"ვარდისფერ სათვალეს" არასდროს ვიხსნი" - გზაპრესი

"ვარდისფერ სათვალეს" არასდროს ვიხსნი"

მომღერალი ლიკუნა თუთისანი ბავშვობიდან მღერის. მგრძნობიარე და ემოციური ადამიანია. ეს თვისებები მის ნამღერზეც აისახება და ყველაზე ნათლად ამას მსმენელი გრძნობს. მზისა და ზაფხულის სეზონის მოყვარულია, მაგრამ მისთვის ზამთარი და ახალი წელი სითბოსთან, ბედნიერებასა და მეგობრებთან ერთად, სასიამოვნო წუთების გატარებასთან ასოცირდება. მართალია თოვლი მოდის, ყინავს, მაგრამ ჩემთვის მაინც თბილა, ამ დროს შინაგანი ზაფხული მაქვსო, - ამბობს.

- ლიკა, თქვენი ყველაზე ნათელი მოგონება ბავშვობიდან რას უკავშირდება?

- 10 წლამდე ბევრი მოვლენა არ მახსოვს. 10 წლის რომ გავხდი, ჩემს დაბადების დღეზე - 5 ივლისს ჩემი და, მართა დაიბადა. არადა, დედას საკეისრო კვეთა 14-ში უწევდა. ასე რომ, მე და ჩემს დას ორივეს ერთსა და იმავე დღეს გვაქვს დაბადების დღე და ეს ფაქტი ძალიან მახარებს.

- რამდენი დედმამიშვილი ხართ?

- ორი და მყავს, მართა და თათული, მე შუათანა ვარ. ასევე, ნათელი მოგონებაა პროექტი "იქს ფაქტორი", რომელშიც 15 წლის ასაკში ვმონაწილეობდი. სულ მოქმედებაში ვიყავი, მონაწილეებთან ვმეგობრობდი. ის ნერვიულობაც კი კარგად მახსენდება და მენატრება, რომელიც სცენაზე ყოველ გამოსვლას და სიმღერების შესრულებას ახლდა.

- შეგიძლიათ დაასახელოთ ადამიანი, ვინც არასდროს დაგავიწყდებათ?

- ბევრმა ადამიანმა მოახდინა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება, მაგრამ მოდი, ჩემს დიდ ბებიას დავასახელებ. საერთოდ, ოჯახში ყველა ძალიან მიდგას მხარში. ისინი რომ არა, გამიჭირდებოდა. ლილი გაგნიძე დედაჩემის ბებიაა. მან გაგვზარდა მთელი შთამომავლობა. სულ ვფიქრობ, რომ გავიზრდები, წიგნს დავუწერ-მეთქი.

- როგორც ჩანს, თქვენზე დიდი ამაგი აქვს... მისი გადაწყვეტილება ხომ არ იყო, მუსიკაზე გევლოთ?

- დიახ, დიდი ამაგი აქვს და ალბათ ვერასდროს გადავუხდი, მაგრამ სულ გავიხსენებ და დავაფასებ. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ლილი ბებიაც და დედაც მღეროდნენ. ბებია პროფესიით მედდა და სტილისტია. ოჯახში ყველამ ერთად შეამჩნია ჩემში სიმღერის ნიჭი, მუსიკალურ სკოლაში შემიყვანეს და მას შემდეგ ამ გზას მივყვები. ამჟამად თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვსწავლობ, მეორე კურსზე ვარ. ძალიან მაგარია სტუდენტური წლები. შთაბეჭდილებებზე ვსაუბრობთ და ცოტა ხნის წინ, კონსერვატორიაში მოცარტის ოპერიდან "დონ ჯოვანი" ნაწყვეტები შესრულდა, რომელშიც ჩემი მეგობრები მონაწილეობდნენ. მგონი, მათზე მეტად მე მიხაროდა, მაყურებლებს შორის ბედნიერი ვიჯექი. სპექტაკლებზე დავდივარ, მაგრამ კონცერტი მეგობრების მონაწილეობით, სულ სხვა განცდებს უკავშირდება. ძალიან ვამაყობ ამ ადამიანებით.

- შთაბეჭდილებებს ვის უზიარებთ პირველად?

- შთაბეჭდილებებზე საუბარი დიდი დოზით ვიცი. პატარა მოვლენასაც კი დიდად ვაქცევ და ძალიან ემოციურად აღვიქვამ. შეიძლება ეს მოდგომა ვინმემ ზედმეტობადაც ჩათვალოს, მაგრამ ასე ვგრძნობ... თან, რამეს მშვიდად ვერ ვყვები, ამ დროს ვმოძრაობ, ერთ ადგილას ვერ ვჩერდები. ჩემს შთაბეჭდილებებს დედასა და მეგობრებს ვუზიარებ. ერთი ცუდი თვისება მაქვს: როცა რამეზე ვიცინი და თან რაღაცას ვყვები, ამ დროს ადამიანს სულ ვეხები და შეიძლება ისე ძლიერადაც, რომ ხელიც ჩავულურჯო (იღიმის).

- ამგვარი ემოციურობა წლების მატებასთან ერთად ცხრება ადამიანში...

- ალბათ, მაგრამ მე არ მინდა, რომ ჩაცხრეს. სილაღე და ბავშვურობა მომწონს. კარგია, როცა შეგიძლია ყველაფერი ასე მძაფრად აღიქვა. შეიძლება ცოტა კი ჩაცხრეს, მაგრამ რადგან ახლა ასეთი დიდი დოზით მაქვს, აუცილებლად დამრჩება საკმარისად (იღიმის).

- ყველაზე უარყოფითი შთაბეჭდილება, რა ყოფილა შენს ცხოვრებაში?

- ძალიან ეჭვიანი ვარ. ამ თვისების გამო, კანკალამდეც კი მივსულვარ. ამა თუ იმ მოვლენაზე მძაფრი ემოციური ფონი მაქვს და ორი დღე ვფიქრობ, რომ სამყარო ჩამოინგრა. ეგოისტი-თქო, ვერ ვიტყვი, მაგრამ ალბათ, მესაკუთრე ვარ ადამიანების მიმართ. თუმცა, ბოლო დროს იმასაც მივხვდი, რომ ყველასგან იმას არ უნდა ელოდო, რასაც ელი. ისიც ხომ შეიძლება, სხვაგვარად გამოხატავდეს თავის სიყვარულს?! მოკლედ, სამყაროს შენი გადმოსახედიდან არ უნდა უყურებდე, თორემ ფსიქიკას დაინგრევ.

მეწვრილმანე ვარ, საქციელის ყველა დეტალს ვუკვირდები, მაგრამ თუ ჩემთვის რამე მიუღებელია, ხშირად ადამიანს ვერ ვეუბნები. არც მომთხოვნი ვარ. ყველაფერს ჩემში ვკლავ და ვნერვიულობ, მაგრამ თუ ამ ყველაფერზე ვღელავ, ამავდროულად ყველაფერში კარგსაც ვეძებ. იმდენი კარგი ხდება ჩემს ცხოვრებაში, რომ მუდამ ღმერთის მადლიერი ვარ. არაჩვეულებრივი ადამიანები მყავს გვერდით. ხელოვანების სამეგობრო წრე მყავს, გარშემო სულ ამაღლებული შეგრძნებებია და სულს ერთმანეთით ვივსებთ.

- თქვენთვის ყველაზე შთამბეჭდავი ჟანრები და ფილმი დაასახელეთ...

- მიყვარს დრამა და მელოდრამა. კომედიასაც ვუყურებ, მაგრამ ეს ჟანრი "ნალექს" არ გიტოვებს. აქედან გამომდინარე, ისეთ ფილმებს დავასახელებ, რომელიც გაფიქრებს. ერთ-ერთია ფრენკ დარაბოტის "მწვანე მილი". ამ 3-საათიანი ფილმის ბოლოს ბევრი ვიტირე; მეორე - "ცხოვრება მშვენიერია", რომელიც ფენტეზის ჟანრია, მაგრამ ნათლად აჩვენებს ცხოვრებაზე ხელჩაქნეულ ადამიანს; არასოდეს არ უნდა იფიქრო, რომ შენი დაბადება შეცდომაა, რომ ამქვეყნად ტყუილად ცხოვრობ.

- თეატრი თუ გიყვართ?

- ძალიან. ბავშვობაში ბევრ თეატრალურ წრეზე დავდიოდი. ალბათ, ჩემი პლუსია, რომ ყველგან მივდივარ. ხელოვნებას რაც უკავშირდება, მინდა ყველაფერი გამოვცადო. სულ მინდოდა კინოსა და თეატრში მეთამაშა. პატარა რომ ვიყავი, მელაკუდას როლი შევასრულე და დღემდე კარგად მახსენდება ის სპექტაკლი. თეატრალურში ჩაბარება ყოველთვის მინდოდა, მაგრამ მუსიკა ჩემთვის პირველია და ამიტომ, კონსერვატორიამ გადაწონა. თან, ვფიქრობ, მუსიკა და თეატრი ახლოს არის ერთმანეთთან, თითქოს ერთია. ძალიან მინდა მუსიკალურ სპექტაკლებში მონაწილეობა, რადგან ვფიქრობ, საინტერესოა.

- მძაფრი შთაბეჭდილებები რომელმა წიგნებმა დაგიტოვათ?

- "პატარა პრინცი" ჩემი პირველი წიგნია, რომელიც ძალიან მიყვარს. თითქოს ბავშვებისთვის არის განკუთვნილი, მაგრამ ამ დროს უფროსები ყოველ მორიგ ჯერზე კითხვისას, სულ ახალ-ახალ აღმოჩენებს აკეთებენ. ბოლო პერიოდში წავიკითხე "ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება". ავტორი კარგად ესაუბრება მკითხველს, მარტივად "ხსნის" ყველაფერს და ამავდროულად, დამაფიქრებელი წიგნია. ახლახან სომერსეტ მოემის "თეატრი" წავიკითხე და ამ რომანმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

- როგორ არჩევთ საჩუქრებს და თავად ყველაზე შთამბეჭდავი რა მიგიღიათ?

- საჩუქრების შერჩევა ძალიან სასიამოვნო პროცესია. მგონია, როცა ერთს შევარჩევ, საკმარისი არ არის და ამიტომ, მეორე ნივთიც აუცილებლად უნდა მოვიძიო. რაც შეეხება ჩემთვის ნაჩუქარ ნივთებს... ერთხელ მეგობარმა ლამაზი, ნაქსოვი საყურე მაჩუქა, რომელიც ხშირად მიკეთია და ძალიან მიყვარს.

- დაბოლოს, ყოველდღიურად რომ ვიწერდეთ შთაბეჭდილებებს, ვის ნაწერებს გაეცნობოდით დიდი ინტერესით? შეგიძლიათ ნებისმიერი ეპოქიდან დაასახელოთ ასეთი ადამიანი...

- ვაჟა-ფშაველა. ის ისე უყურებდა სამყაროს, რომ მისი ყოველდღიური ნაწერები ჩემთვის ყველაზე საინტერესო წასაკითხი იქნებოდა.

- თავად თუ წერდით ან წერთ დღიურს?

- ვწერდი, ის ყოველდღიური შთაბეჭდილებები ძალიან ბავშვური ჩანაწერები იყო. ვყვებოდი, სად ვიყავი, ვინ რა მითხრა და ა.შ. საერთოდ, წერა ძალიან მიყვარს. 2018 წლიდან ლექსებს და მოთხრობებს ვწერ. ალბათ, მას შემდეგ, რაც ცხოვრებაში ვარდისფრის გარდა, სხვა ფერებიც შემოვიდა, მაგრამ "ვარდისფერ სათვალეს" არასდროს ვიხსნი. შეიძლება ვხედავ, რომ რეალობა სხვა ფერია, მაგრამ მეოცნებე, რომანტიკოსი ვარ და ასე მირჩევნია, ასე უფრო სასიამოვნოა. ცოტა ხნის წინ რუსთაველის მეტროსთან ვიღაც ქალი იჯდა და მოწყალებას ითხოვდა. მოვედი შინ და მისი ცხოვრება დავწერე. რა თქმა უნდა, გამოგონილი ამბავია და შეიძლება რადიკალურად სხვა ისტორია აქვს, მაგრამ ჩემი თვალით დანახული აღვწერე. სულ ასეთ ფანტაზიას და წარმოსახვას მივმართავ; მინდა ისეთი რამე ვწერო, რაც რეალობას აღემატება.

ანა კალანდაძე