ჭიჭიბენა ცოცხალია ანუ თურქეთში ნაპოვნი უძველესი ქართული ვაზის ჯიში
ჯერ კიდევ პანდემიამდე, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის წევრები - დავით სართანია, ავთანდილ უჯმაჯურიძე, თედო გორგოძე თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ. პროექტის ფარგლებში ეს პირველი გასვლა იყო მეზობელ ქვეყანაში და მეგზურობა ნიკო ბერძენიშვილის სახ. ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, როინ მალაყმაძემ ითავა. მას საზღვრის იქითაც უამრავი ნათესავი და მეგობარი აღმოაჩნდა. ამიტომ ექსპედიციის წევრებმა მოკლე დროშიც კი ბევრი რამის ნახვა და აღრიცხვა მოახერხეს.
დავით სართანია, ივანე ჯავახიშვილის ცენტრის ხელმძღვანელი, ალმანახ "ჯავახიანის" მთავარი რედაქტორი, ისტორიის დოქტორი, ექსპედიციის ხელმძღვანელი:
- ჩვენი ამოცანა იყო, ადგილზე გვენახა ქართული ყოფისათვის დამახასიათებელი სხვადასხვა ელემენტი, რომლებიც ოსმალურ საისტორიო მასალებშია აღრიცხული. ერთ-ერთი მათგანი ვაზი და მასთან დაკავშირებული ტრადიციაა. გვაინტერესებდა, საქართველოს ამ ისტორიულ მხარეში, რომელიც შემდეგ ოსმალებმა დაიპყრეს და დედა სამშობლოს მოსწყდა, მამაპაპეული ტრადიციიდან რა შემორჩა და როგორ. ამ ტერიტორიაზე ხომ მაშინდელი მკვიდრი ქართველების შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ.
- კონკრეტულად სად იყავით თურქეთში?
- პროექტის ფარგლებში, ჩვენი კვლევის არეალში ექცეოდა როგორც მდინარე ჭოროხის, ისე მტკვრის აუზი, ანუ ისტორიული საქართველოს მხარეები: შავშეთი, ტაო-კლარჯეთი, კოლა, არტაანი, ფოცხოვი. ვაზთან დაკავშირებით განსაკუთრებულ ინტერესს ჭოროხის ხეობა ქმნიდა... ერთ დღეს სოფელ ნიგეაში აღმოვჩნდით. იგი ართვინის პროვინციის ბორჩხის რაიონში, მდინარე ჭოროხის მარჯვენა მხარეს მდებარეობს. დღეს ეს სოფელი "იბრიკლის" სახელითაა ცნობილი.
- რით იყო თქვენთვის განსაკუთრებით საინტერესო სოფელი ნიგეა?
- სოფლის ის ნაწილი, რომელსაც ვესტუმრეთ, საკმაოდ მაღალ სერზეა განლაგებული და ირგვლივ ლამაზი ხედი იშლება. კარ-მიდამოები დამრეც ფერდობებზეა შეფენილი. სრული სიწყნარეა. მხოლოდ ზოგიერთ ბოსტანში მოფუსფუსე ქალბატონები ჩანან. ბატონი როინი ერთ სახლს მიადგა, საიდანაც ტანმორჩილი მოხუცი გამოვიდა. გადაეხვივნენ ერთმანეთს და დიდი სიყვარულით მოიკითხეს. ეს ამ სოფლის მკვიდრი - შუქრი ოსილიქია. ქართულს მშვენივრად ლაპარაკობს. მან სხვენზე შენახული მომცრო ქვევრი გვიჩვენა. ამ ქვევრებს აქაური მოსახლეობა "დერგებს" ეძახის. "დერგიც" ხომ ქართული სიტყვაა, რომელიც თიხისაგან დამზადებულ ჭურჭელს აღნიშნავს. იგი მარცვლეულის, ფქვილის, მწნილისა და ყველის შესანახად გამოიყენებოდა საქართველოს სხვადასხვა მხარეში, მაგრამ ღვინისთვისაც ხმარობდნენ. ქართველ მეურნეს ხომ ღვინისთვის სხვადასხვა ზომის ჭურჭელი სჭირდებოდა - დიდ ქვევრს რომ მოხდიდნენ, ღვინოს უფრო პატარებში გადაანაწილებდნენ. ჩვენი მასპინძელიც გვეუბნება, - ამ დერგებში მარცვლეულსა და თაფლს ვინახავდით. უწინ კი, ჩვენი წინაპრები, როცა „შარაფს“ (ღვინოს) ამზადებდნენ, ამგვარ დერგებში ასხამდნენო.
ავთანდილ უჯმაჯურიძე, ისტორიკოსი, ალმანახ „ჯავახიანის“ რედაქტორი:
- ნიგეაში არაერთი ქართველი ცხოვრობს და მშვენივრადაც საუბრობენ ქართულად. მეორე ოჯახსაც ვესტუმრეთ, სადაც ჩვენი მასპინძელი იაშარ ხაჯიშვილი იყო. ორი შვილი ჰყავს, მამასავით მაღალი, აშოლტილი ბიჭები. დავმეგობრდით მის ერთ ვაჟთან - იუქსელთან. მან არაერთხელ გაგვიწია გულითადი დახმარება და მეგზურობა. ბატონი იაშარი და იუქსელიც მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები არიან. იუქსელმა ჩვენს პატივსაცემად არაერთხელ დაუკრა გუდასტვირზე. იაშარი გარმონზე გვესაუბრებოდა, საქართველოში თუა შესაძლებელი მისი შოვნაო? - გვკითხა. სამწუხაროდ, ჩვენი ვიზიტის შემდეგ ბატონი იაშარი გარდაიცვალა. გული დაგვწყდა ყველას. მან ხომ დიდი სითბო დაგვიტოვა!..
- სწორედ ამ სოფელში მიაკვლიეთ ქართული ვაზის ჯიშს?
დავით სართანია:
- სწორედ აქ, იაშარ ხაჯიშვილის ოჯახში. ვაზი, ერთი ძირი, აგერა გვაქვს, სახლთან, შავი ყურძენია, ადესა, ქვემოთ კი თეთრიცაა, - ხელი გაიშვირა იაშარმა და სახლს ქვემოთ გაშლილი ფერდობისკენ მიგვითითა. იქ კარგა მოზრდილ ფართობზე ბოსტანი აქვს მოწყობილი. სადაც კი მანამდე ვყოფილვართ, ყველგან სწორედ ეს ადესა ანუ „შავი ყურძენი“, როგორც თავად ეძახდნენ, გვხვდებოდა, და თეთრი ჯიშის ხსენებამ დაგვაინტერესა. სახელი ვკითხეთ და, - ჭიჭიბენაო. თავ-პირის მტვრევით ჩავირბინეთ დაღმართი და დაიწყო ფოტოსესია. "ჭიჭიბენა" - ასე უწოდებენ თურქეთში მცხოვრები ქართველები ვაზის ერთ-ერთ უძველეს ქართულ ჯიშს - ჭეჭიბერას.
ავთანდილ უჯმაჯურიძე:
- როგორც ბატონმა იაშარმა გვიამბო, ჭეჭიბერას საჭმლად იყენებენ, ოდესღაც კი მათი წინაპრები მისგან ღვინოს - „შარაფს“ ამზადებდნენ.
დავით სართანია:
- როგორც კი თბილისში დავბრუნდით, ჭეჭიბერაზე ლიტერატურაც მოვიძიეთ. ცნობილი მევენახე და ამპელოგრაფი მაქსიმე რამიშვილი 1948 წელს გამოსულ თავის წიგნში - „გურიის, სამეგრელოსა და აჭარის ვაზის ჯიშები“ - ასე აღწერს ვაზის ამ იშვიათ ჯიშს: „ჭეჭიბერა აჭარული თეთრყურძნიანი ჯიშია. გავრცელებულია მაღლარების სახით ხულოს რაიონში, სოფ. ჩაოსა და ფურთიოს მიდამოებში“. აქ არაფერია ნათქვამი თურქეთში ჭიჭიბენას გავრცელების თაობაზე, რადგანაც აქაურობის მონახულება მაშინ შეუძლებელი იყო. თუმცა, სოფელი ნიგეაც აჭარის გაგრძელებაზეა იმავე გეოგრაფიულ სარტყელში. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ვაზის ამ ჯიშს საკმაოდ ფართო არეალი ჰქონია ადრე დაკავებული.
ავთანდილ უჯმაჯურიძე:
- კავკასიის საფილოქსერო კომიტეტის 1896 წლის ერთ გამოცემაში აჭარის ვაზის ჯიშებს შორს დასახელებულია ვაზი ×è÷èáå. ეს, ცხადია, ჩვენი ჭეჭიბერაა. ამავე გამოცემაში ართვინის მხარის ვაზის ჯიშებიცაა დასახელებული. აქაც არაფერია ნათქვამი ჭეჭიბერაზე. ამიტომაც არის ძალზე მნიშვნელოვანი ჭიჭიბერას მიკვლევა იმ ადგილას, სადაც მისი არსებობა არც ერთ წყაროში არ არის მოხსენებული.
- რა ამპელოგრაფიული ნიშნებით ხასიათდება ჭეჭიბერა?
- როგორც ამპელოგრაფიულ ლიტერატურაში ვკითხულობთ, ჭეჭიბერა აჭარული თეთრყურძნიანი, საღვინე და სასუფრე ჯიშია. აქვს ღია მწვანე ფერის თხელკანიანი მრგვალი მარცვალი. წვეროსაკენ ოდნავ ვარდისფერი გადაჰკრავს. საგვიანო სიმწიფისაა. მაღალმოსავლიანია, თუმცა ყურძენი არ ინახება და ვერც ტრანსპორტირებას იტანს. ჭეჭიბერასაგან დამზადებული ღვინო უხარისხო გამოდის, ამიტომ სხვა ჯიშებთან შერევით აყენებდნენ. ვარგისია კონიაკის სპირტის დასამზადებლად. ჭეჭიბერა დღეს საკოლექციო ჯიშია.
- თქვენი აზრით, ნიგეაში მიკვლეული ჭეჭიბერა და წყაროებში მოხსენიებული ჭიჭიბენა ერთი და იმავე ვაზის ჯიშია?
დავით სართანია:
- დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ასეა. ამპელოგრაფების ის დასკვნა, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ვაზის ამ ჯიშის სახელის დადგენის ცდუნებას გვაიძულებს. როცა ამ ჯიშის ყურძნის მტევანი ვნახეთ, საღვინე ჯიშებისაგან განსხვავებით, მასში წვენი არცთუ ჭარბად იყო. იქნებ სწორედ ამაში იმალება სახელის საიდუმლოც. იქნებ, „ჭეჭიბერა/ჭიჭიბენა“ კომპოზიტია და შედგება „ჭეჭე//ჭიჭე“ და „ბერა//ბენა“-სგან და უნდა გავიგოთ როგორც წვენნაკლები და მეტი, ბევრჭაჭიანი ყურძენი?..
- ვაზისა და ყურძნის თვისებების აღმწერი სახელები თუ გვხვდება ქართულში და თუ შეგიძლიათ დაასახელოთ ისინი?
- ასეთი საკმაოდ ბევრია. მაგალითად, კახეთში ფართოდ გავრცელებულ ვაზს „რქაწითელი“ ეწოდება, რაც მას ვაზის რქის მიხედვით დაერქვა. სამეგრელოში არსებობს ვაზი სახელით „ჩეჭიფეში“, რომელიც ყურძნის მარცვლის სიწვრილეს აღნიშნავს. ივანე ჯავახიშვილის მიხედვით, ეს ჯიში ოდნავ სახეშეცვლილი ფორმით გურიაში („ჩუპეში“) და შემდეგ აჭარაშიც („ჩიჭიბე“) გავრცელებულა. ქართლში გავრცელებული ჯიშია „ჩინური“, რომელსაც ეს სახელი მისი მარცვლის გამჭვირვალე ფერის გამო დაერქვა. ამდენად, ჩვენც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ „ჭეჭიბერა/ჭიჭიბენა“ „ჭაჭაბევრას“ ანუ წვენზე მეტად ჭაჭის მოჭარბებას გულისხმობს.
- რას გეგმავთ მომავალში?
- მიუხედავად იმისა, რომ ვაზის ეს ჯიში საუკეთესო თვისებების არ არის, მისი გადარჩენა მაინც აუცილებელია, რადგან იგი ჩვენი სამეურნეო კულტურის ერთ-ერთი ელემენტია და მისი დაკარგვა ამ კულტურის გაღარიბებას ნიშნავს. ჩვენ ვგეგმავდით კიდევაც ნერგის ჩამოტანას, მაგრამ საყოველთაო პანდემიამ შეგვიშალა ხელი. მას ადგილზე თვალისჩინივით უვლის და ჰპატრონობს ჩვენი მეგობარი იუქსელ ხაჯიშვილი. როგორც კი საშუალება მოგვეცემა, აუცილებლად ვეწვევით და ნერგს წამოვიღებთ.
შორენა მერკვილაძე