ვინ და რატომ "დაატყვევა" სანტა-კლაუსი? - გზაპრესი

ვინ და რატომ "დაატყვევა" სანტა-კლაუსი?

ალბათ, დედაქალაქის გზებზე შეუმჩნეველი არ დაგრჩებოდათ ავტომობილი, რომლის საბარგულიდანაც სანტა-კლაუსის ქუდი, ფეხები და ხელთათმანები ჩანს. ყველა დეტალი იმაზე მიუთითებს, რომ სანტა საბარგულში ძალით ჩაუსვამთ. ავტომობილის მინაზე გარკვევით წერია: "საჩუქრებს აღარ ელოდოთ!!!" სანტას "გამტაცებელი" - სოფიო ლევადნაია ახლახან პატრულის თანამშრომლებმაც გააჩერეს და სთხოვეს, სანტა-კლაუსი საბარგულიდან ამოსვით, საჩუქრებს ველოდებითო, თუმცა სოფიო უარზეა, ყოველ შემთხვევაში - ჯერჯერობით...

ხალისიან "გამტაცებელს" ინტერვიუსთვის დავუკავშირდით:

- რატომ გამოკეტეთ თქვენი ავტომობილის საბარგულში სანტა-კლაუსი?

- იმიტომ, რომ ყველა საჩუქარი ჩემთვის მინდა (იცინის)!..

- თქვენთვის საჩუქარი არ მოაქვს ხოლმე?

- საერთოდ, მოაქვს, მაგრამ არ მყოფნის. სანამ ელფები გამოსასყიდს - საჩუქრებს არ მომცემენ, მანამდე სანტა საბარგულში მეყოლება.

- ელფები თქვენთან კონტაქტზე უკვე გამოვიდნენ?

- ჯერ არა... ველოდები.

- პირველი შემთხვევაა, როცა სანტა დაატყვევეთ და ელფებისგან გამოსასყიდს ითხოვთ?

- ჰო, პირველია. ახლა ვნახოთ, პრაქტიკაში როგორ იმუშავებს და მერე, ამაზე მომდევნო წლებშიც ვიფიქრებ (იცინის)...

- ახლა სერიოზულად გვითხარით: როგორ გაგიჩნდათ იდეა, რომ იმიტაცია შეგექმნათ, თითქოს სანტა-კლაუსი ავტომობილის საბარგულში გყავთ ჩაკეტილი?

- პანდემიის გამო, ყველანი დაღვრემილები დავდივართ. მინდოდა, ყოველდღიურობაში ცოტათი სიხალისე შემომეტანა - რაღაც სასაცილო, ორიგინალური, კრეატიული გამეკეთებინა... თავდაპირველად ვიფიქრე, რომ საბარგულზე სანტას ქუდი დამემაგრებინა. შემდეგ გონებაში ხელთათმანები დავამატე (პროფესიით გრაფიკოს-დიზაინერი ვარ)... მერე გადავწყვიტე, ბარემ მანქანის მინას მივაწერ - "საჩუქრებს აღარ ელოდოთ", რომ მესიჯი ყველასთვის გასაგები იყოს, თუ რატომ მაქვს სანტას ქუდი საბარგულზე დამაგრებული-მეთქი. ბოლოს სანტას ფეხების იდეამ ეს ამბავი "შეკრა" და დააგვირგვინა. საბოლოო ჯამში, ასეთი საყვარელი სანახაობა გამოვიდა. ხალხს მოსწონს: იღიმიან, მაჩერებენ, ფოტოებს იღებენ, ხშირად "მისიგნალებენ", ზოგი ხელს მიქნევს... დილით, როცა სამსახურში მიდიან და საღამოს, როცა დაღლილები, პრობლემებით დატვირთულები შინ ბრუნდებიან, ასე ვთქვათ, განწყობას ვუმაღლებ. მეც ძალიან მსიამოვნებს, რომ ხალხს ვაღიმებ, მაგრამ არ მეგონა, თუ ეს ამბავი ასე "გაპიარდებოდა" (იცინის)...

ზოგი მეკითხება, - ელფი რატომ არ გყავსო? უბრალოდ, იმხელა საბარგული არ მაქვს, რომ 2 კაცი დავატიო. ამიტომ ამჯერად, მხოლოდ სანტაზე შევჩერდი. როცა "ჯიპს" ვიყიდი, მერე საბარგულში ორ კაცსაც ჩავსვამ (იცინის)...

- სანტა-კლაუსის არსებობის რომელ ასაკამდე გჯეროდათ?

- 5-6 წლამდე, სანამ ერთ მშვენიერ ახალ წელს წვერი არ მოსძვრა და არ დავინახე, რომ რეალურად, სანტა, უფრო ზუსტად - თოვლის ბაბუა მამაჩემი იყო (იცინის): ჩემი და ასაკით ჩემზე უფროსია. სულ მეუბნებოდა, - თოვლის ბაბუა არ არსებობსო. - არსებობს-მეთქი, - ვეკამათებოდი. ახალი წლის ერთ-ერთ დღესასწაულზე, ზუსტად ამ თემაზე ვკამათობდით, როცა შინ თოვლის ბაბუა შემოვიდა. ეტყობა, სიჩქარეში წვერი კარგად ვერ დაიმაგრა. თითქოს ვიცანი - იერით მამას ჩამოჰგავდა, მაგრამ ამ საკითხს დიდი ყურადღება აღარ დავუთმე... ზეიმსა და საჩუქრების დარიგების პროცესში, უცებ, წვერი მოსძვრა და მამა შემრჩა... მაშინ მივხვდი, რომ სიცრუეში მამყოფებდნენ (იცინის)... მანამდე, საახალწლოდ, ბალიშის ქვეშ ხელს ვყოფდი, სადაც საჩუქრები მხვდებოდა. ეს რიტუალი ძალიან მახარებდა. მომდევნო წლებში ვცდილობდი, არ დამძინებოდა და თოვლის ბაბუა ერთხელ მაინც მენახა. ბოლოს, როგორც გითხარით, თოვლის ბაბუასთან შეხვედრა მამაჩემის სახიდან წვერის ჩამოვარდნით დასრულდა (იცინის).

- 2021 წელი თქვენთვის როგორია?

- მიუხედავად იმისა, რომ რეალურად, მთელ მსოფლიოს ცუდი 2 წელი გვაქვს, ჩემთვის მაინც ძალიან საინტერესო იყო: ახალი "სქილები", გამოცდილებები შევიძინე, თუნდაც - ონლაინ, დისტანციური მუშაობა... მაგალითად, დაბადების დღეც ონლაინ - "სკაიპში" და "ზუმში" აღვნიშნე: ზოგი მილოცავდა, ზოგი - მიმღეროდა, მიკრავდა... საჩუქრები კურიერებს გამოატანეს...

- თქვენი ამჟამინდელი საქმიანობისა და ოჯახის შესახებ გვიამბეთ...

- 15 წელია, გრაფიკოს-დიზაინერი ვარ. ეს საქმე ძალიან მიყვარს - დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მგონია, რომ ადამიანმა ყოველთვის იმ პროფესიით უნდა იმუშაოს, რაც სიამოვნებს, რადგან როცა მუშაობისას სიამოვნებას არ განიცდი, შესაბამისად, სამუშაოც არ გიყვარს... შინ მე და ჩემი ცუგო - დანტე ვცხოვრობთ. ჯერ ვერ გადავწყვიტეთ, მე ვარ მისი პატრონი თუ ის - ჩემი (იცინის)...

- თქვენმა ოთხფეხა მეგობარმა "საბარგულში დატყვევებული" სანტა როგორ აღიქვა?

- სანამ ამ სანახაობას ვაკეთებდი, ჩემი ცუგო სანტას ფეხების შეჭმას აპირებდა - ძლივს გადაურჩა (იცინის). საერთოდ, დანტე ფეხსაცმელს ჭამს - ეს მისი ჰობია. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება - სანტა, მე თუ ჩემი რომელიმე მეგობარი... ასე რომ, სანტა გადავარჩინეთ: აშკარად ურჩევნია, საბარგულში იყოს, ვიდრე დანტემ შეუჭამოს ფეხები (იცინის).

- ოჯახის წევრებს როგორი რეაქცია ჰქონდათ, როცა თქვენ მიერ შექმნილი სახალისო სანახაობა იხილეს?

- ყველამ იხალისა. როგორც ყოველთვის, ახლაც მითხრეს, რომ ძალიან გიჟი ვარ. ამასაც მივეჩვიე - უკვე კომპლიმენტად ვიღებ (იცინის). უკვე ბევრმა მკითხა, - როგორ გააკეთე? ჩვენც გვინდაო... შესაძლოა, გაისად ან წელსაც ბევრი სანტა იყოს "დატყვევებული"...

- ვფიქრობ, თქვენი საახალწლო ნაძვის ხეც საინტერესო იქნება...

- ჩემი ძაღლის გამო, ნაძვის ხე კი არ დავდგი, ავდგი - ჭაღზე მიკიდია (იცინის). სახლში სრული სიურრეალიზმი მაქვს, რადგან ყველაფერი ჰაერშია - დანტე იატაკზე ყველაფერს ჭამს, მათ შორის - პლინთუსებს. უბრალოდ, პლინთუსებს ჭერში ვერ ავწევ... ახლა ნაძვის ხისთვის პატარა ბურთები უნდა ვიყიდო. დეკემბრის ბოლომდე დრო გვაქვს... სანტას რაც შეეხება, 1 კვირაა, რაც საბარგულში მყავს. პერიოდულად მიკაკუნებს.

- რამეს ხომ არ ამბობს?

- არა. ვერა... ჯერ შოკშია. ცოტათი უნდა მიეჩვიოს სიტუაციას...

- თქვენ მიერ შექმნილი სახალისო სანახაობის გამო, რომელიმე მცირეწლოვანი ბავშვი ხომ არ ატირებულა?

- ვინც კითხვა იცის, პრინციპში, ისიც იცის, რომ სანტა-კლაუსთან დაკავშირებული ამბავი მითია. ბევრს ეცინება... ვინც კითხვა არ იცის, ვერც მიხვდება, რა ხდება... ამაზეც ვიფიქრე, რომ არავის ეტირა (იღიმის)...

santa-sabargulshi-copy-1639999226.jpg

- საერთოდ, ახალი წლის დღესასწაულს როგორ ატარებთ ხოლმე?

- ძირითადად, ვცდილობ, ახალ წელს შინ არ შევხვდე - გარეთ ვიყო, მაგრამ რაკი ახლა ცუგო მყავს და მას ფეიერვერკების ძალიან ეშინია, მგონი, ახალი წლის დღესასწაულს სახლში შევხვდები, რომ ოთხფეხა მეგობარი არ დამესტრესოს... ალბათ, 31 დეკემბერს საბარგულიდან სანტასაც ამოვუშვებ, თქვენი ხათრით. მისი გათავისუფლება უკვე ბევრმა მთხოვა (იცინის).

- კარგია, თუკი საჩუქრების გარეშე არ დავრჩებით...

- ძირითად საჩუქრებს ჩემთვის ვიტოვებ!..

- განსაკუთრებულად რა საჩუქარი გინდათ? მაინც, რის გამო დააკავეთ სანტა-კლაუსი?

- საერთოდ, რაც მეტი საჩუქარი მექნება, მით უკეთესი (იცინის)!.. განსაკუთრებულად პანდემიის დასრულება მინდა. ჩემი საახალწლო სურვილიც ესაა. იმედია, ამ საკითხს მე და სანტა საბარგულში მოვაგვარებთ და მერე ყველას გაგიხარდებათ...

ეთო ყორღანაშვილი