„ტყლაპისა და ჩურჩხელების გარდა, ბევრ უცხოელს ჯონჯოლი მიაქვს“ - გზაპრესი

„ტყლაპისა და ჩურჩხელების გარდა, ბევრ უცხოელს ჯონჯოლი მიაქვს“

საქართველოში ჩამოსულ ტურისტს, პირველ რიგში, გიდი და მძღოლი ემსახურება. ვახტანგ ცქიტიშვილმა ეს ორი ფუნქცია შეითავსა და ტურიზმის სფეროში საქმიანობას მიჰყო ხელი. თავიდან ცოტა ნერვიულობდა, ცდილობდა, სრულყოფილი და საუკეთესო სერვისი შეეთავაზებინა სტუმრებისთვის. ნელ-ნელა გამოცდილებაც დაუგროვდა. წლების განმავლობაში ვახტანგი იმდენად ხიბლავდა ყველას თავისი თვისებებითა და ურთიერთობით, რომ საქართველოდან წასული ტურისტები მეგობრებსა და ახლობლებს მასთან დაკავშირებას ურჩევდნენ.

- სპეციალობით ეკონომისტი ვარ. რამდენიმე დარგში მოვსინჯე ძალა და ბოლოს ტურიზმზე შევჩერდი. პირველად მოსკოველ ტელეჟურნალისტებს ვუმასპინძლე. სამი ახალგაზრდა ბიჭი კარგა ხანს დარჩა საქართველოში, გამოკითხვებს ატარებდნენ. პირველი უცხოელები კი არაბები იყვნენ, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან - მამაკაცი და 4 ქალი, ერთი ძიძა და ბავშვი. მგონი, ოთხივე ქალი იმ კაცის ცოლი იყო. თუ სტუმარმა არ იცის, კონკრეტულად რისი ნახვა სურს, მარშრუტს მე ვგეგმავ. მოგზაურობა იწყება თბილისიდან, მერე მოდის, რა თქმა უნდა, მცხეთა, ყაზბეგი, ბორჯომი, ქუთაისი... ვცდილობ, ყველა რეგიონი ვუჩვენო. არაბები აჭარაზე გიჟდებიან.

- არაბების რომელ თვისებებს გამოარჩევთ?

- საჭმელად არ დასხდებიან, რომ არ მიგიპატიჟონ. უარის შემთხვევაში, მაქსიმალურად გთხოვენ. თუ, ვთქვათ, ოჯახი სადილობს, რადგან ქალბატონებთან ერთად ჯდომა არ შეიძლება, მეუბნებიან, - რაც გინდა, ის შეუკვეთეო და ცალკე მიმასპინძლდებიან. იშვიათად, მაგრამ ხდება ხოლმე, რომ სუფრასთან არაბი ქალებიც სხდებიან ჩემი თანდასწრებით. თუმცა, ეს წარმოუდგენელია საუდის არაბეთიდან ჩამოსული სტუმრების შემთხვევაში. ისინი ტრადიციებს მკაცრად იცავენ. საერთოდ, არაბები ძალიან არაპუნქტუალურები არიან, ათ საათზე რომ დაგიბარებენ, შეიძლება, 12 საათზე გამოვიდნენ სასტუმროდან. ზოგჯერ ძირითადი მარშრუტიდან გადახვევა უნდათ, მაგრამ არ მოსწონთ ფეხით სიარული. უფრო რისკიანები არაბი ქალბატონები არიან. მაგალითად, ყაზბეგში პარაპლანით ფრენის კაცებს ეშინიათ, იმ სიმაღლიდან რომ გადმოიხედავენ, მაშინვე უკან იხევენ. ქალები კი სიამოვნებას იღებენ ექსტრემალური თავგადასვლებისგან - იქნება ეს პარაპლანი, ცხენი თუ კვადროციკლი. არაბები გიჟდებიან წვიმაზე, თოვლზე... მანქანას მაჩერებინებენ, გადმოდიან, თოვლს ხელით ეხებიან, სურათებს და ვიდეოებს იღებენ. მთები ხომ საოცრად აღაფრთოვანებთ. ქართულად ფრაზებს ან სიტყვებს სწავლობენ და მოსწონთ, როცა ვთქვათ, „გამარჯობა-გაგიმარჯოს“ ქართულად გეუბნებიან. მეც ვისწავლე არაბულად რამდენიმე სიტყვა და ვცდილობ, მათ თავადაც ვასიამოვნო.

- უცხოელები თუ გთხოვენ ხოლმე, საჭესთან დამსვიო?

- როგორ არა?! თუ მართვის მოწმობა აქვს, ადგილი გამიცვლია. ძალიან უხარიათ, მაგრამ 15 წუთის შემდეგ უარს ამბობენ: მოგეხსენებათ, რა რთულია ჩვენთან მანქანით სიარული და უცხოელებსაც უჭირთ. ისე, მირჩევნია, მანქანა მხოლოდ მე ვატარო.

cq-2-1639143386.jpg

- მგზავრობის დროს საუბარი არ უყვართ?

- ახალგაზრდები ნაკლებად საუბრობენ, ასაკოვნებს ყველაფერი აინტერესებთ და მეკითხებიან ქვეყანაზე, ჩვენზე, ძეგლების შესახებ. გზაში ვუყვები სხვადასხვა ამბავს. ვთქვათ, ჯვრის მონასტერზე ვესაუბრები მაშინ, როცა იქ მივდივართ, მერე - მცხეთაზე და ეს ძალიან მოსწონთ. გარდა ამისა, ბუნებაში მიმყავს. ამას თვითონაც მთხოვენ. ასეთი გასვლებისთვის ქართული ღვინო მიმაქვს ხოლმე და ამაზეც გიჟდებიან. როცა უკვე ახლოს გაგიცნობენ, შენი ოჯახის ამბები აინტერესებთ, შვილებზე გეკითხებიან და ა.შ. ასეთი ურთიერთობების შედეგად მეგობრებიც შევიძინე. ერთი ლატვიელი ასაკოვანი ცოლ-ქმარი ყოველ წელს, აუცილებლად ჩამოდის საქართველოში. ეს კაცი ჯარში ახალქალაქში მსახურობდა და იქიდან ჩარჩა საქართველოს სიყვარული. წლების წინ პირველად ჯერ მარტო ჩამოვიდა, მერე - მეგობართან ერთად, შემდეგ - მეუღლესთან და ასე გრძელდება დღემდე.

- ქართულ სუვენირებს ვინ უფრო ყიდულობს და რა მოსწონთ ყველაზე მეტად?

- ძალიან ბევრი მიაქვთ მაცივარზე მისაკრავი მაგნიტი, ქართული სიმბოლიკით. არაბული ქვეყნებიდან ჩამოსულებს ქართული თაფლი აინტერესებთ. ყველა რეგიონში, სადაც ჩავდივართ, თაფლს ეძებენ და აგემოვნებენ. განსაკუთრებით წაბლის მოსწონთ. იციან, რომ ამ თაფლს სამკურნალო თვისებებიც აქვს. არაყს, ჭაჭასა და ღვინოს ყიდულობენ რუსები, უკრაინელები, ბალტიელები. სხვათა შორის, ჯონჯოლი მიაქვს ბევრს, მათ შორის, ჩემს ნაცნობებს ლატვიიდან. ყოველი წასვლის წინ დიდ ქილას გაავსებენ ხოლმე. უცხოელებს ასევე უყვართ ტყლაპი და ჩურჩხელა. ერთხელ დუბაიდან ჩამოვიდა ცოლ-ქმარი, ქალბატონი ორსულად იყო. წავიყვანე ბორჯომში, სადაც ქალმა იმდენი კერამიკული თოჯინა იყიდა (30 წყვილი), გაოცებული გამყიდველი მადლობებს უხდიდა. არაბები ცხვრის მწვადზე გიჟდებიან, ძალიან გემრიელიაო, სულ ამას იმეორებენ. ყაზბეგში როცა ჩამყავს, იქ შეარჩევენ ცხვარს, იყიდიან და იქვე იკვლება. მერე თვითონ შეწვავენ ან შეაწვევინებენ. დასხდებიან ხოლმე მდინარესთან ანდა გზის განაპირას და მიირთმევენ. დიდ მონდომებას იჩენენ ამ კუთხით.

- ფულზე წუწუნი ვის სჩვევია?

- ევროპელებსა და ამერიკელებს, თუ გადახარჯვა უწევთ, მაგრამ როცა თანხა მათთვის მისაღებია, არაფერს ამბობენ. არაბები ყველგან და ყველა ვარიანტში ვაჭრობენ, 5 ლარის დაკლებასაც რომ მიაღწიონ, გახარებულები არიან.

- ქართველების რა მოსწონთ?

- ჩვენი ურთიერთობები, ბევრ სითბოსა და სიყვარულს ხედავენ. უცხოელები არაერთხელ წამიყვანია დედაჩემთან, კერძო სახლში. ხიბლავთ ოჯახური გარემო, მწვადი, ღვინო... ერთხელ ყურძენი დავაკრეფინე ჩემს ბაღში ლატვიელ ცოლ-ქმარს, მერე დავაწურინე. მეორე წელს რომ ჩამოვიდნენ, ის ღვინო დავალევინე. ისეთი ბედნიერები იყვნენ!.. ორი წლის წინ ახალგაზრდა არაბი ცოლ-ქმარი ბათუმში წავიყვანე. ახალ წელს იქ შევხვდით, მოთოვა კიდეც. ახალი წლის ფეიერვერკები ორივეს მოეწონა. პირველ იანვარს ქუთაისში ჩავედით, მანამდე ბორჯომში ვიყავით, ყველგან აღფრთოვანებას გამოხატავდნენ.

- კურიოზული ეპიზოდი არ გქონიათ?

cq-3-1639143369.jpg

- ერთ ზაფხულს ლატვიელი წყვილი მეგობრებთან ერთად, რაჭაში ბიძაჩემის სახლში ჩავიყვანე. ყოველ საღამოს იშლებოდა სუფრა, იყო მოლხენა და სიმღერები (ვახტანგი გიტარაზე უკრავს და მღერის. - ავტ.). იქ იყვნენ ბიძაჩემი, ბიძაშვილები. სტუმრები ჩვენს ნამღერს გაფაციცებული უსმენდნენ. სუფრას სიმღერა უხდება, ეს მოსწონთ ძალიან, თორემ დიდი მომღერალი არ ვარ... ონში ამოდის მინერალური მჟავე წყალი სორტუანი. იმ ადგილზე ადრე აბანოებიც იყო, ისინი დაინგრა, მაგრამ წყალი ბუნებრივად მოდის, ცივია. ჩემმა მეგობარმა ცოლ-ქმარმა ამ წყლის შესახებ უკვე იცოდა. წინა წელს ვაჩვენე და ვუთხარი, რომ გადასარევია კანისთვის და 1-2 ყლუპიც უნდა დალიოთ-მეთქი. როცა მიდიოდნენ, წყალი თან წაიღეს. მეორე წელს კი კაცმა მითხრა: ფეხზე რაღაც ლაქები გამიჩნდა, ეს წყალი კი არ დავისხი, წავისვი, რომ გამომეზოგა და მესამე დღეს ლაქები გამიქრაო. მოკლედ, ოთხივე სტუმარი წყალთან მივიყვანე, ვიფიქრე, აავსებენ ბოთლებს და უკან გამოვბრუნდებოდით. უეცრად, გაიხადეს ყველაფერი და შიშვლები შევიდნენ წყალში... მეც მეპატიჟებოდნენ, მოდი, შენც იბანავეო. გავიხედ-გამოვიხედე, ვინმემ არ დაინახოს-მეთქი. ნახევარი საათი მაინც ბანაობდნენ ცივ წყალში.

- როგორ გემშვიდობებიან ხოლმე და საჩუქრებს თუ გაძლევენ?

- სტუმრები მადლობასა და თბილ სიტყვებს არ იშურებენ. არაბებმა უფრო თანხის ჩუქება იციან, თუმცა საჩუქრებიც მოუციათ. რატომღაც ჩემს სახელს - "ვახტანგს" ვერ იმახსოვრებენ და "ვახოსაც" კი ამახინჯებენ: ხან "ვახი" ვარ, ხან "ვახა", ზოგჯერ - "ვიხა". ერთი ოჯახი იყო - ცოლ-ქმარი, ბავშვით (რუსები). აეროპორტში რომ ვაცილებდი, ისეთი გულაჩუყებულები მემშვიდობებოდნენ, თვალები ცრემლებით ჰქონდათ სავსე. ამას წინათ 6 უკრაინელი ქალი ჩამოვიდა, ტირილით წავიდნენ... გეფიცებით!

ნანული ზოტიკიშვილი