"ბავშვებს რომ ჩუქნის საჩუქრებს, თვითონაც უხარია... - გზაპრესი

"ბავშვებს რომ ჩუქნის საჩუქრებს, თვითონაც უხარია...

ახალი წლის დღესასწაულს და საჩუქრებს ვინ, ვინ და ყველაზე მეტად, პატარები ელოდებიან. წერილებსაც გულმოდგინებით წერენ და მშობლებს აძლევენ თოვლის პაპასთან გასაგზავნად, მერე კი დღეებს, საათებსა და წუთებს ითვლიან მის მოსვლამდე. ნინო მესხორაძე - თავის საქმესა და მოსწავლეებზე შეყვარებული დაწყებითების პედაგოგი პატარებთან ურთიერთობის ყველა სახალისო მომენტს იმახსოვრებს და დიალოგებს იწერს, მათ შორის ამ დღესასწაულის შესახებაც.

- რა არის ეს? - კონვერტი ვუჩვენე ბავშვებს.

- კონვერტი! - თითქმის ერთხმად მითხრეს.

- რას დებენ კონვერტში?

ანდრია: თოვლის ბაბუას წერილს.

- და რატომ უგზავნიან თოვლის ბაბუას წერილებს?

ალექსანდრე: აბა, ხო არ დაურეკავენ?

ერეკლე: თოვლის ბაბუას არა აქვს მობილური.

ინგა: იქ, სადაც ცხოვრობს, არ იყიდება მობილურები. თოვლის ბაბუა მარტო წერილებს იღებს.

- და საიდან იღებს?

ბარბარე: ჩამოდის საქართველოში და ფოსტიდან იღებს, მერე ელფებთან მიაქვს და ისინი ფუთავენ საჩუქრებს.

მარიამი: ტელეფონი აქვს თოვლის ბაბუას, ოღონდ არ იყენებს. დედაჩემი ისვენებდა ლაპლანდიაში. უნდოდა თოვლის ბაბუას ნახვა, მაგრამ სახლში არ დახვდა. ტელეფონის ნომერი დაუტოვეს და დედამ მე მომცა.

ერეკლე: მერე, რატომ არ ურეკავ?

მარიამი: ტელეფონი არ მათხოვა დედამ.

72969979-2526306724124772-6031651847716995072-n-copy-1640861211.jpg

***

იკო: დავინახე, როგორ წამოვიდა ლაპლანდიიდან თოვლის ბაბუა.

გიორგი: მეც დავინახე, თითქმის თურქეთში იყო.

ნიკო: თურქეთში თუა, მაშინ მალე ჩამოვა. უი, სასწრაფოდ უნდა დავწერო წერილი, თორემ გავმწარდები.

დემეტრე: სანამ ჩამოვა, გავუმზადებ ორცხობილებს და რძეს, თორემ არაფერი ექნება ნაჭამი.

ნიკო: თუ არაფერს ჭამს, აბა, ეგეთი მსუქანი როგორაა?

დემეტრე: კი ჭამს, მაგრამ გზაშია და მოშივდება. დავდებ ნაძვის ხესთან და მე წავალ, თორემ მე თუ დამინახა, არ გამოჩნდება და დარჩება მშიერი.

***

ერთი თვის წინ წყნეთში პირველად რომ წამოთოვა, გახარებული ბავშვები მთელი დღე "ჯინგლ ბელს" მღეროდნენ, თოვლის ბაბუა გზაში ეგონათ.

ელენე: თოვლი მაშინ მოდის, როცა ღრუბელი გაიყინება.

ნიკო: ყველაზე სასარგებლო მაშინაა თოვლი, როცა ტყლაპივით მოდის და დაეტყეპება მიწაზე.

ანდრია: თოვლი არის დაბერებული წვიმა. აი, როგორც ბაბუებს გაუთეთრდებათ წვერი, ისე თეთრდება ბებერი წვიმა.

ანო: მე მიყვარს თოვლი, მაგრამ ზამთარი არა - მცივა და იმიტომ. მინდა, თოვლი ზაფხულში მოდიოდეს, შევაგროვებდი, შევჭამდი და... უჰ, რას გავგრილდებოდიიი!

***

დღეს ბავშვებმა თოვლის ბაბუას წერილები მისწერეს, თან მთხოვეს, არ წამეკითხა: ვაითუ, არ აგვიხდეს, ჯობია პირდაპირ ხელში გადასცეთო. გამონაკლისი მხოლოდ სალი იყო, თქვენც გაგაცნობთ მის წერილს: "არარსებულო თოვლის ბაბუა, არ ვიცი, რატომ მატყუებენ ჩემი მშობლები, რომ შენ არსებობ და მეუბნებიან, საჩუქარი დააბარეო. თუ ასეა, მაშინ ერთ ექსპერიმენტს ჩავატარებ და გავიგებ, მართლა არსებობ თუ არა. ახალ წელს მომიტანე წითელი "ფერარი" და გამხადე მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი. სულ ეს არის. ამას თუ შემისრულებ, მაშინ დავიჯერებ, რომ მართლა არსებობ. წინასწარ დიდი მადლობა".

***

ნინი: თოვლის ბაბუ ცხოვრობს ანტალიაში. ის კეთილია და პატარაობაშიც კეთილი იყო. თოვლის ბაბუ მდიდარია, ამიტომ ყიდულობს საჩუქრებს. თოვლის ბაბუს ცოლიც ჰყავს, იმას თოვლის ბებო ჰქვია. ისინი ერთად დადიან და ურიგებენ ბავშვებს საჩუქრებს..."

***

გიორგი: თოვლის ბაბუას წლოვანება მისი წვერით იზომება. რამდენი სანტიმეტრიც აქვს, იმდენი წლისაა. ლევანი: ძალიან რომ დაბერდება, პენსიაზე გადის და მერე მისი შთამომავლობა აგრძელებს მის საქმეს. ელენე: მე მივწერ რამდენი წლის ხართ-მეთქი და ისიც მიპასუხებს. ანო: თოვლის ბაბუები აქეთ არ გზავნიან წერილებს, მარტო იღებენ. მარიამი: ამბობენ, თუ ირმები ვერ იფრენენ, ვერ მოვა თოვლის ბაბუაო. ირაკლი: ჩვენს ქვეყანას იმდენი კრედიტი აქვს აღებული, თოვლის ბაბუა მგონი, მართლა ვეღარ მოვა ჩვენთან.

***

მეკვლე რა არის-მეთქი? - ვიკითხე და ნიკოლოზმა: ეგ ის არ არის, ახალ წელს რომ მოდის და ჭერში შოკოლადებს ისვრისო? - აუცილებლად ზევით უნდა აისროლოს? ჰო, აბა, ქვევით რომ ისროლოს, უხერხულია. - რატომ არის უხერხული? - ადამიანი მოსალოცად შემოდის, ბოულინგის სათამაშოდ კი არა.

მარიამი: თოვლის ბაბუა, ჩემი აზრით, მხიარულია. ბავშვებს რომ ჩუქნის საჩუქრებს, თვითონაც უხარია. მას შეუძლია ფრენა. თამარი: მას უნდა, რომ ყველა ჭკვიანი იყოს. ისე უჭკუოებისთვისაც მოაქვს საჩუქარი, რომ გამოსწორდნენ. ელენე: არა, მარტო იმათთვის მოაქვს, ვინც კარგად იქცევა!

ნინო ჯავახიშვილი