ზღაპრის გოგონა
მარიამ ჩაჩანიძე არაა ჩვეულებრივი გოგონა. ის იმერეთის პატარა სოფელში ცხოვრობს და პედიატრობაზე ოცნებობს. ეს ოცნება აუცილებლად აუსრულდება. არაფერში ისე არ ვარ დარწმუნებული, როგორც მის შესაძლებლობაში. ხშირად, ტრაფარეტულად ვამბობთ, რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები. იქნებ და გვეთქვა, რომ შეუზღუდავი შესაძლებლობა არ არსებობს! უბრალოდ, ზოგს შეუძლია შეზღუდული რესურსების პირობებშიც კი იქცეს ზღაპრულ არსებად - ასეთია პატარა მარიამი. მის ზღაპრებსა და ნოველებში კარგად ჩანს მიზნობრიობა, რომელიც ასე აკლია მომავალ თაობას. ამჯერად გავადევნოთ თვალი მის მონათხრობს, რომელიც ბევრ ადამიანს სტიმულსა და ცხოვრების ხალისს გაუჩენს...
- დავიბადე ზემო იმერეთის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის უმშვენიერეს სოფელ ხიდარში. ჩემს სოფელს საინტერესო ისტორია აქვს. მას სამი მხრიდან მთები აკრავს. არის ერთი მთა, რომელსაც საღალატოს მთას ეძახიან, სადაც მოღალატე ქართველებს თურქებისთვის ლამაზი ქალები მიჰყავდათ მისაყიდად. ეს ისე ვთქვი, უბრალოდ, ჩემი სოფლის შესახებ...
ჩემი სახლი შემაღლებულ ადგილას დგას, ეზოს ქვემოთ პატარა ღელე, უცნაური სახელით - სარეცხელა მირაკრაკებს, ღელეზე ბაბუას წყლის წისქვილია, რომელიც მუდმივად მუშაობს.
მე ჩემი მშობლების პირველი შვილი ვარ, სიყრმის შვილს რომ ეძახიან. დავიბადე 2006 წლის 3 ოქტომბერს, გამთენიისას, პატარა ცისთვალა გოგონა ყველას ვუყვარდი. გავიდა ხანი, დადგა ჩემი ფეხზე დადგომის დროც და მაშინ მიხვდნენ მშობლები, რომ უდიდეს პრობლემასთან ჰქონდათ საქმე. უმკაცრესი დიაგნოზი იყო განაჩენი. იმ დღიდან ვიბრძვი პრობლემის მოსაგვარებლად. სკოლაში შესვლისთანავე გამიჩნდა უდიდესი პასუხისმგებლობა. სანამ პატარა ვიყავი, ვფიქრობდი, უნდა მესწავლა მასწავლებლებისა და მშობლების გასახარად, ყველა დავალებას პასუხისმგებლობით ვასრულებდი, ვმონაწილეობდი ოლიმპიადებში. როდესაც წამოვიზარდე, მივხვდი, უნდა მესწავლა იმისთვის, რომ ჩამოვყალიბებულიყავი სრულფასოვან ადამიანად და მქონოდა მიზანი ცხოვრებაში.
ხშირად ვუყურებდი მულტფილმებსა და საბავშვო ზღაპრებს. მყავდა საყვარელი პერსონაჟები და მინდოდა, როცა გავიზრდებოდი, მეც მათსავით პოპულარული, ლამაზი და ცნობილი მსახიობი ვყოფილიყავი. დავისახე მიზანი და მის მისაღწევად ძალიან ბევრს ვშრომობდი, მიუხედავად დიდი დაბრკოლებებისა. ჯანმრთელობის პრობლემის გამო, დღემდე, ყოველ თვეში მიწევს ათდღიანი მკურნალობის კურსის გავლა, ჩემი სოფლიდან საკმაოდ შორს, ქალაქ ქუთაისში. მიუხედავად იმ კეთილი ადამიანების ხელშეწყობისა, რომლებიც ჩემზე შვილივით ზრუნავენ, მკურნალობა არ არის თანხვედრაში სწავლასთან. შესაბამისად, წელიწადში დაახლოებით 80-90 დღე მიწევს სკოლის გაცდენა, რაც ძალიან რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სწავლაზე ხარ ორიენტირებული.
სწორედ ეს კეთილი ადამიანები, არა მარტო ექიმები, არამედ ოჯახის წევრები გახდნენ მისაბაძი მაგალითი და გააღვივეს ჩემში სურვილი, რომ ექიმი გავმხდარიყავი, მეზრუნა სხვების ჯანმრთელობაზე და ამით მიმეღო სიამოვნება. დღეს მე ხიდრის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ვარ და ჩემი მტკიცე მიზანია, გავხდე წარმატებული და პროფესიონალი პედიატრი, მქონდეს საკუთარი კლინიკა, სადაც სრულიად უსასყიდლოდ ვუმკურნალებ ბავშვებს, ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი დახმარება სჭირდებათ. აუცილებლად მივაღწევ მიზანს, რადგან ვიცი, რამხელა მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის თუნდაც ერთხელ ნათქვამს: „ყველაფერი კარგად იქნება“. ცხოვრება მაშინაა მშვენიერი, როდესაც იცი, ზურგს კეთილი ადამიანები გიმაგრებენ.
ბუნდოვნად მახსოვს, ზაფხულის ცხელი დილა თენდებოდა. დედამ გამაღვიძა, ლამაზად ჩამაცვა, დიდი, გრძელი თმა დამვარცხნა და სახლიდან გავედით. მამამ ხელში აყვანილი გამიყვანა ეზოდან და მანქანაში ჩამსვა, რომ არ გავსვრილიყავი. სადღაც შორს წავედით, დიდხანს ვიარეთ. უცებ მარცხენა მხარეს უშველებელი ტრაფარეტი დავინახე. მაშინ სამი წლის ვიყავი, კითხვა არ ვიცოდი. დედას ვთხოვე, წაეკითხა, რა ეწერა დიდი, ლამაზი ასოებით აბრაზე. თბი-ლი-სი, - დამიმარცვლა დედამ.
მალევე მივუახლოვდით დიდ თეთრ შენობას. გარეთ ექიმები გამოვიდნენ. დამსვეს სავარძელში და წამიყვანეს. თეთრ ოთახში შევედით, სადაც ორი საწოლი, კარადა და სამი სკამი იდგა. იქ დაახლოებით ერთ საათს გავჩერდით, შიშმა ამიტანა. ღია კარში დავინახე, როგორ დასვეს ერთი პატარა ბავშვი საკაცეზე, დედამისი დერეფნის თავში იდგა და ცრემლები მოსდიოდა. დედას ვკითხე: - რა ატირებს იმ დეიდას? მეც ასე წამიყვანენ-მეთქი? დედამაც გამომხედა, არაფერი უთქვამს. ჩამეხუტა.
ექიმმა დედას დაუძახა. მამამ ისევ ხელში ამიყვანა, ჩამეხუტა და ოთახიდან გავედით. დიდი საკაცე მოიტანეს, დამაწვინეს. შეშინებული დედას ჩავებღაუჭე, არ გამიშვა-მეთქი. ზუსტად ისე ატირდა, როგორც ის დეიდა ტიროდა ცოტა ხნის წინ. წამიყვანეს, უცებ ოდნავი ტკივილი ვიგრძენი, მალე მივხვდი, რომ ძალიან მეძინებოდა. თვალები დავხუჭე.
სიბნელე...
- თვალებს ვახელ და ჩემ გვერდით ორ სილუეტს ვხედავ. კარს იქით კიდევ ბევრი ხალხია, გარჩევა მიჭირს. რომ გამოვერკვიე, მივხვდი დედას და მამას ჩემი ხელი ეჭირათ. დედა ისევ ტიროდა, მამა თვალებში შემომციცინებდა, შუბლზე ხელს მისვამდა და ოფლს მწმენდდა. სიმძიმე ვიგრძენი. ფეხზე დავიხედე და დიდი, თეთრი „ფეხსაცმელი“ მეცვა, ოღონდ მხოლოდ მარცხენაზე. ექიმი შემოვიდა და მკითხა, როგორ ვიყავი. მე გავუღიმე, მანაც გამიღიმა. 10 დღე ვიყავით იმ დიდ ოთახში მე, დედა და მამა. დედა წიგნებს მიკითხავდა, მამა მეთამაშებოდა, ჩემი ტკივილი მავიწყდებოდა და ვმხიარულდებოდი. ერთ საღამოს თვალები დავხუჭე, ვითომ მეძინა. დედამ თავი ვეღარ შეიკავა და ხმამაღლა დაიწყო ტირილი. მამა მოეხვია და ჩაეძინათ. მე კი კიდევ დიდხანს მეღვიძა და დედას და მამას ვუცქერდი...
ვიცოდი, სახლში ჩემზე მოამაგე ბაბუა და ბებო (რომელიც ახლა აღარ მყავს) მელოდნენ. ორივე ძალიან ნერვიულობდნენ. ბაბუას გული რომ გადაეყოლებინა, ღელის პირას დადგმულ ჩვენს წისქვილში ჩავიდოდა, მოუსმენდა სარეკელას რიტმულ წკარუნს, თან გულში სულ ჩემზე ფიქრობდა, - ნეტავ ახლა ჩემი გოგო რას შვრებაო? ბებო კი ბამბასავით თეთრ წინსაფარს გაიკეთებდა, ხელებს დაიკაპიწებდა, სამზარეულოში შევიდოდა და იმ კერძების მზადებას დაიწყებდა, მე რომ მიყვარდა. ჩემს დასახვედრად ემზადებოდა (მისი ეს მზრუნველობა უკვე ერთი წელია მაკლია და ძალიან მენატრება...). სახლის წინ, „ბირჟაზე“ მელოდებოდა ჩემი ორი განუყრელი მეგობარი, ტყუპი ძმა, რომლებიც საკუთარი ძმებივით მივლიდნენ... სახლში მივედით, ყველა გარშემო მივლიდა და მაკვირდებოდა. მეკითხებოდნენ ყველაფერს, რაც აინტერესებდათ, მე კი ჩემი ბავშვური ფანტაზიით ვალამაზებდი ჩემს თავგადასავალს და ისე ვუყვებოდი.
სკოლა...
- 2012 წლის 15 სექტემბერს შევედი ხიდრის საჯარო სკოლაში. ძალიან მიხაროდა პირველკლასელობა. წინა დღეს ბებომ თეთრი პერანგი და შავი კაბა გამიუთოვა. დილით ადრე ავდექი, ბებომ ჩამაცვა, გამიკეთა თეთრი საყელო და თმა დამვარცხნა. დედა მაშინ ჩემს ერთი წლის დას უვლიდა. სკოლაში ფეხით დავდიოდი სიყრმის მეგობარ ბიჭებთან და მასწავლებელ ბებოსთან ერთად. დიდი გზა გვქონდა გასავლელი და ამიტომ, „მოკლეზე“ დავდიოდით. ბაბუამ გამაცილა ჩვენს წისქვილამდე, მერე ბიჭებმა ხელი ჩამკიდეს და წამიყვანეს, ჩემს ყოველ ნაბიჯს აკვირდებოდნენ, რომ არ დავცემულიყავი, უკან მასწავლებელი მოგვყვებოდა. ასე ვატარებდით დღეებს. ბევრჯერ დავცემულვარ, თავიდან ფეხებამდე ტალახშიც ამოვსვრილვარ, მიტირია, ბიჭები და მასწავლებელი დამხმარებიან... ასე გავატარე სამი წელი.
სწორედ მაშინ ვისწავლე მეგობრობისა, ადამიანობის ფასი და მნიშვნელობა. ვხედავდი, როგორ უნდა დავხმარებოდი ადამიანებს, რა იყო სიკეთე. ბევრჯერ ძალიან მოშიvებულებს ნიგვზის ხის ძირშიც გვიძებნია ჩამოცვენილი კაკალი და ერთმანეთისთვის მეგობრულად გაგვინაწილებია... ეს ყველაფერი ჩვენმა კეთილმა მოძღვარმა გვასწავლა, რომელსაც ჩემთვის ბევრად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე პედაგოგს.
დაწყებით კლასებში ძალიან ლამაზ პატარა სკოლაში ვსწავლობდი. შენობა სოფელს ერთმა ოჯახმა აჩუქა. ის ადრე საცხოვრებელი სახლი იყო, იმდენად ძველი, რომ წვიმის დროს შიგნითაც ისე წვიმდა, როგორც ქუჩაში, მაგრამ ერთმანეთის სიყვარული და მეგობრობა გვათბობდა შეშის პატარა ღუმელთან მსხდომებს. მის ნაცვლად ახლა დიდი, ძალიან ლამაზი და მოპირკეთებული სკოლაა.
2016 წელს გადავედი საჯარო სკოლაში, სადაც დღემდე ვსწავლობ. პარალელურ რეჟიმში დავდიოდი და ახლაც დავდივარ რეაბილიტაციის ცენტრ „ნაიოში“. კლინიკაში კი არა, ერთ დიდ ოჯახში, სადაც ყველა დიდ მზრუნველობას იჩენს ჩემ და არა მარტო ჩემ მიმართ. ძალიან თბილი და მზრუნველი დირექტორი, შრომისმოყვარე და გულითადი თერაპევტები ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილები გახდნენ. ისინი ყოველთვის ფიქრობენ, როგორ უზრუნველყონ ჩემი კომფორტი და ჯანმრთელობა...
იმ 10 წლის განმავლობაში, რაც სკოლაში გავატარე, როგორც მოსწავლე, ხშირად გავმხდარვარ ბულინგის მსხვერპლიც. მაშინ არც კი ვიცოდი, რა იყო ბულინგი და მეგონა, ჩემი პრობლემის გამო ვიმსახურებდი ცუდ დამოკიდებულებას, ამიტომ ჩუმად უნდა ვყოფილიყავი. რადგანაც ვერ ვმონაწილეობდი სპორტულ თამაშებში, ვიღებდი დაცინვას, ყოველთვის კუთხეში ვიჯექი და ვტიროდი. იმის გამო, რომ კარგად ვსწავლობდი, ჩემ მიმართ თითქოს გაჩნდა ცინიკური დამოკიდებულება და უხეში ურთიერთობები. მაგრამ ვამბობდი, ჯანმრთელობა მაქვს დაზიანებული, უნდა მოვითმინო ასეთი დამოკიდებულება-მეთქი, დედასთვისაც კი არ მითქვამს რამე. ძალიან დიდხანს ვიდანაშაულებდი თავს და მეგონა, საცოდავი ვიყავი. ახლა კი ვფიქრობ, რომ ის ადამიანები არიან შესაბრალებლები, ვინც ბულერობენ, რადგან მათ ეს ყველაფერი რაღაც მძიმე გამოცდილებამ აიძულა და ჩვენი გვერდSი დგომა სჭირდებათ. არავინ იბადება დამნაშავე, უბრალოდ, ისინი იძულებულები ხდებიან, ცუდად მოიქცნენ, რადგან ამით ცხოვრებას უსწორებენ ანგარიშს.
2021 წლის ზაფხულში შემთხვევით წავაწყდი განცხადებას, რომ ერთი მასწავლებელი აგროვებდა ბავშვებს ჯგუფის შესაქმნელად. ცოტა შემეშინდა ახალი ურთიერთობების, რადგან ვფიქრობდი, ისევ გავხდებოდი ბულინგის მსხვერპლი ქალაქელი ბავშვებისგან, რადგან განსხვავებული ვიყავი. ახლა ამ ყველაფრის თქმის მრცხვენია და გულწრფელად ვიხდი ბოდიშს ამ ბავშვების წინაშე. დავრწმუნდი, რომ არსებობენ ადამიანური ადამიანები. სწორად აღვიქვი სიტყვა "მასწავლებლის" მნიშვნელობა, ნამდვილი მასწავლებლისა და უბრალოდ კარგი ადამიანის წყალობით, რომელიც გახდა ჩემი მოტივატორი და მასწავლა, რომ ყველა ადამიანში იმალება ისეთი ნიჭი, რომლის აღმოჩენა შესაძლებელია და რომ არ უნდა დავნებდე პრობლემებს. არც დავნებდები!
როლანდ ხოჯანაშვილი