რით დაამახსოვრებს თავს ნინი თიბილაშვილს 2021 წელი - გზაპრესი

რით დაამახსოვრებს თავს ნინი თიბილაშვილს 2021 წელი

მისი უმთავრესი პროფესია არქიტექტურა სპორტმა ჩაანაცვლა. ფარიკაობას იმდენად დიდ დროს უთმობს, რომ ვარჯიშის დაწყებიდან მალევე მწვერვალებისკენ წარმატებული სვლა დაიწყო. მისთვის 2021 წელი საკმაოდ ნაყოფიერი იყო. ტოკიოში პარაოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. 24 წლის სპორტსმენი, პარამოფარიკავე ნინი თიბილაშვილი თავის ცხოვრებისეულ ემოციებსა და შთაბეჭდილებებს გულწრფელად გვიზიარებს.

- დაბადებიდან ბარძაყის ანომალია მაქვს. პატარაობიდანვე გააზრებული მქონდა, რომ ჩემი ფიზიკური მდგომარეობა არ იყო ჩვეულებრივი და შეიძლებოდა განსაკუთრებული საჭიროებები მქონოდა. 3 წლის ვიყავი, როცა პირველი პროთეზი გამიკეთეს... ჩემი პირველი შთაბეჭდილება ბაღს უკავშირდება. იქ პროთეზის გარეშე რომ მივედი, ბავშვები გაოცებულები მიყურებდნენ. ჩემი პირველი შთაბეჭდილებები ასევე არიან მეგობრები, რომლებიც დღემდე მომყვებიან და გარემო, სადაც ვიზრდებოდი, ყველა ის ადამიანი, რომელიც დღემდე გვერდით მყავს.

- როდის და როგორ გაჩნდა თქვენში ხატვისადმი ინტერესი?

- ბავშვობიდან ვხატავდი. სამხატვრო აკადემია დავამთავრე, არქიტექტურის ფაკულტეტი. ჩემს ოჯახში ყველა სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია და ელოდნენ, რომ მეც ამ განხრით წავიდოდი, თუმცა თავად ყოველთვის მინდოდა ჩემი ცხოვრება ხელოვნებასთან დამეკავშირებინა. ლამაზი შენობების ქვეშ დგომა, სხვადასხვა ნიმუშის დათვალიერება ყოველთვის მიყვარდა და არჩევანი არქიტექტურულზე შევაჩერე. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში სპორტი და ფარიკაობა. ეს ორი ერთმანეთს ვერ შევუთავსე, სწავლასა და არქიტექტურას დრო და რესურსი დავაკელი და დღემდე ასეა. სპორტის მიმართულებით წავედი, ამიტომ ყოველთვის ვამბობ, არქიტექტურა კი მაქვს დამთავრებული, მაგრამ ჯერჯერობით, პროფესიულ დონეზე არ შემიძლია ამ სფეროში ყოფნა.

- მაშინ ამ კუთხითაც გკითხავთ, მსოფლიოს მასშტაბით რომელი არქიტექტურული ნიმუშია თქვენთვის გამორჩეულად შთამბეჭდავი?

- მსოფლიოს მასშტაბით რომ არ „გავიჭრა“, საქართველოდან დავასახელებ: ძალიან მომწონს „საქართველოს ბანკის" სათავო ოფისის შენობა (ყოფილი საავტომობილო გზების სამინისტროს შენობა, რომელიც 1975 წელს აიგო არქიტექტორების - ზურაბ ჯალაღანიასა და გიორგი ჩახავას პროექტით. - ავტ.). კონსტრუქცია ძალიან შთამბეჭდავია, ვიზუალურად უცხო - ერთმანეთში გამავალი შენობები. მით უმეტეს, ის საბჭოთა კავშირის პერიოდშია აშენებული. ეს ნაგებობა დიდი განაცხადი გამოდგა ქვეყნისთვის და დღემდე ინარჩუნებს ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური შენობის სტატუსს. მომწონს მისი ბუნებასთან „შერწყმაც“ და ის მცენარეც, რომელიც შენობას გარს ახვევია. რამდენჯერაც იმ ტერიტორიაზე ვხვდები, სულ ვაკვირდები და ყოველთვის დადებით შთაბეჭდილებას იწვევს ჩემში.

- აქვე დავასახელოთ თქვენთვის შთამბეჭდავი მხატვარი ან მხატვრული ტილო...

- სალვადორ დალის და მისი შემოქმედება ჩემთვის გამორჩეულია. საერთოდ მომწონს ნამუშევრები, რომლის ყურებისას „იკარგები“. თითქოს დახატულია ერთი, მაგრამ ამავდროულად ნამუშევრის აღქმა მრავალმხრივ შეიძლება და სულ ფიქრობ, თუ რა დევს ამა თუ იმ ნახატში. სწორედ ასეთი „რთული“ ნამუშევრები მომწონს, სადაც ბევრი რამის წაკითხვა და დანახვა შეგიძლია.

- დაასახელეთ ადამიანები, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში ყველაზე ძლიერ შთაბეჭდილებებს ახდენენ...

- ოჯახში ეს ჩემი მშობლები არიან. მამა ექიმია და ძირითადად სულ სამსახურში უწევს ყოფნა, დედასთან უფრო მეტ დროს ვატარებ და ამიტომ მინდა, პირველ რიგში ის დავასახელო. საერთოდ, მშობლისთვის და ამ შემთხვევაში კონკრეტულად დედაჩემისთვის დიდი გამოწვევაა ჩემი მდგომარეობა. თუმცა, ბავშვობიდან არ მახსენდება შემთხვევა, რომ მშობლები გვერდით არ დამდგომოდნენ. სულ მაგულიანებდნენ, - სცადე და თუ არ გამოგივა, არ არის პრობლემა, ჩვენ შენ გვერდით ვართო. მათთვისაც სიახლე და უცხო იყო ჩემი მდგომარეობა, ყოველდღიურობასთან ადაპტაციას ჩემთან ერთად სწავლობდნენ. ისინი ძლიერები აღმოჩნდნენ და ეს თვისება მეც გადმომედო... ხოლო ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ვიტყვი, რომ დიდი შთაბეჭდილება და ცხოვრების გარდასახვა მოახდინა ჩემმა მწვრთნელმა მალხაზ მესხმა. სპორტში ჩემი ნებით არ მივსულვარ, მან აღმომაჩინა, საოცრად გამაკვირვა და ემოციებით ამავსო. არსებობენ მწვრთნელები, რომლებიც უბრალოდ თავის საქმეს აკეთებენ, მაგრამ ის არამხოლოდ სპორტს ემსახურება და უზომოდ უყვარს თავისი საქმე, არამედ ყველანაირად „ძერწავს“ თავის მოსწავლეებს. სწორედ ამიტომ, ძალიან მოკლე დროში, მაღალი შედეგები "დაგვადებინა". და რა თქმა უნდა, ჩემზე შთაბეჭდილებას ახდენენ ჩემი გუნდის წევრები...

- წიგნებზე, ფილმებსა და სპექტაკლებზეც შევაჩეროთ ყურადღება. თქვენთვის შთამბეჭდავი ნაწარმოებით დავიწყოთ...

- მიყვარს „ტრიუმფალური თაღი“, „მშვიდობით იარაღო“... დედა ყოველთვის ცდილობდა წიგნებით მოვემარაგებინეთ. „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“ - ამ პროექტში შემავალ წიგნებს აგროვებდა და ვცდილობდი ბევრი წამეკითხა. თუმცა, გულწრფელად გეტყვით, ბოლო პერიოდში ძალიან გაზარმაცებული ვარ. ახლა უფრო მეტად, შემეცნებით სტატებსა და ფსიქოლოგიურ მასალებს ვკითხულობ. ამ ეტაპზე ვცდილობ, ადამიანების ფსიქოლოგიას ჩავუღრმავდე და მათ შორის, პირველ რიგში, საკუთარ თავს.

- ალბათ კინოჟანრებიდანაც ფსიქოლოგიური დრამა და თრილერი გხიბლავთ...

- ასეა. ჩემი საყვარელი ფილმია „შეშლილთა კუნძული“. როგორც ნახატებში, ისე ფილმებში მიყვარს ორაზროვნება. განსაკუთრებით ისეთი ფილმები მიზიდავს, სადაც არ ჩანს კონკრეტული დასასრული და ფინალი თავად უნდა წარმოიდგინო... სპექტაკლზეც მკითხეთ და აქვე გეტყვით, რომ თეატრში სიარული მიყვარს. ბოლო დროს ნანახი სპექტაკლებიდან, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა „მეფე ლირმა“. მინდა ამ წარმოდგენას კიდევ ერთხელ დავესწრო.

- თქვენი სპორტული კარიერის განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყანაში ჩასვლა პროფესიული ვიზიტით გიწევს, ამიტომ საფუძვლიანი დათვალიერება შეუძლებელი იქნება, თუმცა, იქნებ მაინც გამოვარჩიოთ თქვენთვის შთამბეჭდავი ქვეყანა ან ქალაქი...

- დიახ, ქალაქის დასათვალიერებლად მხოლოდ რამდენიმე საათი გვრჩება და ყოველთვის ვცდილობთ ეს შანსი გამოვიყენოთ, ყველა ქვეყნის კულტურას მცირე დოზით მაინც ვეზიაროთ. თუმცა, ბოლო პერიოდში, კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, სპეციალური რეგულაციები გვაქვს, რომლის მიხედვით საშეჯიბრო ადგილის დატოვება არ შეგვიძლია... ვფიქრობ, ქართული უფრო მეტად, ევროპულ კულტურას ჰგავს, მაგრამ აზიაში (კორეაში, იაპონიაში), ყოფნისას მივხვდი, რომ იქ სულ სხვა განზომილებაა და ძალიან განსხვავებული ადამიანები ცხოვრობენ. ქალაქებიდან ჩემთვის დასამახსოვრებელი იყო ბარსელონა. აქტიური, ხმაურიანი ქალაქი, სადაც დროის ნებისმიერ მონაკვეთში სიცოცხლე იგრძნობა.

- ყველაზე შთამბეჭდავი დღე, რომელზეც იტყვით: „არასდროს დამავიწყდება“...

- რა თქმა უნდა, ოლიმპიადა (იღიმის). 2021 წლის 25 აგვისტო, როდესაც ვერცხლის მედალი ავიღე. 2 წელი ვემზადებოდით, რომ რეიტინგი დაგვეგროვებინა და ოლიმპიადაზე მოვხვედრილიყავით. რთული გზა გავიარე. რამდენიმე შეჯიბრება რეიტინგს ვერ ვაგროვებდი, შემდეგ ეს მოხდა და ლიცენზია ჩამომივიდა. სწორედ იმ დროს "კოვიდი" დამიდგინდა. შემდეგ ტოკიოში ბოლო რეისით ჩავფრინდი. ემოციებით დატვირთული დღე იყო, რადგან ფიზიკურად არ ვიყავი კარგად და ასეთი ცუდი მოლოდინი მქონდა. თან ჩემი პირველი პარაოლიმპიადა იყო და ნამდვილად არ მეგონა, თუ ასეთი შედეგით დავბრუნდებოდი. გამარჯვების დღე არასდროს დამავიწყდება (იღიმის)... ხშირად მეკითხებიან, გული ხომ არ მწყდება, ოქრო რომ ვერ ჩამოვიტანე, მაგრამ ასე ნამდვილად რა არის, იმ ეტაპისთვის ჩემი ვერცხლის მედალი ყველანაირი ოქროს ტოლფასი იყო.

- ყველაზე შთამბეჭდავი საჩუქარი რა მიგიღიათ?

- მეგობარმა სპეციალურად ჩემთვის დაამზადებინა მუზარადის ფორმის ვერცხლის „კულონი“ ჩემი ინიციალებით და დაბადების დღეზე მაჩუქა. ეს ჩემთვის შთამბეჭდავი საჩუქარი იყო და ყოველთვის ვატარებ.

- ყველა ადამიანი თავის შთაბეჭდილებებს ყოველდღიურად რომ წერდეს, ვის ნაწერებს გაეცნობოდით დიდი ინტერესით?

- კონკრეტულად ვერავის დავასახელებ. ვფიქრობ, ყველა ადამიანშია იდუმალი და საინტერესო მხარე. იმასაც ხშირად ვამბობ, რომ ყველა ხელოვანია, უბრალოდ - მეტ-ნაკლებად. აქედან გამომდინარე, ინტერესით გავეცნობოდი ყველა იმ ნაწერს, რომლის გადმოცემის ფორმა საინტერესო იქნებოდა და მის მწერალს აქცენტი ექნებოდა არამხოლოდ თავის დადებით, არამედ უარყოფით მხარეზე. ცხოვრებაში ყველა სხვადასხვა სახის წინააღმდეგობას აწყდება და ვთვლი, რომ საინტერესო იქნება ის ნაწერი, სადაც თითოეული ცხოვრებისეული გაჭირვება იქნება გადმოცემული და აღწერილი, რომ მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა, როგორ უნდა დარჩე ძლიერი.

dsc-2548-copy-1640863810.jpg

- წლის ბოლო ახლოვდება. რითი იქნება თქვენთვის დასამახსოვრებელი 2021 წელი?

- 2021 წელს ცხოვრებისგან მივიღე ის, რასაც არ ველოდი და პირველ რიგში, ეს არის ჩემი პროფესიული განვითარება. ამ წელმა ბევრი მომცა. 2020 წელს დაგეგმილი ოლიმპიადა 2021-ში ჩატარდა. 2020 წელს თავთან მარტო დავრჩით, მიზნებსა და განვითარებაზე ფიქრის საშუალება გვქონდა და თუ გასულ წელს კოვიდპანდემიამ ყველაფერი „ჩააგდო“ , 2021 წელს თითქოს ეს ყველაფერი გარკვეულწილად ავინაზღაურეთ და ამოვსების შესაძლებლობა მოგვეცა.

- ახალი წლის მოახლოება გასევდიანებთ თუ პირიქით, სიხარულით ხვდებით ხოლმე ამ დღესასწაულს?

- სიმართლე გითხრათ, ახალ წელს ჩვეულებრივი „გრინჩი“ ვარ ხოლმე (იღიმის). არ ვიცი, რატომ, გასულ წლებთან შედარებით მიხარია, მაგრამ გამორჩეულად ეს დღესასწაული არასდროს მყვარებია. უცნაურია, მაგრამ ასეა. ალბათ ისიც არის მიზეზი, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან იწელება ახალი წლის პერიოდი, რასაც რაღაცნაირი ჩავარდნა და გადაღლა ახლავს. კი, ახალი წლისთვის დამახასიათებელი ჟრიამული თავისთავად სასიხარულოა, მაგრამ ფაქტია, გამორჩეულად შთამბეჭდავი განცდა არ მაქვს (იღიმის).

ანა კალანდაძე