წარმატებული ბავშვების მიზნები და ოცნებები - გზაპრესი

წარმატებული ბავშვების მიზნები და ოცნებები

მათი ბედნიერი სახეები უფროსებსაც უმაღლებს განწყობას. წელს ბევრმა პატარამ შეაყვარა თავი საზოგადოებას თავისი ნიჭიერებით, წარმატებით... გადავწყვიტეთ, რამდენიმე მათგანთან ინტერვიუ ჩაგვეწერა და მიმოგვეხილა, როგორი წელიწადი ჰქონდათ პატარებს...

2021 წლის მიწურულს პატარა ნიკო ქაჯაიამ საბავშვო "ვეროვიზიაზე" საქართველო წარადგინა. მართალია, მეოთხე ადგილი დაიკავა, მაგრამ ესეც არ არის იოლი საქმე. თან, ბიჭუნამ თავისი სიმღერითა და ხალისიანი ქორეოგრაფიული ნომრით, რომლის შესრულებაში ულამაზესი გოგონები ეხმარებოდნენ, მთელ საქართველოს შეაყვარა თავი...

"ნიკოს ხელი შევუწყვეთ, რომ "ევროვიზიაზე" ლამაზი ნომერი ჰქონოდა"

2021 წელი პატარა ლიზი კვირკველიასთვისაც წარმატებული აღმოჩნდა: შთამბეჭდავი სასცენო ნომრით გოგონას მაყურებელი ტელეპროექტიდან - "პატარების დიდი შოუ" უკვე იცნობდა, მაგრამ საბავშვო "ევროვიზიის" მუსიკალური ნომრის გაფორმებისას ხალხს კიდევ უფრო შეაყვარა თავი...

kvirkvelia-2-copy-1641460940.jpeg

ლიზი კვირკველია:

- "კოვიდის" მიუხედავად, ეს წელი საკმაოდ კარგი იყო. განსაკუთრებით გახარებული ვარ, რომ საშუალება მომეცა, საკუთარი თავი "ევროვიზიაზე" წარმომეჩინა. გიგა კუხიანიძეს დიდ მადლობას ვუხდი, რადგან ეს შანსი მომცა.

- მოგვიყევი, გიგამ როგორ აღმოგაჩინა?

- 3 წლიდან სტუდია "ბზიკებში" დავდიოდი. გამიხარდა, რომ გიგამ "ევროვიზიის" ნომრისთვის შემარჩია.

- ბარბარესა და ნიკოსთან ურთიერთობა როგორ აეწყო?

- ნიკოსა და ბარბარესთან მუშაობა ძალიან სახალისო იყო. ერთმანეთს კარგად გავუგეთ. მალევე საუკეთესო მეგობრები გავხდით. მათთან ვერ მოიწყენ. ბარბარესა და ნიკოს დანახვა ყოველთვის ძალიან მიხარია. სამივეს დიდი პასუხისმგებლობა გვქონდა აღებული, განსაკუთრებით - ნიკოს, რადგან საბავშვო "ევროვიზიაზე" საქართველოს ის წარადგენდა. ყველანი გამარჯვებას ველოდით, მაგრამ ისე მოხდა, რომ სომხეთის წარმომადგენელმა - მალენამ გაიმარჯვა, თუმცა ჩვენ გულდაწყვეტილები არ ვყოფილვართ, რადგან მეოთხე ადგილის დაკავება ადვილი არ არის.

- პოპულარობას გრძნობ?

- ვგრძნობ. ძალიან ბევრი ადამიანი მწერს, რაც მახარებს.

- საბავშვო "ევროვიზიის" ნომრისთვის როგორ იმუშავეთ?

- ეს ნიკოსეული ცეკვა იყო: ნომერი მისი მოძრაობებით ავაწყვეთ, რათა ნიკოსთვის სიმღერისას ცეკვა ადვილი შესასრულებელი ყოფილიყო. ხელი შევუწყვეთ, რომ ლამაზი, კარგი სასცენო ნომერი გვქონოდა.

- ლიზი, კიდევ რას საქმიანობ, რა ინტერესები გაქვს?

- 3 წლიდან ჰიპ-ჰოპ ცეკვაზე დავდივარ. დაახლოებით 1 წელია, რაც "თვინსითის" სტუდიაში შევედი. ასევე დავდივარ "სუხიშვილების აკადემიაში" ქართულ ცეკვაზე, კიდევ - ინგლისურზე, რუსულზე, "ბზიკების" სტუდიაში, სიმღერაზე...

wverava-1-copy-1641460887.jpeg

"მინდა, საუკეთესო მოცეკვავეების "ტოპ-ხუთეულში" მაინც მოვხვდე"

ბარბარე წვერავას ოცნება პოპულარობა იყო, რომელიც წელს აუხდა:

- 2021 წელი ჩემთვის უმაგრესი, გამორჩეული და საუკეთესო იყო! ამის უდიდესი მიზეზი ის გახლდათ, რომ "ევროვიზიაზე" ნიკოსთან ვცეკვავდი. ის პერიოდი ცხოვრებაში არასოდეს დამავიწყდება (იღიმის)... როდესაც ნიკო პირველ ვარჯიშზე მოვიდა, მე და ლიზიმ მაშინვე შევატყვეთ, რომ ის იყო ადამიანი, რომელსაც აუცილებლად დავუახლოვდებოდით, რადგან ნიკო ძალიან პოზიტიურია. მისგან დადებითი ემოცია "მოდიოდა". ნიკოსთან ერთად ვერ მოიწყენდი. მისი სახალისო მოძრაობების საფუძველზე, ჩვენი ცეკვის ნომერი დავდგით. მუშაობის პროცესი ძალიან მაგარი იყო! ლიზი და ნიკო ჩემი საუკეთესო მეგობრები გახდნენ... როცა "ევროვიზიაზე" გავემგზავრეთ, ძალიან ვნერვიულობდით, მაგრამ სცენაზე დაძაბულობა მოგვეხსნა... სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები გავიცანით, ბევრი მეგობარი შევიძინეთ... ზუსტად ამ დეტალებმა გაახალისა და გაალამაზა ჩემი წელიწადი... მინდა, "ევროვიზიაზე" ქართულ დელეგაციას დიდი მადლობა გადავუხადო, განსაკუთრებით - გიგა კუხიანიძეს, რომელმაც ასეთი საოცარი მუსიკა დაწერა (იღიმის)...

- პოპულარობა მოგწონს?

- პოპულარობაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი! წელს ეს ოცნება ამიხდა. წარმოიდგინეთ, ტელეფონში რომ ჩაიხედავ და მესიჯები მოგდის, - რა მაგრად იცეკვე, რა მაგარი ნომერი იყოო, - ხვდები, რომ უკვე ე.წ. ფანები გყავს. ამაზე უკეთესი შეგრძნება ნამდვილად რა არსებობს!..

- ბარბარე, კიდევ რას საქმიანობ?

- 6 წლიდან თეა გობეჯიშვილის ცეკვის აკადემიაში დავდივარ. სხვადასხვა ჟანრის ცეკვა იქ ვისწავლე. რამდენიმე მასწავლებელი მყავს. მათი დამსახურებაა, რომ წელს "ევროვიზიაზე" მოვხვდი. საერთოდ, ცეკვა ძალიან მიყვარს! სიმართლე გითხრათ, ცეკვის გარეშე საკუთარი თავი ვერ წარმომიდგენია. ჩემი მიზანია, ახლო მომავალში საზღვარგარეთ გავემგზავრო და ცეკვის მიმართულებით განათლება მივიღო. მინდა, საერთაშორისო აღიარება მოვიპოვო და საუკეთესო მოცეკვავეების "ტოპხუთეულში" მაინც მოვხვდე (იღიმის)... შარშან ვერც კი წარმომედგინა, რომ 2021 წელი ასეთი იღბლიანი და კარგი იქნებოდა. წელს ჩემი ოცნების შესახებ თოვლის ბაბუას მივწერე: მსურს, 2022 წელი კიდევ უფრო წარმატებული იყოს, ცხოვრებაში მეტი გამოწვევა მქონდეს, როგორიც, მაგალითად, "ევროვიზია" იყო... კიდევ ერთი ოცნება მაქვს: მინდა, კორონავირუსი გაქრეს და აღარასოდეს დაბრუნდეს!..

bakuradze-2-copy-1641460917.jpg

"მის ევრაზია" გავხდი"

ნუცა გრიგალაშვილი:

- ახალი წლის დღესასწაულს ყოველთვის ოჯახთან ერთად ვხვდები: ბავშვები ძალიან ვერთობით, გოზინაყს მივირთმევთ, სტუმრებსაც ვეპატიჟებით... თოვლის ბაბუას სურვილებსაც ვუწერ და ნაძვის ხესთან ვუტოვებ ხოლმე... მართალია, პანდემიის გამო 2021 წელს დასასვენებლად ზღვაზე ვერ წავედი, მაგრამ ანტალიაში ფესტივალზე ვიყავი. იქ გავიმარჯვე და "მის ევრაზია" გავხდი. ძალიან გამიხარდა - გამარჯვება მინდოდა... ფესტივალზე ბევრი რუმინელი მეგობარი შევიძინე. ისინი წელს საქართველოში ჩამოდიან - კონკურსი გვაქვს... ანტალიაში გამგზავრებამდე, სამოდელო სააგენტო "კატრინის" ორგანიზებით, ბავშვებისა და მოზარდებისთვის ფესტივალი ჩატარდა, სადაც "საქართველოს სახედ" ამირჩიეს. ამის შემდეგ ანტალიაში გასამგზავრებლად მზადება დავიწყე. ნინი და მარკუს მასწავლებელი მავარჯიშებდნენ... ანტალიაში, ფესტივალის ერთ-ერთ საღამოზე პოდიუმზე კონკურსანტების დედებიც გამოვიდნენ. ჟიურის წევრები ბავშვები იყვნენ. 3 გამარჯვებული უნდა გამოვლენილიყო. ერთ-ერთი გამარჯვებული (Evening Wear-ის ნომინაციაში) დედაჩემი გახდა. სხვათა შორის, დედაჩემის დიზაინით შექმნილი სამოსი კონკურსზე მეცვა. დედა პროფესიით დიზაინერი არ არის, მაგრამ სამოსი ჩემთვის შექმნა... კონკურსის ფინალის წინადღეს, "მინი გალა დაჯილდოება" გაიმართა, რომელშიც ნომინაციაში "პერფექშენ" გავიმარჯვე ანუ საუკეთესო სამოსი მეცვა... სამომავლოდ, დუბაიში, Expo 2020-ზე, "პატარა მის და მისტერ მსოფლიოს" კონკურსში მონაწილეობას ვგეგმავ...

"პირველ ადგილზე კარგად სწავლა დგას, შემდეგ კი - ყველაფერი დანარჩენი"

ნორჩ მოდელს - ანასტასია ბაკურაძეს ისეთი დატვირთული წელი ჰქონდა და იმდენ წარმატებას მიაღწია, რასაც უფროსი ასაკის ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს:

- პანდემიის მიუხედავად, 2021 წელი ჩემთვის შემოქმედებითად ძალიან დატვირთული იყო: მარტში, დუბაის მოდის საერთაშორისო კვირეულზე ვიყავი, სადაც სხვადასხვა დიზაინერის და ასევე, ჩვენი ბრენდის - "ლუსი და ანასტასია კატრინისათვის" სამოსი წარვადგინე. 33 დიზაინერს შორის, „წლის საუკეთესო ახალგაზრდა დიზაინერის" ნომინაციაში გავიმარჯვეთ... 2021 წელს ასევე, ქეთი ორჯონიკიძესთან და ჩვენი მუსიკალური სტუდიის ბავშვებთან ერთად სიმღერა - "ბედნიერება არის ყველაფერი, მაგრამ ყველაფერი არ არის ბედნიერება" - ჩავწერე. სიმღერის ტექსტისა და მუსიკის ავტორი ქეთი ორჯონიკიძე გახლავთ, არანჟირება "ბრავო რეკორდსში" გაკეთდა. თურქეთში საერთაშორისო ფესტივალი - "მსოფლიოს სახე" სწორედ ამ სიმღერით გავხსენი. მსმენელების მოწონება ხვდა... ყველა ტურს მე და ჩემი რუმინელი მეგობარი - სარა ბუზდუნი ვხსნიდით და ვხურავდით. ფესტივალზე კონკურსანტი არ ვყოფილვარ, რადგან მასში 4 წლისამ გავიმარჯვე და "მსოფლიოს პრინცესა" გავხდი, მაგრამ მე და სარა მაინც დაგვაჯილდოეს როგორც "წლის საუკეთესო საერთაშორისო მოდელები"... აპრილში საერთაშორისო სამოდელო კონკურსზე - "პატარა მის და მისტერ პლანეტა" მიმიწვიეს როგორც საერთაშორისო საბავშვო ჟიურის წევრი. იქ ვიმღერე და ყველა ტურში აქტიურად ჩართული ვიყავი... აგვისტოში, საერთაშორისო საბავშვო ტალანტისა და სამოდელო კონკურსზე - Gლობალ შტარ კიდს - გავემგზავრე, სადაც Top Model of the World - Gran Prix ავიღე. ოქტომბერში დუბაიში ორი საერთაშორისო მოდის კვირეული - Vie Fashion Week ჩატარდა. პოდიუმის სიგრძე 100 მეტრამდე იყო (იცინის)... მოდის კვირეულში ვმონაწილეობდი როგორც ნორჩი მოდელი და დიზაინერი. ახლა რუმინეთის მოდის კვირეულს ველოდები, რომელიც ნოემბერში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ პანდემიის გამო გადაიდო...

- ანასტასია, შენს ყოველდღიურობაზე რას გვეტყვი? რას საქმიანობ?

- "ათოსანი" ვარ, რადგან, როგორც დედა მასწავლის, პირველ ადგილზე კარგად სწავლა დგას, შემდეგ კი - ყველაფერი დანარჩენი... ქეთი ორჯონიკიძის სტუდიაში ვმღერი, ასევე - ლალიკო ბერაძესთან. ვცეკვავ ქართულ ხალხურ ცეკვებს. ჩემი პედაგოგი თამუნა ქორიძე გახლავთ. სამოდელო სააგენტო "კატრინის" მოდელი ვარ. ჩემი პედაგოგები მარკუს მეტრეველი და ნინი გრძელიშვილი არიან... კონტრაქტები (რუმინეთში - Iტ’ს Kიდს, დუბაიში - "ევრომოდელი") სხვადასხვა ქვეყნის სააგენტოებიდან შემოთავაზებები მაქვს... 2022 წელს საბავშვო საერთაშორისო მოდის კვირეულებზე ვარ მიწვეული: პარიზში, მილანში, დუბაიში... ორ საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობასაც მივიღებ - კონკურსები მიყვარს!.. ვფიქრობ, საქართველოს კიდევ ერთხელ ვასახელებ (იღიმის)... ახალი, ქართულ-ინგლისური სიმღერისთვისაც ვემზადები, რომელსაც დუბაიში, Expo 2020-ზე, საერთაშორისო ფესტივალზე - "პატარა მის და მისტერ მსოფლიო" შევასრულებ, თან - ვიცეკვებ...

ეთო ყორღანაშვილი