მძღოლობის 50-წლიანი გამოცდილება და ქალბატონი, რომელმაც საყვარელ საქმეს პირადი ცხოვრება მიუძღვნა - გზაპრესი

მძღოლობის 50-წლიანი გამოცდილება და ქალბატონი, რომელმაც საყვარელ საქმეს პირადი ცხოვრება მიუძღვნა

ფაქტობრივად, მან დაანგრია სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც ქალებს ცუდ მძღოლებად მიიჩნევენ. 50 წლის განმავლობაში ის ხან სატვირთო, ხანაც სამხედრო მანქანას მართავდა, ახლა კი მიკროავტობუსის მძღოლია და მგზავრები ახალციხიდან ახალქალაქის მიმართულებით გადაჰყავს. მის მგზავრებს შორის ერთხელ მეც მოვხვდი და როცა საჭეს მამაკაცის მაგივრად ქალბატონი მიუჯდა და "მარშრუტკა" დაიძრა, ლამის მგზავრობა გადავიფიქრე, თუმცა მგზავრებმა მალევე დამამშვიდეს და საინტერესო ქალბატონთან ინტერვიუს ჩაწერაც გადავწყვიტე.

ჟურნალი "გზა", 2011 წელი

- ქალბატონო მარგო, ავტომანქანები ბავშვობიდან გიზიდავთ?

- კი, მახსოვს, ჩემს ერთ-ერთ უფროს ძმას, რომელსაც მანქანა ჰყავდა, მეც სულ თან დავყვებოდი და მართვის პროცესს დიდი ყურადღებით ვაკვირდებოდი. გარდა ამისა, ძალიან მაინტერესებდა მანქანის აგებულება. ჩემი ძმაც დაუზარებლად მიხსნიდა ყველაფერს. ჩემს პროფესიონალ მძღოლად ჩამოყალიბებაში სწორედ მან შეიტანა დიდი წვლილი. სამწუხაროდ, ის ადრეულ ასაკში დაიღუპა. გარდაცვალების წინ კი მშობლებს, რომლებიც ჩემს ავტომანქანებით დაინტერესებას არასერიოზულად უყურებდნენ, სთხოვა, რომ არ შემწინააღმდეგებოდნენ და მანქანის ტარება არ დაეშალათ. დაკრძალვის წინაღამეს ჩემი ძმა დამესიზმრა და შეიძლება ითქვას, რომ მიწინასწარმეტყველა: საჭე შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდებაო. მაშინ ცამეტი წლის ვიყავი. ვიდრე დაკრძალავდნენ, ტუში ავიღე და მისი სასახლის კუთხეში ფიცი დავწერე. ძმას ვპირდებოდი, რომ არ შევარცხვენდი მის სახელს; რაც მთვარია, საჭეს არ ვუღალატებდი. ბედნიერი ვარ, რომ მაშინდელი ბავშვური ფიცი პირნათლად შევასრულე.

- ძმის გარდაცვალების შემდეგ მანქანის მართვას როგორ ახერხებდით?

- როგორც გითხარით, ჩემს მშობლებს, განსაკუთრებით კი მამაჩემს არ მოსწონდა, როცა ხედავდა, თუ როგორ მიტაცებდა ავტომანქანები. იცოდა, ნება რომ მოეცა, მანქანაში დავიძინებდი კიდეც. ამიტომ იძულებული ვიყავი, მისგან ფარულად დამეკმაყოფილებინა მანქანის ტარების ჟინი. ჩემს ნათესავს, რომელიც მეზობლად ცხოვრობდა, "მოსკვიჩი" ჰყავდა. მუდამ საბაბს ვეძებდი, მასთან წავსულიყავი, რადგან მანქანის თხოვებაზე უარს არასოდეს მეუბნებოდა. მეც მოვისვამდი თანატოლებს და გახარებული, სოფლის გზებზე დავქროდი.

- მისი მანქანა დაუკითხავად არასოდეს "მოგიპარავთ"?

- მისი - არა. მე-8 კლასში ვიქნებოდი, თანაკლასელებთან ერთად სკოლიდან მოვდიოდი, შევნიშნე, მეზობელმა კაცმა სატვირთო მანქანა გააჩერა, თვითონ კი მაღაზიაში შევიდა. ეშმაკურმა აზრმა გამირბინა თავში, ბავშვებს ვუთხარი, სწრაფად, საბარგულზე შემოსხედით-მეთქი! მე კაბინაში ჩავჯექი. ბედად, გასაღები სალონშივე იდო, ხელი დავტაცე და მანქანა დავძარი. ნელა მივდიოდი, მაგრამ უეცრად, საჭე ვერ დავიმორჩილე და გაჩერებულ ავტომობილს დავეჯახე. საბედნიეროდ მისმა პატრონმა, რომელიც იქვე იდგა, გვერდზე გადახტომა მოასწრო და ტრამვაის გადაურჩა, მანქანა კი უმნიშვნელოდ დაზიანდა. მეც და ჩემს კლასელებსაც ძალიან შეგვეშინდა. იქაურობა მივატოვეთ. გავრბოდით და თან ჩვენზე მეტად შეშინებულ, გაფითრებულ მძღოლს ქვებს ვუშენდით. საწყალმა, მაშინვე დაქოქა მანქანა და გაგვეცალა. ამის გამო მკაცრად დამსაჯეს ოჯახში, თუმცა მანქანის სიყვარული მაინც არ გამნელებია.

GzaPress- ალბათ მართვის მოწმობა იოლად აიღეთ...

- მართალი ხართ, მართვის მოწმობა პირველივე მცდელობაზე ავიღე. ცოტა ხანში, ჩემს მშობლიურ სოფელ ოკამში გაიხსნა პემზის კარიერი, სადაც სატვირთო მანქანაზე მუშაობის სურვილი გამოვთქვი. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჩემი მოთხოვნა რატომღაც არ დააკმაყოფილა, თუმცა რეგიონში ჩამოსული ცეკას მდივნის, მჟვანაძის მოთხოვნით მომცეს მძღოლის ლიმიტი. ამის შემდეგ, ათი წლის განმავლობაში ვეზიდებოდი პემზას ჯერ ახალქალაქის, შემდეგ კი ახალციხის მიმართულებით. მერე ახალციხის საჯარისო ნაწილში გავაგრძელე მუშაობა, სადაც სამხედრო მანქანას ვმართავდი და ჯარისკაცების ტრანსპორტირება, ასევე იარაღის გადატანა მევალებოდა.

- როგორც ვიცი, სწორედ ამ მისიით იყავით დაძაბული ვითარების დროს ჯერ სოხუმში, შემდეგ კი ცხინვალში, არა?

- აფხაზეთში საომარი სიტუაცია რომ შეიქმნა, გვარდიის გენერალმა ბრძანება გასცა, რომლის მიხედვითაც ჩვენი ნაწილიდან სოხუმში იარაღი უნდა გადაგვეტანა. ამ დავალების შესრულებისას, ჩვენს უსაფრთხოებაზე პასუხს ვერავინ აგებდა და გენერალმა მითხრა, ჩემი მანქანა მამაკაცისთვის დამეთმო. არც დავფიქრებულვარ, ისე ვუთხარი: - სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, ჩემს სამშობლოს მაინც გამოვადგები-მეთქი! ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად, ავტომატის მჭიდებით დატვირთული მანქანით სოხუმში მაინც წავედი. დანიშნულების ადგილზე მშვიდობით ჩავაღწიე, უკან დაბრუნებისას, როცა სენაკს ვუახლოვდებოდი, ოთხმა შეიარაღებულმა, ნიღბიანმა სამხედრომ გამაჩერა და მანქანიდან ჩამოსვლა მიბრძანა. აქცენტით მკითხეს, საიდან მოვდიოდი. მაშინ სიკვდილს პირველად ჩავხედე თვალებში და პირველად ვთქვი დიდი ტყუილი, რომ სოხუმში მეზობელს ტვირთი გადავუტანე, მან კი დაპირებული თანხაც კი არ ამინაზღაურა და ახლა ხუთ ობოლ შვილთან მივდიოდი, რომლებიც მშივრები მელოდებოდნენ. ჩემი სიკვდილით მაინც ვერაფერს მოიგებთ-მეთქი, ესეც დავამატე. ითათბირეს, მერე რაც ფული მქონდა წამართვეს და გამომიშვეს.

- ალბათ, თქვენმა ტყუილმა გაჭრა...

- კი, ამაზეც დავფიქრებულვარ. ტყუილი, რომელიც ვუთხარი, საკმაოდ არადამაჯერებელი იყო, მაგრამ მაინც დამინდვეს. ამას გარდა, გამსახურდიას დროს, როცა ცხინვალში ვითარება დაიძაბა და შეიარაღებული ძალების ჩარევა გახდა საჭირო, ჯარისკაცები მანქანით ცხინვალისკენ მიმყავდა. როცა ცხინვალის შესასვლელს მივუახლოვდით, ხიდთან სვლა შევანელე, თითქოს ვიღაცამ გამაფრთხილა... ამ დროს მსუბუქმა მანქანამ გადამასწრო და დანაღმულ ხიდზე აფეთქდა. თურმე ძველი შენობიდან გვითვალთვალებდნენ და ცეცხლი გაგვიხსნეს. მოვატრიალე მანქანა და შედარებით უსაფრთხო ადგილზე ჩამოვსვი ბიჭები. მე კი ახალციხეში დავბრუნდი.

- შემდეგ თქვენი, როგორც მძღოლის ცხოვრება როგორ წარიმართა?

-  მერე ახალციხეში ტაქსის მძღოლად ვმუშაობდი რამდენიმე წელი. დროთა განმავლობაში ქალაქის გამგეობამ შიდა საქალაქო ტრანსპორტის მძღოლად დამნიშნა და "პაზიკს" ვმართავდი. ერთ დღეს მომინდა, ჩემი "მარშრუტკა" მყოლოდა და როგორც ხედავთ, დღეს უკვე ყოველდღიურად ვასრულებ რეისს ახალციხე-ახალქალაქის მიმართულებით.

- თქვენს დანახვაზე უცხო მგზავრებს რა რეაქცია აქვთ?

- მათი უმეტესობა გაოცებული მიყურებს. ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომელიც ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ახალქალაქიდან მოემგზავრებოდა, გაოცება ძალიან ემოციურად გამოხატა. ბავშვებს ხელი მოჰკიდა და ჩასვლა დააპირა, თუმცა სხვა მგზავრებმა აუხსნეს, რომ გამოცდილი მძღოლი ვიყავი და საშიში არაფერი იყო. ჩასვლა კი გადაიფიქრა, მაგრამ მთელი გზა მთხოვდა, შენი ჭირიმე, ნელა იარეო. სხვათა შორის, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც გააკვირვა ჩემმა საქმიანობამ, როცა მას ახალქალაქის განახლებული ავტოსადგურის გახსნაზე შევხვდი.

GzaPress- სისწრაფე თუ გიყვართ? რამდენად კანონმორჩილი მძღოლი ხართ?

- სისწრაფე მიყვარს, მაგრამ როცა მგზავრის სიცოცხლე მაბარია, თავს სიჩქარის გადაჭარბების უფლებას არ ვაძლევ. როცა მარტო ვარ, საჭესთან უფრო თავისუფალი ვხდები. რაც შეეხება კანონმორჩილებასა და პატრულთან ურთიერთობას, წესებს ძალიან იშვიათად ვარღვევ, შესაბამისად, პატრულთან კარგი ურთიერთობა მაქვს. თუმცა, ამას წინათ, თბილისიდან რომ მოვდიოდი, გორში პატრულმა გამაჩერა. უსაფრთხოების ღვედი არ მეკეთა, მაგრამ დამინდვეს და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მომცეს.

- მწყობრიდან გამოსული ტრანსპორტის დამოუკიდებლად შეკეთება თუ შეგიძლიათ?

- კი, თუ საქმე ძალიან რთულად არაა, მარტოც ვუმკლავდები. მყავს ხელოსანი ვანიკა, რომლის პროფესიონალიზმსაც ვენდობი და დახმარებისთვის მუდამ მას მივმართავ.

- მამაკაცების უმრავლესობა ქალ მძღოლებს ეჭვის თვალით უყურებს. თქვენ როგორ ფიქრობთ, ქალები მართლა სუსტი მძღოლები არიან?

- თავიდან მეც ასე მიყურებდნენ, მაგრამ თანდათან დარწმუნდნენ, რომ ავტომანქანის მართვა კარგად შემიძლია და ახლა რჩევებსაც კი მეკითხებიან. გაფუჭებულ მანქანას სწორ "დიაგნოზს" ვუსვამ. პროფესიით აგრონომი ვარ, მაგრამ მეხუმრებიან, "მანქანის აგებულება" ისე კარგად იცი, შენ აგრონომი კი არა, ავტოინჟინერი ხარო.

- პრეტენზიულ მგზავრებს როგორ უმკლავდებით?

- თავის შეკავებას განრისხებულიც კი ვახერხებ. გინება არ მიყვარს და როცა სხვები იგინებიან, ძალიან ვღიზიანდები. უკიდურესად გაბრაზებულს, მაქსიმუმ - "შეშლილი" ან "დებილი" წამომცდეს. 68 წლის ვარ და უკვე ვაცნობიერებ, რომ მალე მძღოლობისთვის თავის დანებება მომიწევს. სიმართლე გითხრათ, ამას ძალიან განვიცდი, მანქანის სიყვარულს მთელი ცხოვრება შევალიე, ოჯახიც კი არ შემიქმნია, ისე ვიყავი ჩემი პროფესიით გატაცებული. არასოდეს მითქვამს, ამ საქმიანობამ დამღალა-მეთქი.

- დაბოლოს, რას ურჩევდით მძღოლებს?

- უპირველესად, როცა საჭეს მიუჯდებიან, მისი დამორჩილების შიში არ უნდა ჰქონდეთ. ეს განსაკუთრებით ქალებს ეხება. რაც უფრო თავდაჯერებული მართავ მანქანას, მით უფრო მარტივია ყველაფერი. მახსოვს, პირველად რომ დავჯექი საჭესთან, ისეთი დაძაბული ვიყავი, ვერ აღგიწერთ, მაგრამ წლებთან ერთად გამოცდილებაც მოვიდა და ახლა ღიმილით მახსენდება ის დრო.

- წარმატებებს გისურვებთ.

- დიდი მადლობა, ღმერთმა მშვიდობიანად გამგზავროთ.

მარიამ ზედგინიძე