თბილად შეფუთული ჩაიდნები... - გზაპრესი

თბილად შეფუთული ჩაიდნები...

ჩაიდანი ხელით ნაქსოვ აქსესუარშია შეფუთული. როგორც ამბობენ, ასე ჩაი დიდხანს ინარჩუნებს სითბოსა და არომატს. ერთი შეხედვით ეს "ღუნღულა" ნივთი შემოდგომა-ზამთრის სეზონს უხდება, თუმცა, თავისი პრაქტიკული დანიშნულების გამო, არც წელიწადის სხვა დროს კარგავს აქტუალობას. არსებობენ ადამიანები, ვისაც ამ სასმლის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია, დღეში რამდენიმე ჭიქას მიირთმევენ და მათთვის ჩაის დაყენების პროცესი მთელი რიტუალია. ჩაის სიყვარულიდან გამომდინარე თამარ კირთაძეს გაუჩნდა იდეა, ჩაიდნების შესაფუთები მოექსოვა. მართალია, ქსოვა ახლახან დაიწყო, მაგრამ ამ ნივთებმა ძალიან მალე მიიქცია ბევრის ყურადღება.

2-1640256095.jpg

- პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ვარ. ჩემი შვილი, მეუღლე და მე თბილისში ვცხოვრობთ. როცა ჩემი შვილი მცირეწლოვანი იყო, ვერ ვმუშაობდი, წელს ზაფხულში მასწავლებლების გამოცდა ჩავაბარე და ახლა სამსახურს ვეძებ ამ მიმართულებით - სურვილი მაქვს რომელიმე სკოლაში პედაგოგად დავსაქმდე. ჯერ დამწყები მაძიებელი ვარ (იღიმის). ხელოვნებისადმი ინტერესი ბავშვობიდან მქონდა, თუმცა რაც შეეხება ქსოვას, ამ საკითხისადმი დიდად არასდროს მქონია ინტერესი. ბავშვობაში დედამ მასწავლა ქსოვა და თოჯინებს კაბებს ვუქსოვდი. თავად კი ოჯახის წევრებს გვიქსოვდა ქუდებს, კაშნეებს, ტანსაცმელს. 90-იან წლებში დაბადებულ-გაზრდილი ბავშვებისთვის ეს არ იყო უცხო, რადგან იმ დროს არც ტანსაცმელი იშოვებოდა მარტივად და არც მისი შეძენის საშუალება იყო.

4-1640256120.jpg

- ალბათ ჩაი განსაკუთრებით გიყვართ...

- დიახ. მე და ჩემი მეგობრები ჩაის მოყვარულები ვართ და სწორედ აქედან გამომდინარე გამიჩნდა იდეა, ამ სასმელთან დაკავშირებით რამე განსხვავებული გამეკეთებინა. თან ზამთრის სეზონია, საახალწლო სადღესასწაულო დღეები და ჭურჭლის ეს აქსესუარი ეფექტური იქნება სუფრაზე. ჩაიდნისთვის ერთი "ჩიხოლი" რომ მოვქსოვე, ყველას მოწონება დაიმსახურა. თავდაჯერება და სითამამე ცოტა მაკლია და ალბათ მეგობარ-ახლობლების დაჟინებული თხოვნა რომ არა, არც გავაგრძელებდი ამ საქმეს. რამდენიმე ვარიანტი მოვქსოვე და ფოტოები სოციალურ სივრცეშიც განვათავსე. მცირე დროში ამ ნივთებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მაქვს როგორც სხვადასხვა "უზორით" მოქსოვილი ჩაიდნის საფუთი, ისე "პერსონაჟებით" აწყობილი. ყველაზე მეტად ზღაპრის გმირები - ბუ და მელია - იქცევენ ყურადღებას. ალბათ ბავშვობაში გვაბრუნებენ და იმიტომ. თითოეული ნამუშევარი სადაა და ისეთი ფერის, სიმყუდროვესთან რომ ასოცირდება.

3-1640256109.jpg

- ყველაზე მეტად რომელი ჩაი გიყვართ?

- სხვადასხვა ჩაის ვაყენებ. განსაკუთრებით მიყვარს შავი ჩაი და ჟასმინის. ასევე, ათასგვარ არომატულ ჩაის დედა მიგზავნის საზღვარგარეთიდან. სოფელში მოცვის ჩაის ვამზადებთ. ასევე, მთის ყვავილებით. გვირილის, პიტნის ჩაიც საკმაოდ არომატულია. საშობაოდ ორცხობილებისა და ჯანჯაფილების სახლების დამზადებაც მინდა და ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ამ ჩანაფიქრსაც განვახორციელებ.

ანა კალანდაძე