"სხვა ზნის კაცი"
"ქვეყნიერებას, მსოფლიოს საოცრებებს, საინტერესო ადამიანებს, ნიაგარას ჩანჩქერს, ეგვიპტის პირამიდებს, სემირამიდას ბაღებს, თუ გნებავთ ჩარლის შემოქმედებას, ცრემლივით სუფთა მდინარე ბჟუჟის წყლის ჭალებიდან, ჩემი წინაპრების ეზოდან, მე-12 საუკუნეში აგებული შემოქმედის მონასტრის თვალსაწიერიდან გავცქერი. იმ ძეგლისა, რომელიც ულამაზესი მთის წვერზე დგას და საიდანაც გურიის წარმტაცი სანახებია გაშლილი... მოცალეობის ჟამს, თვალდახუჭული ვუთვალთვალებ ჩემს ბავშვობას, ბუნებას და ადამიანებს, რომელთაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინეს", - ვკითხულობთ ჯემალ ჭკუასელის ჩანაწერებში.
1935 წლის 18 მაისს შემოქმედის თემის სოფელ წითელმთაში ღამის სიმყუდროვე თოფის გრიალს დაურღვევია. "ბიჭია, ბიჭია!" - დასდევნებია გასროლის ექოს მამაკაცის ხავერდოვანი, ძლიერი ხმა. "ამ ალიაქოთის მიზეზი კი გახლდით მე, "მამის იმედი და დედის ბედნიერება", თქვენი მონა-მორჩილი, რომელზედაც ცოტა მოგვიანებით მამამ, შერმადინ ჭკუასელმა გაიხუმრა, - ნამეტანი აბდლურად გავისროლე თოფი ჰაერში. სიმართლე თუ გინდა, მაი თოფი აგერ, ა, საფეთქელში უნდა მესროლაო".
ნათქვამია, ხელოვნებაში ის არის მთავარი, რაც არ ისწავლებაო. ეს ყველაზე მეტად ალბათ, ხალხურ სიმღერას ესადაგება. შერმადინ ჭკუასელის დამსახურებაა, რომ მან თავისი ვაჟი სისხლხორცეულად აზიარა განუმეორებელ და უნიკალურ ქართულ ხალხურ სიმღერას.
1955 წლიდან ჯემალ ჭკუასელი უკვე თბილისში ცხოვრობდა. სკოლის დასრულების შემდეგ ურჩევდნენ, კონსერვატორიაში ჩაებარებინა. თითქოს ამის სურვილი თავადაც ჰქონდა, მაგრამ ქართული სიმღერის სიყვარულმა სხვა გზით წაიყვანა.
იმხანად სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში გამორჩეულად კარგი ანსამბლი არსებობდა, რომელსაც ლოტბარი გოგი გუგუშვილი ხელმძღვანელობდა. ანსამბლმა დიდებული მომღერლების მთელი კოჰორტა შეკრიბა, სწორედ მათი დაჟინებით და ანსამბლის სიყვარულით მოხიბლულმა გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი - 1962 წელს, თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სტუდენტად ჩაირიცხა. სულ მალე ანსამბლის ნამდვილი სული და გული გახდა. მის ხმას თანაგუნდელები დიდი შერმადინის ბანს ადარებდნენ. მერე ინსტიტუტში ჩამოყალიბებულმა მოყვარულ მსახიობთა დასმა გაიტაცა. პირველად "მაია წყნეთელში" ითამაშა, მისმა შესრულებულმა როლმა თეატრალურ საზოგადოებაში ნამდვილი სენსაცია გამოიწვია. ურჩევდნენ, ამ გზას გაჰყოლოდა. თვითონაც შეყოყმანდა თითქოს, მაგრამ გენი მაინც გენია. ისევ საყვარელ ანსამბლს მიაშურა, მიაშურა უკანასკნელად და საბოლოოდ. ანსამბლს არც ინსტიტუტის დასრულების შემდეგ დასცილებია. ერთხანს გარდაბანში აგრონომადაც კი იმუშავა, მაგრამ...
იმ დროს ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში რეორგანიზაცია დაიწყო. ახალი ხელმძღვანელი ლოტბარი გურამ ბაქრაძე კარგ შემსრულებლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებდა. ჯემალ ჭკუასელის შესახებ ჰქონდა გაგებული და მისი მოსმენა უნდოდა. ლოტბარის დავალებით ჯემალს მეგობარმა მიაკითხა, შენ ვაშლს და ატამს ერთმანეთისგან ვერ არჩევ, როგორი აგრონომი ხარ, წამოდი, ანსამბლში იმღერეო. მაშინ ბატონ ჯემალს რატომღაც უარი უთქვამს. რამდენიმე დღეში მეგობარი მოჭიდავე გურამ საღარაძესთან ერთად დასდგომია თავს, - წამოდი, თორემ გაგკოჭავ და ისე წაგიღებო.
მერე იყო ქუთაისი... მიიღო შემოთავაზება წასულიყო და ანსამბლი ჩამოეყალიბებინა.
ჯემალ ჭკუასელი შემოქმედებითი ცხოვრების გზა სავსეა ბრძოლით, თავდაუზოგავი შრომით, წარმატებებით, აღიარების სიხარულით, აპლოდისმენტებით...
ანსამბლს "ერისიონი" 1999 წელს ეწოდა. სულხან-საბა ბრძანებს: "ერისიონი - მთის იერი, მთის თავს ზეითი".
მერე იყო "ქართული ლეგენდა", საოცარი, ზღაპრული, არნახული... მერე იყო "შატილის ასულო", კლიპის გადაღება საფრანგეთში 3700 მეტრ სიმაღლეზე მიმდინარეობდა, საკმაოდ მკაცრ ბუნებრივ პირობებში, -10 გრადუს ყინვაში. კლიპმა საოცარი წარმატება მოიპოვა. საფრანგეთის ტელევიზია დღეში 4-ჯერ უჩვენებდა. კონცერტის ყველა ბილეთი წინასწარ იყო გაყიდული. უბილეთოდ დარჩენილი გულდაწყვეტილი მაყურებელი ანსამბლის წევრებს ქუჩებში დარაჯობდა და ავტოგრაფებს ითხოვდნენ. "ამდენი ხელმოწერა ჩვენში ასე გავრცელებულ ბიუროკრატიულ ქაღალდებზეც არ დამჭირვებია", - თავისებურად ხუმრობდა ჯემალ ჭკუასელი. მაშინ ფრანგული პრესა წერდა: "საფრანგეთში ტორნადო მოვიდა, "ერისიონმა" და "ქართულმა ლეგენდამ" გაანგრია გალაქტიკა". გამოიცა "ოქროს დისკი" 100 000 ტირაჟით, რომელიც 2 კვირაში მთლიანად გაიყიდა.
ჯემალ ჭკუასელის, როგორც შემოქმედის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღოდა მის მეუღლეს, ქალბატონ გიული ჭულუხაძეს. ის მოცეკვავე გახლდათ. მათი შეუღლების რომანტიკულ ამბავს კი ბატონი ჯემალი ასე იხსენებდა:
"1957 წლის მაისი იდგა. დეიდასთან ვიყავი სტუმრად, ფიროსმანის ქუჩაზე. ერთ გოგონას მოვკარი თვალი. ძალიან მომეწონა, თუმცა ვიფიქრე, - როგორ შეიძლება, ამ მშვენიერ ფერიას შეყვარებული არ ჰყავდეს-მეთქი (მე რომ მყავდა, ეს დამავიწყდა), გოგონა მეცხრეკლასელი გიული ჭულუხაძე აღმოჩნდა. დაიწყო უძილო ღამეები. რამდენიმე ხნის შემდეგ, გუმანით მივხვდი, არც ჩემი სანატრელი იყო გულგრილად. გავთამამდი, ვიხელთე დრო და ყურში "რაღაც" ჩავჩურჩულე. მოვიდა დანიშნულ დროს. მორჩა, გვიყვარს ერთმანეთი! გიული იმხანად კინოსტუდიის ანსამბლში ცეკვავდა. ანსამბლის რეპეტიციას დავესწარი, შესანიშნავი მოქართულე აღმოჩნდა. ისე ლამაზად დასრიალებდა, ყინულზე დგასო, იფიქრებდა კაცი. ოცნებაში "ხელოვანთა ოჯახი" შევქმენი. გადიოდა დრო. 7 ნოემბერი იყო, ზაურ ბოლქვაძემ რამდენიმე დღით კახეთში საქეიფოდ წასვლა შემომთავაზა. სიამოვნებით დავთანხმდი. საღამოს გიულის უნდა შევხვედროდი. ვფიქრობდი, როგორ გამეგებინებინა. ეზოში გიულის დედას, ქალბატონ ანასტასიას მოვკარი თვალი. ვთხოვე, გიული ერთი წუთით გამოვიდეს, პატარა საქმე მაქვს-მეთქი. ათიოდე წუთში გამობრწყინდა მოსწავლის ფორმით. სადგურის მოედანზე მივდივარ, გასტრონომში პური უნდა ვიყიდოო. ვუთხარი, კახეთში მივდივარ და საღამოს ვეღარ შეგხვდები-მეთქი. მივხვდი, ეწყინა. გაგაცილებთო, - მითხრა. სადამდე-მეთქი? - ვკითხე უზომოდ გახარებულმა. - "სადამდე?" - შემომიბრუნა კითხვა და უმშვენიერესი წყლიანი თვალები შემომანათა. ეს იყო ყველაზე ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში. ჩვენი ქორწინება სულ მოკლე ხანში იღბლიანად მონათლა ყველა ახლობელმა (ცხადია, სიდედრის გარდა)..."
18 მაისს ჯემალ ჭკუასელს 86 წელი შეუსრულდა. ზუსტად ამ დღეს, 65-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, საყვარელ მეუღლეს გამოეთხოვა.
ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა: "ჩემი სიცოცხლეა, ჩემი მეუღლე გიული, რომელმაც შემაქმნევინა ეს ოჯახი, რაც დღეს მაქვს. შვილები და შვილიშვილები გამიზარდა. ვეტყვი, რომ დღესაც ისევე მიყვარს, როგორც პირველ დღეს და მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. მადლობას ვეუბნები ჩემთან ერთად გატარებული წლებისთვის".
ჯემალ ჭკუასელი ამჯერადაც მართალი აღმოჩნდა, მეუღლის გარდაცვალებიდან ზუსტად 6 თვის შემდეგ, 17 დეკემბერს გარდაიცვალა.
შემოქმედის ტიტულები და რეგალიები შთამბეჭდავია. საქართველოს სახალხო არტისტი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენის მფლობელი, ხელოვნების ქურუმი, ხელოვანთა ოქროს ფონდის კულტურის რაინდი... ჩამონათვალი არასრულია. მისი ყველა რეგალიის და ჯილდოს სულ 2 სიტყვით და მარტივად გადმოცემაა შესაძლებელი, - "ხალხის სიყვარული", რაც ერთეულების ხვედრია.
ჯემალ ჭკუასელთან ურთიერთობის ბედნიერება, როგორც ჟურნალისტს, არაერთხელ მქონდა. მასთან ინტერვიუზე ყოველთვის სიამოვნებით მივდიოდი. სხვა ზნის კაცი იყო, კაბინეტში შემოსულ ყველა ადამიანს ფეხზე ადგომით ხვდებოდა (რაც უკვე იშვიათობაა). ერთხელ მითხრა, თანამშრომელს პატივს შენ თუ არ სცემ, უფლება არ გაქვს, მისგან იგივე მოითხოვოო.
ჯემალ ჭკუასელი იყო რესპონდენტი, რომელიც სიტყვას არასდროს გამადლიდა, შენდამი პატივისცემას გაგრძნობინებდა, იყო საოცრად ყურადღებიანი, მეგობრული, თბილი, თავმდაბალი... მე სულ ასეთი მემახსოვრება.
P.S. "გზის" რედაქცია სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.
თამუნა კვინიკაძე