პატარების „მარგალიტები“ - გზაპრესი

პატარების „მარგალიტები“

35 წელია, რაც ნინო მესხორაძე პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. 22 წლისამ ჩაატარა პირველი გაკვეთილი იმ სკოლაში, სადაც დედა ასწავლიდა, ისიც დაწყებითების მასწავლებელი გახლდათ. თავდაპირველად დააბნია პატარების ინტერესით სავსე თვალებმა, მაგრამ მათმა სიხალასემ და გულწრფელობამ ისე მოხიბლა, რომ მომავალი სამუდამოდ სკოლას დაუკავშირა. ნინო მოსწავლეების სახალისო გამონათქვამებს იწერს და მალე წიგნად გამოცემასაც აპირებს.

პროფესია მასწავლებელი

- ჩემს მოსწავლეებთან დღემდე მაქვს ურთიერთობა. ისინი, ვისაც მე-5 კლასიდან ბოლომდე, სკოლის დამთავრებამდე გავყევი, ახლა 41-42 წლის კაცები და ქალები არიან. ზოგიერთის შვილსაც ვასწავლიდი, ანუ ორი თაობის მასწავლებელი გამოვდივარ. მახსოვს, ერთხელ რესტორანში დამპატიჟეს. მგონი, სკოლის დამთავრებიდან მე-20 წელს იხდიდნენ. შევედი რესტორანში. დარბაზში რამდენიმე სუფრა იყო გაშლილი. ერთს შევავლე თვალი, - ესენი არ იქნებიან-მეთქი, ვიფიქრე და უფრო ახალგაზრდების სუფრისკენ გავწიე. უცებ იმ სუფრიდან, რომელსაც თვალი ავარიდე, მესმის: "ნინო მას., სად წახვედით, აქ ვართ!" ვიღაც ჭაღარა კაცები და ლამაზი ქალბატონები მიხმობდნენ სუფრასთან. 22 წლის ვიყავი, მასწავლებლობა რომ დავიწყე და მახსოვს, ერთხელ მე-11 კლასში გაკვეთილს ვატარებდი. ერთმა ქალმა შემოიხედა და გვითხრა: რა კარგი ბავშვები ხართ, მასწავლებელი არ გყავთ და რა ჩუმად სხედხართო. ბავშვებმა გულიანად იცინეს.

ამჟამად ვმუშაობ კერძო სკოლაში. მყავს 16 არაჩვეულებრივი მეოთხეკლასელი მოსწავლე. სამწუხაროდ, მათ მალე დავემშვიდობები, ეს კი ყოველთვის ყველაზე მეტად მიჭირს. ერთადერთი, რაც მიმსუბუქებს ტკივილს, ახალ კლასთან შეხვედრაა, უცნობი „ნაცნობები“ და მათი ახალი ისტორიები.

ბავშვის მიერ დასმული უხერხული კითხვა არ არსებობს. შეიძლება კითხვა იყოს უცენზურო, მაგრამ მასწავლებელმა მაშინვე უნდა შეცვალოს მისი ფორმულირება და შეძლებისდაგვარად აუხსნას ბავშვს. მთავარია, მოსწავლემ არ იგრძნოს თავი უხერხულად კითხვის დასმის დროს. ეს კი, ცხადია, ჩვენზეა დამოკიდებული. ბავშვებთან ბევრ სხვადასხვა თემაზე შეიძლება საუბარი, თან ისე, რომ მზა „რეცეპტები“ არ მისცე. აფიქრო, ამსჯელო, ერთმანეთში აკამათო, ზოგჯერ პროვოკაციული კითხვაც „შეუგდო“. გამორიცხულია, ამ დროს არ დაიბადოს თუნდაც ერთი, პატარა „მარგალიტი“ - ბავშვური, მოულოდნელი და ხშირად, დამაფიქრებელი ნააზრევი. მთავარია, ფლობდე ბავშვის ენას და შეგეძლოს მათი ქვეტექსტების ამოცნობა.

სიტყვების განმარტება

კოსტა: უკაცრიელია ადგილი, სადაც კაცები არ ცხოვრობენ.

სალი: ნასოფლარს ეძახიან იმ ადამიანს, ვინც სოფლიდან ჩამოვიდა და ქალაქში დასახლდა.

გიორგი: დედაკაცი იგივე ქალია, ოღონდ უფრო მაგარი ქალი.

შოთიკო: ხარირემი ხარისა და ირმის ნაჯვარი.

გიორგი: მეჭურჭლეთუხუცესი იყო ვინც დავით აღმაშენებელს ჭურჭელს ურეცხავდა და საჭურჭლე კიდევ, სადაც გარეცხილ ჭურჭელს დებდა.

ლუკა: სოფელი არის საქართველოს პატარა ნაწილი, რომელშიც ბევრი ხილი და საჭმელი იზრდება. სოფელში კარგი ხარისხის ადგილებია ფეხბურთისთვის და ნაირნაირი სპორტისთვის.

საბა: ქალაქში კორპუსები ჯარისკაცებივითაა ჩამწკრივებული და ტყე არ არის.

ელენე: თბილისელებს სახლებს სოფლელები უშენებენ. საერთოდ, ქალაქში ისე ჩანს, თითქოს უფრო მდიდრები არიან, სოფელში კი ღარიბები. სინამდვილეში პირიქითაა.

გიორგი: ქალაქში სამსახურებია, სოფელში სამსახური არ არის, მაგრამ უფრო მეტს მუშაობენ, ვიდრე ქალაქში. სოფელში გემრიელ ხაჭაპურს აცხობენ და მწვადს წვავენ.

ირაკლი: ქალაქში უფრო „დასტოინად“ ლაპარაკობენ, სოფლელებს კი სხვანაირი ხმა აქვთ. სოფელში ხალხი უფრო მომთმენია, ვიდრე ქალაქში.

თეკლა: მე ერთხელ ქორწილში ვიყავი და ხილს ჰქონდა სოფლის გემო.

ირინკა: ადრე სოფელში სარკე არ ჰქონდათ და წყალში ხედავდნენ თავის ანარეკლს. სოფელში გარემოს უფრთხილდებიან, ჰაერს არ აფუჭებენ და სისუფთავეს იცავენ.

ნიკო: სოფელი, ქალაქთან შედარებით, ჯანმრთელია. სოფელში ადამიანები ხეებზე დახტიან და ყოჩაღები არიან, ქალაქში - ზარმაცები.

ლევან: სოფელში ბავშვები უფროსებს ეხმარებიან. ქალაქში მათხოვრები არიან, სოფელში - არა.

მარი: სოფელში ხილი მწიფეა. და კიდევ, ქალაქში ბევრი ქურდია, სოფელში ქურდები არ არიან.

ნიტა: პრეზიდენტი არის საქართველოს უფროსი. ხალხი აირჩევს და როგორც იმას უნდა, ისეთი იქნება მთელი ქვეყანა.

დემეტრე: ორგული, როცა ორი გული გაქვს, კეთილი და ბოროტი, ანუ კეთილიც ხარ და ბოროტიც. მე მარტო კეთილი გული მაქვს. ნიკო: არა, დემე, ორგული არის, როცა ერთ ადამიანს ერთს ეუბნები, მეორეს კიდევ იმ ადამიანზე ცუდს. ათგულა უფრო ცუდი ადამიანია, ასგულა კიდევ უფრო და უთვალავგულა ხომ საერთოდ...

რა განსხვავებაა შინაურ და გარეულ ცხოველებს შორის?

ნიკა: გარეულები არიან ბოროტები, შინაურები - კეთილები. თან, შინაურებს პატრონი ჰყავთ.

ნიკო: გარეულები სახლში არ აჰყავთ ხოლმე, შინაურები აჰყავთ. გარეულები ავები არიან. ისე, ზოგი შინაურიცაა ავი.

ტასო: შინაურებს არა აქვთ ფაფარი და გარეულებს აქვთ, მაგალითად, ლომს.

დათი: შინაურები შეგვიძლია ვათამაშოთ, დავაძინოთ, გარეულები - არა.

მარიამ: გარეულებს ტილები ჰყავთ.

დემეტრე: ჩემს სოფელში ძალიან ბევრი ძაღლი ცხოვრობს. ღამით სულ ჯოხებით დავდივართ. მწვანე ჭიშკარი როა, ხო იცით, ჩემი სახლის აქეთ? ხოდა, იქ ცხოვრობს ძალიან ავი ძაღლი.

გიორგი: გარეულები ზოოპარკში ცხოვრობენ. შინაურებს ძუძუები აქვთ. ნიკო: ყველას არა აქვს. გიორგი: მაგალითად? ნიკო: მაგალითად, ქათამს. გიორგი: ბიჭო, ქათამი მერე ცხოველია? ნიკო: უი, ხო!

არაფერსაც არ დავწერ...

თომამ დამიწერა თემა, რომელიც 3 წინადადებისგან შედგებოდა. ვთხოვე, ცოტა კიდევ მიემატებინა და დასრულებული სახით მოეტანა. თომა უსიტყვოდ დამმორჩილდა. დაჯდა და წერა განაგრძო. გაკვეთილის ბოლოს რვეული ჩამაბარა. მე, კმაყოფილმა ჩემი პედაგოგიური მიღწევით, დავიწყე მისი ქება: აბა რა, ჩემო ჭკვიანო, რომ არ შეგეძლოს, არაფერს გეტყოდი, ხომ მიხვდი, რომ თემას ბევრი რამ აკლდა? თომა იდგა და თვალებით მბურღავდა. გადავშალე რვეული და ვკითხულობ მეოთხე, მიმატებულ წინადადებას: „არაფერსაც არ დავწერ!"

დიალოგი

ნანუკა ჩუმად მეკითხება: მას., ბიჭები ამბობენ, „ნიფხავი, ნიფხავიო“ და რა არის ნიფხავი? მეც ჩუმად ვეუბნები: ტოტებიანი ტრუსი. გაკვირვებული ნანუ: მას., რად უნდა ტრუსიკს „ტოტები“?

- რას შეასრულებინებდით თქვენ მიერ გამოგონილ რობოტს?

ქეთო: მე ისეთ რობოტს გამოვიგონებდი, აბაზანაში რომ შემიყვანოს და დამბანოს.

ნიტა: გოგო, მერე ბიჭი რობოტი რომ იყოს, არ შეგრცხვება?

- გაზაფხულზე შხაპუნა წვიმა მოდის. შემოდგომაზე?

ელენე: შემოდგომაზე წკაპუნა.

- როგორი წვიმაა თქეში?

ელენე: აი, რო გთქეშავს და გთქეშავს სახეში.

- რა განსხვავებაა გლეხკაცსა და ბერიკაცს შორის?

ელენე: გლეხკაცი მაგრად მუშაობს, ბერიკაცი კიდევ, რბილად.

252470222-589036059082070-4855206156071744090-n-copy-1638518495.jpg

დედა

გაკვეთილს ვხსნიდი პირველ კლასში. სიტყვა „დედა“ ვახსენე და მარიამს თვალზე ცრემლი მოადგა. საუბარი შევწყვიტე და მარისთან მივედი.

- რა გატირებს, საყვარელო? ხომ არ მოგშივდა? - თავი გააქნია. - დაიღალე? - ისევ გააქნია თავი. - აბა, დედა მოგენატრა? - დედის ხსენებაზე აზლუქუნდა.

- მარი, იცი, მეც როგორ მენატრება დედა? ერთი სული მაქვს, სახლში როდის მივალ და ჩავეხუტები.

მთელი კლასი გაოცებული მიყურებდა.

- თქვეენც?! მართლა გენატრებათ? - კითხვები მომაყარეს ბავშვებმა.

ჩემ მაგივრად მათ ანდრიამ გასცა პასუხი:

- რა იყო მერე? რატომ გაგიკვირდათ? თქვენ გგონიათ, დიდებს დედიკოები არ ჰყავთ? მაგათაც ჰყავთ დედები, ოღონდ პირდაპირ ბებიები.

ანდრიას გამოსვლამ ყველა გააჩუმა და რაც მთავარია, მარიამი ჩემზე უკეთ დაამშვიდა, გააღიმა და გაამხიარულა.

რჩევები დამწყებ მასწავლებლებს

არსებობს კიდევ ერთი - ბავშვთა საერთაშორისო ენა და თუ მას ვერ ფლობ, გაგიჭირდებათ იმ ჯადოსნურ სამყაროში ორიენტირება, სადაც ბავშვები არიან;

მისდიეთ ინტუიციას, ნუ დაისახავთ მიზნად იმ ახალ-ახალი ტერმინებისა და ცნებების დაზეპირებას, რომლებიც ბავშვთან მისაახლოებლად ნაკლებად დაგეხმარებათ; გაუფრთხილდით დროს და იფიქრეთ იმაზე, რაც ნამდვილად საჭირო და ღირებულია თქვენი საქმისთვის; იყავით თავისუფალი, რადგან თქვენს თავისუფლებაზეა დამოკიდებული ბავშვის თავისუფლებაც; ბავშვი რომ გიყვართ, ამას ნუ წამოsწევთ მთავარ ღირსებად; ეს კარგია, მაგრამ არ არის საკმარისი პირობა მასწავლებლის პროფესიის ასარჩევად - ბავშვები ხომ ისედაც ყველას აყვარებენ თავს; მოუთმინეთ, ოღონდ არ შეგატყონ, გაუმეორეთ იმდენჯერ, რამდენჯერაც დასჭირდებათ გასააზრებლად. ისე უთხარით „მეშვიდედ“, თითქოს ამის შესახებ პირველად ეუბნებით; მოერიდეთ მათში ყალბი მაღალი თვითშეფასების გაჩენას და ასწავლეთ შეცდომების, როგორც გამოწვევების მიმართ დამოკიდებულება, რათა თავად (ცხადია, სტრესის გარეშე, თქვენი „უხილავი“ დახმარებით) შეძლონ მათთან გამკლავება და გამარჯვების სიხარულით ტკბობა; ზოგჯერ შეიძლება დაიღალოთ, მოდუნდეთ, მოეშვათ - ამის უფლება ნამდვილად გაქვთ, მაგრამ ბავშვს ნუ აგრძნობინებთ; საკლასო ოთახის სივრცე ისე მოაწყვეთ, რომ კედლებიდანაც ბევრს სწავლობდეს. ნუ ააბრჭყვიალებთ ოთახს არაფრისმომცემი ბუტაფორიებით. ეცადეთ, ყველა ნივთს ესთეტიკურთან ერთად, შემეცნებითი დატვირთვაც ჰქონდეს; ითანამშრომლეთ მშობლებთან - ეს საქმეს გაგიადვილებთ; ნუ დაჰპირდებით ბავშვებს იმას, რის შესრულებასაც ვერ შეძლებთ, თუმცა ზოგჯერ ამისგანაც არავინაა დაცული. უბრალოდ, ბოდიშს ნუ დაუგვიანებთ; გახსოვდეთ, ვერაფერი შეედრება იმ ადგილს, სადაც ხართ სცენარისტიც, დეკორატორიც, ოპერატორიც, მსახიობიც და რაც მთავარია, რეჟისორი, რომელიც ყველა ბავშვს შესაფერის მთავარ როლს უნაწილებს.

ნინო ჯავახიშვილი