დათა და მისი ცუგები
დათა არველაძე ქუთაისელია. მისი ოჯახი ინტელექტუალობით გამორჩეულია, ოღონდ ამჯერად მას სულ სხვა ამპლუაში წარმოგიდგენთ: მისი სოციალური პასუხისმგებლობის „ანგარიშზე“ ძალიან ბევრი ნამკურნალევი და „გაბედნიერებული“ ძაღლია. სტატიის ფინალურ ნაწილში წაიკითხავთ დათას ცხოვრების ყველაზე ემოციურ ეპიზოდზე...
- ბავშვობიდან მიყვარდა ცხოველები, განსაკუთრებით ძაღლები. ყოველთვის ვცდილობდი, მეზრუნა მათზე. გული შემტკიოდა უსახლკარო ძაღლებზე, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობდნენ. ლეკვებისთვის ვაშენებდი პატარა სახლებს და ვყიდულობდი საჭმელს. 12 წლის ასაკში გამიჩნდა იდეა, რომ ჩემი ველოსიპედით წავსულიყავი და ყოველი შემხვედრი ძაღლი დამეპურებინა. ყოველდღიურად 40-მდე ძაღლს ვკვებავდი ქუთაისის სხვადასხვა უბანში. ვცდილობდი, ყოველდღე უფრო შორ მანძილზე წავსულიყავი და სხვადასხვა ლოკაციაზე დამეპურებინა ცხოველები. შემდეგ სოციალურ სივრცეში შევქმენი გვერდი, სადაც ვაქვეყნებდი ყოველი დაპურებული ძაღლის ფოტოს. ზაფხულის არდადეგებზე ფასანაურში წავედი დასასვენებლად. იმ დღის ჩასული ვიყავი, როდესაც ცენტრალურ სამანქანო გზაზე ვიპოვე პატარა ლეკვი, რომელიც იწვა და წკმუტუნებდა. როდესაც მივუახლოვდი, მივხვდი, სავარაუდოდ, მანქანამ გადაუარა. მაშინვე წავედი ახლომდებარე მაღაზიაში, რათა მეყიდა საჭმელი და წყალი ძაღლისთვის. მაღაზიაში გამყიდველმა მითხრა, რომ ტრაილერს გადაუვლია. სოციალურ ქსელში დავწერე, ტრანსპორტის და მკურნალობის თანხით თუ დამეხმარებოდნენ, ლეკვს სამკურნალოდ წავიყვანდი. მართლაც, წავიყვანე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. ლეკვს გადავუღეთ რენტგენი, რომელმაც აჩვენა, რომ ფეხი ჰქონდა მოტეხილი და თავის არეში - დაზიანება. ლეკვი ისევ წავიყვანე თბილისიდან ფასანაურში. ყოველ მესამე დღეს ლეკვს უწევდა ნემსების გაკეთება და მეც დამყავდა თბილისში. როდესაც ეს ლეკვი გამოვაჯანმრთელე, შემდეგ გავაჩუქე ისეთ ოჯახში, სადაც მასზე ნამდვილად იზრუნებდნენ. ამის შემდეგ, სოციალურ ქსელში მომწერეს, თუ შემეძლო დახმარება სნოში დიდი ქართული ნაგაზისთვის, რომელსაც ფეხის ნაწილი ჰქონდა მოწყვეტილი. იმ ძაღლსაც გავუკეთეთ ოპერაცია - კიდურის ამპუტაცია ჩაუტარდა აგრარული უნივერსიტეტის კლინიკაში, სადაც გულისხმიერი ადამიანებისგან შემდგარი გუნდი დამხვდა და მყისვე აღმოუჩინეს დახმარება. ამ ნაგაზს სნოს სასტუმროს თანამშრომლებმა „ფისო“ დაარქვეს. ძალიან დიდი იყო და წონაც შესაფერისად დიდი ჰქონდა, დაახლოებით 80 კილოგრამი. „ფისო“ დავტოვე კლინიკაში და ფასანაურიდან ყოველ მე-3 დღეს ვაკითხავდი. ეზოში გამყავდა და 3 კიდურით გადაადგილებაში ვეხმარებოდი. ჭრილობის სრულად შეხორცების შემდეგ ჩავაკითხე და ისევ სნოში დავაბრუნე. მას შემდეგ, 13 წლის ასაკიდან, დავდიოდი მთელი საქართველოს მასშტაბით და ძაღლებს ოპერაციებს ვუკეთებდით, მიმყავდა აგრარული უნივერსიტეტის კლინიკაში. იყო ასეთი შემთხვევაც: დამირეკეს, საბადურის ტყეშია ცუგა, რომელსაც მანქანამ ფეხზე გადაუარაო. მაშინვე წამოვედი ქუთაისიდან, თბილისში დამხვდა ზოოტაქსი და წავედით საბადურის ტყეში. 3 საათის ძებნის შემდეგ ვიპოვე ცუგა, შეშინებული, საცოდავი. ჩავიყვანე კლინიკაში. ამასაც კიდურის ამპუტაცია დასჭირდა. დაიტოვეს კლინიკაში, შეეჩვია იქაურ გარემოს და ლამის კლინიკის ცუგა გახდა. პერიოდულად ფოტოებს და ვიდეოებს მიგზავნიდნენ მისი იქ ყოფნისას. ერთ-ერთ ჟურნალში დაიდო მისი ფოტო და ვაშინგტონში გამოუჩნდა პატრონი, ვინც მასზე მეურვეობის სურვილი გამოთქვა. ჩვენი ცუგა თურქეთის ავიახაზების ეკონომკლასით კი არა, ბიზნესკლასით წაიყვანეს და მეორე დღესვე გამოგზავნეს მისი ფოტო, ყელზე ბაფთით. ასე გახდა საბადურში დაზიანებული ცუგა ვაშინგტონელი.
კახეთში ძაღლებს დანით უჭრიდნენ ფეხებს და თავში დამიზნებით ესროდნენ იარაღს. ვცდილობდი, ყველა ძაღლს დავხმარებოდი და დამნაშავეებიც დამესაჯა. ასე მოვიარე საქართველოს ყველა კუთხე და გადავარჩინე 40-მდე ცხოველი.
კლინიკაში არაერთი ცუგა წავიყვანე და მკურნალობის შემდეგ გამიჩნდა მათი შენახვა-დაბინავების პრობლემა, ამიტომ რუსთავის გარეუბანში ავიყვანე "შემფარებელი" და მივაბარე 20-მდე ცუგა. ზოგი მათგანი სამი ფეხით იყო, ზოგი - ტყვიით დაჭრილი და ნაოპერაციევი. მთელი წელი მყავდა ამ ადამიანთან, სადაც პერიოდულად ჩამქონდა საკვები, წამლები. ჩემს საქმიანობაზე ტელევიზიებმაც მოამზადეს სიუჟეტი და პირდაპირ ეთერში მიმიწვიეს. ამ სიუჟეტებიდან ჩემს საქმიანობაზე ბევრმა გაიგო და მათი მხარდაჭერით ძალიან ბევრ ცუგას დავეხმარე. პანდემიურმა სიტუაციამ ჩემს საქმიანობაზეც იმოქმედა. შემფარებელს თანხა ვეღარ გადავუხადეთ და მერე ეს ძაღლები ხაშურში, ერთ-ერთმა მღვდელმა შეიფარა. დღესაც მასთან არიან.
ახლაც მეხმიანებიან დახმარების თხოვნით. როგორც შემიძლია, ვეხმარები. იმედია, ეს რთული პერიოდი მალე ჩაივლის და ისევ შევძლებ ოთხფეხა მეგობრების დახმარებას. დიდი სურვილი მქონდა, საკუთარი ძაღლთა თავშესაფარი მომეწყო ქუთაისში, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვახერხებ...
6-7 წლის ვიყავი. სკოლიდან ვბრუნდებოდი. დამედევნა მოზრდილი ძაღლი. ბევრი მდია, მეც ვირბინე და ძლივს შევასწარი სადარბაზოში. ამ დროს მოულოდნელად შემოვარდა მეორე შავი, საყვარელი ცუგა და იმ დიდ ძაღლს კბენა დაუწყო. თვალსაჩინო იყო, რომ გადამარჩინა. ამ დღის შემდეგ მთელი ორი წელი ჩემი ცუგა (სახელი კი შევურჩიე - გორგი) სკოლაში მიმაცილებდა, მელოდებოდა და იქიდანაც ერთად ვბრუნდებოდით. ვკვებავდი, ვთამაშობდით ერთად. ძალიან საყვარელი და ჭკვიანი იყო ჩემი გორგი. ასაკი ჰქონდა, მაგრამ ერთგულად მედგა გვერდით.
ყოველ ზაფხულს, 2 თვით მივდიოდი მთაში, ფასანაურში, ჩემს დისშვილებთან ერთად. იმ წელსაც წავედით. ჩემი გორგი თურმე სახლის კართან მელოდებოდა. არ ვიცი, როგორ, მაგრამ იმ ზაფხულს მომიკვდა და ამის შესახებ მეგობრებმა შემატყობინეს. მაშინ პატარა ვიყავი და ეს ამბავი რომ გავიგე, მთელი კვირა ვტიროდი. ახლაც მეტირება... ჩემი გორგი...
როლანდ ხოჯანაშვილი