"განვიცდიდი, რომ შეიძლებოდა უჩემოდ დაბადებულიყო ჩემი ნანატრი ქალიშვილი..." - გზაპრესი

"განვიცდიდი, რომ შეიძლებოდა უჩემოდ დაბადებულიყო ჩემი ნანატრი ქალიშვილი..."

ჟურნალისტი და მწერალი მანუჩარ პირველი 22 წელია, ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს. მალე გამოვა მისი ახალი წიგნი, რომელსაც „ამერიკის ცის ქვეშ“ ჰქვია და საიდანაც მკითხველი შეიტყობს ამერიკაში მცხოვრები ქართველების შესახებ, ასევე ავტორის ამერიკულ შთაბეჭდილებებსაც გაეცნობა. გარდა ამისა, ის 20 წელზე მეტია იკვლევს ქართული ემიგრაციის ისტორიას, მისი მეშვეობით არაერთი საინტერესო ამბავი გახდა ცნობილი. დღემდე გამოცემული აქვს ოთხი რომანი და პუბლიკაციური წერილების კრებული. ჰყავს მეუღლე და ულამაზესი, ცისფერთვალება გოგონა კესანე, რომელსაც სათქმელს წერილებით ეუბნება და იმედი აქვს, რომ ეს წერილები, წიგნად აკინძული, იქცევა მის სურვილებად ზოგადად, მომავალი თაობებისადმი.

- მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვთ საქართველოსა და ქუთაისი მიმართ, სადაც დაიბადეთ და გაიზარდეთ, 22 წლის წინ მაინც გადაწყვიტეთ ემიგრაციაში წასვლა. რა იყო მიზეზი, რამდენად რთული აღმოჩნდა ამ გადაწყვეტილების მიღება და ფეხის აწყობა ცხოვრების ამერიკული რიტმისთვის?

- როგორც კი ჩემი თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტის ასაფრენ ბილიკს მოსწყდა, იმ წამიდან დამეწყო სინდისის ქენჯნა, თითქოს სამშობლოს ვღალატობდი. იმიტომ, რომ მას იმ დროს ვტოვებდი, როცა შეიძლება სჭირდებოდა ჩემნაირი ახალგაზრდები. არ ვიცოდი, როგორ ქვეყანაში მოვფრინავდი, რა დამხვდებოდა, თუმცა მაშინ ჩემს თავს სიტყვა მივეცი, რომ იმ სიშორიდანაც კი სამშობლოს სამსახურში ჩავდგებოდი. მარტო ქუთაისი იმოდენა გულია, რომ თუ მას გაუგებ და ისიც მისად მიგიღებს, ოკეანის გაღმაც არ მიგატოვებს.

შეგიძლია იცხოვრო ნიუ-ჯერსის შტატში და ჰობოკენის ერთი აღმართი მიამგვანო გაბაშვილის გორას; ბლუმფილდის ერთი საცხობის შესასვლელში აღმოაჩინო ახალგამომცხვარი პურის ზუსტად ის სურნელი, როგორიც ბჟოლებში თონედან გახსოვს; აქაც აღმოაჩინო ის დალაქი, რომელიც ქუთაისელ „ბაჭიას“ ჰგავს და ათეული წლები მხოლოდ მასთან გაიკრიჭო თმა. ქუთაისიდან ჩამოტანილ ერთ ბოთლ „ბიკენტიას საწებელზე“ იცით, რამხელა დღესასწაული მოვაწყვეთ აქ?! ხომ ამერიკიდან მოედო მსოფლიოს სიმინდის კულტურა, ქართულ სიმინდს მაინც ბადალი არ აქვს - ყველა სიმინდი მოაჯიშეს, გადააგვარეს, ქართულს ისევ ის ბავშვობის გემო შერჩა...

ქვეყნის დატოვება, ყოველ შემთხვევაში, ასეთი გრძელი ვადით, ჩემი მიზანი არ ყოფილა. დავტოვე მხოლოდ იმიტომ, რომ მსურდა, პროფესიონალ და პატიოსან ჟურნალისტად დავრჩენილიყავი. და ეს იმ დროს, როცა ირგვლივ უამრავი სულგაყიდული კოლეგა იყო. ქვეყნის ერთ გამდგარ და ყოჩ რეგიონში, 3 ათას დოლარს იხდიდნენ ერთ საგაზეთო მასალაში, ერთი კაცის გაშავებაში.

არჩევანი სწრაფად გასაკეთებელი იყო – გაჭირვებისა და ცდუნების გამო შეიძლებოდა, წამში დამეკარგა ის სიყვარული და პატივისცემა, რაც ჩემს ოჯახს ან ჩემი გარდაცვლილი მამისადმი ჰქონდა ქალაქს.

ხომ არაფერი ხდება ამ ცისქვეშეთში უმიზნოდ და ჩემს ამ ტკივილიან ემიგრაციასაც, ტყუპისცალებთან განშორებას გააჩნდა მიზანი - უფრო მეტი მესწავლა და არ დავრჩენილიყავი ერთ წრეში. ახლანდელი გადმოსახედიდან, ერთ წრეში კი არა, საერთოდ ამომიტრიალა შეგნება და შემეცნება ამ ქვეყანამ.

- რევოლუცია მოახდინა? აი, ყველაზე მეტად ჩვენს საუბარში ეს მაინტერესებს, რა დაინახეთ განსხვავებულად?

- სკოლაშივე ასწავლიან ბავშვს კონსტიტუციას. ყველაზე საინტერესო ამ კონსტიტუციის მთავარი პრეამბულაა, რომ სახელმწიფოს ღერძი არის ადამიანი და კანონებიც, კონსტიტუციებიც, ქვეყნებიც, რელიგიური დოგმებიც, ეროვნული ტრადიციებიც იმისთვის იქმნება, რომ მათი ცენტრი - ადამიანი იყოს ბედნიერი.

ამერიკელი ხალხი ამ საკითხს ასე ხედავს: მთავარია, ოსკარ უაილდმა, მიქელანჯელომ, ჩაიკოვსკიმ, დავინჩიმ, ვერსაჩემ, სეინტ ლორენმა, დიორმა, პაზოლინიმ, ბერნსტეინმა, ნურიევმა, ძეფირელიმ ადამიანებს ბედნიერება, სიხარული მიანიჭონ, თვითონ იყვნენ ბედნიერნი და საერთოდ არ აინტერესებთ, რა ორიენტაციის, რა ფერის იყვნენ ისინი. როგორც კი თითოეული ჩვენგანი და სახელმწიფოც ყველაზე მაღლა ადამიანის დაყენებას ვისწავლით, მაშინ ყველაფერი სხვანაირი იქნება. ღმერთიც, მისი არსებობაც კი ადამიანის სამსახურში დგას და ჩვენ ამას არ ვიმჩნევთ მაშინ, როცა ცილს ვწამებთ, ვკლავთ, ვძალადობთ.

ჯერ კიდევ 50 წლის წინ დაწერა გოგი ცაბაძემ მორის ფოცხიშვილის ლექსზე სიმღერა და დღეს რომ უსმენ, ასე გგონია, ეს სიმღერა ნახევარი საუკუნის წინათ კი არა, ახლა დაწერეს და მელანშეუშრობელი ფურცლიდან მღერიან: „რაც ამქვეყნად ცოდვა-ბრალი ტრიალებს, ზეცა რატომ არ შავდება, ნეტავ?“

- საკმაოდ რეიტინგული გახლდათ თქვენი სატელევიზიო სეგმენტი „ამერიკული ხუთშაბათები“. ვიცი, რომ ახლა ერთგვარი ტაიმ-აუტი გაქვთ ეთერიდან, რადგანაც მუშაობთ წიგნზე - „ამერიკის ცის ქვეშ“...

- ასეთი მრავლისმომცველი სათაურის ქვეშ თავიდანვე დიდი ფუნქცია დავაკისრე ამ წიგნს - გარდა იმისა, რომ ამერიკაში მცხოვრებ უცნობ ქართველთა პორტრეტები უნდა ჩამოძერწოს, ასევე აქა-იქ ჩემს ემიგრანტულ დღიურებსაც შეხვდებით, აღმოჩენებს, ამერიკულ შთაბეჭდილებებსა თუ გაკვეთილებს. ერთი სიტყვით, ყველაფერს, რასაც შევხვდი, მოვისმინე, შევისწავლე თუ აღმოვაჩინე - ამერიკის ცის ქვეშ!

- 20 წელზე მეტია იკვლევთ ქართული ემიგრაციის ისტორიას. დღემდე სამასამდე დაკარგული ქართული საფლავი მოძებნეთ ამერიკაში. არაერთი საინტერესო ამბავი გახდა ცნობილი თქვენი მეშვეობით. რომელი აღმოჩნდა თქვენთვის განსაკუთრებულად ემოციური?

- ემოციურია და სათითაოდ მახსოვს ყველა ახალი საფლავის პოვნის სიხარული, რომელსაც უძილო ღამეები, ასეულობით მიმოწერა უძღვის. მახსოვს, ცრემლით დავიტირე კოლია ქვარიანი, მსოფლიოს ჩემპიონი და მოჭიდავე, როცა ათეული წლობით დაკარგული მისი უსახელო საფლავი ვიპოვე ლინდენის სასაფლაოს ღატაკთა სექციაში; აგრეთვე, გადამღებ ჯგუფთან ერთად შეღამებულზე მივადექი მწერალ გიორგი პაპაშვილის საფლავს უღრან ტყეში, რომლის საფლავის ქვაზე იკითხებოდა ასეთი სიტყვები: „როგორ გავბედო სიკვდილზე ფიქრი, როცა სიცოცხლე ზეიმობს ირგვლივ“.

262827417-311377437423951-8393050681836059994-n-copy-1640000089.jpg

- ულამაზესი გოგონა გყავთ - კესანე, რომელსაც საოცარ წერილებს სწერთ. "ფეისბუკში" "წერილები კესანეს" ათეულათასობით გაზიარება აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 1 წლისაა, შეიძლება ითქვას, თქვენი მამაშვილობა უკვე შედგა. რატომ გაგიჩნდათ იდეა, წერილებით გეთქვათ მისთვის სათქმელი და მაინც, რა არის მთავარი რჩევა, რაც მშობელმა შვილს უნდა მისცეს?

- მართალი გითხრა, არც მქონია განზრახვაში ასეთი ეპისტოლარული ჟანრის წერილები დამეწერა. მასზე 8 თვის ფეხმძიმედ იყო ჩემი მეუღლე თეა, როცა ორივეს "კოვიდი" დაგვემართა. ეს მაშინ, როცა თავად მსოფლიომაც არ იცოდა ჯერ კიდევ, რასთან გვქონდა საქმე და როგორ უნდა გვებრძოლა. მე საკმაოდ რთულად გადავიტანე და თითქმის სიკვდილს გამოჰგლიჯა ჩემი თავი ღმერთმა, ყველა ლოცვა უკლებლივ შეისმინა. მაშინ განვიცდიდი, რომ შეიძლებოდა უჩემოდ დაბადებულიყო ჩემი ნანატრი ქალიშვილი, ვერ მოვსწრებოდი და ვერაფრის თქმა მომესწრო.

პირველი წერილი, როცა დაიბადა, მაშინ მივწერე. ისეთ საკითხებზე ვპასუხობდი, რომელზეც ვიცი, ოდესღაც აუცილებლად დაიწყებს პასუხების ძებნას. რატომაა ღმერთი სიყვარული? ცხოვრებას რა ალამაზებს?.. როგორ უნდა გამოარჩიოს მისი რჩეული, როცა დრო მოვა და თუ მე აღარ ვიქნები მის გვერდით... ყველა ის საკითხი, რაზეც გოგონები მამიკოსთან გარბიან საკითხავად. აქამდე ხუთი საკმაოდ დიდი წერილი დაიწერა, დროთა განმავლობაში ბევრი დაემატება და ალბათ, ეს წერილები გახდება ჩემი სურვილები მომავალი თაობისადმი - წიგნად აკინძული.

წერილები კესანეს

(გთავაზობთ ამონარიდს პირველი წერილიდან, სტილი დაცულია):

"თავადაც არ მჯერა, ახლა ამ წერილს რომ შენ გწერ.

დღეს სახლში მოხვალ, სიცოცხლით და სიხარულით აავსებ ჩვენს ნავსაყუდელს.

რომ იცოდე შენამდე რა დიდი გზა გამოვიარეთ?! და წინ რამდენი სიხარული გვაქვს ერთად გასავლელი?!

რამდენი სირთულე ცხოვრებისეული გზისა, რამდენი სიიოლეც?

ამას და ამის იქით უამრავ თავგადასავალს -

ვიცხოვრებთ და ვნახავთ,

ვნახავთ და მოვესწრებით.

შენ მოდიხარ და მე ფართოდ უნდა გაგიღო არათუ სახლის, უპირველესად გულის-კარი და მისი ოქროს გასაღები შენ ჩაგაბარო, რადგან ამიერიდან შენ იქნები ჩემი ფიქრებისა და მოღვაწეობის შთაგონება.

შენ მოდიხარ და მე კარს გიღებ.

ოღონდაც, გალაკტიონი რომ ამბობს:

„მე შენს სიყვარულს ვზოგავ,

ზოგავს ნარინჯებს ქარი.

ბაღში რომ შეხვალ, გოგოვ,

ღია არ დაგრჩეს კარი“.

ჩვენ ერთად - დიდხანს და დიდხანს ვივლით ამქვეყნიურ გზა-შარაზე, შენ შემისწავლი მე, მე კი შენ გაგზრდი. შენ შემოიტან ჩემში შენს მისწრაფებებსა და სურვილებს. მე შევეცდები, თვალი გავუსწორო მათ და შეძლებისდაგვარად დაგიკმაყოფილო ბავშვური მოთხოვნები; შენ დაამკვიდრებ ჩემში შენი თაობის სიახლეებს, მე კვალდაკვალ გამოგყვები, რათა თვალი გავუსწორო და არ ჩამოვრჩე თანამედროვეობას.

შენ ჩემს იმედად იქნები, რადგან მტკიცე ზურგი ვიქნები შენთვის - ჩემი წარსულით, და მეხამრიდად ვიქცევი შენთვის ყოველ სავალზე...

ასე ვისულდგმულებთ ერთმანეთით: მე - შენთვის, შენ - ჩემთან ერთად; და გაგრძელდება ეს ისე დიდხანს, ისე დიდხანს, რომ სხვა განზომილებაში გადანაცვლების შემდეგაც შენს მფარველად ვილივლივებ - ისევ შენ გარშემო.

მამა, იცოდე, ცხოვრება დიდი და გასაოცარი ზმანებაა, რომელსაც ადამიანი იყენებს იმისთვის, რათა სულმა სისპეტაკე შეინარჩუნოს. ამისკენ არის განხრილი საკაცობრიო ყველა რელიგია, ფილოსოფიური სწავლება, მეცნიერებათა უმრავლესობები, მსოფლიოს კულტურა და ხელოვნებაც ამაზეა დაფუძნებული, არ იქმნება არც ერთი შედევრი, სადაც სულის განსპეტაკების თავისებური გზა არ იყოს წარმოჩენილი.

გონიერებაა საჭირო და ალბათ, ხედვის გამჭრიახობაც, რათა აღიქვა ეს მშვენიერება.

არ უნდა შეგეშალოს - ეს მშვენიერება შეიძლება უდიდეს სიმახინჯეშიც იმალებოდეს, - მსგავსად კვაზიმოდოსი, - ასეთ პარადოქსებსაც გვიწყობს ცხოვრება იქ, სადაც შენ შემოდიხარ.

თვალის ცთომილების გამო არ უნდა განიგდო შენგან სულით სპეტაკი. ეს არც იმას ნიშნავს, რომ „ათასეული და ბევრეული“ ქვეყნიური შლამი შენს გულში დაავანო და შეივსო მათით შენი ცხოვრება, ყურადღება ყველას მიმართ გამოიჩინე, გადამეტებული არაფერი ვარგა, თვით სიკეთეც კი.

აი, წიგნს რომ წაიკითხავ - კარგსაც და ცუდსაც, - მათში ბევრი რამ სასარგებლოც ეწერება და უსარგებლოც. ამას შინაგანი ინტუიცია გიკარნახებს. ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, რომ წიგნიდან - ცხოვრებაში გამოსული - წიგნის კანონებით ვეღარ იცხოვრებ. ის სხვა სამყაროა, ვირტუალური და ირეალური, სადაც ავტორი ბევრ რამეს გკარნახობს, ზოგჯერ თავისსავე წამოწყებული თამაშის წესებს გამორჩილებს, იმისკენ მიგაპყრობინებს ყურადღებას, რასაც სხვა შემთხვევაში არც და ვერც შეამჩნევდი.

ეს კარგიცაა და სახიფათოც ერთდროულად, რადგან რეალობაში დაბრუნებული დამოუკიდებლად მოაზროვნე პიროვნებად ბრუნდები, თუ აქამომდე არ ყოფილხარ, წიგნის წაკითხვის შემდეგ უთუოდ დამოუკიდებლად მოაზროვნე ხდები.

აქ არავინ გიკარნახებს, კვაზიმოდო ვარ და შემხედეო, ან აპოლონი ვარ და შემიყვარეო, რომეოდ მოსულთან შენ ჯულიეტად ვერ გადაიქცევი, ეს შენი პირადი ცხოვრებაა, და ამიტომ... ცხოვრება დამოუკიდებელი აზროვნების პროდუქტია, - როგორც იაზროვნებ, ისე იცხოვრებ, - ეს არაა თეორემა, რომელსაც დამტკიცება სჭირდება; არც აქსიომაა, რომელიც ბრმად, დამტკიცებულად უნდა მიიღო, - სადაც მონობაცაა და დამოუკიდებლობაც, რომელთაგანაც ერთ-ერთი უნდა აირჩიო ცხოვრების წესად...

იცოდე, სიცოცხლე მოკლეა და ამიტომ უნდა შევეცადოთ იმ სულის სისპეტაკით, თავში რომ გესაუბრე, დავაგრძელოთ წუთიერ-სოფელი.

მე ახლა შორეულ წარსულსაც ვუყურებ და შორეულ მომავალსაც, რადგან აქ ვდგავარ და შენ გელოდები; არა იმისთვის, რომ გავერთო შენი თოთოობით, - არამედ იმისთვის, რომ ვიტვირთოთ მეც და შენც მამა-შვილობის მადლი.

შენ ჯერ პატარა ხარ საამისოდ, შენს საზიდარსაც მე ვზიდავ ერთხანს, მერე თავადაც შემეხიდები ამ საზიდრის ტარებაში. მერწმუნე, მძიმეცაა იგი და მსუბუქიც ერთდროულად.

მძიმე რომაა, იმიტომაა მსუბუქი;

და მსუბუქი იმიტომაა, რომ ეს შენთვისაა, შენ გეკუთვნის...

მე არ გთხოვ ამ წერილზე პასუხს, ის არაა დაწერილი იმისათვის, რომ ჩემს მოსაზრებებზე შენი პასუხი მოვისმინო, ეს ხომ სიმბოლური ხასიათის უსტარია.

შენი ცხოვრების მართლზომიერი წესი იქნება ამის უპირველესი პასუხი... და თუ მაინც მოისურვებ პასუხის გაცემას, მე არც დაგიშლი და ვერც დაგიშლი. უბრალოდ, ჩავთვლი, რომ შენ ქვეყნიური სიბრძნის დიდი წილი ათვისებული გაქვს, ამიტომ შენს პასუხში, წინდაწინ ვიცი, რაც იქნება - იდეათა ჭიდილი იქნება - შენი გზავნილი მომავლიდან.

თუ ცოცხალთა შორის ვიქნები, სულმოუთქმელად წავიკითხავ, დავიზეპირებ კიდეც, რამდენადაც გონება და მახსოვრობა გამიშვებს და ვინძლო, პასუხიც გაგცე, თორემ სხვა შემთხვევაში - შენს წერილს წვიმად დავეპკურები და გაგინათებ გონებას, რათა გაგიიოლდეს წერა...

...უნდა გქონდეს ღვთის მოწიწება და რიდი. მე და ჩემი და-ძმები, ობლები, დიდი დედის მფარველობით გავიზარდეთ და მან თავისი მადლიანი კალთა დაბადების პირველივე წუთებიდან დაობლებულ სამივე ძმას გადმოგვაფარა.

შენც პირი იბრუნე ღვთისკენ და იმ ყვავილივით ევედრე ღმერთს, შენ რომ სახელი დაგარქვით და მთელი შეგნებით ყოველი გათენებული დღისთვის მადლობა გადაუხადე დამბადებელს, - კესანე!

როცა ღმერთს ყველა მცენარესთვის სახელი უწოდებია, ერთი პაწაწინა, ლურჯი მზისგულა უსახელო ყვავილი ატირებულა: არ დამივიწყო უფალოო!

მაშინ უფალს უთქვამს მისთვის: „სწორედ ეგ იქნება შენი სახელიო“.

ახლა ამ ყვავილს ყველა ენაზე „არ დამივიწყო“ ჰქვია. ჩვენში - კესანე!

„არ დამივიწყო“ კი არა,

შენ არ დაივიწყო უფალი, კესანე!

შენი მამიკო,

მანუჩარ პირველი".

ნინო ჯავახიშვილი