მოსიყვარულე ვეფხვი, რომლის მოფერებასაც ვერავინ რისკავს - გზაპრესი

მოსიყვარულე ვეფხვი, რომლის მოფერებასაც ვერავინ რისკავს

წინასაახალწლო პერიოდში, ვეფხვები ადამიანთა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცნენ. მიზეზი ჰოროსკოპია, რომლის მიხედვითაც ვეფხვის წელი დგება... გადავწყვიტეთ, თბილისის ზოოპარკში მცხოვრები ერთადერთი ვეფხვი უკეთ გაგვეცნო, მისი მომვლელის - 20 წლის გიორგი კილაძის დახმარებით...

- 12 წლის ვიყავი, როცა ზოოპარკში მივედი, როგორც დამთვალიერებელი. ვნახე, რომ იქ საგანმანათლებლო ცენტრი იყო, სადაც მერე სწავლა დავიწყე. მასწავლიდნენ ცხოველებზე დაკვირვებას, ზოოლოგიურ ტერმინოლოგიას და ა.შ. შემდეგ ზოოპარკის მოხალისე გავხდი, მოგვიანებით - თანამშრომელი (მომვლელი). ამჟამად, მტაცებლებისა და პრიმატების განყოფილებაში ვმუშაობ.

- ეს განყოფილება თქვენი ინტერესის მიხედვით შეარჩიეთ?..

- საერთოდ, ბავშვობიდან ყველა განყოფილებასთან მქონია ურთიერთობა, მაგრამ განსაკუთრებით კარგად აქ ვიგრძენი თავი: მტაცებლები და პრიმატები საინტერესო დასაკვირვებლები არიან, საინტერესო ქცევებით გამოირჩევიან. შეგიძლია, ბევრნაირი "ენრიჩმენტი" (არეალის გამდიდრება, რომ გარემო ველურ ბუნებას მაქსიმალურად მივამსგავსოთ) შესთავაზო - ყნოსვითაც დააინტერესო, ქცევითაც, კვებითაც... ამიტომ მტაცებლებთან და პრიმატებთან ურთიერთობა ვარჩიე...

- ძალიან კარგი. ახლა კონკრეტულად ვეფხვის შესახებ ვისაუბროთ: თბილისის ზოოპარკში როგორი ვეფხვი გვყავს?

- ეს გახლავთ უსურიული ვეფხვი, რომელიც ყველაზე დიდი "კატაა" - გიგანტია!.. დაახლოებით 4 წელია, რაც რომელიღაც ზოოპარკმა გვაჩუქა.

- მასთან მოსვლის დღიდანვე ურთიერთობთ?

- არა. როგორც აღვნიშნე, მოხალისედ ბევრ განყოფილებაში ვმუშაობდი, თუმცა როცა ვეფხვი მოიყვანეს და ტრენინგი დაიწყო, თუ როგორ მოგვევლო, რა თქმა უნდა, მეც იქ ვიყავი. სხვა ვეფხვების მოვლის გამოცდილება მანამდეც გვქონდა, მაგრამ კონკრეტულ ინდივიდებს ხელახლა შესწავლა სჭირდებათ: ზოგს კონკრეტული ქცევა აღიზიანებს, რაღაც არ მოსწონს, რაღაც - მოსწონს და ა.შ.

- თბილისის ზოოპარკის ბინადარ ვეფხვს რა ჰქვია?

- თორი. დიდი ტანის და ღონის პატრონი გახლავთ. სახელი უკვე ჰქონდა, როცა ჩამოგვიყვანეს.

- თავის სახელზე რეაგირებს?

- მეტ-ნაკლებად.

- ჩვენს ზოოპარკში ცხოვრებას ადვილად შეეგუა?

- კი, რადგან აკმაყოფილებს სივრცე, საკვები, მოვლა, გართობა, "ენრიჩმენტი"...

- გვიამბეთ, მასთან თქვენი ურთიერთობა როგორ დაიწყო და აეწყო?

- თავდაპირველად, რა თქმა უნდა, აქაურობას მიუჩვეველმა არ იცოდა ჩვენი სუნი, აღნაგობა, სილუეტი... ყველაფერი დროის საკითხია: ახლა უკვე ძალიან კარგი, დამჯერი "ბიჭია". თამაში და ცანცარი უყვარს (იცინის). შემაღლებულ ადგილზე ხორცს ვუკიდებთ, რომ ხეზე აძვრეს და ჩამოიტანოს (ესეც ერთგვარი "ენრიჩმენტია")...

- მისი მოვლის სპეციფიკის შესახებ გვიამბეთ...

- მისი მოვლა გულისხმობს სათანადო კვებას, წყალს... ვეფხვის წონას და ჯანმრთელობას მუდმივად ვაკონტროლებთ. ვოლიერში რომ არ მოიწყინოს და მუდმივად რაღაცით დაკავებული იყოს, სხვადასხვა "ენრიჩმენტს" ვთავაზობთ. პლუს, საჭიროა ვოლიერის დალაგება, ფეკალიების გამოტანა, ასევე - ხორცის შეჭმის შემდეგ, ძვლის გამოტანა... ვეფხვის მოვლის სპეციფიკა ძირითადად, ასეთია.

- მისი კვების დღიური რაციონი როგორია?

- ვეფხვი მიირთმევს ყოველ მეორე დღეს. ბუნებაშიც ასეა: ყოველდღე არ ნადირობენ, არ ჭამენ, მით უმეტეს, ვოლიერში მყოფი ვეფხვი საკმარის ენერგიას ვერ ხარჯავს. აუცილებლად წითელი, უცხიმო ხორცი უნდა ვაჭამოთ. ყოველდღიურად რომ ვკვებოთ, ძალიან გასუქდება, რაც შიმშილზე ბევრად უარესია. საერთოდ, ცხოველის გადაძღომა ძალიან ცუდია - მის ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება. სიმსუქნე როგორც ადამიანის ჯანმრთელობას ვნებს, ასევეა ვეფხვების და სხვა მტაცებლების შემთხვევაშიც.

- ვეფხვთან უშუალო კონტაქტი, ვოლიერში შესვლა შეგიძლიათ?

- მასთან რომ შევიდე, დარწმუნებული ვარ, ვეღარ გამოვალ (იცინის). "სეტკის" მიღმა უსაყვარლესია: მოდის, ვოლიერს ეხახუნება - უნდა, რომ მოვეფეროთ. ხელის გადასმა შეგვიძლია, მაგრამ არსებობს წესები, რომლებიც ზოოპარკის თანამშრომელმა უნდა დაიცვას, მით უმეტეს, როცა მტაცებელ ცხოველთან აქვს საქმე, რომელიც ზედმეტად საშიშია... თორი "დატრენინგებული", დამჯერი და ჭკვიანი "ბიჭია" - იცის, კვების დღე, დრო როდის აქვს: ზამთრის ვოლიერში შედის, რომელსაც ვკეტავთ, შემდეგ მთავარ ვოლიერში (სადაც დამთვალიერებელი ხედავს ხოლმე) შევდივართ, ხორცს მაგალითად, მორზე ჩამოვუკიდებთ ან სხვა სახის "ენრიჩმენტს" ვუგონებთ... რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ვეფხვზე ძალადობის გარეშე ხდება.

- პარტნიორის გარეშე ცხოვრება არ უჭირს?

- სავარაუდოდ, მისთვის პარტნიორიც ჩამოვა, რადგან შეწყვილება აუცილებელია, მაგრამ საერთოდ, ვეფხვებს მარტოობა არ უჭირთ. ოჯახებად ველურ ბუნებაშიც არ ცხოვრობენ - მდედრის და მამრის ერთად ნახვა მხოლოდ შეწყვილების პერიოდშია შესაძლებელი. ძირითადად, მარტო დადიან, ლომებისგან განსხვავებით, რომლებიც დიდი პრაიდების (ბევრი მდედრი და ერთი მამრი) სახით გვხვდებიან ბუნებაში.

- უსურიულ ვეფხვებს კიდევ რა ახასიათებთ?

- მაქსიმალური ზომით გამოირჩევიან - მათზე დიდი "კატა" არ არსებობს. ცივ კლიმატში უწევთ ცხოვრება, ამიტომ გრძელი და ხშირი ბეწვი აქვთ... ულამაზესია!

vefkhvi-copy-1640861063.jpg

- ალბათ, ახლა, ზამთრის ცივ ამინდში, თორი თავს უფრო მეტად კომფორტულად გრძნობს, არა?

- რა თქმა უნდა, მაგრამ მისთვის პრობლემა ზაფხულშიც არ იქმნება, რადგან ზოოპარკში აუზი აქვს, სადაც ცურვა შეუძლია, მაგრამ ჩვენს ვეფხვს წყალი არ უყვარს. ბევრჯერ ვცადეთ - აუზის ცენტრში ხორციც კი ჩამოვუკიდეთ, რომ ყურადღება საკვებზე გადაეტანა და წყალში ჩასულიყო, მაგრამ არ ჩავიდა. წყლით ვერანაირად ვერ დავაინტერესეთ (იცინის)... საერთოდ, გარკვეული დროით, ვეფხვებს წყალში ცურვა უყვართ... ჩვენს ვეფხვს გოგრებით თამაში განსაკუთრებულად მოსწონს. როცა სეზონია, დიდ გოგრას ვარჩევთ. როგორც სახლის კატა ძაფის გორგალით ერთობა, თორიც ისე აგორავებს, ურტყამს, აბურთავებს გოგრას... სიმაღლეზე აიტანს და იქიდან დააგორებს ხოლმე (იცინის). ჩვეულებრივი "სახლის კატა" ხდება.

- აღნიშნეთ, მოფერება უყვარსო. როცა მოფერება უნდა, როგორ იქცევით?

- ვერ ვეხებით. მის მოფერებას ვერ გავრისკავთ, რადგან ზედმეტად საშიშია. ინტენსიურ "ტრენინგებს" თუ ჩავუტარებთ, შეიძლება მასთან ვოლიერშიც შევიდეთ, რადგან მსოფლიოში არიან ადამიანები, ვინც ამას ახერხებენ - ველურ ლომებს და ვეფხვებს ბუნებაშიც კი იჩვევენ, მაგრამ ამას ბევრი მუშაობა, დაკვირვება, რესურსი, ცოდნა და დრო სჭირდება. ვეფხვს თავი ისე უნდა აგრძნობინო, რომ თანასწორად აღგიქვას. თუკი შენზე დომინაცია მოახდინა, აუცილებლად მოგკლავს და შეგჭამს; თუ მასზე დომინაცია თავად მოახდინე, ვოლიერში არ შეგიშვებს და მაინც შეგჭამს, რადგან საფრთხედ აღგიქვამს.

- ზოოპარკში იგრძნობა, რომ ჰოროსკოპით, ვეფხვის წელიწადი დგება?

- რა თქმა უნდა. ვეფხვს სახალისო "ენრიჩმენტებს" ვუკეთებთ, რითიც გაერთობა, ენერგიას დახარჯავს... კონკრეტული "ენრიჩმენტი" ახალ წელთან კავშირშია ხოლმე: მაგალითად, შეგვიძლია ისეთი მასალისგან, რაც ცხოველს არ ავნებს, ნაძვის ხე ავაწყოთ, ვეფხვმა ის დახიოს და შიგნით ხორცი იპოვოს. ჩვენ დავინახავთ, რომ ვეფხვს უხარია, მაგრამ ცხადია, ის ვერ ხვდება, რომ ახალი წელია ან საერთოდ, რამე დღესასწაული არსებობს... ზოოპარკში ვეფხვი ყურადღებას ყოველთვის იქცევდა, რადგან ზედმეტად ეგზოტიკურია. თან, ჩვენი ინდივიდი ძალიან ლამაზია (იღიმის). ახლა დამთვალიერებლების ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა: ვეფხვის წელი მოდისო და უნდათ, ვოლიერთან მივიდნენ, ვეფხვთან ფოტო გადაიღონ, მტაცებელს ახლოდან დააკვირდნენ, მისი ქცევები ნახონ, შეისწავლონ, ბავშვებს აჩვენონ...

ეთო ყორღანაშვილი