19 წლის ხატვის მასწავლებელი ყვარლიდან
ადვოკატობა სურს. პანდემიის გამო უკვე ორი წელია, მისი სასწავლო პროცესი ონლაინ მიმდინარეობს და შესაბამისად, ლექტორ-ჯგუფელებსაც ვირტუალურად იცნობს. სურს მომავალში კიდევ ერთ პროფესიას დაეუფლოს და ხელოვნებათმცოდნე გახდეს. ამჟამად, სწავლის პარალელურად, გადაწყვიტა მოსწავლეები აეყვანა და მათთვის ხატვის გაკვეთილები ჩაეტარებინა. თვითნასწავლი მხატვრის სწავლების მეთოდით ბევრია კმაყოფილი. დღესდღეობით ელენეს 20 სხვადასხვა ასაკის მოსწავლე ჰყავს.
- ხატვით 12 წლის ასაკში დავინტერესდი. თავდაპირველად ეს ჩემი ჰობი იყო, 15 წლისა კი პორტრეტების ხატვამ გამიტაცა. თან, ამ ასაკში ჩემი პირველი ნამუშევარი გავყიდე, ტურისტმა შეიძინა და ეს ჩემთვის მოტივაცია გახდა. პორტრეტებით ძალიან ვიყავი გატაცებული. მთელი ის წელი სულ ამ მიმართულებით ვმუშაობდი. ნელ-ნელა პეიზაჟების, ნატურმორტების ხატვა დავიწყე. არ ვიცი, ამას როგორ ვახერხებდი და როგორ გამომდიოდა. ფაქტია, თვითნასწავლი ვარ და ალბათ ცოტა ნიჭმაც შემიწყო ხელი. დღეს ყველაფრის ხატვა შემიძლია, მაგრამ პორტრეტები განსაკუთრებით მიყვარს, რადგან ამას პიროვნების „ხასიათის დაჭერა“, ფსიქოლოგიის ამოცნობა სჭირდება და ეს მსიამოვნებს. სკოლა რომ დავასრულე, უფრო მეტი დრო გამომიჩნდა ხატვისთვის. სტუდენტი რომ გავხდი, პანდემიის პირობებში სახლიდან მიწევს ონლაინსწავლა, ამიტომ დაახლოებით 6 თვის წინ, 18 წლისამ გადავწყვიტე ყვარელში მოსწავლეები ამეყვანა და მათთვის ხატვა მესწავლებინა. ვასწავლი ბავშვებსაც და თინეიჯერებსაც. უფროსებთან შეიძლება ონლაინგაკვეთილები ჩაატარო, მაგრამ პატარა ბავშვების შემთხვევაში ეს არ ამართლებს, უშუალო კომუნიკაციას ვერაფერი ჩაანაცვლებს.
- ალბათ სწავლების გარკვეული პროგრამა გაქვთ შემუშავებული...
- აწყობილი მაქვს პროგრამა, რომლის მიხედვითაც ვხელმძღვანელობ. ამჟამად 20 მოსწავლე მყავს, ვსწავლობ და მეტის აყვანას ვერ ვახერხებ. ბავშვებს უყვართ ხატვა. გარდა ამისა, ერთმანეთში მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს, ისინი თავის დღეს მიზიარებენ, მე ჩემs ამბებს ვუყვები. ყველა სიყვარულითა და სიხარულით დადის გაკვეთილებზე. ახალი თაობა ყველაფერს კარგად ითვისებს და ეს გამოცდილება ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა. გაკვეთილები ერთსაათიანია და ასევე, საშინაო დავალებებსაც ვაძლევ. მთელი კვირა დატვირთული მაქვს. მეტი დრო რომ მქონდეს, სიამოვნებით ვივლიდი ყვარლის სოფლებშიც. კარგი იქნება, ბევრი შემოქმედებითი სულის ადამიანის გაცნობის შესაძლებლობა რომ მქონდეს.
- ხატვით გატაცებულმა, იურიდიულზე არჩევანი რატომ გააკეთეთ?
- ბავშვობიდან მქონდა სურვილი, ადვოკატი გავმხდარიყავი და ამ არჩევნისთვის არ მიღალატია. მომავალში მინდა ხელოვნებათმცოდნეობაზეც ჩავაბარო, რადგან ესეც ჩემთვის საინტერესოა. სკოლაში ბაკალავრის დიპლომის გარეშე პედაგოგად ვერ იმუშავებ, თუმცა, შინ ბავშვების მიღებას არაფერი უდგას წინ. სწორედ ამ მიზნით მინდა ხელოვნებათმცოდნეობაზე ჩაბარებაც, რომ სამომავლოდ, თუ დამჭირდა, სკოლაშიც შევძლო პედაგოგობა, საინტერესოდ მიმაჩნია, ძალიან მინდა პროფესიონალი პედაგოგი ვიყო.
- წინაპრებში ხატავდა ვინმე?
- არა და არც ჩემი მშობლები ხატავენ. დედისერთა ვარ, მაგრამ ძალიან კარგი მეგობრები მყავს და დედისერთობას ვერ ვგრძნობ, ისინი „მავსებენ“. სახლში სამნი ვცხოვრობთ: დედა, მამა და მე. მზრუნველი მშობლები მყავს, ორივესთან კარგი ურთიერთობა მაქვს. დედას მზრუნველობითა და სითბოთი ვგავარ, მამას იუმორის გრძნობით, თუმცა, ორივე ძალიან შრომისმოყვარეა და მათ ამ თვისებით მეც დავემსგავსე. შინ ასევე მყავს 8 კატა. ცხოველები ძალიან მიყვარს და განსაკუთრებით - კატები. ხატვისას სულ მაკვირდებიან და მოსწავლეებივით სხედან ჩემ გვერდით (იღიმის).
- პედაგოგიკა საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმიანობაა, მნიშვნელობა არ აქვს, რას ასწავლი. რამდენად გაქვთ ეს გაცნობიერებული? ამ 6 თვის განმავლობაში თქვენთვის უცხო რა აღმოაჩინეთ და რა სირთულეებს წააწყდით?
- ამ თემაზე დიდხანს ვფიქრობდი და თავიდანვე მქონდა გააზრებული პასუხისმგებლობა. როცა გადავწყვიტე, ეს ნაბიჯი გადამედგა, უკვე დარწმუნებული ვიყავი საკუთარ თავში. თან ამ მიმართულებით ჩემთვის იმდენად რთული არ არის მუშაობა, როგორც სხვა საგნის მასწავლებლისთვის, რომელსაც არ უსმენენ და ასეთ დროს განსაკუთრებული სპეციფიკური მიდგომაა საჭირო. ჩემs შემთხვევაში კი ყველაფერი გაცილებით მარტივია, წინააღმდეგობას არ ვაწყდები, რადგან ბავშვები საკუთარი სურვილით მოდიან, მათ უყვართ ხატვა. ბევრი სიხარულით მეუბნება, რომ მხატვარი უნდა გამოვიდეს და ეს მე ძალიან მახარებს. რაც შეეხება აღმოჩენებს: ბევრი ნიუანსია, რომელსაც ყოველდღიურად ავლენს ბავშვი. მაგალითად, ამ თაობას ძალიან მოსწონს, როცა არჩევნის საშუალება აქვს. აქედან გამომდინარე, როცა გაკვეთილი იწყება, ჩემ მიერ შეთავაზებული დაახლოებით 5 თემიდან, ისინი თავად ირჩევენ, რა დახატონ. ეს დამოუკიდებლობის შეგრძნება ახარებთ და სიამოვნებთ. ვფიქრობ, ჩემი პიროვნება, პედაგოგისათვის აუცილებელ თვისებებს ერგება.
- თქვენ ნამუშევრებზეც გკითხავთ, რა მასალაში მუშაობთ? როგორც ვნახე, ქვებსა და ფოთლებზე გაქვთ ნახატები...
- ერთი პერიოდი განსაკუთრებით ვიყავი აკვარელით გატაცებული, ახლა აბსოლუტურად ყველა მასალით ვმუშაობ და ერთნაირად ვფლობ ტექნიკას. რაც შეეხება ქვებსა და ფოთლებს, ერთ დღესაც დიდი ქვები ვნახე და მათი მოხატვა მომინდა. გუაშის საღებავი მოუხდა და ნახატი ლაქით დავფარე. რაც შეეხება ფოთლებს, შინ თეთრი ყურძნის ხეივანი გვაქვს, რომელსაც დიდი, ლამაზი ფოთლები აქვს. ფოთოლიც ლაქით არის დაფარული. ამ მასალებზე პანდემიის პერიოდში პირველად ვიმუშავე, ასევე ვცადე ქარგვაც და ჩემივე ნახატი ამოვქარგე. ეს პროცესი ძალიან მამშვიდებს, თუმცა, დიდ დროს მოითხოვს. ჯერჯერობით ნახატები ფართო საზოგადოებისთვის არ მიჩვენებია. ვფიქრობ, ჯერ მზად არ ვარ გამოფენისთვის. ამ ეტაპზე მირჩევნია, ბოლომდე დაიხვეწოს ჩემი ნამუშევრები და გამოფენას სამომავლოდ მოვაწყობ.
ანა კალანდაძე