ამაყობდა კიდეც, მაგრამ ძალიან მკაცრი იყო შეფასებებში. ჰაროლდ პინტერის „მუნჯი ოფიციანტი“ მესამე კურსზე, ძველი კინოსტუდიის სარდაფში დავდგი. იქ იყო ჩვენი აუდიტორია. ეს არის ჩემი პირველი სპექტაკლი, რომელზეც დედამ მითხრა: რა იყო, ნორმალური პიესა ვერ აარჩიეო?!. პანდემიის გამო, თეატრში და საერთოდ ყველაფერი აირია. გეგმები მაქვს, ალბერ კამიუს „შავ ჭირს“ ვუტრიალებ.

საუბრის დროს შემოგვიერთდა და თავისი წილი მოგონებები გაიხსენა ბესო ჟღენტის შვილიშვილმა, მუსიკათმცოდნე თამარ წულუკიძემ:

- დედაჩემის, ნინო ჟღენტის ნათლია იყო სოსო გრიშაშვილი. როგორ მოხდა ეს? ბესო და სოსო მეგობრობდნენ. ერთხელ სოსომ სთხოვა ბესოს, მოდი, წაღვერში ერთად დავისვენოთო. მართლაც, დაისვენეს და გადაწყვიტეს, მომდევნო წელსაც ერთად წასულიყვნენ დასასვენებლად. მომდევნო წელს, ბესოს მეუღლე თამარი პირველ შვილს ელოდა. ბესომ სოსოს უთხრა: ბავშვი რომ დაიბადება, წაღვერში მერე ამოვალთო. გრიშაშვილი შეწუხდა, ჩვილი ტირილს და ჭყიპინს რომ დაიწყებს, რა დასვენება გვექნებაო, მაგრამ არაფერი უთქვამს. დაიბადა ნინიკო და აიყვანეს წაღვერში. გავიდა ერთი დღე, ბავშვი ხმას არ იღებს, მეორე დღეა - ისევ არ ისმის ხმა, მესამე დღეც რომ დადგა და ნინიკო ისევ ჩუმადაა, სოსო თურმე შეშფოთდა, რატომ არ ტირისო? იქვე ისვენებდა ცნობილი პედიატრი ნერსეს უმიკოვი. მივიდა მასთან სოსო და ეუბნება: ჩემს მეგობარს ბავშვი შეეძინა, რომელიც საერთოდ არ იღებს ხმას, არც ტირის; იქნებ წამობრძანდეთ, რომ გასინჯოთო. უმიკოვმა უპასუხა: თუ ბავშვი არ ტირის, ე.ი. არაფერი აწუხებს და ჯანმრთელი ყოფილაო. გრიშაშვილი გახარებული დაბრუნდა და გამოაცხადა: ეს რა კარგი ბავშვი ყოფილა, აუცილებლად მე უნდა მოვნათლოო. ასე გახდა ნინოს ნათლია.

tamari-copy-1637932148-1638865710.jpg

სახლში სოსოს ნაჩუქარი უამრავი წიგნი გვაქვს წარწერით - „ჩემს ნათლულ ნინიკოს“. ერთ წიგნზე, რომელიც ბაბუა ბესოსთვის უჩუქებია, ასეთი პოეტური ფრაზაა მიწერილი: „ბესოს, ბესლანს, ბესარიონს,/ მოვახსენებ სიტყვით ზრდილით -/ სოსო სხვაში არ არიოს,/ იყოს მისი ავთანდილი“. ბავშვთა ლექსების კრებულს, ასევე ბესოსთვის ნაჩუქარს კი, აწერია: „როცა ნინიკოს, შენს ჭკვიან ასულს/ ეტყვი ჩურჩულით - სულზე უტკბესო,/ გაიხსენებენ პოეტის წარსულს/ და ჩემი ლექსი დაგლოცავს, ბესო“.

ბესო ბაბუ ხშირად მოდიოდა ჩვენთან - შვილიშვილებთან (მე და ჩემი ძმა), მისი საჩუქრებიც მახსოვს. ნამდვილი, გულთბილი ბაბუა იყო, კანფეტის გარეშე არ გვესტუმრებოდა, ყოველთვის მოჰქონდა ქაღალდის პარკით. ეს ჩამრჩა გონებაში. კიდევ ის მახსოვს, რომ ძალიან პოპულარული ადამიანი იყო. სადაც მივიდოდი, თუ ჩემზე იტყოდნენ, ეს ბესო ჟღენტის შვილიშვილიაო, წარმოუდგენელი აჟიოტაჟი ატყდებოდა ხოლმე. 8 წლის ვიყავი, როცა ბესო ბაბუ გარდაიცვალა... ეთერ გუგუშვილზე შემიძლია ერთი ფაქტი გითხრათ. როცა ერთხანს თეატრალურ ინსტიტუტში ვმუშაობდი, ყველა ამბობდა, როგორი უმკაცრესი რექტორი იყო და იხსენებდნენ - შორიდან დაინახავდნენ თუ არა, კედელს აეკვრებოდნენო. ერთმა იკითხა - სტუდენტები, არა? - სტუდენტები კი არა, ლექტორებიო... ძალიან პრინციპული და სამართლიანი ქალბატონი იყო.

ნანული ზოტიკიშვილი