რატომ იზიდავს ევროპა ქართველებს და როგორ ცხოვრობენ ისინი უცხო ქვეყანაში - გზაპრესი

რატომ იზიდავს ევროპა ქართველებს და როგორ ცხოვრობენ ისინი უცხო ქვეყანაში

ჯერ კარგად დაფიქრდით, ნუ იჩქარებთ, დაუჯერეთ ახლობლებისა თუ მეგობრების რჩევებს.

უფასო ჯანდაცვის პროგრამა, მუშაობის შესაძლებლობა, უსაფრთხოების განცდა და დაცულობის შეგრძნება - ეს მხოლოდ ნაწილია იმ მიზეზებისა, რის გამოც იძულებულები ხდებიან ოჯახები დატოვონ და სამშობლოდან შორს ცდილობენ უკეთესი ცხოვრების შექმნას. ზოგი ოჯახურ ძალადობას გაურბის, ზოგი - საზოგადოებას. უკეთესი მომავლის ძიებაში კი ზოგჯერ უარეს მდგომარეობაში ხვდებიან და შეიძლება, ცივი ზამთრის გატარება ქუჩაშიც მოუხდეთ.

იმ იმედით, რომ მიიღებენ ლტოლვილის სტატუსს, ესპანეთში მოდიან პატარა ბავშვებით, ოჯახებით, თუმცაღა ავიწყდებათ, რა პირობებით შეუძლიათ მიიღონ ეს სტატუსი: ლტოლვილის სტატუსი ენიჭებათ ადამიანებს, ვისაც სდევნიან რასის, ეროვნების, რელიგიის, ორიენტაციის, პოლიტიკური მრწამსისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. მიგრაციის სპეციალისტების გამოცდილებით, საქართველოდან მთხოვნელთა დაახლოებით 4% იღებს ამ სტატუსს, ესენი არიან ლგბტ ადამიანები ან ქალები, რომლებიც ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი არიან, ან ვისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც ძალიან მძიმეა. ვფიქრობ, ადამიანებს უჭირთ გაიაზრონ, რას ნიშნავს ლტოლვილის სტატუსი. ის ფაქტი, რომ საქართველოში ფინანსურად გიჭირს, არ ნიშნავს, რომ ესპანეთი მოგცემს საცხოვრებელს. იმისთვის, რომ გაიცეს სტატუსი, ესპანეთის მიგრაციის სამსახური იკვლევს, რამდენად რეალურია თქვენ მიერ მოყოლილი ისტორია. ასევე, ეძებენ მტკიცებულებებს, რომ სამშობლოში სამართალს ვერ პოულობთ.

შვედეთის ხელისუფლებამაც აღნიშნა მსგავს ტენდენციებზე და განაცხადა, რომ შვედეთშიც გაიზარდა თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი და განმცხადებლებს შორის ორგანიზებული დანაშაულის დაჯგუფების წევრებიც არიან. საქართველოს მთავრობას მოუწოდეს, მიიღონ შესაბამისი ზომები, წინააღმდეგ შემთხვევაში, უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის საფრთხეზე მიუთითეს.

ერთი სიტყვით, იქამდე, სანამ ჩემოდნებს ჩაალაგებ და თვითმფრინავის ტრაპზე დადგები იმ იმედით, რომ უკეთეს ცხოვრებას შეიქმნი, კარგად დაფიქრდი, ხარ თუ არა მზად გაუძლო უამრავ დაბრკოლებას და ტვირთს, რომელსაც ემიგრანტობა ჰქვია?

ჩვენი რესპონდენტებიც უკეთესი მომავლის საძიებლად წამოვიდნენ ესპანეთში, კერძოდ - ბარსელონაში, თუმცა არ გაუმართლათ. შეკითხვაზე, სამშობლოში რატომ არ ბრუნდებიან? - ყველას ერთი პასუხი აქვს: მათმა ოჯახებმა იციან, რომ აქ კარგად მოეწყვნენ და ცოტა ხანში შეძლებენ მათ დახმარებასაც, თუმცა რეალობა ის არის, რომ ქუჩაში სძინავთ...

გიორგი, 45 წლის, წამოსვლის მიზეზი ფინანსური კრიზისი:

- წამოსვლის მიზეზი ვალები და ფინანსური მდგომარეობა იყო. მეგობრებისგან ვიცოდი, რომ აქ შემეძლო მომეთხოვა თავშესაფარი, მივიღებდი საცხოვრებელს, ასევე საკვებს და მხოლოდ იმისთვის დამჭირდებოდა მუშაობა, რომ ოჯახს დავხმარებოდი. აქ სხვა რეალობა დამხვდა. თავშესაფარზე უარი მივიღე და ქუჩაში აღმოვჩნდი. ყველა აქ მყოფმა იცის, რა რთულია უსაბუთოდ დასაქმდეს მამაკაცი. ყოველდღიურ სამუშაოს ვერ ვპოულობ, კვირაში შეიძლება ერთი დღე გამომიჩნდეს რამე, აღებული ფულით კი არ შემიძლია სახლის დაქირავება, მხოლოდ საკვებს თუ ვიყიდი. ამიტომაც ღამე ბანკის შენობაში მძინავს, დღისით კი გამოვდივარ და ვცდილობ, სამსახური ვიპოვო. ჩემთვის ეს აუცილებელია, რადგან საქართველოში მოხუცი მშობლები, მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს დატოვებული. მათ მხოლოდ სოციალური დახმარებით უწევთ თავის გატანა და ვპირდები, მალე შევძლებ თქვენს დახმარებას-მეთქი...

ავთო, 60 წლის:

- სტუდენტი შვილები მყავს, მეუღლე უმუშევარია და გადავწყვიტე, საკუთარ თავზე ამეღო ეს ტვირთი, თუმცა აქ ქუჩაში აღმოვჩნდი.

- თუ მიმართეთ საქართველოს საკონსულოს დახმარებისთვის და რა პასუხი მიიღეთ მათგან?

- საქართველოს საკონსულოში რამდენჯერმე დავრეკე. ვითხოვე დახმარება, რომ მოეცათ საცხოვრებელი, სადაც ღამის გათენებას შევძლებდი. მეორედ ვითხოვე დამხმარებოდნენ, გადავსულიყავი სხვა ქვეყანაში, თუმცა ორივე შემთხვევაში უარი მივიღე. მითხრეს, რომ არ შეუძლიათ ჩემი დახმარება და რაც შეუძლიათ, მხოლოდ ის არის, რომ სახლში დამაბრუნონ (უფასოდ).

ჩვენ მივმართეთ საქართველოს საკონსულოს ბარსელონაში შეკითხვით, რითი ეხმარებიან საქართველოს მოქალაქეებს და არსებობს თუ არა სტატისტიკა, საქართველოს რამდენი მოქალაქე ათენებს ღამეს ღია ცის ქვეშ? მათ ჩვენს წერილს დაუყოვნებლივ უპასუხეს: "საქართველოს გენერალური საკონსულო კომპეტენციის ფარგლებში, ყოველდღიურ რეჟიმში უწევს დახმარებას საქართველოს მოქალაქეებს, როგორც საკონსულო მოქმედებების, ასევე მოქალაქეების უფლებების დაცვისა და მათთვის კონსულტაციის გაწევის კუთხით. მნიშვნელოვანია საგანგებო მდგომარეობის დროს (პანდემიის პირობებში) სახელმწიფოს დახმარება, რომელიც მოიცავდა პირველადი მოხმარების ნივთებით, საცხოვრებლით, საკვები პროდუქტებით, მედიკამენტებითა და სხვა გადაუდებელი საჭიროებებით დახმარებას, მათ შორის, სამშობლოში დაბრუნების კუთხით. ამ მიმართულებით გენერალური საკონსულო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციაში უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა... მაშინ, როდესაც მთელი ესპანეთი ჩაკეტილი იყო, გენერალური საკონსულო საკუთარი ავტოტრანსპორტით უზრუნველყოფდა საქართველოს მოქალაქეების გადაყვანას სამკურნალო დაწესებულებების, აეროპორტებისა და თავშესაფარების მიმართულებით. მნიშვნელოვანი იყო ჩვენი დიასპორის ჩართულობა თანამოქალაქეების დახმარების საკითხში.

ueddp2f7mbjwvjsbpqqnjcr7sy-copy-1640255635.jpg

განსაკუთრებით აღსაღნიშნავია ბარსელონაში, არქიმანდრიტ ლუკა ფალავანდიშვილის თაოსნობით შექმნილი კრიზის-ჯგუფის ეფექტურობა, რომელმაც ფასდაუდებელი დახმარება გაუწია გაჭირვებაში ჩავარდნილ თანამოქალაქეებს. ფასდაუდებელია ალიკანტეში ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელის, მანანა გოგოლაძის როლი, რომელიც პირადად არიგებდა მოქალაქეებისთვის საკვებს და პირველადი მოხმარების პროდუქტებს. ხშირი იყო რიგითი მოქალაქეების მხრიდანაც ერთმანეთის მიმართ თანადგომის გაწევის ფაქტი.

ასევე, ხაზგასასმელია სახელმწიფოს ჩართულობა თითოეული მოქალაქის მიმართ ზრუნვის კუთხით განსაკუთრებით: უცხო ქვეყანაში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების დროს, როდესაც სრული ხარჯის ანაზღაურება ხდება სახელმწიფოს მხრიდან. მოქალაქეების, რომლებიც ესპანეთში იმყოფებიან საცხოვრებლისა და სამსახურის გარეშე, სტატისტიკური მონაცემები საქართველოს გენერალურ საკონსულოში არ ფიქსირდება, რადგან აღნიშნულის შესახებ არ გვატყობინებენ. ოფიციალურად მომართვიანობის არც ერთი ფაქტი გენერალურ საკონსულოში არ ფიქსირდება. შესაბამისად, გენერალური საკონსულო მოკლებულია შესაძლებლობას აწარმოოს ასეთი ტიპის სტატისტიკა. თუმცა, მომართვიანობის შემთხვევაში გენერალური საკონსულო განიხილავს თითოეულ განაცხადს ინდივიდუალურად, რათა დახმარება აღმოუჩინოს თანამემამულეებს კომპეტენციის ფარგლებში, მათ შორის, სამშობლოში დაბრუნების თვალსაზრისით".

ფიქრია რობაქიძე