"ვცდილობ, ფრანგებს უკეთ გავაცნო ჩვენი ქვეყანა" - გზაპრესი

"ვცდილობ, ფრანგებს უკეთ გავაცნო ჩვენი ქვეყანა"

საქართველოს კულტურასა და არქიტექტურას გულმოდგინედ აცნობს ფრანგებს და როგორც გვეუბნება, მისი ერთადერთი მიზანია, ფრანგებს საქართველო შეაყვაროს და, რაც მთავარია, მათ აუხსნას, რატომ არ ვართ რუსეთის მეგობრები.

- საქართველოში იურიდიულ ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, არ შემიძლია ერთი განხრით დავკმაყოფილდე. მომწონს, როდესაც სხვადასხვა მიმართულებით ვვითარდები, ამის საშუალება კი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტობის დროს არ მქონდა. პროფესია შევიცვალე, საერთაშორისო ურთიერთობებზე გავაგრძელე სწავლა. პოლონელი მეგობრების დახმარებით კი მომეცა საშუალება, წავსულიყავი ვარშავის უნივერსიტეტში. მერე გაცვლით პროგრამაში ვმონაწილეობდი, დავიწყეთ სხვადასხვა ქვეყნის კულტურის გაცნობით. საფრანგეთის კულტურამ, ტრადიციებმა და სამზარეულომ იმდენად მიმიზიდა, სამი ქვეყნის არჩევის შესაძლებლობა მქონდა და სამივეგან საფრანგეთი ჩავწერე. ჩემი გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმითაც, რომ გაეროში მუშაობის სურვილი მქონდა.

- შესაძლოა, ბევრი სტუდენტი დაინტერესდეს საფრანგეთში გამგზავრებით და თუ შეგიძლიათ, მისცეთ ზოგადი რჩევები, როგორ უნდა შეძლონ გამგზავრება და განათლების მიღება საფრანგეთში? ასევე საინტერესოა, თუ არსებობს ორგანიზაციები, რომლებიც მათ სწავლას დააფინანსებენ?

- რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდება, თუ ჩემი რჩევები სტუდენტებს დაეხმარება. უპირველეს ყოვლისა, მათ უნდა მოიძიონ უნივერსიტეტები და ონლაინრეჟიმში შეავსონ განაცხადი; ასევე წინასწარ მოიძიონ ორგანიზაცია, რომელიც მათ საცხოვრებელს დააფინასებს (არის ასეთი კომპანია - CAF (Caisse d’allocations familiales), რომელიც საცხოვრებელს აფინანსებს დაახლოებით 50% პროცენტით). უმჯობესია, თავდაპირველად ეს საკითხი მოაგვარონ, რადგან უამრავი სტუდენტი ჩამოდის, საცხოვრებელი ადგილები კი შეზღუდულია. ჩროუს - ეს არის ორგანიზაცია, რომელიც განაგებს სტუდენტურ საერთო საცხოვრებლებს და ეხმარება სტუდენტებს საბუთების მხრივ, სთავაზობს სხვადასხვა სტუდენტურ სამსახურს და სტიპენდიასაც კი.

- სავალდებულოა თუ არა სტუდენტი საუბრობდეს ფრანგულ ენაზე?

- არა, ეს სავალდებულო არ არის, თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ თუ ფრანგულად საუბრობ, ნაკლებ ფასად შეძლებ განათლების მიღებას, გამომდინარე იქიდან, რომ რთულად მოსაძებნია ლექტორი, რომელიც ინგლისურ ენაზე წაიკითხავს ლექციებს და ის ამისთვის მაღალ თანხას ითხოვს.

- ის ფაქტი, რომ არ ხარ ფრანგი და არ გაქვს მუდმივი საცხოვრებელი ვიზა, ხელს გიშლის თუ არა საფრანგეთში თავის დამკვიდრებაში?

- არასოდეს არავის უთქვამს ჩემთვის, რომ სამსახურში არ ამიყვანდნენ, რადგან არ ვარ საფრანგეთის მოქალაქე. პირიქით, ყოველთვის ვგრძნობ მათ მხარდაჭერას. მაშინ, როდესაც ახალი ჩამოსული ვიყავი და ქუჩაში ვინმეს რამეს ვეკითხებოდი, ყველა ძალიან მეხმარებოდა და თუ რამეს ვერ იგებდნენ, აპლიკაციებს იყენებდნენ, რომ ჩვენი კომუნიკაცია შემდგარიყო.

სხვათა შორის, პანდემიამდე უამრავი ქართველი ითხოვდა თავშესაფარს საფრანგეთში, პანდემიის გამო კი, მოგეხსენებათ, სულ სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდა არა მხოლოდ საფრანგეთი, არამედ მთელი მსოფლიო. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანების მხოლოდ ერთ პროცენტს თუ ანიჭებენ ლტოლვილის სტატუსს და აძლევენ თავშესაფარს, დანარჩენი კი ქუჩაში რჩება. დიდ ყურადღებას ანიჭებენ იმ ადამიანებს, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჩამოდიან საფრანგეთში. მათ ქუჩაში არ ტოვებენ. მე მესმის ყველასი, ვინც აქ ჩამოდის, თუმცა უმჯობესია, წინასწარ გაარკვიონ დეტალები. არის ასეთი ორგანიზაცია - „ქართველები საფრანგეთში“, შესაძლებელია რჩევა ჰკითხონ კომპეტენტურ ხალხს.

image-6487327-1639143590.jpg

- დიდი პასუხისმგებლობა გაკისრიათ ჩვენი ქვეყნის წინაშე, ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი ხართ. რას ნიშნავს თქვენთვის ეს პასუხისმგებლობა?

- მართლაც, საპასუხისმგებლო საქმეა, თუმცაღა ვცდილობ, თავი წარმატებით გავართვა ამ ყველაფერს და დაკისრებული პასუხისმგებლობა პირნათლად შევასრულო, ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვცდილობ, ფრანგებს უკეთ გავაცნო და შევაყვარო ჩვენი ქვეყანა. მათ საქართველოს შესახებ მაინცდამაინც ბევრი ინფორმაცია არა აქვთ. იციან, რომ ვართ ერთი პატარა ქვეყანა რუსეთის მეზობლად. ხშირად რუსებთანაც კი გვაიგივებენ. მე მათ ვაცნობ ჩვენს ქვეყანას, არქიტექტურას, კულტურას, ტრადიციებს, დამწერლობას, რომლითაც აღფრთოვანდნენ. ბევრმა დაიწყო კიდეც ქართული დამწერლობის შესწავლა, ბევრი დაინტერესდა საქართველოში მოგზაურობით. ქართულ საღამოებსაც ვაწყობთ. ბევრი ფრანგი სტუმარი მოდის ჩვენთან და განსაკუთრებით მოსწონთ ჩვენი ტრადიციები, არქიტექტურა.

- როგორ მოხდა თქვენი არჩევა ამ თანამდებობაზე და რამდენ ქვეყანაში გვყავს ახალგაზრდა ელჩი?

- გამოცხადდა კონკურსი, შესაბამისი საბუთების წარდგენა იყო საჭირო, ასევე მნიშვნელოვანი გახლდათ, წარგედგინა პროექტი - რას გააკეთებდი იმ პერიოდში, სანამ ამ თანამდებობაზე იქნებოდი. 60 განაცხადიდან მხოლოდ ოცი ადამიანი შეირჩა და მსოფლიოს მასშტაბით სულ 20 ახალგაზრდა ელჩი ვართ. მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ ვაკეთებ საქმეს, რომელიც მომწონს და ვცდილობ, ჩემი ქვეყანა ბევრმა გაიცნოს და შეიყვაროს.

ფიქრია რობაქიძე