"მამაკაცებში, გარეგნობაზე მეტად, ინტელექტს ვაფასებ"
"ზოგადად, ინტელექტუალი მამაკაცები მომწონს. რაც შეეხება გარეგნობას, რასაკვირველია, კარგია, როდესაც მამაკაცი კარგად გამოიყურება, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, იყოს მოწესრიგებული... და თუ მაინც გარეგნობაზე მიდგება საქმე, უპირატესობას შავგვრემნებს ვანიჭებ", - ამბობს ტანსაცმლის დიზაინერი, უმშვენიერესი ეკა ბალანჩივაძე, რომელიც ქალბატონებს უამრავ სასარგებლო რჩევას უზიარებს...
- ვფიქრობ, ჯერ შინაგანი ინტელექტი და შემდეგ ალბათ, დედის გავლენა ახდენს დიდ როლს გემოვნების ჩამოყალიბებაში... თამამად ვიტყვი, რომ დედაჩემი ძალიან გემოვნებიანია და აქედან გამომდინარე, სულ მაღალ გემოვნებაზე აქცენტირებით გავიზარდე.
- იშვიათად, მაგრამ ხდება, რომ ადამიანი ძალიან ჩვეულებრივ გარემოში იზრდება და მიუხედავად ამისა, თავისი გემოვნებით იმდენად გამორჩეული ხდება, რომ მსოფლიოში იხვეჭს სახელს...
- დიახ და როდესაც ხაზი გავუსვი შინაგან ინტელექტს, ზუსტად ეგ ვიგულისხმე... ნიჭი, თავისებური ხედვა, ალბათ ცოტა მეამბოხეც უნდა იყო კოკო შანელის მსგავსად, რომ მნიშვნელოვანი რაღაცების კეთება შეძლო. კოკო შანელი მონასტერში გაიზარდა, სადაც სწავლობდა კერვას, კონსტრუირებას. ის მეამბოხე ბუნების იყო და ამის წყალობით ძალიან ბევრი შეძლო...
- მოდის მიმართულებით მეამბოხესთან დღეს დემნა გვასალია ასოცირდება...
- გეთანხმებით! დემნა მოდის სფეროში ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. მე დიდ პატივს ვცემ მისნაირ ადამიანებს. ზოგადად, სხვა კონცეფცია აქვს მის შემოქმედებას და სულ სხვა კონტენტი დევს დემნას მიერ შექმნილ კოლექციებში... არსებობენ "მოდის მსხვერპლები", რომლებიც იღებენ გვასალიას შექმნილ აბსოლუტურად ყველაფერს და საოცარი შესახედავები არიან. "მსხვერპლებს" ვეძახი ადამიანებს, რომლებიც ერთად იცვამენ ყველაფერს, რასაც მათ მოდა სთავაზობს. ერთ ლუქში აქვთ თავმოყრილი ყველაფერი, ნაძვის ხესავით... არ არის აუცილებელი, რაც ტენდენციური და ახალია, სხეულზე ერთად ჩამოიკიდო...
- სამოგზაუროდ რომელი ქვეყნებია თქვენთვის უფრო მეტად მიმზიდველი?
- მდიდარი ისტორიული წარსულის მქონე ქვეყნები მაინტერესებს... აქედან გამომდინარე, იტალია ჩემთვის ძალიან მიმზიდველია, ასევე საფრანგეთი და ზოგადად ევროპა... ყველას, ვისაც კი მიზნად დიზაინერობა აქვს დასახული, ვურჩევ, საფრანგეთს აუცილებლად ეწვიოს. ძალიან ბევრს ჰგონია, რომ მილანია მოდის ცენტრი, მაგრამ სინამდვილეში არის პარიზი!.. აი, ვაღიარებ, იტალიელი მამაკაცები ძალიან მაღალი გემოვნებით გამოირჩევიან, ძალიან მოვიხიბლე მათი ხილვით. ნამდვილად შეუდარებელი სტილი აქვთ და ვფიქრობ, ასეთი მაღალი გემოვნების მამაკაცები სხვაგან არსად არიან.
- ანუ იტალიელი მამაკაცები სრულიად შეესაბამებიან თქვენს გემოვნებას...
- უდავოდ... გარეგნობით, გემოვნებით, ყველაფრით...
- პირველად საზღვრებს მიღმა, რომელ ქვეყანაში იყავით?
- ზრდასრულ ასაკში პირველად სტამბოლს ვეწვიე. აქ ნახავ აბსოლუტურად ყველაფერს, რაც დანარჩენ სამყაროშია. სინთეზია ევროპულის და აღმოსავლურის. ძალიან შთამბეჭდავი იყო პირველი ვიზიტი და სტამბოლი დღემდე იმდენად მიყვარს, ხშირად ვსტუმრობ. იმდენად მენატრება ხოლმე, ორი-სამი დღით შვილთან ერთად მივდივარ. თან ახლოს არის და მარტივად გამოგვდის მოგზაურობა.
- ცნობილი ქართველი ქალბატონებიდან, ვინ გახსენდებათ, როგორც მისაბაძად გემოვნებიანი?
- ნატო მეტონიძე მაღალი გემოვნებით გამოირჩევა! კიდევ რამდენიმე ქალბატონს დავასახელებდი, მაგრამ ფართო საზოგადოებისთვის არ არიან ცნობილი... ცნობილებს უმეტესად, ცხოვრების რუტინული სტილიდან გამომდინარე, ჩვეულებრივად, შაბლონურად აცვიათ... ამიტომაც განსაკუთრებულად გემოვნებიანი ამწუთას ნაკლებად მახსენდება...
მამაკაცებიდან გემოვნების მიხედვით ვინმეს გამორჩევა გამიჭირდება... ისეთი პერიოდია, ყველას ჯინსი და ჰუდი აცვია... ალბათ გამორჩეულია კახი კალაძე. ის ნამდვილად მოდურად გამოიყურება... განსაკუთრებულად გემოვნებიანია გიორგი გაჩეჩილაძე (უცნობი), თავის სტილი აქვს. მისი ჩაცმულობაც, მუსიკაც გემოვნებიანია... მე აქ პოლიტიკას ოდნავაც არ ვეხები, მხოლოდ გემოვნებაზე ვსაუბრობთ...
- მოდის რა ტენდენციებს გვთავაზობს 2022 წელი?
- ამბობენ, რომ 2022 წელს არ უნდა შევხვდეთ ნეონის ფერებში. თუმცა, ეს ფერები წელს ძალიან ტენდენციური იქნება... ზოგადად, ძალიან ბევრნაირი ხაზია მოდაში, გააჩნია რას ავარჩევთ... ბრუნდება 40-იანი წლების მოდა - გამოყვანილი წელი, მინი ქვედაბოლოები... იქნება ასევე 70-იანი წლების მიწურულისთვის დამახასიათებელი, ძალიან მოკლე ქვედაბოლოები.
- ანუ ქალის სილუეტი უფრო გამოკვეთილი იქნება?
- დიახ, საბედნიეროდ... გული მწყდებოდა, რადგან ჩემი აღნაგობის ქალი ოდანავაც არ არის ლამაზი ამ აჯაჯულ და ჩაფართხუნებულ სამოსში. რაც ჩემი პლუსია - ვიწრო წელი და ასე შემდეგ, არანაირად არ ჩანდა. უფრო გრძელფეხება გოგოების მოდა იყო და არა ჩემნაირი, ქალური აღნაგობის მქონის. წელს წვრილი წელი, მოჭერილი ქამრები და გამოყვანილი სამოსი იქნება აქტუალური და შეგვიძლია თამამად ჩავიცვათ.
- თქვენი დიეტა უნდა გაგვანდოთ...
- ჭარბი წონისკენ, სიმსუქნისკენ ვარ მიდრეკილი, ეს ბებოსგან გვაქვს გამოყოლილი. მთელი სანათესავოს ქალები ერთმანეთს "ვაბულინგებთ", ვამხნევებთ და წესად გვაქვს, თუ სადმე ერთად გემრიელად ვივახშმებთ, შემდეგი ორი დღე მშივრები ვართ. უფრო სწორად, სწორ კვებაზე გადავდივართ... ვერ ვიტყოდი, რომ ოდესმე ძალიან მსუქანი ვიყავი. ორსულობის პერიოდს თუ არ ჩავთვლით, მაქსიმუმ 63 კილომდე ავსულვარ, მაგრამ ეგ წონა ჩემთვის ძალიან ბევრია. 62 კილოც კი ძალიან პუტკუნა ვარ... 55 კილოს როგორც მივუახლოვდები, მყისვე დიეტაზე გადავდივარ.
- არასოდეს მალავთ, როდესაც ბოტოქსს, ინიექციებს იკეთებთ...
- როგორც ყველა, სახის კანს მეც ვუვლი. რაც შეეხება ინიექციებს, ვფიქრობ, 35 წელს ზემოთ აუცილებელია ყველამ გამოიყენოს, რათა შევაფერხოთ სიბერე... ინიექციები მოვლაც კი არ არის, ეს არის პრევენცია, რომ ძალიან მალე არ დაჭკნე. როგორც წამალია აუცილებელი, როდესაც რამე გაწუხებს, ზუსტად ისეა აუცილებელი ინიექციები...
- დღეს ქვეყანაში უმძიმესი სოციალური ფონია... რამდენად არის შესაძლებელი ქალბატონები სულ ფორმაში იყვნენ?
- შესაძლებელია იმდენად, რამდენადაც შეუძლიათ კვებითი რაციონი შეცვალონ, სიგარეტი არ მოსწიონ, ეს ყველაფერი სახის კანზე დადებითად აისახება. არ არის სასურველი მზის აბაზანების ხანგრძლივი დოზით მიღება, არც სიცივე მოქმედებს დადებითად... სახლის პირობებშიც შეიძლება საკუთარ თავზე ვიზრუნოთ. მე მაგალითად, არასოდეს ვყიდულობ სახის "სკრაბს", თავად ვამზადებ შაქრისა და ლიმონის საშუალებით. ბევრი რამაა, რაც კანზე დადებითად მოქმედებს.
- წარმატებული ქალბატონი ხართ, როგორ მართავთ ბიზნესს?
- ამწუთას ყველაფერი ტექნიკურად გამართულია. საწარმო მქონდა ბაქოშიც, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო დაიკეტა. თუმცა, მაინც ვახერხებთ და პროდუქციას მსოფლიოს ყველა წერტილში ვგზავნით. სხვადასხვა კომპანია მიწოდების მხრივ ძალიან კარგად გვეხმარება. ჩემი უზარმაზარი ჯგუფის - "დადებითი მოცულობა" - წყალობით ბევრს ვახერხებ. ხშირად მიემგზავრებიან გოგოები სხვადასხვა ქვეყანაში და პროდუქციას ვატანთ კონკრეტულად ჩვენი გამომწერებისთვის.
დღეს ბევრი გამოწვევაა, მაგრამ შესაძლებლობაც ბევრია. უბრალოდ, სიახლეებზე მორგებაა აუცილებელი. ზოგადად, უფროსი თაობის ადამიანები და მათ შორის, რაღაც დოზით უკვე მეც, სიახლეებს რთულად ვერგებით, ბევრი რამ შეუძლებელი გვგონია. მაგალითად დაუჯერებლად გვეჩვენება, საქმე თავიდან ბოლომდე ინტერნეტით მოვაგვაროთ. აუცილებელ საჭიროებად მიგვაჩნია დანიშნულების ადგილზე მისვლა... ჰოდა, ბევრ რამეს ჩემი შვილებისგან ვსწავლობ. ისინი იმდენად სხვა დონეზე არიან, რომ ზოგჯერ მგონია, სხვა პლანეტაზე თუ ცხოვრობენ. მათ სულ ჭკუას ვეკითხები.
- რამდენი წლის არიან თქვენი შვილები და თქვენს პირად ცხოვრებაში ერევიან?
- საბა 23 წლისაა, სანდრო - 15-ის... ჩემს პირად ცხოვრებაში აბსოლუტურად არ ერევიან, მხოლოდ ხელს თუ შემიწყობენ და დამეხმარებიან. მათთვის მთავარია, კარგად ვიყო... სხვათა შორის, დავაკვირდი და მივხვდი, რომ მათი წინასწარ ნათქვამი ყოველთვის ხდება. ბოლოს ისე გამოდის, რომ მართლები არიან და გადავწყვიტე, ამიერიდან მათ დავუჯერო.
- არც ჩაცმულობაში ერევიან?
- უფროს ვაჟს მოსწონს ჩემი ჩაცმის სტილი, უმცროსს აქვს შენიშვნები და ძალიან დელიკატურად გამოხატავს საკუთარ აზრს. ამიტომაც, როდესაც სანდროსთან ერთად მივდივარ, ვცდილობ, ისე არ მეცვას, რაც მას დისკომფორტს შეუქმნის.
- თქვენ თუ აძლევთ შვილებს ჩაცმულობასთან დაკავშირებულ რჩევებს?
- არა! საბას ერთხელ, გარდატეხის პერიოდში რომ ვურჩიე რაღაც, იმას დღემდე ითვალისწინებს. მას უფრო კონსერვატიული სტილის სამოსი უყვარს და დიდად არაფერს ცვლის. სანდრო ძალიან მოდურია, თავის სტილი აქვს. შეუძლია ძალიან იაფფასიანი სამოსიდან ისეთი კომბინაცია შექმნას, საინტერესო წყობა გამოვიდეს. ნოვატორული და მრავალფეროვანია ჩაცმულობის მხრივ.
- თბილისური მოდა დაიკარგაო, - ამ ფრაზას ეთანხმებით?
- მგონი, არაფერიც არ დაკარგულა... თბილისური სტილი ყოველთვის რაღაც ფენას გულისხმობდა. ის ფენა ტენდენციას აძლევდა მთელ თბილისს და დღესაც ზუსტად ეგრეა, არაფერიც არ შეცვლილა. ამ თაობის გამორჩეულ ტიპებსაც აქვთ გავლენა... ჩემი თინეიჯერობის დროს ყველგან ჯინსით დავდიოდით. ბოლო დროს ეგ ტენდენცია გამოსწორდა, უბრალოდ, ახლა პანდემიაა და ვერაფერი ტარდება, რომ ადამიანებმა შესაბამისად ჩაცმულებმა იარონ. ადამიანები როგორც სახლში იცვამენ, ისე მიდიან სამსახურში თუ სხვაგან. ეს ძალიან არ მომწონს, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმლის დიზაინერი ვარ. ჩაცმის კულტურა, პეწი, ეტიკეტი ფაქტობრივად, აღარ არსებობს... ახლა სხვადასხვა დაწესებულება რომ გაიხსნა, ხალხმა ისევ დაიწყო ოდნავ გაპრანჭვა და ეს ძალიან მიხარია.
მანანა გაბრიჭიძე