"დედაჩემის გარდაცვალებიდან 22 წლის შემდეგ გამოვეცი დისკი" - გზაპრესი

"დედაჩემის გარდაცვალებიდან 22 წლის შემდეგ გამოვეცი დისკი"

ამ ოჯახში სიმღერა თითქმის ყოველდღიური, ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ინოლა გურგულია უმეტესად შვილებს - დათოს და იას აიყოლიებდა ხოლმე, თუმცა ხშირად მამა - კომპოზიტორი მიხეილ შუღლიაშვილიც ერთვებოდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხალხურ სიმღერას ასრულებდნენ. რა გასაკვირია, რომ დათო შუღლიაშვილი მუსიკოსი გახდა. ეთნომუსიკოლოგი და ანსამბლ "ანჩისხატის" ხელმძღვანელი, თავის მუსიკალურ გზაზე და მშობლების მემკვიდრეობაზე გვესაუბრა.

- სახლში მუსიკა სულ ჟღერდა, ეს ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. მუსიკალურ სკოლაში საფორტეპიანო განყოფილებაზე ვსწავლობდი. მამა იმედებსაც ამყარებდა ჩემზე, როგორც მომავალ პიანისტზე, მაგრამ მისი მეთოდით სწავლას მაინცდამაინც ვერ გავუძელი. თუმცა დავიტრაბახებ, მამაჩემის საბავშვო პიესების პირველი შემსრულებელი აღმოვჩნდი, რომელთა შექმნა, როგორც ჩანს, შვილების გაჩენამ შთააგონა. ბავშვობის ერთ ეტაპზე მუსიკას თავი დავანებე. თუმცა მოგვიანებით დავუბრუნდი, ჩავაბარე ნიჭიერთა ათწლედში და შემდეგ უკვე კონსერვატორიაშიც.

- გალობისა და ხალხური სიმღერისადმი სიყვარული როდის გაგიჩნდათ?

- ხალხური სიმღერისადმი ინტერესი ბავშვობაში დედისგან ნასწავლმა სიმღერებმა განაპირობა. გალობისადმი დამოკიდებულებაზე კი გარკვეულად, ოჯახის ტრადიციამაც იმოქმედა (ინოლას წინაპრები სასულიერო პირები იყვნენ). ასევე, ინტერესით ვუსმენდი ანსამბლების - "რუსთავისა" და "გორდელას" შესრულებულ ტრადიციული გალობის ნიმუშებს. მუსიკალური ფოლკლორის მიმართულებით წასვლა მესამე კურსზე გადავწყვიტე. ერთ-ერთ ლექციაზე ჩვენმა ლექტორმა, ცნობილმა ეთნომუსიკოლოგმა, ოთარ ჩიჯავაძემ მითხრა, რომ ხელნაწერთა ინსტიტუტში, ათასობით ქართული საგალობლის სანოტო ხელნაწერი ინახებოდა. გავოცდი... როგორ, ხუთხაზიან სისტემაზე, ჩვეულებრივი ნოტებით ჩაწერილი-მეთქი? - ვიკითხე. ამ ხელნაწერების ნახვა, პაპაჩემის, დავით შუღლიაშვილის დახმარებით მოვახერხე. კონსერვატორიის ფოლკლორის კაბინეტში კი სტუდენტები გავეცანით საგალობლების, ხატოვნად რომ ვთქვათ, "მტვერდადებულ" ძველ გამოცემებს. ეს სანოტო ჩანაწერები ათეისტური რეჟიმის გამო, ფაქტობრივად აუჟღერებელი იყო. იმ პერიოდში კონსერვატორიის სტუდენტებმა შევქმენით ხალხური სიმღერების ანსამბლი, რომელიც მოგვიანებით ანჩისხატის ტაძრის მგალობელთა გუნდი გახდა. დავიწყეთ განსხვავებული მუსიკალური ენის აღმოჩენა, რომლის ქართულობასაც ვგრძნობდით, თუმცა მისი ჟღერადობა სრულიად ახალი იყო.

- ძალიან პოპულარულია ანსამბლი "ანჩისხატი". რას იტყვით თქვენს საკონცერტო ცხოვრებაზე?

- ჩვენ 1988 წლიდან ანჩისხატის ტაძარში ვმსახურობდით. რამდენიმე წლის წინ ანსამბლი გაიყო. ნაწილი ახლაც იმავე ტაძარში გალობს, მეორე ნაწილი კი უფრო მეტად, საკონცერტო გამოსვლებით ვართ დაკავებული. ამ ნაწილს ჰქვია ანსამბლი "ანჩისხატი", რომელსაც ვხელმძღვანელობ. ჩვენი პირველი გასვლა უცხოეთში 1993 წელს, საბერძნეთში შედგა. მას მერე, ყოველ წელს გვქონდა გასტროლები, რომელთა ორგანიზება ძირითადად, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი ქართველი მეგობრების დახმარებით ხდებოდა. რამდენჯერმე ვიყავით ავსტრიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, აშშ-ში და ა.შ. ჩვენმა ანსამბლმა მრავალი ისეთი სიმღერა გააცოცხლა, რომლებიც მანამდე არ აჟღერებულა. ბევრი მათგანი მოვიძიეთ კონსერვატორიის ფოლკლორის კათედრის საარქივო ჩანაწერებში. უძველესი სიმღერის შესწავლისას ხშირად გვეუფლება განცდა, თითქოს ყოველ ჯერზე თავიდან აღმოაჩენ დიდ საგანძურს. ჩვენი ნამღერი საგალობლების პირველი დისკი კანადაში გამოვიდა. ხალხური სიმღერებისა და საგალობლების ათზე მეტი კომპაქტდისკი გვაქვს. გუნდის დაარსებიდან 30 წლისთავისადმი გამართული კონცერტის აუდიოჩანაწერი, ანსამბლმა "ანჩისხატმა" ორი წლის წინ გამოსცა დისკის სახით, სახელწოდებით "სიმღერას ვბედავ".

shugl-2-1640255203.jpg

- თავის დროზე ფოლკლორულ ექსპედიციებში დადიოდით. იმ პერიოდს როგორ გაიხსენებთ?

- ის მომღერლები ჩვენი მასწავლებლები იყვნენ. მათთან ურთიერთობაში ჩვენი გემოვნება და შესრულების მანერა ყალიბდებოდა. იმ დროს ანსამბლს მალხაზ ერქვანიძე ხელმძღვანელობდა, რომელიც სამტრედიის რაიონის სოფელ კულაშიდან იყო. სწორედ იმ სოფელში ცხოვრობდა შესანიშნავი მომღერალი ბენია მიქაძე. მან იმერულის გარდა, ბევრი სხვა კუთხის სიმღერაც იცოდა. მასთან ხშირად ჩავდიოდით. გარდა ამისა, ურთიერთობა გვქონდა ისლამ ფილფანთან, ანდრო სიმაშვილთან, გური და ტრისტან სიხარულიძეებთან, ოთარ ბერძენიშვილთან. ეს ცნობილი მომღერლები თბილისში გამართულ ჩვენს კონცერტებშიც მონაწილეობდნენ. ერთ-ერთ ასეთ კონცერტზე ვანის რაიონის სოფელ ყუმურიდან ნადურის ის უკანასკნელი შემსრულებლები ჩამოვიყვანეთ, რომლებიც ყანაში მუშაობისას მღეროდნენ ცოცხლად. ისინი გაცილებით ადრე გავიცანით. პირველად ბორჯომში შევხვდით, კომპოზიტორთა სახლში გამართულ ფოლკლორის საღამოზე, ედიშერ გარაყანიძის ინიციატივით. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემი ერთ-ერთი წარუშლელი შთაბეჭდილებაა.

- თქვენი მშობლების მემკვიდრეობიდან, ბევრი რამ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის უცნობია...…

- ინოლას სიცოცხლეში, მისი სოლო ნამღერი არ გამოქვეყნებულა, თუ არ ჩავთვლით კინოფილმებში გაჟღერებულ ხმას, სადაც სხვა ავტორების სიმღერებს ასრულებს. დედაჩემის გარდაცვალებიდან 22 წლის შემდეგ, 1999 წელს გამოვეცი დისკი მისი უკანასკნელი ჩანაწერის მიხედვით. იმავე პერიოდში ჩემმა დამ, იამ ინოლას ლექსების, თარგმანებისა და წერილების კრებული გამოსცა. მამა, შეიძლება ითქვას, უფრო დაფარული ხელოვანი იყო, მისი მუსიკალური ესთეტიკა ძნელად გასაგებ და საბჭოთა სინამდვილესთან დაპირისპირებულ ენად აღიქმებოდა. ცენზურაც მუშაობდა და მის სიცოცხლეში უახლოესი მეგობარი მუსიკოსების მიერ, მხოლოდ რამდენიმე ნაწარმოები შესრულდა. საბედნიეროდ დაგვრჩა მისი ხელნაწერები, თუმცა გარკვეული ნაწილი დაკარგულია. მამამ 1980 წლიდან მთელი დრო და ენერგია პედაგოგიურ საქმიანობას დაუთმო, ხოლო საკომპოზიტორო მუშაობა შეწყვიტა. 1996 წელს კინოსტუდიის ტერიტორიაზე, სტუდია "კვალმა" მამას ოთახი დაუთმო, სადაც მოეწყო ერთ-ერთი პირველი კომპიუტერული სტუდია. მის ცხოვრებაში ახალი შემოქმედებითი ეტაპი იწყებოდა. მახსოვს, მითხრა: რაც აქამდე დავწერე, ის ჩემთვის უკვე წარსულიაო. სამწუხაროდ, მამა იმ წელს მოულოდნელად, გულით გარდაიცვალა.

დღეს მიხეილ შუღლიაშვილის მუსიკით უფრო და უფრო ინტერესდებიან ევროპაში. პიანისტ თამრიკო კორძაიას ინიციატივით, ჯერ თბილისში და შემდეგ შვეიცარიაში შესრულდა სამი ფორტეპიანოსათვის დაწერილი "დიდი ქრომატიული ფანტაზია" (ასრულებდნენ: თამრიკო კორძაია, ნუცა კასრაძე და თამარ ჩიტაძე).

რამდენიმე წლის წინ ჩემთან სახლში მოვიდნენ ავსტრიის რადიოს წარმომადგენლები. ისინი ამზადებდნენ გადაცემათა ერთკვირიან ციკლს საქართველოს მუსიკალური კულტურის შესახებ. მათი ინტერესის ერთ-ერთი საგანი იყო ავანგარდული მიმართულება ქართულ მუსიკაში და მიხეილ შუღლიაშვილის შემოქმედების გაცნობა უნდოდათ. ვაჩვენე მამას ნოტები და პარტიტურები, რომლებიც ფორმითაც და შინაარსითაც ორიგინალურია. იმდენად დაინტერესდნენ, რომ ერთი წლის შემდეგ ქალაქ გრაცის თანამედროვე მუსიკის ყოველწლიურ ფესტივალზე შესრულდა მისი რამდენიმე ნაწარმოები. მთხოვეს, მანამდე შეუსრულებელი საორკესტრო ნაწარმოების "პოლიქრონიის" პარტიტურა. იქ შედგა მსოფლიო პრემიერა, ვენის რადიოს ორკესტრის შესრულებით. იმავე ფესტივალზე შესრულდა "დიდი ქრომატიული ფანტაზიაც" და სექსტეტი ორი ფორტეპიანოსა და სიმებიანი კვარტეტისათვის. ფესტივალის მთავარი მოვლენა კომპოზიტორ მიხეილ შუღლიაშვილის აღმოჩენა იყო. ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალისთვის, იმ წელს, როცა ჩვენი ქვეყანა მასპინძელი გახლდათ, თბილისის კონსერვატორიას სანოტო კრებულების გამოცემა დაევალა. მაშინ პირველად და ცალკე კრებულად გამოიცა მიხეილ შუღლიაშვილის სამი თხზულება სამი ფორტეპიანოსთვის.

shugl-1-1640255190.jpg

- ახალ წელს, რას მღეროდით ხოლმე მშობლებთან ერთად და 2022-ს როგორ შეხვდებით?

- ახალ წელს კონკრეტულად რას ვმღეროდით, გახსენება მიჭირს, მაგრამ გეტყვით, რა თამაში გვქონდა ბავშვობაში, რომლის ინიციატორი ინოლა იყო (ალბათ, ბევრი ოჯახი იქცეოდა ასე). მე და ია გარეთ, კართან დავდგებოდით ტკბილეულით დახუნძლული თასით და ვაკაკუნებდით კარზე. მშობლები გვეკითხებოდნენ: ვინ არის? ჩვენ ვამბობდით: ახალი წელი! შემდეგი შეკითხვა იყო: რა მოაქვს ახალ წელს? ვპასუხობდით: სიტკბო, სიხარული, ბედნიერება... გააღებდნენ კარს, შევიდოდით სახლში და დედ-მამა ჩაგვეხუტებოდა. ასე "მოგვყავდა" ახალი წელი.

ბოლო წლებია, ჩვენს სახლში ახალ წელს ჟრიამულია; ჩემი შვილების მეგობრებს ჩვენთან მოსვლა უყვართ და ზოგი მათგანი, ახალ წელს ჩვენთან ხვდება კიდეც. ასეთი ტრადიცია ჩამოყალიბდა. იმედი მაქვს, წელსაც ასე იქნება.

ნანული ზოტიკიშვილი