"დიმიტრი ყიფიანი ამით მაგალითს აძლევდა ქვიშხეთელებს!" - გზაპრესი

"დიმიტრი ყიფიანი ამით მაგალითს აძლევდა ქვიშხეთელებს!"

ქვიშხეთი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი სოფელია ქართლისა და ისტორიული თორის გასაყარზე. ქვიშხეთის ისტორიიდან მეტად საინტერესო ფაქტებს კლარა გელაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის ფონდების მცველი მოგვითხრობს:

"ქვიშხეთის ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფურცელია 1609 წლის 16 ივნისის ბრძოლა, რომელიც "ტაშისკრის ბრძოლის" სახელითაა ცნობილი. ეს იყო ქართლის სამეფოსა და ოსმალ-ყირიმელ თათართა ლაშქარს შორის გამართული ომი. ქართველთა ლაშქარს გიორგი სააკაძე და ზაზა ციციშვილი სარდლობდა. ბრძოლა მოხდა ქვიშხეთში, ნახვეტარას ველზე. გამარჯვებულმა ლაშქარმა ნადიმი სოფელ ტაშისკარში გადაიხადა.

XV-XVI საუკუნებიდან ქვიშხეთი ქართლის სააბაშიოს (სააბაშიძეოს) ერთ-ერთი ცენტრად მოიაზრება. იმერეთიდან გადმოსული აბაშიძეები ქვიშხეთში, ე.წ. გალანძირის გორაზე აგებენ ციხესიმაგრეს. ეს იყო ოთხგოლოლიანი, საკმაოდ გამაგრებული სიმაგრე დედა-ციხეთი. სწორედ ამ ციხეს აფარებდა თავს მოსახლეობა, როცა მტრები შემოესეოდნენ. 1720 წელს ქვიშხეთში, ვახუშტი აბაშიძის მამულში იპოვეს თავშესაფარი დევნილმა ძმებმა, სულხან-საბა და ზოსიმე ორბელიანებმა. ამ დროს ქვიშხეთში, ფერისცვალების სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მხოლოდ 26 კომლი სახლობდა. გადმოცემით, ლიხის ქედიდან ხშირად გადასცქეროდნენ ძმები ორბელიანები ქართლის სანახებს და ტკბებოდნენ მისი მშვენებით. ცნობილი "სიტყვის კონაც" აქ იწერებოდა, ქვიშხეთის ულამაზეს წიაღში. 1744 წელს, ქვიშხეთში, ვახუშტი აბაშიძის ციხესიმაგრეში იქორწინა (მეორედ) ერეკლე II-მ ანა აბაშიძეზე, ვახუშტის ძმის, ზაალ აბაშიძის ასულზე. XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყისში, თავდასხმების შედეგად, ქვიშხეთში მცხოვრები კომლები თითქმის განადგურდნენ. ნაწილი აიყარა და იმერეთს მიაშურა. XIX საუკუნის დასაწყისიდან იწყება ქვიშხეთის ხელახალი დასახლება. ქაიხოსრო აბაშიძემ ქვიშხეთის სასახლე და მიწები მემკვიდრეობით დაუტოვა თავის დას, ეკატერინეს, რომელმაც შვილს, სოფიო მუხრანბატონისას მისცა მზითევში, როცა ის სუმბათაშვილზე გათხოვდა. სწორედ ამ დროიდან, XIX საუკუნის 40-იანი წლებიდან, ბოლშევიკური რეჟიმის დამყარებამდე, აბაშიძეების ყოფილი სასახლე მებატონე სუმბათაშვილებს ეკუთვნოდათ. სუმბათაშვილები მეტად მკაცრეები ყოფილან. მიხეილ ჯავახიშვილი, რომელიც წლების მანძილზე ისვენებდა ქვიშხეთში და მისი ისტორიაც კარგად იცოდა, "არსენა მარაბდელში" სუმბათოვის მიერ გლეხების არაადამიანურ ჩაგვრაზე მოგვითხრობს... ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ქვიშხეთელმა გლეხებმა შური იძიეს ბატონსა და მის ოჯახზე. ქვიშხეთელ ვასილ სუმბათაშვილს ცოლად ჰყავდა ნიკოლოზ ბარათაშვილის და, სოფიო, რომელსაც სამი შვილი ჰყოლია: ეკატერინე, ნიკოლოზი და გიორგი. ნიკოლოზი ახალდაბაში ცხოვრობდა და ცოლად ჰყავდა მასზე 25 წლით უმცროსი ულამაზესი დარია ფავლენიშვილი. მათი ოჯახის ტრაგი-კომიკური ისტორია, როგორც ლევან ასათიანი გადმოგვცემს, საფუძვლად დაედო მიხეილ ჯავახშვილის რომანს "ჯაყოს ხიზნები". მიხეილ ჯავახიშვილის თავისუფლების უკანასკნელი წუთებიც ქვიშხეთს უკავშირდება; 1937 წლის ზაფხულში მას ქვიშხეთში ჩამოაკითხეს ჩეკისტებმა და დააპატიმრეს... საქართველოში ბოლშევიკების შემოჭრის შემდეგ, სუმბათაშვილებს კუთვნილი სასახლე ჩამოართვეს და წლების მანძილზე სოფელ ქვიშხეთის კულტურის სახლი იყო განთავსებული (ამჟამად სურამისა და ხაშურის ეპარქიის მღვდელმთავრის რეზიდენციაა).

XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან ქვიშხეთის ისტორია დიმიტრი ყიფიანის სახელს უკავშირდება. მისმა მამამ, ქოჩო ყიფიანმა ქვიშხეთელ აბაშიძეებთან მოურავობის პერიოდში, ქვიშხეთშივე შეიძინა ტერიტორიები; თვითონ, გარკვეული მიზეზების გამო, დატოვა სამსახური და გორის რაიონის სოფელ მერეთში ჩაესიძა ფურცელაძეებს. ეს სოფელია დიმიტრისა და მისი ძმების დაბადების ადგილი. ქოჩოს გარდაცვალების შემდეგ, მისი შვილები მერეთიდან ქვიშხეთში მკვიდრდებიან. სახელმწიფო სამსახურები ხელს არ უშლიდა დიმიტრის ქვიშხეთის მოვლა-პატრონობაში. ყიფიანის ოჯახში თავს იყრიდნენ მაშინდელი თბილისის მოაზროვნე ადამიანები. ეს ურთიერთობები ედებოდა საფუძვლად იმ ფაქტს, რომ მისი ოჯახის თითქმის ყველა წევრი გულმხურვალე მამულიშვილად ჩამოყალიბდა. დიმიტრი ყიფიანი, ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, რწმენისადმი დამოკიდებულებითაც სამაგალითო იყო. როგორც იხსენებენ, ყოველ კვირა დღეს, მის მიერ აგებულ კარის ეკლესიაში, ახალ მუნდირში საზეიმოდ გამოწყობილი იდგა და ამით მაგალითს აძლევდა ქვიშხეთელებს... ყიფიანების სახელს უკავშირდება თეატრალური წარმოდგენები, პირველი დაწყებითი სკოლისა და ბიბლიოთეკის დაარსება ქვიშხეთში. პავლე ეგზარხოსისადმი მიწერილი ბარათის გამო, სადაც დიმიტრი ყიფიანი ერის სინდისს იცავდა, მას სტავროპოლში გადასახლება მიუსაჯეს. გადასახლებამდე აკაკი წერეთელმა მოინახულა... უნდოდა, თანაგრძნობა ეთქვა, მაგრამ მისი ღიმილიანი სახის დანახვამ დააბნია მგოსანი. დიმიტრიმ იქით დაამშვიდა შეწუხებული მეგობარი და დააიმედა, რომ იგი უდანაშაულო იყო და ჩქარა დაბრუნდებოდა... 1887 წლის 24 ოქტომბერს დიმიტრი ყიფიანი ვერაგულად მოკლეს სტავროპოლში. ცოცხალი ვეღარ დაბრუნდა, მაგრამ საქართველოს წმინდანებს კიდევ ერთი შარავანდედით მოსილი სახე შეემატა.

1893 წელს ილია ჭავჭავაძე სტუმრობდა ქვიშხეთს. მას უმასპინძლა დიმიტრი ყიფიანის რძალმა, ნინო ყიფიანმა. სწორედ მაშინ, დიმიტრის ოჯახში ტრაპეზობისას წარმოთქვა დიდმა ილიამ ცნობილი ფრაზა: "დიმიტრი ყიფიანი იყო ჩვენი ხუროთმოძღვარი, ჩვენ კი მისი კალატოზები".

yifianis-saxli-1642507745.jpg

1923 წლიდან დიმიტრი ყიფიანის სახლი ქართველ მწერლებს სააგარაკოდ გადაეცათ; მას შემდეგ ამ სახლმა და თვითონ სოფელმაც ახალი სიცოცხლე შეიძინა. ვის აღარ მასპინძლობდა ეს წალკოტი! XX საუკუნეში მოღვაწე არც ერთი გამოჩენილი ადამიანი არ დარჩენილა, რომ სხვადასხვა დროს ქვიშხეთში, დიმიტრი ყიფიანის სახლში და ზოგადად, ქვიშხეთში არ დაესვენოს.

ვერიკო ანჯაფარიძეს განსაკუთრებული მოგონებები აკავშირებდა ქვიშხეთთან; ცნობილია, რომ 1919 წელს, აქ, დიმიტრი ყიფიანის კარის ეკლესიაში, მან ჯვარი დაიწერა შალვა ამირეჯიბზე.

ქვიშხეთში ათზე მეტი არქიტექტურული ძეგლია. აქედან სამი ტაძარი მოქმედია. XX ს-ის 90-იანი წლების მოვლენებმა ქვიშხეთის "სურათიც" გააფერმკრთალა. სოფელში სიცოცხლე ჩაკვდა; შეწყდა სტუმრიანობა, სულს ღაფავდა ძველი დიდების ნაშთი - დიმიტრი ყიფიანის სახლი... 2019 წელს დასრულდა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რესტავრაცია; სოფლის გზები მოპირკეთდა. 2020 წლის გაზაფხულზე გაიხსნა ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო "მწერლები" და დაიწყო ქვიშხეთის ისტორიის ახალი, ულამაზესი ეტაპი. თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი, თუნდაც იმისთვის, რომ პირნათელები ვიყოთ ქვიშხეთის ისტორიისა და იმ ადამიანების წინაშე, ვისთვისაც ესოდენ მნიშვნელოვანი იყო და არის ქვიშხეთი...

როლანდ ხოჯანაშვილი