"ახალ წელს დედოფლებივით უნდა შევხვდეთ" - გზაპრესი

"ახალ წელს დედოფლებივით უნდა შევხვდეთ"

11 წლის გოგონასთვის, რომლის ბავშვობის ულამაზესი პერიოდი მოულოდნელად, ცხოვრების ტრაგიკულმა ეპიზოდებმა შეცვალა, კაბების კერვა სტრესთან გამკლავების საშუალება გახდა - აფხაზეთის ომის მერე, ბავშვური სამყაროს შენარჩუნებას ასე ცდილობდა... წლების შემდეგ, ტანსაცმლის დიზაინით გატაცება ბიზნესად აქცია. დღეს თვითნასწავლი დიზაინერის - მარინა ცომაიას მიერ შექმნილ საღამოს თუ საქორწინო კაბებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ყიდულობენ...

- ბავშვობიდან ვკერავ - ეს საქმე მიყვარს. წარმოშობით სოხუმიდან ვარ. დევნილობის პერიოდში, მოსკოვში მოვხვდით - იქ ვცხოვრობდით... ტანსაცმლის დიზაინისადმი ჩემი სიყვარული თანდათან ვითარდებოდა: უბრალოდ, ნაყიდი კაბები, სტანდარტული მოდელები არ მაკმაყოფილებდა - დიზაინს თავად ვქმნიდი. ჩემი ამჟამინდელი საქმიანობის წინა პირობა ის იყო, რომ სკოლის გამოსაშვები საღამოსთვის, უმცროს დას გრანდიოზული წითელი კაბა შევუკერე, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა და კაბებზე შეკვეთებიც "წამოვიდა" - ისრაელიდან, ამერიკიდან, ავსტრიიდან, ინგლისიდან... მეც არ დავიბენი და ამ ამბავს ბიზნესის მიმართულება მივეცი. თავიდანვე საღამოს და საპატარძლო კაბებზე იყო აქცენტი. მაგალითად, ჩემ მიერ შექმნილი ყველაზე გრანდიოზული კაბა (5 მეტრის სიგრძის შლეიფით) პატარძალს ლიხტენშტეინში ეცვა. ამ კაბაზე 8 ქალბატონი 4 თვის განმავლობაში მუშაობდა. შემდეგ შეკვეთა საუდის არაბეთიდანაც მივიღეთ... მოკლედ, პანდემიის დაწყებამდე, გრანდიოზულ კაბებზე ნამდვილად დიდი მოთხოვნა იყო. მომხმარებლების ძირითადი ნაწილი მოსკოვში ცხოვრობს. სხვათა შორის, პროექტებზე საქართველოშიც მიმუშავია: ჩვენი ქვეყნის დაცული ტერიტორიების თანამშრომლებისთვის უნიფორმები ჩემი დიზაინითაა შეკერილი და აცვიათ მარტვილის კანიონში, სათაფლიაში, პრომეთეს მღვიმეში... ჩემთვის ესეც საპასუხისმგებლო პროექტი იყო... სამცხე-ჯავახეთში, რეგიონში ცეკვის პირველ სტუდიასთანაც ვითანამშრომლე...

fb-img-1639240653132-1640860778.jpg

- ოფიციალურად, რა განათლება გაქვთ მიღებული?

- მოსკოვის ტექნოლოგიური სახელმწიფო აკადემია წარჩინებით დავამთავრე, საბანკო საქმის მიმართულებით. შემდეგ უცხო ენებში ავიმაღლე კვალიფიკაცია... მოკლედ, ტანსაცმლის დიზაინისგან სრულიად განსხვავებულ სფეროში მივიღე განათლება. ოჯახმაც მიიჩნია, რომ ჩემთვის საბანკო სფერო უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ახლა ჩემი წითელი დიპლომი თაროზე დევს, მე კი საყვარელ საქმეს ვაკეთებ (იღიმის)...

- თქვენი, როგორც დიზაინერის კარიერაში, კიდევ რა მნიშვნელოვანი ეპიზოდები ყოფილა?

- მაგალითად, რუსეთში, სილამაზის კონკურსი - "კრასა რასიი" ტარდება. 2015 წელს კონკურსის მთავარი დიზაინერი გახლდით. "ტოპხუთეულის" გოგონები ჩემ მიერ შექმნილ კაბებში იყვნენ გამოწყობილები. შემდეგ, გამარჯვებულსაც ჩემი კაბა ეცვა.

fb-img-1639247360273-copy-1640860792.jpg

- როგორც ვიცი, თქვენი დიზაინით შექმნილი კაბა შორენა ბეგაშვილსაც ეცვა...

- შორენა ბეგაშვილის კაბას რაც შეეხება, თავად გავუგზავნე, ვაჩვენე... მანამდე, რა თქმა უნდა, საკუთარი თავი წარვუდგინე... კაბა ძალიან მოეწონა. ზუსტად ის მოდელი იყო, რაც ჩემს დას გამოსაშვებ საღამოზე ეცვა. იმ წითელმა კაბამ კარგად "იმუშავა" - ძლიერი ეფექტი მოახდინა: მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შემიკვეთეს...

- ბიზნესში პირველი ნაბიჯების შესახებ მოგვიყევით...

- ამ შემთხვევაში, ჩემი განათლება გამომადგა, რადგან აკადემიაში ბიზნესის დაგეგმარებასაც გვასწავლიდნენ, სტარტაპის განვითარებასაც და ა.შ. ატელიე, მკერავი ქალბატონები, ხარისხიანი ქსოვილები მოვიძიე... ფაქტობრივად, ჯერ შეკვეთები მივიღე, ყველაფრის ორგანიზება კი მერე მომიხდა.

- სამოსის ახალი მოდელების შექმნისას, თქვენი ინსპირაციის წყარო რა არის?

- შეიძლება, ინსპირაციის წყაროს ყველაფერში წავაწყდე, მაგალითად - რომელიმე "სელებრითის" ჩაცმულობის რამე დეტალი დავინახო და იქიდან მთელი მოდელი "ავაწყო". კაბის შექმნისას, კლასიკური სტილიდან სექსუალურობისკენ "მივდივარ", მაგრამ ელეგანტურობას აუცილებლად ვინარჩუნებ - ამას ყველა აღნიშნავს. ჩემ მიერ შექმნილი სამოსი მხოლოდ სექსუალური არ არის - დედოფალი ნებისმიერ საზოგადოებაში დედოფალი უნდა იყოს (იღიმის)... ყოველდღიურ, "ქეჟუალ" სტილის სამოსთან დაკავშირებით, მომხმარებლები იშვიათად მომმართავენ.

- მუშაობის პროცესი როგორია? პრეტენზიული მომხმარებლები არ გყავთ?

- შეკვეთებს დისტანციურად და ძირითადად, საზღვარგარეთიდან ვიღებ. ზოგმა ზუსტად იცის, რა უნდა, ზოგის სურვილს საუბრისას ვხვდები, ვგრძნობ... განვიხილავთ ფოტოებს, ესკიზებს... 7-წლიანი გამოცდილება საშუალებას მაძლევს, მომხმარებელს მივუხვდე. ამ ეტაპზე ჩემი ნამუშევრებით ნამდვილად ყველა კმაყოფილია. ჩემთვის ყველაზე დიდი რეკლამა და წარმატება ის არის, რომ კმაყოფილი მომხმარებლები ჩემ შესახებ ერთმანეთს ეუბნებიან.

- დისტანციურ რეჟიმში მუშაობა რთული არაა?

- 7 წლის წინ, ეს მართლაც ზღაპარივით იყო, მაგრამ დისტანციურ რეჟიმში მუშაობა დრომ და საჭიროებამ მოიტანა. თვალმაც ისეთი უნარი გამოიმუშავა, რომ ადამიანის დანახვისას ზომების აღებაც აღარ მჭირდება (იცინის)... რა თქმა უნდა, მომხმარებლები ზუსტ პარამეტრებს გვიგზავნიან - ყველა ნიუანსი ვიცით, მაგრამ მაგალითად, საპატარძლო კაბას კორსეტი აქვს, კორსეტის თასმები კი საშუალებას გვაძლევს, 1-2-სანტიმეტრიანი ცდომილება დავუშვათ, როგორც საქორწინო კაბების ყველა სალონში ხდება... საღამოს კაბებს რაც შეეხება, ძირითადად, წელვადი ქსოვილისგან ტანზე მომდგარ მოდელებს ვქმნით, რაც ასევე, 1-2-სანტიმეტრიანი ცდომილების საშუალებს გვაძლევს.

- თქვენი და, ვისთვისაც თქვენი პირველი წარმატებული კაბა შექმენით, ამჟამად რას საქმიანობს?

- ძალიან ყოჩაღი გოგოა. რუსეთში, ტელევიზიაში ჟურნალისტად მუშაობდა. შემდეგ გათხოვდა. ქართველი სიძე, გვარად ახვლედიანი მყავს (იღიმის). ამჟამად ლონდონში ცხოვრობს. წვეულებებზე ჩემს კაბებში გამოწყობილი ხშირად არის ხოლმე...

- სოხუმში გატარებული ადრეული ბავშვობის პერიოდი თქვენს შემოქმედებაზე გავლენას ახდენს?

- რა თქმა უნდა. იქაური სილამაზე, ზღვა გონებაში ილექებოდა და ჩემს შემოქმედებაში დღემდეა... 11 წლის ვიყავი, როცა სოხუმის დატოვება მოგვიხდა. ვცდილობ, ის ტრაგედია არ გავიხსენო... მაშინ, სვანეთის გზაზე, ჩვენს ბევრ ნათესავს ტყვია მოხვდა, სისხლისგან დაიცალა... თუმცა, ერთი პოზიტიური ეპიზოდის შესახებაც მოგიყვებით: როცა სოხუმი დაეცა, ბაბუაჩემი (ეთნიკური ქართველი) აფხაზებმა დასახვრეტად გამოიყვანეს. ჩვენი კარის მეზობელი, აფხაზი ქალბატონი, რომელსაც დღემდე ვემადლიერები, ბაბუას გადაეფარა - ტყვიას ჯერ მე მესვრით, შემდეგ კი ჩემს ძმასო!.. ბაბუა ასე გადაარჩინა... დღეს ამ ქალბატონის ქალიშვილი ჩემი შვილის ნათლიაა... იმედია, აფხაზეთის მტკივნეული თემა ასე, სიყვარულით მოგვარდება...

- სოხუმიდან დევნილი გოგონა გადატანილ სტრესს სადღესასწაულო კაბების შექმნით უმკლავდებოდით?

- დიახ. ახლა ბავშვის ფსიქოლოგთან მიყვანა მოდურია. წინათ, ასე არ იყო... წარმოიდგინეთ, ჩემი ბედნიერი ბავშვობიდან, რომელსაც ოჯახში, ზღვის პირას ვატარებდი, უცებ სრულიად სხვა სამყაროში მოვხვდი. მაგალითად, ოჯახში ისეთი რთული ვითარება იყო, რომ 2 წლის განმავლობაში, მოსკოვში, სკოლაში ვერ დავდიოდი. ჩვენი ოჯახი (5 სული ვიყავით) სრულიად უპატრონოდ, უსამსახუროდ, მოსკოვში მოხვდა... ურთულესი პერიოდი გავიარეთ. 15 წლის რომ გავხდი, მამამ პატარა საკერავი მანქანა მიყიდა - შეძლო, ჩემთვის ასეთი საჩუქარი ეყიდა. უკვე ჩემს შინაგან სამყაროში დედოფლობა მინდოდა - ყოველთვის მამიკოს დედოფალი ვიყავი, შესაბამის სამოსს ვქმნიდი და სადმე მივდიოდი (იღიმის)... სამწუხაროდ, ბაბუა და მისი 2 შვილი ისე გარდაიცვალნენ, რომ ოჯახის ვერცერთი წევრი აფხაზეთში ვერ დაბრუნდა. როგორც სოხუმის შვილს, ეს თემა გულს ძალიან მტკენს. მინდა, ჩემმა შვილებმა აფხაზეთის შესახებ იცოდნენ. ამიტომ საღამოობით, როცა ერთად ვსხდებით, მათ აფხაზეთთან დაკავშირებულ მოგონებებს ვუზიარებ...

fb-img-1617394300719-copy-1640860809.jpg

- თქვენს შვილებს რა ინტერესები აქვთ?

- 2 გოგონა მყავს. უფროსი 16 წლის გახლავთ. მიზანდასახულია და სამომავლოდ, იურიდიული განათლების მიღებას გერმანიაში გეგმავს. ამისთვის პირველი კლასიდან ემზადება, სკოლაც შესაბამისი შევარჩიეთ... უმცროსი 11 წლის არის. ხელოვანი გახლავთ - ზღაპრული სამყარო ურჩევნია (იღიმის)...

- ახალი წლის დღესასწაულისთვის როგორ ემზადებით?

- მომხმარებლებმა უკვე მომწერეს - თქვენი საახალწლო სუფრა, ნაძვის ხე, მორთულობა როგორი იქნებაო? ტრადიციად მაქვს, რომ საახალწლო დეკორაციის ყველა დეტალს საკუთარი ხელით ვამზადებ. გარდა იმისა, რომ კაბებს ვქმნი, მომხმარებლებს ჩემი სამყაროს შესახებ ვუყვები და ისინიც სიამოვნებით მისმენენ, მიყურებენ... 7 წელია, "მომყვებიან".

- საახალწლო დღესასწაულებისთვის როგორ კაბებს ითხოვენ?

- სხვათა შორის, ჩემ მიერ შექმნილი სამოსის მომხმარებლები ზოდიაქოს ნიშნებს დიდ ყურადღებას აქცევენ. მეც ჰოროსკოპზე ვაფუძნებ ყველაფერს, რასაც მათ ვთავაზობთ. მაგალითად, ჰოროსკოპის მიხედვით, ახლა ხომ ვეფხვის წელი დგება! ამიტომ ვერცხლისფერი ქსოვილი აქტუალურია... პანდემიის პერიოდში, ე.წ. კოქტეილის კაბებზე მოთხოვნა გაიზარდა. აქცენტი დეკოლტეზე კეთდება. ქსოვილი მაინც სადღესასწაულო, გამორჩეული უნდა იყოს, რომელიც ბრწყინავს, ანათებს...

fb-img-1639250095863-copy-1640860822.jpg

- კონკრეტულად, რას ურჩევთ ქალბატონებს, ახალი წლის ღამეს როგორ გამოეწყონ? ყურადღება რა დეტალებს მიაქციონ?

- რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ბედნიერებით აღსავსენი უნდა იყვნენ. ამის შემდეგ "მოდის" კაბის ფერიც, იდეაც... ცხადია, უნდა ვეცადოთ, ვერცხლისფერ სამოსში გამოვეწყოთ, მეორე ნახევრებს თავი მოვაწონოთ, მათი გემოვნება გავითვალისწინოთ... როცა ქალისთვის სამოსს ვარჩევ, იმ მამაკაცის თვალით ვუყურებ, ვის გვერდითაც ეს ქალია, ვისთვისაც იმოსება... ჩემთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. როცა მომხმარებლები ქმრებთან ან საქმროებთან ერთად მოდიან, ამ მამაკაცების გემოვნებას ყოველთვის "ვიჭერ".

- მარტოხელა ქალბატონებს რას ურჩევთ, როგორ ჩაიცვან?

- ყველა ქალბატონი შინაგანად მაინც კეკლუცია და ასეც უნდა იყოს (იღიმის). ახალ წელს დედოფლებივით უნდა შევხვდეთ. როგორი განწყობაც გვექნება, ვფიქრობ, მთელი წელი ისე გაგრძელდება და დედოფალიც იქნები მეორე ნახევრისთვის, რომელსაც მოიზიდავ, თუ მარტოხელა ხარ (იღიმის)...

ეთო ყორღანაშვილი