არტისტობის მუღამი და "საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობად" აღიარების სიხარული - გზაპრესი

არტისტობის მუღამი და "საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობად" აღიარების სიხარული

სახელმწიფო თეატრის პროფესიულ სცენაზე მისი პირველი როლი წარმატებული აღმოჩნდა. "საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ" დაჩი ბაბუნაშვილი ნიკოლას როლის შესრულებისთვის (დავით ჩხარტიშვილის სპექტაკლში "ვაჟიშვილი" (ფლორიან ზელერი) თეატრალური სეზონის "საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობად" დაასახელა. დაჩი ბაბუნაშვილი თავად მოგვითხრობს: მსახიობის პროფესიის ხიბლზე, სირთულეზე, თავისებურებებზე, პერსონაჟის შექმნის სპეციფიკაზე, გამორჩეულად საყვარელ ჟანრზე, სასურველ როლზე...

- თეატრალურმა საზოგადოებამ "საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც მსახიობად" დაგასახელა, რაც ყველა დამწყები მსახიობისთვის სასურველი ტიტულია, გილოცავ! როგორი იყო შენი ემოცია?

- რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა, გამიხარდა. ახლა პროფესიის საწყის ეტაპზე ვარ. როცა ამ სპექტაკლში დამაკავეს, ძალიან მინდოდა, როლი მაქსიმალურად კარგად გამომსვლოდა. წარმატებული სპექტაკლი გამოვიდა. ვფიქრობდი, რომ ჟიურის წევრების მოწონებას დაიმსახურებდა, მე თუ ამ ტიტულს მომანიჭებდნენ, ნამდვილად არ მეგონა. არადა, გულის სიღრმეში სულ მქონდა სურვილი, მსგავსი რამ მომხდარიყო (იცინის).

- ნიკოლას როლზე მუშაობა როგორ დაიწყე?

- როცა დავით ჩხარტიშვილმა ეს როლი შემომთავაზა, პიესა წავიკითხე. მესიამოვნა, რომ ნიკოლას როლი მერგო. ფსიქოტიპურად განსხვავებული პერსონაჟია და ნებისმიერი მსახიობისთვის სათამაშოდ საინტერესო, მასში ბევრნაირი ემოციაა. მივხვდი, ეს ის როლი იყო, კარგად თუ ვიმუშავებდი, საკუთარი თავის, შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას მომცემდა.

- ნიკოლას ფსიქოტიპზე რას გვეტყვი?

- ის ახალგაზრდა ბიჭია, ეგონა, თავის ოჯახთან ერთად ბედნიერი იქნებოდა, მაგრამ განწირული აღმოჩნდა. ძალიან დადებითი, მზრუნველი და ყურადღებიანია, იმ რეალობაში ყოფნას არ იმსახურებდა. ბევრი ვიფიქრე ამ როლზე, ვიშრომე, ექიმთანაც კი გავიარე კონსულტაცია. ერთ ნაცნობ ფსიქიატრს დავუკავშირდი და შეხვედრა ვთხოვე. ის მელაპარაკა, ამ პერსონაჟის ცხოვრებაში რასთან გვქონდა საქმე. აღმოვაჩინეთ, რომ მას აშლილობის ერთ-ერთი ფორმა სჭირდა. შემდეგ დავინტერესდი, რა სიმპტომებით ხასიათდება ეს დაავადება და პერსონაჟის ქცევები როგორი უნდა ყოფილიყო. ამ ყველაფერს ცხოვრებისეული გამოცდილებაც დავუკავშირე. მინდოდა, მაყურებელი რომ მოვიდოდა, მას სცენაზე ნამდვილი ნიკოლა დახვედროდა.

- ამ პერსონაჟთან საერთო პიროვნული თვისებები თუ აღმოაჩინე, რამაც მის შინაგან სამყაროსთან მეტად დაგაახლოვა, მეტად შენიანი გახადა?

- გულწრფელობა და ოჯახი: ჩემთვისაც და ნიკოლასთვისაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

- როგორ მიიღო მაყურებელმა?

- როგორც კი სპექტაკლი დასრულდა, მაყურებლის ნაწილი მოსალოცად შემოვიდა, მაგრამ მხოლოდ სტანდარტული მისალოცი ფრაზები არ მესმოდა, საკუთარ ემოციას მიზიარებდნენ; მეუბნებოდნენ, რომ პერსონაჟი მათთვის ძალიან ახლობელი აღმოჩნდა. სოციალურ ქსელშიც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საინტერესო რეცენზიები დაიწერა.

- ამ სპექტაკლის მთავარი სათქმელი რა არის?

- შვილის მიმართ მეტი ყურადღების გამოჩენა, მასთან მაქსიმალურად მეტი დროის გატარებაა საჭირო. შეიძლება გქონდეს პროფესიული გეგმები, კარიერაზე იზრუნო, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში შვილთან ურთიერთობის დეფიციტის ხარჯზე არ უნდა მოხდეს. კარიერულ აღმასვლაში შვილი არ უნდა დაკარგო, მას ოჯახური გარემო არ უნდა მოუსპო. ნიკოლას სწორედ ეს აკლია. დამეთანხმები, დღეს ეს აქტუალური პრობლემაა.

- რა თქმა უნდა, ეს ბევრი ოჯახისთვის მტკივნეული თემაა.

- ეს სპექტაკლი ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა ემართებათ შემდეგ ასეთ ბავშვებს; მშობლის "დანაკლისი" დროთა განმავლობაში რა ფორმით ვლინდება.

- დაჩი, მსახიობობით რა ასაკში დაინტერესდი?

- ამ პროფესიით მაშინ დავინტერესდი, როცა სიტყვის "მსახიობი" მნიშვნელობაც არ ვიცოდი. 24 წლის ვარ, უშუქობის პერიოდს მეც მოვესწარი. მახსოვს, პატარა რომ ვიყავი და სინათლე ითიშებოდა, მე და ჩემი ძმა ჩაბნელებულ ოთახში სანთებლების ფარნებს სათამაშოებს ვანათებდით, ვითომ ისინი სცენაზე იყვნენ, ვახმოვანებდით. სულ სხვაგვარი ფიქრები მქონდა... წლების შემდეგ, როცა პროფესიული არჩევნის დრო დადგა, ეს გადაწყვეტილება გააზრებულად მივიღე.

- თეატრალურში გატარებულ დღეებზე რას იტყვი? სტუდენტობა როგორი წარმოგედგინა და როგორი აღმოჩნდა რეალობა?

- იქაური გარემო უკეთესი წარმომედგინა, შეიძლება იმიტომ, რომ პროფესია ძალიან მიყვარს. საქართველოს მდგომარეობა რომ გამეთვალისწინებინა, მივხვდებოდი, რომ ასეთი მოლოდინი არ უნდა მქონოდა. თემურ ჩხეიძის ჯგუფში მოვხვდი, ამაში კი ნამდვილად ძალიან გამიმართლა. მთელი ცხოვრება მისი მადლიერი ვიქნები. ის გიღებს ისეთს, როგორიც ხარ, მისთვის სტანდარტი და ჩარჩო არ არსებობს. კარგი პედაგოგი რას ნიშნავს? შენ გგონია, რომ თავად განვითარდი, ამ დროს პედაგოგმა შეგიქმნა ისეთი ნიადაგი, მარტივად მოგიძებნა ის გზა, რომელიც შენი წინსვლისთვის იყო საჭირო. მგონი, სწორად ავხსენი. თემურ ჩხეიძეს ძალიან უყვარს პროფესია და მისი სტუდენტებისთვის ეს სიყვარული გადამდებია.

- რომელიმე როლის მიმართ გამორჩეული ინტერესი გაქვს?

- იმ პიესებიდან, რომელიც წამიკითხავს, სიამოვნებით ვიქნებოდი მეფე ოიდიპოსი. მგონია, საინტერესო სამუშაო იქნება.

- ყველაზე მეტად რომელი ჟანრი გიზიდავს?

- ფსიქოლოგიური დრამა, თუმცა სხვადასხვა ჟანრში მუშაობის, შესაბამისად, საკუთარი თავის გამოცდის დიდი სურვილი მაქვს. ფსიქოლოგიური დრამა იმიტომ მიზიდავს, რომ ადამიანის შინაგანი სამყაროს სიღრმეში ჩაწვდომის მუღამი სხვაგვარად საინტერესოა.

- გრიმი, კოსტიუმი, განათება, მუსიკა... პერსონაჟის შექმნაში რამდენად გეხმარება?

- სანამ ამ ეტაპამდე მივალთ, ყველაზე დიდი პროცესი მანამდეა. რა თქმა უნდა, საბოლოოდ პერსონაჟი დგება, როცა შენ გაცვია, როცა გრიმი გაქვს და სცენოგრაფია აწყობილია. მანამდე გაქვს ნაფიქრი, რა უნდა გააკეთო, შემდეგ ხვდები, როგორ უნდა გააკეთო.

- მსახიობს ეკრანი ხდის ძალიან პოპულარულს, ასეთი ეკრანული პოპულარობა გხიბლავს, გჭირდება თუ საერთოდ არ გაქვს მოთხოვნილება?

- როგორც სპექტაკლში თამაში მომწონს, ასევე მომწონს და მიზიდავს კინო. საჭიროა, ახლა კინოც შემოვიდეს ჩემს ცხოვრებაში. კასტინგებზე აქტიურად დავდივარ.

- როგორც ვიცი, მოცეკვავე ხარ...

- დიახ, 9 წელი რაჭულ ანსამბლში "მრავალძალი" ვცეკვავდი. ეს პროფესია ახლა ძალიან გამომადგა. გარდა ამისა, ვმღერი, სიმღერებსაც ვწერ, რამდენჯერმე ფართო აუდიტორიის წინაშეც წარვდექი.

- სცენაზე გასვლის წინ რაიმე რიტუალს ასრულებ?

- კი, ძალიან ბევრს დავდივარ, ვფიქრობ და მეტყველების სავარჯიშოებს ვაკეთებ. ამ დროს არავის არ ველაპარაკები, კონცენტრირებას ვახდენ საქმეზე. მაქვს ეიფორია, რომელიც გონების მობილიზებასა და საქმეზე კონცენტრირებაში ძალიან მეხმარება.

dsgsdzdg-1639142732.jpg

- პირად ცხოვრებაზეც გკითხავ, შეყვარებული ხარ?

- არა, თავისუფალი ვარ.

- როგორი გოგონები მოგწონს?

- საყვარელი უნდა იყოს და მისგან სითბო იგრძნობოდეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ყველაფერთან ერთად, ურთიერთობაში აუცილებელია ურთიერთპატივისცემა.

- ახლა რაზე მუშაობ?

- გორის თეატრში გოგა თავაძე დგამს სპექტაკლს "ვენეციელი ვაჭარი", რომელშიც ბასანიოს როლს ვასრულებ, პრემიერა 22-23 დეკემბერს იქნება.

- წარმატებას გისურვებ! ხომ არაფერი დაგრჩა სათქმელი?

- დიდი მადლობა დაინტერესებისა და მოლოცვისთვის. დაბოლოს დავძენ: კარგი იქნება, სახელმწიფოსგან მსახიობების მიმართ მეტი ყურადღება და დაფასება თუ იქნება. სამწუხაროდ, თეატრებში ძალიან დაბალი ხელფასებია. ნუ დავივიწყებთ, რომ ქვეყანაში კულტურა ქმნის ნიადაგს ყველაფრისთვის; ქვეყანას საერთაშორისო დონეზე კულტურა ასახელებს.

თამუნა კვინიკაძე