"აქსესუარებს ვაკეთებ იმ იმედით, რომ ყველას ბედნიერი ახალი წელი გაგვითენდება"
„ჩემო ძვირფასებო, ვინც ჩემი ამბავი არ იცით, მე ვარ მაიკო, ორი შვილის მარტოხელა დედა. უფროსი ბიჭი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, უსინათლო მყავს, რომელსაც წუთითაც ვერ ვტოვებ ვერავისთან. ასე რომ, როგორ გულითაც უნდა მინდოდეს, მუშაობას ვერ ვახერხებ. სულ ხელგაწვდილ მდგომარეობაში ყოფნა ძალიან მთრგუნავს, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, სხვა გამოსავალი არ მაქვს.
ამჯერად, ასეთი რამ მოვიფიქრე“, - სოციალურ ქსელში დაწერილმა ამ პოსტმა ბევრ ადამიანზე ემოციურად იმოქმედა, ბევრმა გააზიარა, ბევრმაც თანადგომა გამოხატა. მაიკო ბარათაშვილისთვის ეს პირველი ცდაა, წამოიწყოს საკუთარი საქმე და თავისი შემოსავლით შეძლოს, შვილებს საახალწლო განწყობა შეუქმნას.
- თბილისში დავიბადე და გავიზარდე, 31 წლის ვარ. ძალიან პატარა გავთხოვდი, 16 წლის, და შესაბამისად, ვერ შევძელი სწავლის გაგრძელება. ბავშვობაში ბევრ რამეზე ვოცნებობდი, მომწონდა სცენაზე დგომა და ვამბობდი, მომღერალი უნდა გავხდე-მეთქი. მერე, რაკი ბავშვები მიყვარდა, პედიატრობა მინდოდა. რეალობაში პედიატრი მართლაც ვარ, ოღონდ - საკუთარი შვილის. 2 შვილი მყავს - უფროსს, საბუთების მიხედვით, ანზორი ჰქვია, მაგრამ გიოს ვეძახით, 14 წლისაა, ლექსო კი - 11-ის. ეს წლები დაკავებული ვარ მათი გაზრდით, აღზრდით, მოვლით... 9 წელია, მარტოხელა დედა ვარ, ქირით ვცხოვრობ და ძალიან მიჭირს გადახდა. ზოგჯერ თვეობით მიგროვდება გადასახადი და მადლობელი ვარ სახლის მეპატრონის, რომელიც ჩემს მდგომარეობას ითვალისწინებს და ხელს მიწყობს. ზოგჯერ მეგობრები მეხმარებიან, მაგრამ ყოველთვის სხვის იმედად როგორ იცხოვრებ კაცი? თან, რომ იცოდეთ, რა პირობებში გვიწევს ყოფნა - ვირთხები დაგვდიან თავზე... გამგეობიდან ერთჯერად დახმარებას ვიღებთ 6 თვეში ერთხელ, 200 ან 300 ლარის ოდენობით. ბავშვის წამლებზეც 4 თვეში ერთხელ ვწერ განცხადებას და ერთი თვის სამყოფსაც ვერ მიფინანსებენ სრულად. სოციალური დახმარება და ბავშვის პენსია - ეს არის ჩვენი ძირითადი შემოსავალი, რომელიც წამლებსა და პამპერსში არ გვყოფნის. გიო შშმ პირია. სამშობიაროდან ჯანმრთელი წამოვიყვანე, მაგრამ 2 თვიდან დაეწყო პრობლემები. ეპილეფსიური შეტევა დაემართა და იმის შემდეგ დღე არ ყოფილა, არ განმეორებოდა. მადლობა უფალს, ადრინდელივით ძლიერი შეტევები აღარ ემართება. ერთადერთი, რასაც მივაღწიეთ, ეს არის, მაგრამ ამისთვის თვეში 600 ლარის მედიკამენტები სჭირდება. რა იწვევს, დღემდე ვიკვლევთ საქართველოში, საზღვარგარეთ კი ფინანსების გამო ვერ წავედით. „დაუდგენელი ეპილეფსია“ - ასე გვიწერია დიაგნოზში. ფსიქოტროპული წამლების გამო გონებრივად ვერ განვითარდა, ვერ საუბრობს, არ აქვს რეაქცია. ლექსო შეძლებისდაგვარად მეხმარება. მეკითხება, რატომ დაემართა ასე გიოს, რამ გამოიწვია, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხს ვერ ვცემ. ძმებს ძალიან უყვართ ერთმანეთი. გიოს ერთადერთი ის შეუძლია, სიყვარული ჩახუტებით გამოხატოს. უყვარს მოფერება. სულ მიხუტებული უნდა გყავდეს და ეფერო, თუ გინდა, რომ მშვიდად იყოს.
- მეგობრებისა და ლექსოს გარდა, ვინ გეხმარებათ?
- არავინ. აქამდე ხან რომელ ფონდს ვეხვეწებოდი თანადგომას, ხან რომელს, მაგრამ მუდმივად სხვებზე დამოკიდებული რომ ხარ, ესეც არასასიამოვნოა. მშობლები უკვე ასაკში არიან. მყავს ერთი და, რომელსაც 5 შვილი ჰყავს და შორსაა გათხოვილი...
სიმართლე გითხრათ, დავიღალე ბრძოლით. ვიფიქრე, რა შეიძლებოდა დამოუკიდებლად გამეკეთებინა, და გადავწყვიტე, დამემზადებინა საახალწლო აქსესუარები, ჩემს შვილებს თუნდაც ახალი წლისთვის რომ ჰქონოდათ ტკბილეული მაინც. დაახლოებით 2-3 კვირაა, რაც დავიწყე და მიხარია, რომ უკვე ბევრი ადამიანი გამომეხმაურა...
- ძირითადად, საახალწლო თემატიკაზე მუშაობთ, ხომ?
- ჯერჯერობით მხოლოდ საახალწლო აქსესუარებზე ვმუშაობ. არ ვიცი, ახალი წლის შემდეგ რას გავაკეთებ, ჯერ არ მომიფიქრებია, მაგრამ მინდა, ეს საქმე გავაგრძელო.
საახალწლოდ, სუფრის გასაფორმებლად დანა-ჩანგლის ჩასადები ბუდეები გავაკეთე. ორნაირი კომპლექტია, თითოში ექვსი ცალი დევს. ყველაზე მეტად მოსწონთ სანტას ფაჩუჩი, ორმაგად შემოკერილი. ვამზადებ საახალწლო სუფრის კომპლექტსაც, თეფშის ქვეშ დასაფენ მატიკებს, ასევე მაგიდის რანერებს სქელი ფულესგან, რომელსაც მაქმანით ვაფორმებ. ახალი აქსესუარებიც დავამატე: თექის ნაძვის ხე, ორმაგად შემოკერილი და საახალწლო ლენტით გაფორმებული.
ღამით, როდესაც გიოს სძინავს, ვზივარ და ამ აქსესუარებს ვაკეთებ იმ იმედით, რომ ყველას ბედნიერი ახალი წელი გაგვითენდება. ძალიან გამახარებთ, თუ შეიძენთ.
P.S. თუ მაიკოს დახმარების სურვილი გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ ეწვიოთ მის გვერდს, მისწეროთ ან დაურეკოთ ნომერზე: 5(57) 97.73.98.
ნინო ჯავახიშვილი