ქართველების ქუჩა ხარბინში, სტალინის ცოლისძმა გარკვეული მისიით და უცნაური ჯანდაცვის სისტემა
"ჩინეთში ძალიან ბევრი ტურისტული, ისტორიული ადგილია, რომელთა შესახებ ქართველმა ტურისტებმა ბევრი არაფერი იციან და ამიტომაც, უმეტესად პეკინსა და შანხაიში ჩადიან", - ამბობს შალვა ჩიხლაძე, რომელიც რამდენიმე წელი ჩინეთში ცხოვრობდა და სწავლობდა...
- ქუთაისელი გახლავართ. სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე... მეორე კურსზე მეორადი ფაკულტეტი - შორეული აღმოსავლეთის რეგიონმცოდნეობა, სინოლოგიის მოდელი ავირჩიე... აღმოსავლეთი აზია ყოველთვის მაინტერესებდა. როდესაც უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერებას ვსწავლობდი, ჩინეთის რომელიმე კონკრეტული რეგიონის უფრო მეტად შესწავლა მოვინდომე.
განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა ენის სწავლა, სანამ ჩინეთში წავიდოდი... საქართველოს განათლების სამინისტროს და ჩინეთის საელჩოს ერთობლივი პროგრამა ჰქონდათ. კონკურსში მონაწილეობა მივიღე და შერჩეული რამდენიმე ადამიანი სასწავლებლად ჩინეთში გაგვიშვეს, სადაც ენისა და კულტურის პროგრამაზე ვსწავლობდი, ეს კი საუკეთესო საშუალება იყო ჩინეთის გასაცნობად. წლების შემდეგ, უკვე თბილისში დაბრუნებულმა, სტიპენდია მოვიგე და პეკინში მაგისტრატურაში განვაგრძე სწავლა. პეკინი დიდი ქალაქია, მაგრამ ჩინეთში ჩემი პირველი ჩასვლა უფრო შთამბეჭდავი იყო, ვიდრე მეორე...
- რატომ?
- პირველი ჩასვლისას ძალიან ბევრ რამეს ვეცნობოდით, სასწავლო პროგრამა ითვალისწინებდა ამას... იქ ნაკლებად იგრძნობოდა კომუნისტური რეჟიმი. წესრიგი და სიმკაცრე რასაკვირველია იყო, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერ ვგრძნობდით რეჟიმს... უცხოელი სტუდენტი რომ ვიყავი, ეს გარკვეულ პრივილეგიებს გულისხმობდა და რამდენჯერმე უნივერსიტეტის გარე ორგანიზაციებსაც დავუპატიჟებივარ, ღია "ვორქშოპები" ყოფილა. არ მოველოდი ჩინეთი სტუმართმოყვარეობით ასეთი გამორჩეული თუ იქნებოდა. საინტერესო ერია. მკვეთრად მატერიალისტური და პრაგმატული ხალხია. როგორც მოგახსენეთ სტუმართმოყვარე საზოგადოებაა, დამახასიათებელი ეთნოცენტრისტული და ნაციონალისტური შტრიხებით. შესაბამისად, თავიანთ წარსულზე აღტაცებით ფორმაში საუბრობენ. მიუხედავად პროგრესისა, ეკონომიკური განვითარებისა, გარკვეული აზრთა სხვადასხვაობაც შეინიშნება.
- რომელ ტურისტულ ადგილებში ხართ ნამყოფი, რომლის შესახებაც ქართველებს ნაკლებად გვაქვს ინფორმაცია?
- ამ მხრივ ძალზე საინტერესოა ქალაქი ხარბინი, სადაც ქართველები ჯერ კიდევ ასი წლის წინ ცხოვრობდნენ. ახლა იქაურობა ჩვენთვის უცხოა, თორემ ასი და ას ოცი წლის წინ ქართველებს იქ თავიანთი ქუჩაც კი ჰქონდათ. ბევრი საინტერესო ბიოგრაფიის ქართველი იყო იქ, მათ შორის, სტალინის პირველი ცოლის - კატო სვანიძის ძმა, ალიოშა სვანიძე. იქაურ ადმინისტრაციას ეხმარებოდა. მის შესახებ ინფორმაცია ქართულ წყაროებში არსად მინახავს. სრულიად შემთხვევით გადავაწყდი ინფორმაციას ოქსფორდის ერთ-ერთ წიგნში. ქართულმა გვარმა მიიქცია ყურადღება.
სტალინის ცოლისძმა საინტერესო იყო იმ თვალსაზრისით, რომ ის აღმოსავლეთმცოდნე იყო და რამდენიმე ენას ფლობდა... ამავდროულად, ფინანსისტიც გახლდათ და სახელმწიფო ბანკში მუშაობდა. ჩინეთთან რომ ლოიალური დამოკიდებულება ჰქონოდათ, ეს კრემლის ინტერესშიც შედიოდა, ამიტომ 1934 წელს სტალინმა დელეგაცია გაგზავნა ჩინეთში, რომელსაც მისი ყოფილი ცოლისძმა ხელმძღვანელობდა. მან იქ რაღაც პერიოდი დაჰყო და გარკვეულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, ხიდების მშენებლობას ხელმძღვანელობდა. ამავდროულად, ადგილობრივებს ფინანსური მართვისა და მენეჯმენტის საკითხებს აცნობდა. რაღაც დროის შემდეგ დაბრუნდა, მაგრამ როგორც ვიცით, იგი ბერიას რეპრესიებს შეეწირა...
- ალბათ კიდევ ბევრ გამორჩეულად საინტერესო ქალაქებში ხართ ნამყოფი...
- ხარბინი საინტერესო ქალაქია, სადაც მსოფლიოში ყველაზე დიდი ყინულის ფესტივალი იმართება. ჰექტრებზე გადაჭიმული გამოფენაა, ზღაპრული, ულამაზესი სამყარო...
ძალზე საინტერესოა შიდა მონღოლეთის ავტონომიური ოლქი, რომელიც ამ ეტაპზე ჩინეთის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ იქ ძირითადად, ეთნიკური მონღოლები ცხოვრობენ და დღემდე იყენებენ მონღოლურ წარწერებს, განსხვავებით მონღოლეთის რესპუბლიკისგან... გარდა ამისა, ტურისტებისთვის მიმზიდველია ეროვნული, ჭანგიაძიეს პარკი. იქ არის მსოფლიოში გამორჩეული შუშის ხიდი. რეგიონში ბევრია უზარმაზარი პარკები, თავისი საოცარი ლანდშაფტით...
- "აკრძალულ ქალაქზე" რას გვეტყვით?
- "აკრძალულ ქალაქში" რამდენჯერმე ვიყავი. ის ძალიან დიდი და მასშტაბურია. ჩემთვის არ არის ფავორიტული ადგილი. ქალაქის მთავარი ხიბლი მისი ისტორიაა, თორემ ვიზუალურად ისეთია, ერთი სასახლე რომ ქსეროქსით ბევრად გაამრავლო. ყველა სასახლეს თავისი დანიშნულება ჰქონდა და მაგითაა შთამბეჭდავი, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ "აკრძალული ქალაქის" ნახვამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
- ჩინეთში თქვენს ყოფნას რთული პერიოდი დაემთხვა და პანდემიის გამო უფრო მოგიხდათ ჩინეთის დატოვება, ხომ?
- ჩინეთიდან რომ წამოვედი, იქ უკვე პანდემია დაწყებული იყო. 2020 წლის იანვარში, როდესაც ვირუსი უკვე გავრცელდა, პეკინში არანაირი პანიკა არ იყო, მაგრამ იანვრის შუა რიცხვებიდან მოსახლეობამ დაიწყო პირბადეების გამოყენება, დაძაბულობაც იგრძნობოდა. თვის ბოლოსკენ ყველაფერი გართულდა, რადგან ჩინეთმა ცალკეული რეგიონების ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. პროდუქტების დეფიციტი არ იყო, მაგრამ მოსახლეობა იმარაგებდა.
იანვრის ბოლო და თებერვლის დასაწყისი უკვე რთული გახლდათ და შემდეგ წამოსვლაც მომიხდა. ზოგადად ვირუსები აზიაში ხომ ხშირად ვრცელდება, მაგრამ ამდენად მასშტაბური, რომ მთელი მსოფლიო აეყირავებინა, ყველას გაკვირვებას იწვევდა. თავიდან ითქვა, რომ ვირუსი მხოლოდ მონღოლურ რასაზე გადადიოდა, ევროპელები არ ვირუსდებიანო, მაგრამ მალევე დამტკიცდა, რომ მცდარი ინფორმაცია იყო. უხანში სამხედრო წვრთნებში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულები მონაწილეობდნენ და ითქვა, თითქოს ვირუსი იქ მათ ჩაიტანეს. იმასაც ამბობდნენ, რომ ვირუსი უხანის ლაბორატორიიდან "გაექცათ"...
- ჩინეთის ჯანდაცვის სისტემა რამდენად გამართულია?
- ჯანდაცვის სისტემა დიფერენცირებულია. კლინიკები, სადაც ძალიან მაღალი დონის აპარატურა და მომსახურებაა, ძვირად ღირებული გახლავთ. უფრო იქაური მდიდარი ფენისთვის, იქ მოღვაწე დიპლომატიურ კორპუსზეა გათვლილი. ჩასული სტუდენტებისთვის, თუნდაც იქაური საშუალო და ღარიბი ფენისთვის მიუწვდომელია. მე დიდად არ მიყვარდა იქაური საავადმყოფოს სერვისი, რადგან ჩვენთან თუ რაღაც წამლების კონცენტრაცია ერთ ტაბლეტშია, იქ შეიძლება სამ და ოთხ ტაბლეტში იყოს და დღეში შეიძლება, 30 ტაბლეტის დალევა მოგიხდეს. აქედან ჩასულს ეს იმდენად უცნაურად გეჩვენება, რომ გძაბავს. მეორე პრობლემა ენობრივი ბარიერია. მე არ მქონდა პრობლემა, მაგრამ ვინც ჩინურს ვერ ფლობდა, ჯანდაცვის სისტემის სერვისით ვერც სარგებლობდა. თუმცა, სტუდენტებისთვის, მათ შორის ჩასულებისთვის დაზღვევა მოქმედებს.
- უსაფრთხოების დონე როგორია?
- პეკინში უსაფრთხოება კარგად არის დაცული. კრიმინალი ყველგანაა, მაგრამ ქალაქში იმდენად შემაწუხებლად ბევრი კამერაა, რომ მაქსიმალურად აღმოფხვრილია დანაშაულის რიცხვი... სუფთა მეტროა, ჩქაროსნული მატარებლები, კომფორტულია ტრანსპორტირება... იქ ორ წელიწად-ნახევარი ვიყავი და მგონია, ეს ძალიან ცოტა დროა ჩინეთის გასაცნობად. კიდევ ძალიან ბევრი რამ მაქვს აღმოსაჩენი და შესასწავლი...
მანანა გაბრიჭიძე