უნიკალური მუზეუმი, რომლის მრავალფეროვნება ყველას აოცებს - გზაპრესი

უნიკალური მუზეუმი, რომლის მრავალფეროვნება ყველას აოცებს

გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ 55 წელია, არსებობს. ეს პირველი ეთნოგრაფიული მუზეუმია კავკასიაში, რომელსაც დამთვალიერებელი და ტურისტი არც ერთ სეზონზე არ აკლია. ეთნოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, სახელმწიფო პრემიისა და გიორგი ჩიტაიას სახელობის პრემიის პირველი ლაურეატი თამილა ცაგარეიშვილი მუზეუმის დამაარსებლის, ქართული ეთნოგრაფიული სკოლის ფუძემდებლის შესახებ და ქართული ეთნოგრაფიის განვითარების გზებზე გვესაუბრება. ქალბატონი თამილა გიორგი ჩიტაიას მოწაფე და მუზეუმის უფროსი კურატორი გახლავთ.

გზის დასაწყისი

- საუკეთესო ისტორიული განათლება მივიღეთ პიონერთა სასახლეში, მხარეთმცოდნეობის განყოფილების ცნობილ პედაგოგთან, ისტორიკოს ირინა მიქელაძესთან. ქალბატონმა ირინამ მე-5 კლასიდან დაწყებული მოგვატარა ყველა ისტორიული ძეგლი, რაც თბილისთან ახლომახლო იყო. მან დაგვაინტერესა ხელოვნებით, არქეოლოგიური ექსპედიციაც მოგვიწყო ბეთანიაში, რომელსაც ასპირანტი ლევან ჭილაშვილი ხელმძღვანელობდა. ეს იყო ჩვენთვის დიდი დღესასწაული, მაშინ გავიარეთ პირველად საველე ცხოვრება.

ერთხელ ქალბატონმა ირინამ დაგვამუშავებინა დავით გვრიტიშვილის ბიოგრაფია და მისი პოპულარული ნაშრომები გაგვაცნო თბილისის შესახებ. მე-5 კლასში ვიყავი, როცა მოხსენება მოვამზადე თბილისზე. ეს იყო ჩემთვის მესამე თემა. მოხსენება წავიკითხე, ბატონ დავითს მოეწონა, თავისი ახალგამოცემული სქელტანიანი წიგნი "საქართველოს ფეოდალური ქალაქები" გადმომცა და მითხრა: ეს ჩემგან საჩუქრადო. გადავშალე და წავიკითხე წარწერა: "ჩემს მომავალ კოლეგას, ისტორიკოს თამილა ცაგარეიშვილს". გულახდილად გეტყვით, მაშინ გადავწყვიტე, ისტორიკოსი გავმხდარიყავი. როცა უნივერსიტეტში ვაბარებდი, ისტორიის ფაკულტეტის დეკანი იყო ბატონი დავითი და, სხვათა შორის, მაშინვე მიცნო, როცა ისტორიის გამოცდაზე შემოვიდა.

რატომ ეთნოგრაფია?

- გიორგი ჩიტაიას შევხვდი ისტორიის ფაკულტეტზე სწავლისას. პირველ კურსზე ზოგადი ეთნოგრაფიის კურსს გვიკითხავდა. გამოცდის ჩაბარების შემდეგ, ბატონმა გიორგიმ საზაფხულო პრაქტიკის გავლა შემომთავაზა, ჩემს მეგობრებთან - მარინა გუგუშვილთან და ლია თოდუასთან ერთად. ბატონმა გიორგიმ ჩაგვრთო სვანეთის ექსპედიციაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ცნობილი მეცნიერი ჯულიეტა რუხაძე. ეს იყო ჩემი პირველი მონაწილეობა ეთნოკულტურული ექსპედიციის მუშაობაში და შეხვედრა მეცნიერთან, რომელიც ენციკლოპედიური სიზუსტით იცნობდა ქართულ ეთნოგრაფიულ ყოფას. ქალბატონი ჯულიეტა ნამდვილი საველე მუშაკი იყო, ამავე დროს, მკაცრი დისციპლინის მოყვარული. საოცრად უყვარდა მოსახლეობა, ნამყოფი იყო ყველა ოჯახში, მთლიანად ჰქონდა მოვლილი სვანეთი. ისე ჩაგვაბა სერიოზულ მუშაობაში, რომ ის მასალები ჩვენ - სტუდენტებმა მოსკოვში წავიღეთ კონფერენციაზე და წარმოიდგინეთ, ჯილდოც დავიმსახურეთ. მუზეუმშიც გამოვედით დიდ სამეცნიერო სხდომაზე. მეორე წელს ბატონმა გიორგიმ შემოგვთავაზა ფშავ-ხევსურეთი. ეს იყო ქალბატონ ვერა ბარდაველიძის 30-კაციანი კომპლექსური ექსპედიცია, სტუდენტები ათნი ვიყავით. არაჩვეულებრივი სკოლა გავიარეთ. ყველაფერი საუკეთესო იმ წლებში მივიღეთ.

გიორგი ჩიტაიას შესახებ

- ბატონი გიორგი იშვიათი პიროვნება იყო. მან მკაცრი ცხოვრება გამოიარა. დაიბადა ფოთში, თბილისში მიიღო საშუალო განათლება და პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლობდა. გერმანიაში პროფესორ ბროკელმანის ლექციებს ესწრებოდა ეთნოლოგიაში. ივანე ჯავახიშვილის მითითებით ეცნობოდა ეთნოლოგიის საფუძვლებს და მონაწილეობდა არქეოლოგიური ექსპედიციების მუშაობაში. ის, რომ საქართველოში გიორგი ჩიტაია ეთნოგრაფიას ჩაუდგა სათავეში, ივანე ჯავახიშვილის დამსახურებაა, მან გაუკვალა გზა. ჩიტაია ამბობდა: ბატონი ივანე იყო ჩვენი კერპი, რასაც ის გვაძლევდა, ჩვენ ვერასოდეს მოვახერხებთო (არადა, ახერხებდა). 1916 წლის ბოლოს ჩამოდის ბატონი გიორგი ფოთში და რევოლუციურ მოძრაობაში ებმება. 1918-1921 წლებში გახდა ფოთის მერი - ნიკო ნიკოლაძე შეცვალა!.. გიორგი ჩიტაიას სიცოცხლეში, მისი ბიოგრაფიიდან ამოღებული იყო 1918-1924 წლები. მას მენშევიკურმა მთავრობამ საზღვარგარეთ წასვლა შესთავაზა, რასაც არ დათანხმდა და საქართველოში დარჩა. იმ წლებს მხცოვანი მეცნიერი ასე აფასებდა: "1918 წლის 26 მაისი ყველაზე ნათელი დღეა საქართველოს ისტორიაში... საქართველოდან წასვლა მე არ შემეძლო, მიუხედავად იმისა, რომ ბედნიერი დღეები აქ არ მელოდა - ციხე, თვალთვალი, უნდობლობა. მართალია, ზოგმა კეთილისმსურველმა კომუნისტურ პარტიაში შესვლა შემომთავაზა, მაგრამ არ შემეძლო. რწმენით გაორებული ადამიანი არც შინ ვარგა და არც გარეთ". 1922 წელს მივიდა თავის მასწავლებელთან, ივანე ჯავახიშვილთან, რომელმაც საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში მუშაობა შესთავაზა. გიორგიმ ძალები მოსინჯა ჯერ არქეოლოგიაში, თბილისის გათხრებიც ჩაატარა, ხოლო შემდეგ მთლიანად ეთნოგრაფიაში გადავიდა. აქედან დაიწყო მისი ფუნდამენტური საქმიანობა და დარგმა წლების მანძილზე მოსწავლეების გარკვეული რაოდენობა შეკრიბა.

ბატონი გიორგი იყო ყველა სიახლის წამომწყები. მისი ბოლო იდეა იყო ღია ცის ქვეშ მუზეუმის შექმნა, რომელიც 60-იან წლებში განახორციელა, მაგრამ იდეას საფუძველი 40-იან წლებში ჩაეყარა. კერძოდ, სვანეთში ერთ-ერთი ექსპედიციის დროს ის სწერს სიმონ ჯანაშიას: "როგორ შეიძლება, რომ ეს უნიკალური ნაგებობები, რაც დღეს სვანეთშია წარმოდგენილი, ყურადღების გარეშე დავტოვოთ და არ ვაქციოთ სამუზეუმო ექსპონატად". და თხოულობს, რომ შეიქმნას მუზეუმი ღია ცის ქვეშ, ევროპული სტანდარტების მიხედვით. თავად ბატონ გიორგის, როგორც პოლიტიკურად არასანდოს, არც ერთი ღია მუზეუმი არ უნახავს, არ უშვებდნენ საზღვარგარეთ. იმ მწირი ინფორმაციის საფუძველზე, რაც აქ შემოდიოდა, მან შექმნა უნიკალური მუზეუმი, რომლის მრავალფეროვნება ყველას აოცებს. უნდა აღინიშნოს, რომ მუზეუმის გენერალური გეგმა ჯერაც არაა დასრულებული, დაუმთავრებელია ზემო მთიანი მხარე. ბატონი გიორგის იდეა იყო ის, რომ საქართველო ხელისგულზე ყოფილიყო წარმოდგენილი და ამავე დროს, გზამკვლევი უნდა ყოფილიყო ტურისტებისთვის. ესეც თავიდანვე იყო ჩადებული. სტუმარს ეძლეოდა საშუალება, რომელი კუთხეც (ეთნოგრაფიული ზონა) მოეწონებოდა, იმას სწვეოდა რეალურად. რამდენიმე ათეული წელი დასჭირდა ღია ცის ქვეშ მუზეუმის იდეის განხორციელებას, რადგან ბატონი გიორგი წინააღმდეგობას ხვდებოდა როგორც სამთავრობო, ისე სამეცნიერო წრეებიდან. მიუხედავად ამისა, არ შეუწყვეტია ამ იდეაზე მუშაობა და ენთუზიასტ ეთნოგრაფ-არქიტექტორებთან ერთად აგროვებდა საექსპოზიციო მასალებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. 1940 წლიდან დაწყებული თავდაუზოგავი შრომა 76 წლისამ დააგვირგვინა, როცა 1966 წელს თანხმობა მიიღო მუზეუმის დაარსების შესახებ. გიორგი ჩიტაიას ცხოვრებამ და მოღვაწეობამ ცხადყო, რა თავდადებული შრომა და რამდენი დრო სჭირდება ეროვნული საქმის კეთებას.

tam-1-1638520779.jpg

მწარე გამოცდილება

- ექსპედიციებში მაშინ ფეხით დავდიოდით. მახსოვს, გუდამაყრიდან ფეხით გადავედით ფშავში. ეს რამდენიმედღიანი სვლა იყო - ჯერ ერთ მთას გადახვალ, მერე - მეორეს, მესამეს... გზა აღარ თავდებოდა. ერთ-ერთი ექსპედიციის დროს ხევსურეთში ფეხით გადავდიოდით - ამ გზაზე მწარე გამოცდილება მივიღე. პური არ იყო, ამიტომ გამხმარ პურს გვაძლევდნენ ხოლმე. გზაში მხოლოდ მწყემსებს ვხვდებოდით და რა საჭმელს ვიშოვიდით?! სტუდენტები ერთმანეთს დავცილდით და ორნი მოვდივართ ერთად. ისე გვშია, რომ სადაცაა, წავიქცევით. წყაროსთან მივედით და დაოსილები წყალს ვსვამთ. შიმშილისაგან ვეღარ დავდივართ. მოდის მწყემსი, ცხენზე გადაკიდებული ხურჯინიდან დედას პურები მოჩანს. ვთქვით, რომ ვთხოვოთ პური და ამ ლაპარაკში ვართ... კაცმა ისე ჩაიარა, რომ ვერ ვთხოვეთ. რა ვქნათ?.. ეტყობა, ჩვენი თვალებით შეიცნო სურვილი, მოიხედა და გვკითხა - პური ხომ არ გინდათო? ორივემ თავი დავუქნიეთ. მწყემსმა თითოს ორ-ორი პური მოგვცა, თან მოგვაძახა: პატრონები არა გყავთ, აქ ვინ გამოგიშვათო? მერე მობრუნდა და ყველიც მოგვცა. დავსხედით წყალთან და კარგად მივირთვით. ახლაც მრცხვენია, ამას რომ ვამბობ. წამოვედით და უკვე მოვრბივართ მთებზე, ძალა მოგვეცა. ჩამოვედით ექსპედიციის ადგილზე. ვხედავ, ერთი ჭრის ხევსურულ პურს პატარა ნაჭრებად და არიგებენ ამ გამხმარი პურის ლუკმებს. მოდით, აიღეთო, გვეუბნებიან, და ჩვენ არ ვიღებთ. ვერც ვამბობთ, რომ ვჭამეთ. ბატონმა გიორგიმ თქვა: ახლავე აიღეთო! რაღას ვიზამდით?.. ბატონი გიორგი და ქალბატონი ვერა ქვემოთ წყალთან ჩავიდნენ. რატომ წავიდნენ-თქო? - ვიკითხეთ. - პურს წყალში ჩაალბობენ, რომ ადვილად შეჭამონო. ის ორი ლუკმა ყელში არ გადამდიოდა, ძლივს შევჭამე. ეს ამბავი მთელი ცხოვრება მაწუხებდა.

ბატონი გიორგი როცა უკანასკნელ დღეებს ითვლიდა, მასთან მისული ვუყვებოდი ექსპედიციის ამბებს. მაშინ გადავწყვიტე, დამესვენა სინდისის ქენჯნისგან და ეს ფაქტიც მომეყოლა: - გახსოვთ, ბატონო გიორგი, ექსპედიციაში რომ ვიყავით ხევსურეთში, აი, პურს რომ... შემაწყვეტინა: - როგორ არა, მახსოვს. მე და ვერამ პურის ლუკმები მოგეცით იმიტომ, რომ ახალგაზრდები იყავით და ძალას ადვილად კარგავდით. ჩვენ წყაროზე ჩავედით და დიყი (ფოთოლია, ხილივით იჭმევა) ვჭამეთო. ვერაფერი ვეღარ ვთქვი... ეს მეორე დარტყმა და უდიდესი ცხოვრებისეული გამოცდილება იყო ჩემთვის. იმწუთას შევიგრძენი ფშავის თავხევისბერის, ბიჭურ ბადრიშვილის ნათქვამი: "დედამიწამ ნამუსს უთხრა, ჩემზე მძიმე შენა ხარო". ამის შემდეგ ჩემს ექსპედიციებში ყოველთვის ვცდილობდი, სამყოფი საკვები გვქონოდა.

"დღეს მუზეუმში ვარ"

- მიუხედავად იმისა, რომ 38 წელი უნივერსიტეტში ვიმუშავე და უფრო მეტი - ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში, არასდროს დამვიწყებია ბატონი გიორგის შეგონება: სანამ მუზეუმში არ იმუშავებ და ექსპონატს არ შეეხები, ეთნოგრაფი ვერ გახდებიო. დღეს მუზეუმში ვარ და ეს ჩემი ადგილია. საქართველო სამჯერ შემოვიარე. როცა რომელიმე სოფლის სახელს ვამბობ, მაშინვე თვალწინ წარმომიდგება ხოლმე... ყველაფერი ბატონი გიორგის სწავლების შედეგი და დამსახურებაა. დღეს კი, როცა საველე ეთნოგრაფიულ მუშაობას აქტიურად ვეღარ ვეწევი, ეთნოგრაფიული მუზეუმი მივსებს შემოქმედებით ნაკლოვანებას, მაგრამ ეს სრულიად შემთხვევით მოხდა. 2006 წელს განათლების რეფორმის შედეგად, თსუ-ში ბატონი გიორგის დაარსებული ეთნოგრაფიის კათედრა გაუქმდა. მოსკოვის უნივერსიტეტის შემდეგ ის პირველი კათედრა იყო და 1940 წელს დაარსდა. ასევე პირველია ეს მუზეუმი მთელ კავკასიაში. ბატონ გიორგის სულ პირველობისკენ ჰქონდა სწრაფვა. როდესაც დავტოვე უნივერსიტეტი, დამიბარა ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და ასეთი რამ მითხრა: "მინდა მოხვიდეთ მუზეუმში და ის საქმე გააგრძელოთ, რაც ბატონმა გიორგიმ ვერ დაამთავრა". აი, ამის გამო წამოვედი აქ და მივხვდი, რომ ჩემი თეორიული ცოდნა თუ საველე გამოცდილება კარგად ესადაგება მუზეუმს.

ნანული ზოტიკიშვილი