"ძალიან მინდა ვიმოგზაურო საქართველოში..." - გზაპრესი

"ძალიან მინდა ვიმოგზაურო საქართველოში..."

სიტყვა "ბარსელონა" ყველასთვის ფეხბურთთან ასოცირდება, კლუბი "მარტინენკი" კი ერთ-ერთი გამორჩეულია ბარსელონაში. ჯერ კიდევ პატარა, შვიდ წლამდე ასაკის ბიჭები ყველა თამაშზე ჯიუტად იბრძვიან გამარჯვებისთვის, მწვრთნელი კი თავისი ემოციური შეძახილებითა და მითითებებით ამხნევებს მათ. ემოციებსა და მითითებებს არც მშობლები და არც საგულშემატკივროდ მისული ადამიანები იშურებენ, ამით ბავშვებს თავდაჯერება ემატებათ და უფრო თავმომწონედ აწოდებენ ხოლმე ერთმანეთს ბურთს. წესებს ყველა ემორჩილება. დიდი დაკვირვება არ გჭირდება იმისთვის, რომ მიხვდე, რამხელა სიყვარულია მათ შორის. ერთ დიდ გუნდად შეკრულები თავდაუზოგავად იბრძვიან გამარჯვებისთვის.

მწვრთნელი დავიდ კატალა ტელლე 18 წლისაა. მას სხვადასხვა ასაკის ბავშვები აბარია, მათ შორის, რამდენიმე ქართველიც. საკმაოდ პატარა ასაკში აუღია ამხელა პასუხისმგებლობა. ამბობს, რომ თავისი საქმე უყვარს. საქართველოს შესახებაც იცის და სხვათა შორის, ქართული კულინარიის მოყვარულიც გახლავთ, განსაკუთრებით კი ხაჭაპური უყვარს. დავიდი საკმაოდ ემოციური, ხათრიანი და საქმეზე უზომოდ შეყვარებული ბიჭია. საუბრისას მითხრა, - მიხარია, რომ ჩვენს ამბავს იქ, სადღაც შორს, საქართველოშიც გაიგებენო. მადლობას უხდის ჩვენს მკითხველს და დიდ სიყვარულს უგზავნის თითოეულ ქართველს.

- სიამოვნებით ვაკეთებ ჩემს საქმეს. მიყვარს ბავშვებიც, მათთან ურთიერთობა ერთგვარი დღესასწაულია. რთულია იმ ემოციების გადმოცემა, როდესაც მოედანზე შევდივართ. ყოველთვის ვეუბნები მათ, რომ მთავარი გამარჯვებაა, რომ ჩვენ ამას შევძლებთ და ისინიც თავდაჯერებულები გადიან სათამაშოდ, თავს არ ზოგავენ; ყველა ერთად ცდილობს, ის შრომა დამიფასონ, რასაც მათში ვდებ. ამის შედეგია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე რვა შეხვედრიდან შვიდი ჩვენი გამარჯვებით დასრულდა.

20211127-191800-1638788532.jpg

- ქართველი ბავშვებიც გყავთ ნაკრებში. რა იცით ჩვენი ქვეყნის შესახებ?

- სამ ქართველს ვავარჯიშებ სხვადასხვა კლუბში, სამივე ძალიან ძლიერი მოთამაშეა... იცით, ქართულ სამზარეულოს ვიცნობ. კლუბ "მარტინენკის" მოთამაშეა საბა სეფიაშვილი და მისმა ბებიამ დაგვაგემოვნებინა საუკეთესო კერძები, მაგრამ ხაჭაპური იყო უგემრიელესი და ვფიქრობ, ყველა საჭმლისგან გამორჩეული. საქართველოს რაც შეეხება, ვიცი, რომ ძალიან ლამაზი ქვეყანაა, ქართველები კი ძლიერები არიან. ჩვენს ქვეყანაში ბევრი ქართველი ცხოვრობს, მე ვიცნობ მათ და მომწონს ეს ხალხი.

- როგორ ფიქრობთ, გამარჯვებისთვის მთავარი რა არის?

- მთავარი შრომაა და ჩვენ ბევრს ვშრომობთ. მიუხედავად იმისა, რომ პატარები არიან, როგორც ნამდვილი ჩემპიონები, ისე მომყვებიან. მშობლებიც თავს არ ზოგავენ თავიანთი შვილების გამარჯვებისა და წინსვლისთვის. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ. მე მოსწავლეებს ისე ვექცევი, როგორც თანატოლებს და არა ისე, როგორც პატარებს.

- რას გვეტყვით საბა სეფიაშვილზე, რომელიც ბოლო თამაშში თავს არ ზოგავდა?

- საბა ძლიერი მოთამაშეა. დღეს დასრულდა ლიგა და საბა ამ ლიგაში 7 გოლის ავტორია, ეს კი ცოტა არ არის. უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება ყველაფერს, დიდი მომავალი აქვს. არ ზოგავს ძალებს და ბოლომდე იბრძვის გამარჯვებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ესპანელი არ არის, არ უჭირს არც ბავშვებთან კომუნიკაცია და არც მწვრთნელებთან, ძალიან თბილი და მიზანდასახულია. თუ ასე გააგრძელებს, დიდი მომავალი ექნება და ჩვენ მას აუცილებლად ვიხილავთ წარმატებულ საფეხბურთო კლუბში. სხვათა შორის, მისი წარმატება ბებიას დამსახურებაა. ჩვენთან ესპანეთში ბებია და ბაბუა მხოლოდ მოსაფერებლად თუ გვნახულობენ შვილიშვილებს, ისინი საკუთარ თავზე არ იღებენ არანაირ პასუხისმგებლობას. საბას შემთხვევაში კი სხვანაირად არის, როგორც ვიცი, მასში ეს ნიჭი სწორედ ბებიამ აღმოაჩინა და მას შემდეგ თავს არ ზოგავს საბას წარმატებისთვის, მას გვერდში უდგას მამაც და ბაბუაც.

20211127-101529-1638788515.jpg

- როგორ ფიქრობთ, წარმატების მისაღწევად ოჯახის თანადგომა აუცილებელია?

- რა თქმა უნდა, უმთავრესია ბავშვი მშვიდ გარემოში იზრდებოდეს, რამის კეთების სურვილი რომ გაუჩნდეს, თუნდაც ვარჯიშზე მოსვლის. თანადგომა რომ არ ჰქონდათ ოჯახისგან, ამის გამო კლუბი რამდენიმე ბავშვმა დატოვა. მეც ყოველთვის მხარს მიჭერდნენ მშობლები, თუმცა ჩემს ყველა თამაშს ჩემი ბებო არ ესწრებოდა. ჩვენ მათთან მხოლოდ თვეში რამდენჯერმე, დღესასწაულებზე ვახერხებთ მისვლას, ასეთია ჩვენი ტრადიცია. როგორც ვხვდები, ქართველები საოცრად თბილი ხალხი ხართ. ძალიან მინდა ვიმოგზაურო საქართველოში და უკეთ გავიცნო თქვენი ქვეყანა. იმედია, ოდესმე ამას შევძლებ.

ფიქრია რობაქიძე