"ხელი, რომელიც გასცემს, ცარიელი არ დარჩება" - გზაპრესი

"ხელი, რომელიც გასცემს, ცარიელი არ დარჩება"

ამას წინათ, სოციალურ ქსელში ინფორმაციას წავაწყდი, რომ ქალაქ რუსთავში, ახალი წლის ღამეს, უცნობი თოვლის პაპა პატარებს საჩუქრებს ურიგებდა... შემდეგ გაირკვა, რომ "თოვლის პაპა" დევნილობაში მყოფი, საერთო საცხოვრებელში მცხოვრები ადამიანი გახლდათ, რომელიც პატარების გახარებას საკუთარ მწირ შემოსავალს უანგაროდ ახმარდა... გადავწყვიტეთ, ეს საოცარი ადამიანი ფართო საზოგადოებისთვის გაგვეცნო. მისი ტელეფონის ნომერი შევიტყვე, დავუკავშირდი და ცოტა არ იყოს, დავიბენი, როცა ქალბატონმა მიპასუხა... თურმე, თოვლის ბაბუს ფორმის მიღმა, 50 წლის გულკეთილი ქალბატონი - ალდონა კანკავა იმალება...

- რუსთავში, საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობ. აფხაზეთის ომის დროს, სოხუმიდან 2 თვის შვილი მარტომ გამოვიყვანე. გზაში ბავშვი გამიცივდა. თბილისში, ხუდადოვზე, საავადმყოფოში დავწექით. 3-4 თვე იქ ვიყავით. საავადმყოფოში, როცა სანიტარი არ იყო, იქაურობას ვალაგებდი. განყოფილების გამგემ შემაქო და მითხრა: - შეგიძლია, ჩვენთან იმუშაოო. მუშაობა დავიწყე... განყოფილების გამგე ყველაფერს მჩუქნიდა, რაც კი ჰუმანიტარული დახმარების სახით შემოდიოდა... როცა საავადმყოფოდან გამოგვწერეს, აღმოჩნდა, რომ უკვე ბევრი სათამაშო გვქონდა დაგროვებული. მოგეხსენებათ, ახალი წლის დღესასწაულის მოახლოებისას, თოვლის ბაბუის დანახვა ყველა ბავშვს უხარია. ასეთი რაღაც მოვიფიქრე: თოვლის ბაბუის ტანსაცმელი შევისყიდე. სხვადასხვა დეტალი, აქსესუარი ხან ვისგან ვიყიდე, ხან - ვისგან... პირველ იანვარს ფორმა მოვირგე და ბავშვებს სათამაშოები დავურიგე. ვისთვის ჩუქებასაც ვერ შევძლებდი, ბავშვების მშობლებს ვეხვეწებოდი - შვილებს საჩუქარი გაუკეთეთ, მომიტანეთ და 31 დეკემბრის ღამეს მე მივუტან-მეთქი. ყოველ წელს ასე ვიქცეოდი. საერთო საცხოვრებელში ყველანი დევნილები ვცხოვრობდით. მერე, პატარების გასართობად, კონკურსებს ვატარებდი... საერთოდ, ბავშვები ძალიან მიყვარს. თავად 50 წლის ვარ. უკვე შვილიშვილები მყავს... თოვლის ბაბუის ამპლუაში, პატარების გახარების ტრადიციას ვაგრძელებ. საიდან აღარ მირეკავენ... ამ ახალ წელს უცხო ბიჭმა დამირეკა - ბრატ, ძალიან გთხოვ, ჩემს შვილთან მოდიო... ვუპასუხე, - "ბრატი" კი არა, დაიკო ვარ-მეთქი (იცინის). - უი, ჩემი შვილი ხმით ამოგიცნობთო... ვუთხარი, - 15-20 წელია, ამ საქმეს ვემსახურები და არავის ამოვუცნივარ-მეთქი. ძალიან გაუხარდა... მოკლედ, ნელ-ნელა მსურველები მემატება. შეძლებისდაგვარად, ბავშვებს ვახარებ. ამაში ღმერთი მეხმარება. მართალია, თავად საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობ, მაგრამ ბავშვების გახარების შესაძლებლობას ალბათ, უფალი გვაძლევს... ხელი, რომელიც გასცემს, ცარიელი არ დარჩება...

- არ გიფიქრიათ, რომ თქვენი გატაცება ბიზნესად გექციათ? თოვლის ბაბუის გამოძახების სერვისები ხომ არსებობს, არა?

- მაგალითად, თოვლის ბაბუად სამმა უცხო ადამიანმა წამიყვანა. გაიკვირვეს კიდეც, რომ ფული არ გამოვართვი. ტკბილეულით უფრო გამახარეს - იქიდან ტკბილად გამომიშვეს... ამ საქმეში ფულის აღება ნამდვილად არასოდეს მიფიქრია. თავად ვალები მაქვს, მაგრამ სულითა და გულით მდიდარი ვარ. ძალას უფალი გვაძლევს...

- მართლაც როგორ ახერხებთ, რომ თქვენი ქალური ხმის ტემბრი პატარებმა ვერ ამოიცნონ?

- როცა მათთან სახლში შევდივარ, მშობლები მუსიკას რთავენ. თან, ბავშვებს საჩუქარი უფრო აინტერესებთ, ჩემი ხმის ტემბრს დიდ ყურადღებას არ აქცევენ. იცით? არც მეტყობა ხოლმე, რომ ქალბატონი ვარ და არა - თოვლის ბაბუა (იცინის). მით უმეტეს, ამას გარეგნობაზე ვერ შემამჩნევთ - ფორმაში გამოწყობილი ნამდვილ თოვლის ბაბუას ვგავარ!.. გზად ხშირად მაჩერებენ - ყველას ფოტოს გადაღება სურს. ცოტა ტკბილეული სულ თან მაქვს, რომ ბავშვებს ტკბილად გავუმასპინძლდე და დავამახსოვრო, რომ თოვლის ბაბუა ნამდვილად არსებობს. მეც დღემდე მჯერა, რომ კეთილი ადამიანები არსებობენ, თოვლის პაპის სახით.

- თქვენი თოვლის ბაბუა ვინ არის ხოლმე?

- ალბათ, აფხაზეთში მელოდება, როცა დავბრუნდები...

- ახალი წლის დღესასწაულს აფხაზეთში როგორ ხვდებოდით?

- ღამით ყველა ოჯახში დავდიოდით, ვმღეროდით, კარგად ვმხიარულობდით... 14 იანვარსაც ასე ვიქცეოდით: ჩიჩილაკთან ერთად, ერთმანეთს ვსტუმრობდით და ვახარებდით. ტრადიციას აქ ვაგრძელებ... წარმოშობით გუმისიდან ვარ. მდიდრულად ვცხოვრობდით... ახლა 1 ოთახში ვართ გამოკეტილი, მაგრამ იმედი დღემდე არ დამიკარგავს, რომ აფხაზეთში დავბრუნდებით და ჩვენს პატარებს უფრო ტკბილად გავუმასპინძლდები...

- აღნიშნეთ, აფხაზეთიდან ბავშვი მარტომ წამოვიყვანეო...

- ბავშვი სოხუმში, ომის დროს შემეძინა. თან, ბოლო წუთამდე კავშირგაბმულობის ცენტრში ვმუშაობდი. ტკივილები რომ დამეწყო, სამშობიაროში ფეხით წავედი. ჩემ გარდა, იქ არავინ იყო - ქალაქი იბომბებოდა... 27 სექტემბერს ქალაქი დავტოვეთ. 2-თვე-ნახევრის ჩვილი 9 დღე-ღამის განმავლობაში მომყავდა, სველი...მერე, რუსთავში 1-ოთახიანი ბინა დაგვიმტკიცეს. 12 კვადრატული მეტრის ფართობში ვცხოვრობთ. ბევრი ვეცადეთ, მაგრამ მეტი არ მოგვცეს... შემდეგ ჩემმა შვილმა ბინა იყიდა, რომლის საფასურს დღემდე ვიხდით... ჩემი ვაჟი წარმატებული ფეხბურთელი - კახაბერ კაკაშვილია. თავდაპირველად, რუსთავის გუნდში თამაშობდა, შემდეგ - ბევრ გუნდში ითამაშა. მერე ირანშიც თამაშობდა... ახლა ქობულეთის "შუქურაშია"... ჩემი შვილი სკოლაში, პირველ კლასში რომ სწავლობდა, მასწავლებელმა ბავშვებს დაავალა - საახალწლო ზეიმისთვის კლასგარეშე ლექსი ისწავლეთო. ბავშვი ატირებული მოვიდა. დავამშვიდე - დედი, ნუ გეშინია. დაიძინე და დილისთვის ლექსი გექნება-მეთქი... წიგნი არ მქონდა. ლექსი თავად მოვიფიქრე და დილით შვილს ვასწავლე: "საახალწლო ნატვრა აფხაზეთი იყო, / ჩემი მიწა-წყალი მეძახოდა თითქო... / იქაური სუსხი, იქაური ქარი / დამერწმუნეთ, ხალხნო, სულ სხვა რამე არი... / იქაც დათოვს, ალბათ და მორთავენ ნაძვებს, / თოვლის პაპა იქაც გაახარებს ბავშვებს. / აგვიხდინე, ღმერთო და ვილოცებთ მუდამ, / საახალწლო ღამეს დაგვაბრუნე უკან..."

საახალწლო ზეიმს ცრემლების გარეშე არ ჩაუვლია...

aldona-4-1642409761.jpg

- ამჟამად, რას საქმიანობთ?

- ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრში ვმუშაობ. სამსახურში რუსთავიდან თბილისში დავდივარ. ამჯერად, კოვიდპაციენტებს ვემსახურები - ავადმყოფებს საკვებს ვურიგებთ...

- 31 დეკემბრის ღამეს, პატარების გახარების შემდეგ, თავად როგორ შეხვდით ახალი წლის დღესასწაულს?

- შინ ძალიან გვიან შემოვედი. ისეთი ფორმა მაცვია ხოლმე, რომ სუნთქვა მიჭირს (იღიმის)... შემდეგ ორმა უცხო ადამიანმა დამირეკა - თოვლის ბაბუა უნდოდათ, მაგრამ ვერ დავეხმარე, რადგან როცა ქალაქი "იბომბება" (ფეიერვერკებს უშვებენ), გარეთ ვერ გავდივარ - ნევროზი მაქვს. თან, ომის დროს თვალებიც დამიშავდა... ამიტომ ვცდილობ, გარეთ არ გავიდე... 31 დეკემბრის ღამეს შინ შემოვედი, ახალ წელს შევხვდი, მერე კი სამსახურში წავედი - დილის 4 საათზე ადგილზე ვიყავი. 27 წელია, თბილისში ასეთი რეჟიმით დავდივარ...

- ბავშვობაში, ახალ წელს თქვენ ვინ გახარებდათ?

- უფროსები. ასე იცვამდნენ, როგორც ახლა მე ვიცვამ საახალწლოდ. ჩვენთან მოდიოდნენ, საჩუქრები მოჰქონდათ... ჩემთვის ახლა თოვლის ბაბუა ყველა კეთილი ადამიანია, ვინც სხვასაც ეხმარება: ცრემლებს ვერ ვიკავებ, როცა ვხედავ, ვიღაცა ვიღაცას ეხმარება... ყველას ვულოცავ შობა-ახალ წელს. მინდა, 2022 წელი ყველასთვის საუკეთესო იყოს, მათ შორის - დევნილებისთვის, აფხაზეთში დავბრუნებულიყავით... რუსთაველებს კი დიდ მადლობას ვუხდი, რომ აფხაზეთიდან დევნილები ასე გულთბილად მიგვიღეს, ჩვენი გაჭირვება გულთან ახლოს მიიტანეს, გაითავისეს... დღეს თუ რამეს წარმოვადგენთ, ეს რუსთაველების დახმარებითაა...

ეთო ყორღანაშვილი