"ყველაზე რთული მაინც იასამნების მოქარგვაა"
"გზის" წინა ნომერში ვწერდით 31 წლის მარტოხელა დედის, მაიკო ბარათაშვილის შესახებ, რომელსაც უფროსი შვილი უსინათლო ჰყავს. ამის გამო მუშაობას და სახლიდან დიდი დროით გასვლას ვერ ახერხებს. დეკემბრის დასაწყისში გადაწყვიტა, თექისგან საახალწლო აქსესუარები დაემზადებინა და სოციალურ ქსელში ატვირთა ფოტოები თავის ამბავთან ერთად. ბევრმა გულთან მიიტანა მისი გასაჭირი. მათ შორისაა შორენა აბულაძეც, რომელმაც გადაწყვიტა თავისი ნამუშევრების რეალიზაციიდან გარკვეული თანხა ამ ოჯახს ჩაურიცხოს. შორენა 4 წლის წინ დაინტერესდა მოცულობითი ქარგვით - ატლასის ლენტებით ქარგავს.
- პროფესიით არშემდგარი პედაგოგი ვარ. ბოლო კურსზე ვიყავი, როდესაც პირველი შვილი მეყოლა და დიპლომი ვეღარ ავიღე. ხელსაქმე პატარაობიდან მაინტერესებდა. ჯერ სკოლაშიც არ დავდიოდი, ბებიისგან ქსოვა რომ ვისწავლე. თვითონ ძალიან კარგად კერავდა, პალტოებიც კი თავისი შეკერილი ეცვა. პაპაჩემის და თურმე მაქმანებით საოცარ რამეებს აკეთებდა. ეტყობა, მათგან გამომყვა ინტერესი და ნიჭი. ხატვის სურვილიც მაშინ გამიჩნდა, როდესაც რამდენიმე წლის წინ ჩემი შვილისთვის საღებავები და მოლბერტი ვიყიდე, მაგრამ ტექნიკა არ ვიცოდი... მოცულობითი ქარგვით 4 წლის წინ დავინტერესდი და მოვძებნე მასწავლებელი. აღმოჩნდა, რომ მან იცოდა ლენტებით ქარგვაც. თავიდან რთული მეგონა და ვიფიქრე, ვერ შევძლებდი, მაგრამ თუ მოინდომებ, ყველაფერი გამოგივა. მთავარია, ტექნიკა გაიგო, დანარჩენი უკვე ფანტაზიასა და მარჯვე ხელებზეა დამოკიდებული. მერე უკვე თვითონ ხვდები, როგორ და რა სჯობს გააკეთო, შერეული მასალით იმუშაო თუ არა. ვქარგავ მულინის ძაფებით, ორგანზას, ასევე ატლასის ლენტებით, გასაფორმებლად ვიყენებ ბუმბულებს, თვლებს, ბისერებს. როდესაც შეხედავ დაპრინტულ ნაჭერს, მერე უფრო ხვდები, რა გინდა მასზე მოქარგო. მოკლედ, არ ვჩერდები. ამ ბოლო დროს პოლიმერული თიხა ვიყიდე და მუზას ველოდები, რომ ამ სფეროშიც ბედი ვცადო. საახალწლო აქსესუარების, სათამაშოების გაკეთებასაც ვგეგმავ. ერთ რამეს რომ გააკეთებ და გამოგივა, მერე ვეღარ ჩერდები, ძალიან აზარტულია, სულ გინდა ახალი რაღაცები მოსინჯო. შეიძლება არ გამოგივიდეს, მაგრამ ხომ უნდა სცადო? მხოლოდ ასე მიხვდები, რა არის შენი და რა არა. ეს ჩემთვის არის თვითგამოხატვის და განტვირთვის საშუალება. დღისით ვერ ვიცლი ნაქარგებისთვის, რადგან ძალიან მიყვარს ცხოველები და 2 ძაღლი მყავს, მათი მოვლა ბევრ დროს მართმევს, მაგრამ საღამოს რომ დავჯდები და შემოვილაგებ მასალებს, დაღლა მავიწყდება და ძალიან ბედნიერი ვარ. საკმაოდ შრომატევადია. ყველაზე რთული მაინც იასამნების მოქარგვაა, მისი ყვავილები სათითაოდ კეთდება. ერთ ნაქარგში ლამის 5000-მდე პატარა ყვავილი გავაკეთე. ვისაც ეხერხება ხელსაქმე, აუცილებლად უნდა სცადოს რამის კეთება - სასიამოვნოცაა და თან შემოსავალიც გაქვს.
- ძირითადად პეიზაჟებს ქარგავ?
- დიახ, თუმცა მიყვარს პორტრეტების, ასევე ქალის სხეულის მოქარგვაც. ჩემი ნამუშევრებიდან განსაკუთრებით მომწონს "ფრიდა კალო". სხვებსაც რომ მოსწონთ ჩემი ნაქარგები, ეს დიდ სტიმულს მაძლევს. საკმაოდ ბევრი შეკვეთა მაქვს. პანდემიამ ყველას შეუშალა ხელი საქმიანობაში, მაგრამ მახსოვს, პირველი ჩაკეტვის შემდეგ მთელი 3 დღე ვარიგებდი შეკვეთებს. ერთს არასდროს ყიდულობენ, მიაქვთ ორი, სამი. სხვათა შორის, ჩემი "ფეისბუკ"-მეგობრებიდან იყო შემოთავაზება, რომ მომეწყო გამოფენა, სადაც თავმოყრილი იქნებოდა ჩემი ნაქარგები, მაგრამ ეს საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ჯერჯერობით ჩემს გვერდზე, რომელსაც "მოქარგული" დავარქვი, ფოტოებს ვტვირთავ ხოლმე... მინდა ვთქვა, რომ ამ საქმიანობაში დიდ სტიმულს მაძლევს მეუღლე. ხშირად ჩემთან ერთად არჩევს მასალას.
- სურვილი გამოთქვი, შეძლებისდაგვარად ერთ მარტოხელა დედას დახმარებოდი, გვითხარი ამის შესახებ...
- ყოველთვის ვცდილობ, თუ რამე შემიძლია, ასეთ ოჯახს ან ადამიანს დახმარების ხელი გავუწოდო, ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში. როდესაც ინტერვიუ წავიკითხე, ჩემზე ძალიან იმოქმედა ამ მარტოხელა დედის ამბავმა და გადავწყვიტე, გაყიდული ნაქარგებიდან გარკვეული თანხა მას და მის შვილებს გადავურიცხო.
ნინო ჯავახიშვილი