"ხევსური ვარ და ეს ძალიან მეამაყება!"
"განსაკუთრებით მსიამოვნებს, როდესაც კოლექციონერები ჩემს ნამუშევრებს ირჩევენ და დიდი კლასიკოსების გვერდით განათავსებენ. საქართველოში ბევრს აქვს ჩემი ნახატები, ასევე საზღვარგარეთ: ამერიკაში, საფრანგეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, ავსტრიაში, ესპანეთში... უზომოდ მადლიერი ვარ თითოეულის", - გვითხრა მხატვარმა მანანა შუქია გოგოჭურმა, რომელსაც გამოფენებში მონაწილეობის მისაღებად მთელი მსოფლიოდან იწვევენ...
- ხატვა ადრეულ ბავშვობაში, 6 წლისამ დავიწყე. თოვლზე ხატვა მიყვარდა: გრძელ ტოტს დავიჭერდი და ვხატავდი ისე, რომ შორიდან თოვლის მთლიანობა არ დამერღვია. არ მქონდა გააზრებული, ეს ნიჭი თუ იყო. მეგონა, ყველას შეეძლო ასე ეხატა. ათი წლის ასაკში, სხვათა შორის ნათქვამმა სიტყვამ გამააზრებინა, რომ რაღაც განსაკუთრებული ნიჭი იყო ჩემში... ერთ-ერთი საგნის პედაგოგმა, ციცინო ნასყიდაშვილი დაგვავალა კლასს თემაზე მუშაობა და როცა დავალებები შეამოწმა, თავისთვის თქვა, ამ კლასში მხოლოდ გოგოჭურს შესძლებია ხატვაო... მაშინ დავფიქრდი და არც დამვიწყებია ეს სიტყვები. ვფიქრობ, ამ სიტყვამ დიდი როლი ითამაშა ჩემ შემდგომ გადაწყვეტილებაზე.
- სამხატვრო აკადემია დაამთავრეთ?
- სკოლის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე, სამხატვრო აკადემიაში მეცადა ბედი, თუმცა უფროსებისგან, ახლობლებისგან წინააღმდეგობა შემხვდა. ფიქრობდნენ, რომ არ ვაკეთებდი სწორ არჩევანს. აკადემიაში მოხვედრა უტოპია იყო იმ დროს და ამიტომ დამიშალეს. მაინც არ შევეპუე და ჩემი ნახატები ვაჩვენე დიდ შემოქმედს - გოგი ოჩიაურს. მაინტერესებდა, ჩემი შესაძლებლობები თუ იყო იმ დონის, რომ აკადემიაზე "მეოცნება". მისი რეაქცია გახლდათ მეორე სტიმული, რომ გამეგრძელებინა მიზნისთვის ბრძოლა და ასეც მოვიქეცი. პირველსავე ცდაზე გავხდი სამხატვრო აკადემიის სტუდენტი და მაშინ განცდილი არასდროს დამავიწყდება, მსგავსი ბედნიერება აღარც განმიცდია. არც ერთი ლექცია (სპეციალობის) არ გამიცდენია.
- რამდენად ხელსაყრელი პირობები გქონდათ სამუშაოდ?
- ყველას მოგეხსენებათ, 90-იან წლებში ყველაფერი ჩამკვდარი იყო და მათ შორის, ხელოვნებაც. არ გვქონდა პირობები შემოქმედებითი ზრდისა და აქტივობისთვის. ვხატავდი, მაგრამ ფართო საზოგადოებას ვერ ვაწვდიდი... ახლა უკეთესი პერიოდია შემოქმედებისთვის და მეც არ ვჩერდები. მთელი სიამოვნებით ვემსახურები პროფესიას, რომელიც მავსებს და მაბედნიერებს.
- როგორც ვიცი, მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს გამოფენებში მონაწილეობთ...
- დიახ... ბევრი ჯგუფური გამოფენის მონაწილე ვარ, მქონდა 3 პერსონალური გამოფენაც. 2020 წელს მიწვეული ვიყავი ნიუ-იორკის ბიენალეზე და საბერძნეთში, რომელიც სამწუხაროდ, პანდემიის გამო ჩაიშალა. ასევე, 2021 წლის გაზაფხულზე ვენეციის ბიენალეზე მიმიწვიეს და ვერც იქ შევძელი წასვლა. ახლა მიწვეული ვარ დუბაიში, საერთაშორისო გამოფენაზე... უზომოდ მაბედნიერებს ადამიანების რეაქცია ჩემს შემოქმედებაზე, უამრავ გამოხმაურებას ვიღებ; პოზიტიური შეფასებები, აღფრთოვანება, ეს ყველაფერი სტიმულია საიმისოდ, რომ უფრო გაიზარდო. ყველაზე სასიამოვნო და სასიხარულოა, როცა შენს ნახატზე აკეთებენ არჩევანს და აბედნიერებთ მისი სახლში წაღება. განსაკუთრებით მსიამოვნებს, როცა კოლექციონერები ირჩევენ ჩემს ნამუშევარს და დიდი კლასიკოსების გვერდით კიდებენ. უზომოდ მადლიერი ვარ თითოეული იმ ადამიანის, ვისაც ჩემი ნახატი აქვს და უფრთხილდება.
- დღეს რამდენიმე მიმართულებით მუშაობთ...
- დღეს უკვე ბევრი მიმართულებით ვარ დატვირთული. გარდა იმისა, რომ ყოველდღე ვხატავ (ძირითადად ღამით), ვეწევი პედაგოგობას, როგორც ჩემს სახელოსნოში, ასევე მაქვს ონლაინკურსები ხატვის შესწავლის მსურველთათვის, სადაც შესაძლებელია ყველა ქვეყნიდან (ქართველების) ჩართვა და ხატვის შესწავლა... ხატვა სასიამოვნოსთან ერთად, სასარგებლოცაა, ერთგვარი თერაპიაა. მას შემდეგ, რაც პანდემია დაიწყო, სასწაული ხდება, ყველამ მოსინჯა ხატვაში ბედი. სასიხარულოა, ადამიანებმა ასეთი გამოსავალი რომ იპოვეს და სტრესს სასიამოვნო და პოზიტიური საქმით დაუპირისპირდნენ. უამრავმა ზრდასრულმა დაიწყო ხატვა და მთელი ცხოვრების ნატვრა აისრულეს. იცით, რა არის ყველაზე სასიამოვნო ამ პროცესში? ბევრს ასაკში ისეთი ნიჭი აღმოაჩნდა, რის შესახებ თავადაც არ იცოდა. ძალიან ბედნიერები არიან და "მოიწამლნენ" ხატვით. რამდენიმეს უთქვამს, - ახალი სიცოცხლე დაიწყო ჩემთვის, ბედნიერება მაჩუქე, ჩემი ცხოვრება შეიცვალაო... ივნისის თვეში გავაკეთე ჩემი მოსწავლეების გამოფენა. დაუვიწყარი ემოციებით ავივსეთ იმ დღეს და ახალი სასიამოვნო ეტაპი დაიწყო მათთვის. ასევე, ვაწყობ მასტერკლასებს ბუნებაში; მივდივართ და ნატურიდან ვხატავთ გარკვეულ პეიზაჟებს, ეს კი სასიამოვნო პროცესია. უზომოდ მაბედნიერებს მოსწავლეების გაბრწყინებული სახეების დანახვა. ხატვა მართლა აბედნიერებს ადამიანებს, ეს საოცარი საქმეა!
- ხევსურეთის თემა რამდენად არის თქვენს შემოქმედებაში?
- რა თქმა უნდა, არის! ხევსური ვარ და დახატული მაქვს მუცო, შატილი... ჩემი მეორე სახელი ხევსურულია - (შუქია), რომელიც ბებიას დაურქმევია და ძალიან მომწონს, შემოქმედებითად ჟღერს. ხევსურეთში არ დავბადებულვართ არც მე და არც მამაჩემი, ტურისტულად მაქვს ნანახი იქაურობა, მაგრამ მიყვარს ჩემი გენეტიკა, მეამაყება ხევსური რომ ვარ. ხევსურები შემოქმედი ხალხია. თუნდაც მათი ნაქარგები ავიღოთ, საოცარი ფერთა გამა და ურთულესი ტექნიკა ჰქონდათ მუდამ, საოცარ შედევრებს ქმნიდნენ! ასევე, საოცარი პოეზია აქვთ! ძალიან მაღალი დონის პოეტები ჰყავდა და ჰყავს ამ პატარა კუთხეს. "უნიჭო ხევსური არ არსებობს", - ესეც გამიგონია და ნამდვილად ასეა! უბრალოდ, ძალიან თავმდაბლები არიან და არ ცდილობენ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას, დემონსტრირებას!
- მუცო როდის დახატეთ?
- ძალიან ადრე ვნახე, ალბათ, 20 წლისამ. შავ-თეთრი ფოტო მქონდა ჩემი გადაღებული და იქიდან დავხატე ჩემი "მუცო", რომელიც ძალიან მიყვარს და არ ვყიდი, მიუხედავად იმისა, რომ მისი შეძენის მსურველი ბევრია... ჩემი გული, გონება და ნიჭი მხატვრობას ეკუთვნის. მადლობა სამყაროს ამ წყალობისთვის!
მანანა გაბრიჭიძე