"ეს მე ვარ, ნიკოლოზ ბარათაშვილი"
მის ცხოვრებაში თითქოს მისი სურვილისამებრ არაფერი მომხდარა. მუდმივად ფარულად თუ ღიად უწევდა ბრძოლა, როგორც არსებული რეჟიმის, ისე თავის დასამკვიდრებლად.
ახალგაზრდა პოეტის ყოფა ეკატერინე დადიანისადმი უიღბლო სიყვარულმა კიდევ უფრო დაამძიმა, კოჭლობის მიზეზით განუხორციელებელი დარჩა მოქმედ არმიაში გამწესების სურვილიც. ფიზიკურმა ტრავმამ და სიდუხჭირემ ბევრ მის ოცნებას მოკვეცა ფრთები. 27 წლის იყო, განჯაში მალარიით დაავადებული რომ გარდაიცვალა. მაშინ მაზრის მმართველის თანაშემწის პოზიცია ეკავა და ესეც იძულებით, რადგან როცა მამისეული ოჯახი გაღატაკების საფრთხის წინაშე დადგა, კანცელარიის რიგითი მოხელის ადგილის დაკავების გარდა, სხვა აღარაფერი დარჩენოდა...
მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში სპექტაკლის „ეს მე ვარ, ნიკოლოზ ბარათაშვილი!” საპრემიერო თარიღები 7, 12 და 22 დეკემბერს იყო ჩანიშნული. თეატრალური პროექტის ავტორი და რეჟისორი გიორგი სავანელია, რომელმაც ნიკოლოზ ბარათაშვილის პოლიტიკური ქარტეხილებით სავსე ცხოვრება წინა პლანზე წამოსწია, ის პიროვნული და ეროვნული თავისუფლებისათვის მებრძოლ გმირად წარმოაჩინა. თითქოს პოეტის რომანტიკული ბუნება აქ ნაკლებად ხაზგასმულია, თუმცა მისი არაერთი ფლირტი და დიდი სიყვარულის ობიექტიც არ არის მივიწყებული. ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ ისტორიული მასალა და თანამედროვეთა მოგონებები საკმაოდ მწირია. გიორგი სავანელმა პავლე ინგოროყვას მონოგრაფიაში შეძლო იმ ბარათაშვილის „პოვნა“, რომელზეც 2018 წელს თავის პიესა დააფუძნა. ვინც სპექტაკლზე დასწრებას გადაწყვეტს, უმრავლესობას, ჩემი ჩათვლით, რომანტიკული პერსონაჟის, „ტრადიციული“ პოეტის ლექსებით გაჯერებული წარმოდგენის ხილვის მოლოდინი ექნება, თუმცა, ორმოქმედებიანი სპექტაკლის მნახველი „სულ სხვა“ ნიკოლოზ ბარათაშვილს გაიცნობს. პიესის დაწერიდან სპექტაკლად განხორციელების 3 წლისთავზე, ავტორმა და რეჟისორმა სპექტაკლში იმპერატორის ერთგული მოხელის, ნიკოლოზ ბარათაშვილის მამის - მელiტონის როლი თავად განასახიერა, ხოლო პოეტის როლის შესასრულებლად მსახიობ ნიკოლოზ ფაიქრიძეზე შეაჩერა არჩევანი.
გიორგი სავანელი:
- მოხარული და მადლიერი ვარ, რომ ბარათაშვილის როლზე ნიკუშა ფაიქრიძის დაკავება მოხერხდა. სასიამოვნო იყო მასთან მუშაობა. ვფიქრობ, შედეგს მივაღწიეთ, მე ძალიან კმაყოფილი ვარ... ისეთი ბარათაშვილი, როგორიც მე მინდოდა, ქართულ თეატრში სულ 3-4-ია, მით უმეტეს ახალგაზრდა თაობაში. უფროს მსახიობებშიც არიან ასეთები, თუმცა, იმის გამო, რომ ბარათაშვილი 27 წლისა გარდაიცვალა, მსახიობი ასაკოვანი ვერ იქნებოდა. ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ ის არ მგვანებოდა ლადო გუდიაშვილის ყველაზე პოპულარულ და არაჩვეულებრივ პორტრეტს, რადგან ის არ არის ბარათაშვილი, უბრალოდ, ეს არის დიდი მხატვრის ფანტაზიით შექმნილი არაჩვეულებრივი ტილო. ფაქტობრივად, ჩვენ არც ვიცით, როგორი იყო ის გარეგნულად და შესაბამისად, ჩემთვის სულერთი იყო, როგორი ვიზუალის მსახიობი ითამაშებდა, რადგან ამ ფაქტს არავითარი დატვირთვა არ გააჩნია. მთავარი იყო ის იდეა გამოგვეტანა წინა პლანზე, რასაც პავლე ინგოროყვასთან მივაგენით და გვეჩვენებინა, თუ როგორ ცხოვრობდა ბარათაშვილი, იბრძოდა პიროვნული, სახელმწიფოებრივი თავისუფლებისა და ეროვნული დამოუკიდებლობისთვის.
- 3-საათიანი, ორმოქმედებიანი სპექტაკლები თითქმის აღარ იდგმება. რთულია ამდენ ხანს მაყურებელი „დაიკავო“. ალბათ გიფიქრიათ, რამდენად გაამართლებს თქვენი ამგვარი გადაწყვეტილება...
- პირველი პრემიერის შემდეგ რამდენიმე სცენა შემცირდა და კიდევ იგეგმება, თუმცა, როგორც ბატონი თემურ ჩხეიძე ამბობს, ყველაფერს თავის ქრონომეტრაჟი აქვს. არ შეიძლება „დათა თუთაშხია“ იყოს მოკლემეტრაჟიანი და „ქვევრი“ - სრულმეტრაჟიანი. ბარათაშვილის ისტორიის მოყოლა მინიმალურ დროში არ გამოვა, თუმცა შეძლებისდაგვარად ვეცდებით, სპექტაკლი რაც შეიძლება კომპაქტური იყოს. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, რომლის ფინანსური მხარდაჭერითაც ეს პროექტი განხორციელდა.
ანა კალანდაძე