"ამ ქვეყანაში კანონიც ფარსია, ბრძოლაც და ვცხოვრობთ პოტიომკინის სოფელში" - გზაპრესი

"ამ ქვეყანაში კანონიც ფარსია, ბრძოლაც და ვცხოვრობთ პოტიომკინის სოფელში"

3 თუ 4 წლის იყო, პირველად პროტესტი რომ გამოხატა. საბავშვო ბაღის აღმზრდელებს "უჩივლა": გურიის პატარა ქალაქის, ოზურგეთის საბავშვო ბაღში მისულ რევიზორებს უთხრა, რომ არ მოსწონდა ის საჭმელი, რასაც აღმზრდელები აჭმევდნენ: წვნიანსა და ფაფას გოჭი და ინდაური მირჩევნიაო...…იმის მერე სულ იბრძვის, პროფესიაც შესაბამისი აირჩია... ჟურნალისტის სტატუსით საკმაოდ დიდხანს იბრძოლა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად. არც დახურული კარი იყო მისთვის დაბრკოლება და არც მუქარა, ვერც ნაცნობობა ჭრიდა, სათქმელს ყოველთვის ამბობდა...…მერე იყო საჯარო სამსახური საქართველოს გენერალურ პროკურატურაში - პრესსამსახურს ხელმძღვანელობდა. არჩილ კბილაშვილი თანამდებობიდან რომ გაათავისუფლეს და მთელი მისი გუნდი უკან მიაყოლეს, ხათუნა pაიჭაძე ისევ მედიას დაუბრუნდა, თუმცა, ამჯერად ტელეკომპანია "იმედთან" გააგრძელა თანამშრომლობა. როგორც თავად ამბობს, ტელეკომპანიიდან იმის გამო გამოაგდეს, რომ ერთ-ერთი მაღალჩინოსნის კორუფციულ საქმეს მიაგნო; შემდეგ ინფრასტრუქტურის სამინისტროში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად დაინიშნა... საბოლოოდ იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა და ცხოვრება ემიგრაციაში გაეგრძელებინა.

- რატომ გადავწყვიტე ჩემი პროფესიიდან წასვლა? ცუდი მოსასმენი იქნება ჩემი პასუხი, მაგრამ ჩემი სიმართლე ასეთია: მივხვდი, რომ თავისუფალი ვეღარ ვიყავი. მე მაქვს ჩემი პრინციპი და ვფიქრობ, რომ ჩვენ, ჟურნალისტები საზოგადოებას უნდა ვემსახურებოდეთ და არა რომელიმე კერძო ბიზნესმენის ან პოლიტიკოსის ინტერესებს. ჩემთვის აშკარა გახდა, რომ ჩემი პრინციპებით მუშაობას ვეღარ გავაგრძელებდი და მივიღე გადაწყვეტილება წავსულიყავი თავისუფლების მექად წოდებულ ქვეყანაში, სადაც დავიწყე ბრძოლა იმისთვის, რომ საბოლოოდ შემექმნა ჩემი საკუთარი "თავისუფლების კუნძული".

დიახ, მე არ ვისურვე გავმხდარიყავი ვიღაცების პოლიტიკური ინტერესების ხელის მოსამსახურე, არ ვაკადრე თავს, ჩემს მკითხველს, მესაუბრა ის, რისიც თავადაც არ მჯეროდა. პროკურატურის პრესსამსახურშიც ვიმუშავე, სხვა უწყებებშიც და ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი. გასაგები გახდა, რომ ჩვენ წარსულში ნატკეპნი მრუდე გზა გავაგრძელეთ.

- პროკურატურიდან რატომ წამოხვედით?

- ხომ იცით, საქართველოში როგორ ხდება?! მინისტრი რომ მიდის თანამდებობიდან, მერე დეპარტამენტის ყველა ხელმძღვანელს ათავისუფლებენ. "ჩემიანი და შენიანი" ვერ მოიშალეს, სახელმწიფო მოხელის ცნება ვერ ჩამოვაყალიბეთ, ყველა მინისტრი თავისი გუნდით მოდის. იგივე მოხდა ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც, მინისტრი შეიცვალა და დეპარტამენტების ხელმძღვანელებიც გაგვათავისუფლეს. ეს წარმოუდგენელი რამეა. სახელმწიფო მოხელეები დროთა განმავლობაში გამოცდილებას იძენენ, მუშაობას სწავლობენ, აზრზე მოდიან... უცებ მოვა ახალი მინისტრი და მოჰყავს თავისი გუნდი.

x5-copy-1638519979.jpg

- ხომ შეგეძლოთ, გებრძოლათ საკუთარი უფლებებისთვის?

- წინ ბრძოლისა და მარცხის ძალიან სამწუხარო მაგალითები მქონდა. პროკურატურიდან არჩილ კბილაშვილის წასვლის შემდეგ, ერთ-ერთმა მოხელემ არ მოაწერა ხელი ე.წ. საკუთარი ნებით გათავისუფლების განცხადებას. ეს ადამიანი თავის დროზე ევროპიდან ჩამოიყვანეს, როგორც გამოცდილი კადრი. მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, სამსახურიდან ასეთი ფორმით დათხოვნა და გადაწყვიტა ებრძოლა თავისი უფლებისთვის. დაიწყო დევნა პროკურატურის გენინსპექციამ და ბოლოს ისე მოაბეზრეს თავი, საბოლოოდ ჩაიქნია ხელი და ისევ ევროპაში დაბრუნდა. ფაქტობრივად, ბრძოლას აზრი აღარ ჰქონდა. სასამართლოშიც რომ მოგეგო საქმე, შესაძლოა კომპენსაცია მოეცათ, მაგრამ თანამდებობაზე აღარ აღგადგენდნენ, კანონში არსებული ე.წ. ხვრელები ამის საშუალებას იძლეოდა. მოკლედ, მივედი დასკვნამდე, რომ ამ ქვეყანაში კანონიც ფარსია, ბრძოლაც და ვცხოვრობთ პოტიომკინის სოფელში. ეს რომ გავაცნობიერე, ბუნებრივია, აღარ მომინდა ასეთ სოფელში დარჩენა.

- როგორია ახლა თქვენი ამერიკული ცხოვრება?

- ყველაფერი ნულიდან დავიწყე. არავინ მიცნობდა, არც კავშირები მქონდა, ამასთან - ენის ბარიერიც პრობლემა იყო... თუმცა, დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ეს რისკი მიღირდა. ამ ქვეყანამ სიმშვიდე მომიტანა და რაც ყველაზე მთავარია, თავისუფლება. ჩემი პატიოსანი შრომით ვიხდი გადასახადებს და ვშოულობ სარჩოს. განვითარებისა და წინ წასვლის საშუალებაც მაქვს.

- სად მუშაობთ?

- მოხუცებს ვუვლი. ერთხანს ქართულ რადიოშიც ვმუშაობდი, მაგრამ პანდემიის გამო დაიხურა. ამასთან, ვმონაწილეობ ქართულ-ამერიკულ პროექტში, რომელიც ამერიკულ ჯარში ქართულ მისიას ეხება, მაგრამ ამაზე ხელმძღვანელის ნებართვის გარეშე საუბარი არ შემიძლია. პარალელურ რეჟიმში ვსწავლობ ინგლისურს პროფესიულ დონეზე, წინ კიდევ ბევრი შრომა და წვალება მელის.

- ამბობენ, ყოფილი ჟურნალისტები არ არსებობენო...

- მონახაზებს აქაც ვაკეთებ. ვეძებ საინტერესო ადამიანებს, რომლებიც 100 წელს არიან მიტანებულნი, იშრომეს, იცხოვრეს და იბრძოლეს. ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანს შევხვდი. ორი კვირის წინ გავიცანი 100 წლის ბილი. გარდა იმისა, რომ იაპონიის ომის მონაწილეა, 50 წელზე მეტხანს მოხალისე მეხანძრედ იმუშავა. ამაყობს, რომ ამერიკას ყოველგვარი ხელფასის გარეშე ემსახურა.

- ამას როგორ ხსნის, რა რჯიდა?

- ამბობს, რომ მაშინ სახელმწიფოს საკუთარი მოქალაქეების დახმარება სჭირდებოდა და ის ამას სიამოვნებით აკეთებდა. სხვათა შორის, აქ დღესაც ძალიან პოპულარულია მოხალისეობა. ახალგაზრდები სიამოვნებით მიდიან მოხალისე მეხანძრეებად, მოხუცების მომვლელებად... ამერიკელები ასე ავლენენ პატრიოტიზმს, მათ შეუძლიათ უანგაროდ ემსახურონ საკუთარ ქვეყანას და საჭიროების შემთხვევაში სიცოცხლეც დათმონ. ეს ადამიანები დიდ პასუხისმგებლობას გრძნობენ თავიანთი ქვეყნის წინაშე. მათთან საუბრისას მიხვდები, რომ ეს არის ხალხი, რომლებმაც დაიმსახურეს ის კეთილდღეობა, რაც აქვთ.

x4-copy-1638519963.jpg

- ალბათ, ამ გადმოსახედიდან უკეთ ხვდებით, რაშია ჩვენი საზოგადოების პრობლემა.

- ბუნებრივია, აქედან ბევრად უკეთ ჩანს. არ მიყვარს, ემიგრაციაში წასული ადამიანები საქართველოში დარჩენილებს ჭკუას რომ ასწავლიან, როგორ იცხოვრონ. თუმცა, საქართველოში რომ ხარ, იმ არაჯანსაღ გარემოში იხარშები, რომელიც შენ გარშემოა შექმნილი და თითქოს ვერც გრძნობ, ბოლომდე ვერც აცნობიერებ, რა ხდება შენს თავს. ჩვენ იმიტომ ვერ ავაშენეთ სახელმწიფო (და როგორც ვატყობ, კიდევ დიდხანს ვერ ავაშენებთ), რომ ჩვენს ცნობიერებაში კორუფცია პრობლემა კი არა, ჩვეულებრივი "ქართულ-ჯიგრული პონტია". რა მოხდა მერე, თუ ბიუჯეტიდან ფულს მოიპარავ?! გასაკვირი ის არის, თუ არ მოიპარავ და ახლობლებსაც არ ასარგებლებ. კითხვებს თუ დასვამ, ე.ი. მტერი ხარ! ყველა პროცესს თავისი ლოგიკური შედეგი მოჰყვება და ის სახეზეა, ერი დაცოტავდა, დაჩიავდა, ვეღარაფერს ვქმნით... შეხედეთ, დღითი დღე მცირდება ქართველი ხალხის რაოდენობა. ამასთან, როგორც კი ვინმეს საშუალება მიეცემა, მაშინვე ქვეყნიდან გარბის. როგორ წარმოგიდგენიათ, ეს რისი ნიშანია?! ქვეყანაში პერსპექტივას ვეღარ ხედავს ახალგაზრდა.

- თქვენი სამომავლო გეგმები საქართველოს აღარ უკავშირდება?

- საქართველოს ყოველთვის უკავშირდება ჩემი სამომავლო გეგმაც და ფიქრიც, სხვანაირად არ შეიძლება. 43 წელი ვიცხოვრე ამ ქვეყანაში და ძალიან აქტიური მოქალაქე ვიყავი. ვნახოთ, რა გამომივა, ჩემს ჩანაფიქრს ფინანსური რესურსი სჭირდება. ამ ფინანსურ რესურსს და დამოუკიდებლობას ვერაფრით მოვიპოვებდი საქართველოში პატიოსანი შრომით. გეგმებიც მაქვს, ინტერესებიც და სურვილიც, თუმცა თუ ქვეყანაში მართვისა და განვითარების შინაარსი არ შეიცვალა, ყველა კერძო ინიციატივა განწირულია კრახისთვის. არადა, ემიგრაციაში ძალიან ბევრი საინტერესო და საჭირო ადამიანია, უკვე დიდი ცოდნითა და გამოცდილებით.

ხათუნა ბახტურიძე