რა სურვილებს წერენ პატარები წინასაახალწლოდ
"წერილები თოვლის ბაბუს" - ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც საქველმოქმედო ფონდი "სიცოცხლე სიკეთისთვის" უკვე 8 წელია, ახორციელებს. მთელი საქართველოს მასშტაბით, სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების სურვილები განსხვავებულია და ამავდროულად, მათ ერთი საერთოც აქვთ - საკვები და ტკბილეული არის უპირველესი. დეკემბრის დასაწყისში ბავშვების 50-მდე წერილს, მომდევნო დღეებში კიდევ არაერთი ემატება. ეს მძიმე რეალობაა და იქნებ თითოეულმა ჩვენგანმა შევძლოთ, ჩვენს ქალაქში, უბანსა თუ ქუჩაზე ერთ ასეთ ბავშვს მაინც ვაჩუქოთ ბედნიერი ახალი წელი.
სოფო მეილიშვილი (ფონდის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი):
- 8 წლის წინ, როცა წინასაახალწლო პერიოდში სამსახურიდან ქუჩაში გამოსულს, დახმარების მთხოვნელი ბევრი ადამიანი შემხვდა, შინ დათრგუნვილი დავბრუნდი. ბავშვობიდან ძალიან მიყვარს ახალი წელი და არ მინდოდა, მხოლოდ ჩემთვის ყოფილიყო ასე. მაშინ გადავწყვიტე მოხუცთა თავშესაფარში მისვლა. "გუგლში" პირველი თავშესაფარი, რაც შემხვდა, მათ დავუკავშირდი. ჩემი ჩანაფიქრის შესახებ პოსტი "ფეისბუკზეც" დავწერე. ძალიან ბევრი ადამიანი გამომეხმაურა და საახალწლოდ თავშესაფარში წავიღეთ ბევრი პროდუქტი, ტკბილეული. მას შემდეგ აქტიურად დავდიოდი იმ თავშესაფარში. რამდენჯერაც მოხუცთა დახმარებაზე დავწერე, იმდენჯერ სულ უფრო მეტი და მეტი ადამიანი გამოთქვამდა ამ საქმეში თავისი წვლილის შეტანის სურვილს. ჩემმა მეგობრებმა იციან, თუ რას ხმარდება მათი ჩარიცხული თანხა, მაგრამ ჩემთვის უცნობი ადამიანი არ ფლობს ამ ინფორმაციას და ამიტომ, გადავწყვიტე, ამ საქმისთვის ოფიციალური სახე მიმეცა. მე და ჩემმა რამდენიმე მეგობარმა, მათ შორის ჩემმა მეუღლემ, დავაფუძნეთ აიპი. შემდეგში და ამ ეტაპზეც ფონდის საქმიანობაში ყველა ვერ ახერხებს აქტიურად ჩართვას, მაგრამ მე მაინც ვერ მოვეშვი ამ ყველაფერს. ერთხელაც, დიდ ლილოში მეგობართან ვიყავი და შინ დაბრუნებისას ვნახე ბავშვები, რომლებიც საქანელაზე ქანაობდნენ. მეგობარმა მიამბო, რომ ისინი სოციალურად დაუცველი ოჯახიდან იყვნენ. 7-შვილიანი ოჯახი მიტოვებულ შენობაში ცხოვრობდა, სადაც არანაირი პირობები არ ჰქონდათ. მაშინ გადავწყვიტე, იმ ბავშვებისთვის საახალწლო წერილები გამომერთმია, მანამდე კი მხატვარ ეკა ფერაძესთან ძეგვის თავშესაფარში და იაშვილის კლინიკაში ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებთან ვიყავი საახალწლო სურვილების ასასრულებლად. სწორედ მაშინ დავიწყე პირველად ბავშვების საახალწლო წერილების შეგროვება. დიდ ლილოში ბავშვების ნახვის შემდეგ, ამ ყველაფერს სისტემატური სახე მიეცა და ყოველწლიურად ფონდის სახელით, სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვებისთვის პროექტს - "წერილები თოვლის ბაბუს" - ვახორციელებ. შარშან მოხუცთა თავშესაფრის ბინადრებსაც დავაწერინეთ წერილები... წერილებს თვალი რომ გადაავლოთ, ნახავთ, რომ ბავშვების უმრავლესობას საჭმელი ენატრება. მათ სურვილია არა სათამაშო ან სხვა ნივთი, არამედ საკვები და სულ ვცდილობთ, ყოველწლიურად მინიმუმ 10 ოჯახისთვის მაინც შევძლოთ ისეთი სადღესასწაულო სუფრის გაშლა, როგორსაც შინ ვაწყობთ. გარდა ამისა, გვაქვს 100-150-ლარიანი პროდუქტების ვაუჩერი და შემოწირულობის მიხედვით ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტს დავეხმაროთ. გარდა ამისა, რამდენიმე ოჯახია, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში ვეხმარებით.
- სამზადისს როდის იწყებთ და როგორ ხდება ბავშვების სურვილების შესრულება?
- ნოემბრის ბოლოს ვიწყებ წერილების შეგროვებას მთელი საქართველოდან და დეკემბრის პირველ რიცხვებში ვათავსებ მათ "ფეისბუკზე" ჯგუფში - "სიცოცხლე სიკეთისთვის". ვინმე კონკრეტულ წერილს ირჩევს და სურვილის ასრულებას კისრულობს. საჩუქრების მიწოდება 25 დეკემბრამდე ხდება. რამდენჯერმე ისეთი შემთხვევაც გვქონდა, რომ დაპირების შემდეგ, ბავშვს საჩუქარი არ მიუტანეს. ასეთ დროს ჩვენ ვუსრულებთ სურვილს. პირველი 6 წელი საჩუქრებს თავად ვაგროვებდი და ჩემი სამუშაო სივრცე ხდებოდა თოვლის ბაბუს ოთახი. შემდეგ მე და ჩემი მეუღლე ვარიგებდით თბილისში, ხოლო რეგიონებში ვგზავნიდით. პატარა მყავს და პანდემიის გამოც, ბოლო ორი წელია ვეღარ დავდივარ საჩუქრების დასარიგებლად. ამიტომ, ბავშვების მშობლებს ვთხოვ, მიუთითონ მისამართი, ტელეფონი და "ფეისბუკით" გამომიგზავნონ. ადრესატამდე საჩუქარი თავად მას მიაქვს, ვინც ამა თუ იმ წერილს ირჩევს ან ფოსტით უგზავნიან. ხოლო მოხუცთა თავშესაფარში ვრეკავ და იქიდან ერთად მიგზავნიან ყველა ბინადრის სურვილს. 1-2 შემთხვევა გვქონდა, როცა წერილი ისეთი ოჯახიდან შემოვიდა, რომელიც დახმარებას არ საჭიროებდა, ამიტომ წელს უკვე სურვილების ფურცელთან ერთად, სოციალურად დაუცველის სტატუსის დამადასტურებელი საბუთების გამოგზავნასაც ვითხოვთ, რომ გაუგებრობა აღარ შეიქმნას.
- ბევრი წერილი შემოგდით და საკმაოდ რთულია ორგანიზება, დამხმარე გყავთ? აქვე გკითხავთ, რა პროფესიის ბრძანდებით და რითი ხართ ამჟამად დაკავებული?
- არა, მხოლოდ მე ვარ. ჩემს შვილს - კატოს რომ დავაძინებ, დილის 5-მდე წერილებს ვარჩევ. თან ეს დრო სამსახურშიც ძალიან დატვირთული მაქვს. უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობ, გვიან ღამით ნაწერების გასწორება მიწევს. მოკლედ, სრული საგიჟეთია, მაგრამ ამ ყველაფრის გარეშე ჩემთვის ახალი წელი არ მოდის. ამჟამად ბიზნესადმინისტრირების დოქტორანტი ვარ. ასევე, სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ლექტორი. ბათუმში დავიბადე და გავიზარდე. ბავშვობიდან ყველას გასაჭირი გულთან მიმქონდა. მუდმივ რეჟიმში ვიღაცის დახმარება ჩემი ცხოვრების თანმდევი პროცესია. არტ მენეჯმენტის კუთხითაც მაქვს გამოცდილება. აქედან გამომდინარე, როცა ვხედავდი, რომ ვიღაცას გაზის, შუქის ფული არ ჰქონდა, ვაწყობდი გამოფენას ან პოეტების საღამოებს, მაგრამ სამწუხაროდ, პანდემიის გამო, ასეთი ამბები აღარ ხდება... 1-2 ადამიანის გარდა, ჩვენ ფონდს არ ჰყავს მუდმივი შემომწირველები. თუ რომელიმე კომპანია გამოთქვამს დახმარების სურვილს, ეს მათივე ინიციატივით ხდება. ერთი ადამიანი სამი წლის განმავლობაში, ყოველ ახალ წელს 3 ათას ლარს მირიცხავდა - ყველა წერილის ავტორ ბავშვს სურვილები შეუსრულეთო. მას საკუთარი ვინაობის დასახელება არ სურს და ამიტომ ვერ გავამხელ. პირველად 3 ათასი ლარი რომ ჩამირიცხა, მახსოვს, ეს ამბავი ისე გამიხარდა, სამსახურში თათბირი ჩავშალე (იღიმის). ბოლო პერიოდში აღარ შეგვხმიანებია, ალბათ თავადაც აღარ აქვს ძველებური ფინანსური მდგომარეობა... სხვა დანარჩენ შემთხვევაში, მე და ჩემი მეუღლე ვანო ივანიშვილი, ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია.
- რომელი რეგიონებიდან შემოდის ყველაზე მეტი წერილი?
- ალბათ, რადგან ჩვენი ფონდი თბილისშია, დედაქალაქიდან ყველაზე მეტია. ასევე, ბევრი ადამიანს უჭირს გურიაში. იქ გვყავს ერთი 2-შვილიანი ოჯახი და იმ ბავშვებს ჩვენს შვილობილებად ვთვლით. ერთ-ერთს სერიოზული ფსიქიკური პრობლემები აქვს და ამ ოჯახს რეგულარულად ვეხმარებით. ჩემი მეუღლის სოფელია თელეთი, სადაც ერთი 7-შვილიანი ოჯახი ცხოვრობს. 21-ე საუკუნეში მსგავსი ბავშვური, ლაღი პატარები არ მინახავს. ბურთი, ბლოკნოტი, მანქანა, ლოტო და მსგავსი ნივთები აქვთ წერილში მითითებული და ეს ყველაფერი თან, დახატული. რამდენიმე დღის წინ მათთან წერილების წამოსაღებად ვიყავი ჩასული და რომ ნახოთ, როგორ პირობებში ცხოვრობენ, გული მოგიკვდებათ.
- ყველზე ხშირად წერილებს მრავალშვილიანი ოჯახებიდან იღებთ?
- კი, უმეტესობა მრავალშვილიანია, ბევრი მარტოხელა დედაა და ა.შ. მრავალშვილიანი ოჯახებიდან რომელიმე ბავშვს მამა რომ ჰყავდეს გარდაცვლილი, არ მახსენდება. ძირითადად, მამები წასულები არიან ოჯახიდან. სამის მამა ციხეშია და ბავშვებს დედები ზრდიან.
- ცხადია ყველა წერილის ავტორზე გული შეგტკივათ, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი შეგიძლიათ გაიხსენოთ?
- ეს გურიაში იმ ოჯახს უკავშირდება, რომელზეც ზევით უკვე ვისაუბრე. ორი წლის წინ ბავშვების დედას მივწერე, მის შვილებს საახალწლო სურვილები დაეწერათ. მიპასუხა: საჭმელი გვენატრება და რა დროს საჩუქრებია, ხალხი დაგვცინებს, ისედაც ბევრს გაწუხებთო. ბოლოს დამთანხმდა და მომიყვა, რომ მის ერთ-ერთ შვილს ზაფხულში ბიბლიაში ჩაუდვია წერილი და უთქვამს, თოვლის ბაბუ და სოფო კეთილები არიანო. ღმერთი კეთილ ადამიანებს ეხმარება. სოფო ამ ამბავს გაიგებს და წერილს თოვლის ბაბუს მიუტანს, ის კი სურვილს შემისრულებსო. ახლაც "ტანზე ეკლები მაყრის", ეს რომ მახსენდება. რა თქმა უნდა, გამოვაგზავნინეთ ბავშვს საახალწლო სურვილები და ნატვრა გადაჭარბებით შევუსრულეთ (იღიმის).
- მოსასმენად რთულია, რასაც მიყვებით და როცა ამ ყველაფერს კითხულობთ, ადგილზე თქვენი თვალით ხედავთ, ემოციურად არ გიჭირთ?
- მე და ჩემი მეუღლე დოქტორანტურის ჯგუფელები ვიყავით. ფონდიდან გამომდინარე, უფრო დავმეგობრდით. შინდისში ერთ ოჯახში ვიყავით, სადაც ბავშვს ცერებრალური დამბლა ჰქონდა. მამამ ეს რომ გაიგო, ცოლ-შვილი მიატოვა. ბავშვი ვერ ლაპარაკობდა, რთული მდგომარეობა ჰქონდა. მასთან ყოველ 2 კვირაში ერთხელ ჩავდიოდით და მიგვქონდა რაც სჭირდებოდა. პირველად რომ მივედით, ნანახმა იმდენად იმოქმედა, იქიდან წამოსული შინდისიდან თბილისამდე ვტიროდი, ვერ გავჩერდი. ასე მემართებოდა, როცა მოხუცთა თავშესაფრებში ბებოების დაბადების დღეებზე მივდიოდი. მათ გავახარებდი, მაგრამ მერე მე ვკვდებოდი. ამ ყველაფრის შემხედვარე, ვანომ მითხრა, თუ ყოველ ჯერზე ამ მდგომარეობაში ჩავარდები, აღარსად წავალთო. არ მინდოდა ჩემი ემოციების გამო ვინმეს ის პატარა სიხარული მოჰკლებოდა, რასაც იღებდნენ. ამიტომ შევეცადე, ემოციები მემართა. რა თქმა უნდა, როცა წერილებს ვკითხულობ, მეტირება, მაგრამ იმასაც ვფიქრობ, რომ ამ გზით შემიძლია ვიღაცას ხმა მივაწვდინო, ბავშვებს სურვილი შევუსრულო, ამიტომ მშვიდად უნდა შევხვდე ყველაფერს. ნელ-ნელა ვისწავლე ემოციების მართვა და თავი ხელში ამყავს.
ანა კალანდაძე