"დესერტის არომატი შორ მანძილზეც უნდა იგრძნობოდეს"
უნიჭიერესი, წარმატებული და ულამაზესი კონდიტერი, - ასე ამბობენ მირანდა ნადიბაიძეზე, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, გემრიელ დესერტებს მხოლოდ ოჯახის წევრებისთვის აღარ ამზადებს. რეცეპტებს უზიარებს "ინსტაგრამ" მიმდევრებსაც. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი, 10 წლის მია და 4 წლის ოლიკო.
- როგორ იწყება თქვენი კულინარიული ისტორია?
- რაც თავი მახსოვს, სულ მიყვარდა დესერტების მომზადება და დაახლოებით 9 წლიდან ვამზადებ დამოუკიდებლად. დედა მე და ჩემს და-ძმას სხვადასხვა დესერტით, ბებია კი საფირმო ორცხობილებითა და კექსებით გვანებივრებდა. მათ რომ ვუყურებდი, მეც მომწონდა და მაინტერესებდა ეს პროცესი. პროფესიით ფინანსისტი ვარ და როდესაც ვმუშაობდი ფინანსისტად, როგორი დაღლილიც უნდა დავბრუნებულიყავი სახლში, აუცილებლად ვამზადებდი რომელიმე დესერტს. ძალიან მიყვარს ტკბილეული, მის გარეშე ვერ წარმომიდგენია. სწორედ ეს გრძნობაა ერთ-ერთი მთავარი, რამაც განაპირობა ამ სფეროთი ჩემი გატაცება. საბოლოოდ, იქამდე მივედი, რომ გადავწყვიტე, ჰობი პროფესიად მექცია.
- თუ არსებობს კულინარი, რომელიც გამორჩეულად მოგწონთ და პროფესიულ რჩევებს თუ იღებთ ვინმესგან?
- ძალიან ბევრი კულინარი მომწონს და აქტიურად ვადევნებ თვალს მათ შემოქმედებას, ასევე ხშირად გავდივარ ონლაინ მასტერკლასებს. პროფესიულ რჩევებს ვიღებ მეგობარი კონდიტერებისგან, რომლებსაც აქვთ დიდი გამოცდილება.
- რა არის ამ პროფესიაში ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი - ტექნოლოგიის ზუსტი ცოდნა, დეტალებზე ორიენტირება თუ საუკეთესო პროდუქტი?
- ყველა კომპონენტი მნიშვნელოვანია, რადგან საკონდიტრო ნაწარმის მომზადება მოითხოვს სიზუსტეს, ტექნოლოგიის ცოდნას, დეტალებზე ორიენტირებულობას და ძალიან დიდ ნებისყოფას.
- განსაკუთრებული დესერტის შექმნისას, პირველ რიგში, რაზე ფიქრობთ - არომატზე, გემოს ბალანსზე, ფერთა გამაზე, სტრუქტურაზე თუ ვიზუალზე?
- ვფიქრობ ყველა კომპონენტზე, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია დესერტის ვიზუალი ეხამებოდეს მის გემოვნურ თვისებებს, რასაც ვერ მივიღებ შესაბამისი სტრუქტურისა და ფერთა გამის გარეშე. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია დესერტის არომატი, რომელიც უნდა იგრძნობოდეს შორ მანძილზეც კი.
- რა გამოგარჩევთ სხვებისგან, რის გამოც ერთგული მომხმარებლები გყავთ?
- თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ვიყენებ ისეთი ხარისხის ნედლეულს, როგორსაც საქართველოში არავინ იყენებს. ჩემი მთავარი მიზანი არაა კომერციული საქმიანობა, ყველა ჩემმა მომხმარებელმა იცის, რომ ამას ვაკეთებ მხოლოდ დიდი სიყვარულით საქმის მიმართ და სხვა ინტერესი არ მაქვს.
- თქვენს გვერდზე გამორჩეულ რეცეპტებს გვიზიარებთ. რამდენად ინტერესდება მომხმარებელი და რომელი რეცეპტი გახდა ყველაზე პოპულარული?
- ამართლებს, რადგან ყოველთვის რეალურ რეცეპტს ვდებ და ხშირად ამზადებენ "გამომწერებიც". ყველაზე პოპულარული იყო "ფანქეიქების" რეცეპტი, რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მოამზადა და გამიზიარა. სანამ შეკვეთების მომზადებას დავიწყებდი, უფრო აქტიური ვიყავი ამ მხრივ, ახლა, სამწუხაროდ, ამისთვის დრო აღარ მრჩება.
- თქვენი მომზადებული დესერტი, რომელიც აუცილებლად უნდა გავსინჯოთ, რა არის?
- ვერ გამოვყოფ, რადგან ჩემთვის ყველა ჩემი დესერტი გამორჩეულია, მაგრამ მომხმარებლების აზრს გაგიზიარებთ: დიდი პოპულარობით სარგებლობს თაფლის ნამცხვარი "მედოვიკი", კენკრის ტორტი და ნიგვზის უგლუტენო (დაბალცილოვანი) ტორტი. "თუ თქვენ გსურთ თავი აარიდოთ ზედმეტ კალორიებს და ამასთანავე, ძალიან გიყვართ ტკბილეული, ეს უგემრიელესი შოკოლადის ნამცხვარი სწორედ თქვენთვისაა. ეს არის „ფიტნეს ბრაუნი", რომელიც არ შეიცავს შაქარს და ხორბლის ფქვილს. მზადდება ნიგვზით, შავი შოკოლადით, კვერცხითა და თაფლით".
- წავიკითხე თქვენს გვერდზე. ანუ ე.წ. დიეტურ ტკბილეულსაც სთავაზობთ მსურველს.
- დიახ, ვამზადებ სხვადასხვა ტიპის დესერტს, ბევრი უცხოელი მომხმარებელი მყავს და მათი მოთხოვნიდან გამომდინარე, შევისწავლე ეს მიმართულებაც. ვამზადებ უგლუტენო, უშაქრო, ულაქტოზო, ვეგანურ, ფიტნეს და კეტო დესერტებსაც.
- ახალი წელი ახლოვდება, ყველა განსაკუთრებულად ემზადება ამ დღისთვის. რა ამშვენებს თქვენს სადღესასწაულო სუფრას აუცილებლად? თვითონ ამზადებთ თუ ოჯახის წევრებს ანდობთ ამ საქმეს?
- საახალწლოდ, როგორც წესი, ვამზადებ სხვადასხვა ტიპის დესერტს, რადგან ოჯახში ყველას განსხვავებული გემოვნება აქვს და ვცდილობ, გული არც ერთს არ დავწყვიტო. წელს კი, შეკვეთებიდან გამომდინარე, ალბათ ძალიან გამიჭირდება რამდენიმე სახეობის მომზადება.
- ყოველთვის არაჩვეულებრივ ფოტოებს სთავაზობთ გამომწერებს, ეს თქვენი კიდევ ერთი გატაცებაა?
- არ შემეძლო გამომწერებისთვის შემეთავაზებინა უხარისხო ფოტოები, ამიტომ შევისწავლე მობილური ფუდფოტოგრაფია. არ ვიყენებ ფოტოშოფს და ფილტრებს, რადგან მინდა, ფოტოები მაქსიმალურად ახლოს იყოს რეალურთან, მომხმარებელი შეკვეთის მიღების შემდეგ იმედგაცრუებული რომ არ დარჩეს.
- დაბოლოს, როგორ ფიქრობთ, რა სჭირდება დღეს ქართულ კულინარიას?
- ქართულ კულინარიას აქვს უზარმაზარი ნახტომი ბოლო 5 წელიწადში; ასეთ მოკლე დროში ამხელა ნახტომი არც ერთი ქვეყნის კულინარიულ ისტორიაში არ მახსოვს და არც მსმენია. ვფიქრობ, კარგი ტემპით მივდივართ, ასე უნდა გავაგრძელოთ.
"ფანქეიქის" პოპულარული რეცეპტი:
ინგრედიენტები: 2 ცალი კვერცხი, 100 გ შაქარი, 600 მლ რძე, 120 გ კარაქი (გამდნარი), 3 გ მარილი, 20 გ გამაფხვიერებელი, 500 გ ფქვილი.
მომზადების წესი: ჯამში მოვათავსოთ კარაქი და ცეცხლზე დავდგათ გასადნობად. კვერცხი და შაქარი ერთმანეთში გადავურიოთ და დავუმატოთ რძე, გამდნარი კარაქი, შემდეგ კი, ჩავამატოთ მშრალი ინგრედიენტები: ფქვილი და გამაფხვიერებელი. მომზადებული მასა გახურებულ ტაფაზე, საშუალო ცეცხლზე გამოვაცხოთ და გემრიელად მივირთვათ!
ნინო ჯავახიშვილი