როგორ შექმნა ნოდარ მამისაშვილმა სამების ტაძრის 9 ზარი - გზაპრესი

როგორ შექმნა ნოდარ მამისაშვილმა სამების ტაძრის 9 ზარი

მისი ინტერესის სფერო მრავალმხრივი იყო. პატარაობიდანვე რამდენიმე მიმართულებით გამოავლინა ნიჭი. მისმა ბავშვობამ უმთავრესად თბილისში, ნახალოვკაში გაიარა, ომის წლებში კი ოჯახი დროებით სოფელში გადაბარგდა. იქ მიწაზე მუშაობაც უწევდა, ფრინველ-საქონლის მოვლაც და მწყემსების გვერდით ყოფნაც. სწორედ ამ პერიოდიდან ჰქონდა პატარ-პატარა აღმოჩენები და გამოგონებები, რომლებიც შემდგომ წლებში უფრო "გაიშალა"...

კონსერვატორიის ემერიტუსი, კომპოზიტორი, პედაგოგი, მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ნოდარ მამისაშვილი 10 იანვარს, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. დატოვა ათეულობით სამეცნიერო ნაშრომი და პუბლიკაცია. მან მსოფლიოში პირველმა შექმნა 9 საეკლესიო ზარის რეზონანსული განაწილების აკუსტიკური სქემა, რომლის მიხედვითაც სამების ტაძრის სამრეკლო სივრცეში ზარების განაწილება მოხდა. ქართული სამგალობლო ჰარმონიიდან გამოყო ძირითადი ფუძე - ტონები და გადაიტანა 9 ზარის ხმოვანებაში (ასევე მოახდინა ზარების დიფერენციაცია ფუნქციების მიხედვით: 2 მოხმობის ზარი, 2 - მიმტევებლობის, 2 - სამგალობლო, 1 - მონანიების, ლოცვის, 1 - დიდების ზარი).

ცხოვრების მანძილზე კომპოზიტორი ნოდარ მამისაშვილი სხვადასხვა ჟანრს შეეხო, მათ შორისაა: ოპერა, ბალეტი, სიმფონიური, საგუნდო მუსიკა და ა.შ. დაწერილი აქვს მუსიკა დრამატული სპექტაკლებისა და მხატვრული ფილმებისთვისაც.

თუ ერთხელ შეხვდებოდი და გაესაუბრებოდი, გინდოდა, მისთვის სულ გესმინა. მისი ერუდიცია ყველა მონათხრობს მაგნიტის მიზიდულობას სძენდა. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს, წლების წინ მასთან შინ სტუმრობის დროს ჩაწერილი დიალოგებიდან, სადაც ბატონი ნოდარი მუსიკასთან, ინჟინერიასთან მის პირველ შეხებასა და ამავდროულად, ზარების შექმნის ამბავს იხსენებდა.

"ხმაურის ორკესტრი" და ელექტროსადგური

"ბავშვობიდან მიყვარდა მუსიკა, მაგრამ არ მიყვარდა ძილი. 2-3 წლისას, როცა ვერაფრით მაძინებდნენ და საძინებელში შეყვანილი იქიდან კურდღელივით გამოვრბოდი, დედაჩემს ერთი გონებამახვილური და საინტერესო იდეა გაუჩნდა - ჩვენი ოჯახის წევრებისგან შეექმნა ორკესტრი. ინსტრუმენტებად ვიყენებდით: ქვაბებს, სახეხებს, ჯამ-ჭურჭელს, დანა-ჩანგალს, ანუ ყველაფერს, რასაც ბრახუნისა და ჩხარუნის გამოცემა შეეძლო. "ხმაურის ორკესტრში" მონაწილეობდნენ: ბებია, ბაბუა, ბიძა, პაპა, დედა. მეუბნებოდნენ, კაპელმაისტერი ხარ და ორკესტრს გაუძეხიო. მათი გაძღოლა იმდენად მომწონდა, კი ვიცოდი, რომ მატყუებდნენ, მაგრამ საძინებელი ოთახისკენ მაინც მივდიოდი. სულ ცუმპა-ცუმპას თანხლებით ჩამაგდებდნენ ხოლმე ლოგინში...

ახლა მეორე გატაცებაზეც გიამბობთ: 8 თუ 9 წლის გახლდით, როცა რაღაც საინჟინრო გამოგონებები დავიწყე. ადრე ბევრნაირი კონსტრუქტორი იყიდებოდა. არ მიყვარდა, ვიღაცა რომ მეხმარებოდა და იმდენად უცნაურ კონსტრუქციებს ვქმნიდი, არ სჯეროდათ, რომ ჩემი გაკეთებული იყო. როცა ომი დაიწყო, 11 წლის ვიყავი. სარდაფში ონკანს წვრილად წყალი გასდიოდა და მისი შეკეთება გადავწყვიტე. წყლის წნევით პატარა ელექტროსადგური შევქმენი. მადა ჭამაში მოდის და ნათურებს ძირი მოვახერხე, ბატარეის პატარა ნათურა ჩავდე შიგ და ისე დავხრახნე ჭაღზე, რომ სინათლეს გამოსცემდა. მაშინ, ომის დროს, სახლები ფარდებით უნდა შენიღბულიყო, რომ გარეთ სინათლე არ გასულიყო. ასე რომ მომხდარიყო, აგენტობას დაგწამებდნენ, რომელსაც უნდოდა, გერმანელებისთვის ნიშანი მიეცა და თბილისი დაებომბათ. ერთხელაც სახლში მარტო მე და ბებია ვიყავით. მამა ჯარში წაიყვანეს, დედა სოფელში იყო პროდუქტების ჩამოსატანად. ეტყობა, ბებიამ კარგად ვერ ჩამოაფარა ფარდა და მოულოდნელად შინ ვიღაც უზარმაზარი, გოლიათი მილიციელი შემოვიდა. შალიაპინის ხმით გვითხრა, როგორ გაბედეთ, სინათლე გარეთ გადისო. დიდი ჯარიმა გამოგვიწერა და დაგვემუქრა. ბებია აკანკალდა, ისედაც გვიჭირდა და ჯარიმა მეხის დაცემასავით იყო. მილიციელი უკვე წასვლას აპირებდა, რომ ოთახი მოათვალიერა და გაიკვირვა, ლამპა არ არის, საიდან გაქვთ შუქიო? ზევით რომ აიხედა, უარესად დაეჭვდა. ბებიამ უთხრა, საიდანაც გვქონდა განათება. მეც განვუმარტე, რომ სარდაფში ელექტროსადგური გავაკეთე. იქ ჩავუძეხი და ვაჩვენე. იმ დროს თითოეული ჯარიმა მკაცრად აღირიცხებოდა, ამ მილიციელმა კი თავის თავზე აიღო მისი გაუქმება და ფურცელი დახია. მერე ხელში ამიყვანა, მაკოცა და ბებიას უთხრა, შვილიშვილს გაუფრთხილდი, ამისგან დიდი კაცი დადგებაო..."

მუსიკისა და ინჟინერიის გარდა, ბევრი მიმართულებით შეეძლო პროფესიული არჩევნის გაკეთება, რადგან სკოლის ასაკიდან იყო დაინტერესებული ისტორიით, განსაკუთრებით ბევრი კვლევა თამარ მეფის ეპოქაზე ჰქონდა. ამავდროულად წერდა ლექსებსა და მოთხრობებს. ერთხელ, საკუთარი პიესაც კი დადგა. რეჟისორობის გარდა, მუსიკალური გამფორმებელიც იყო.

თავის შემოქმედებას პირველად იმ ადამიანებს აცნობდა, ვინც მათი ოჯახის ხშირი სტუმრები იყვნენ. ნოდარ მამისაშვილის მამა საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი მაღალი რანგის ეკონომისტად მიიჩნეოდა. ფილოსოფია, ლიტერატურა, პოეზია უყვარდა და მეგობრების უმრავლესობაც ხელოვნების წარმომადგენლები ჰყავდა. ვახტანგ კოტეტიშვილი მამისაშვილების ხშირი სტუმარი იყო, ასევე - გერონტი ქიქოძე, დიმიტრი ბენაშვილი და სხვები. სწორედ ამ ხალხის წრეში ხდებოდა ნოდარ მამისაშვილის "პოეტური ნათლობა" და ახალ-ახალი ნაწარმოებების წარდგინება.

nodaris-1642685107.jpg

ზარი

"მამა საგარეჯოდან გახლავთ - იქ დოდოს ეკლესიაა. კომუნისტების დროს ეკლესიებში ან თივას ინახავდნენ, ან სხვა ტიპის საწყობად იყენებდნენ. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ეკლესია, როგორც ნაგებობა. მაშინ მისი მნიშვნელობა გააზრებული არ მქონდა და ნაგებობის სიყვარულმა შემაძვრინა დოდოს ეკლესიაში. სიბნელე იყო და ერთ ადგილას მიწა ამოწეული. სათავგადასავლო მოთხრობებთან პარალელით, მეც იმ ადგილს მივუახლოვდი - ვიფიქრე, განძს მივაგენი-მეთქი. მოვთხარე მიწა და იქ მართლაც აღმოჩნდა განძი - გაბზარული და ენამოგლეჯილი ზარი. ქვიშით გავაპრიალე, შეძლებისდაგვარად შევაკეთე და ძელზე დავკიდე. არმატურის ნაჭერი შემოვკარი და მიუხედავად იმისა, რომ დაზიანებული იყო, საოცრად აჟღერდა. უცბად დარაჯი გამოვარდა და გამომიდგა. რომ დამწეოდა, ალბათ მიმტყეპავდა, მაგრამ გავექეცი. ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა ზართან. მეორე კი ცხოვრებაში არ დამავიწყდება: ზაქარია ფალიაშვილის საიუბილეო დღესასწაული გახლდათ. კონსერვატორია უკვე დამთავრებული მქონდა და კულტურის სამინისტროში ვმუშაობდი მუსიკალურ დაწესებულებათა ხელმძღვანელად. ღონისძიების ჩატარება გელათში მე მევალებოდა. მაშინ პირველად ვიგრძენი, როგორ უყვარს ხალხს ზაქარია ფალიაშვილი. ზღვა ხალხი მოვიდა გალა კონცერტზე. მთელი ფერდობი გუგუნებდა და ამ ხალხს რა გააჩუმებდა?! სწორედ მაშინ გამახსენდა ბავშვობაში ნაპოვნი გაბზარული ზარი. გავიფიქრე, ზარის ძალა ხალხს გააჩერებს-მეთქი. იმ დროს ეკლესიის ზარის დარეკვა ატომური ბომბის გასროლის ტოლფასი იყო, მაგრამ... თითქმის დანგრეულ სამრეკლოზე ავედი. ზარს თოკი არ ჰქონდა. მოვიკითხე და თითქმის ერთ წამში გაჩნდა. თოკი ზარს გამოვაბი და შემოვკარი. ირგვლივ სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. სწორედ ამ დროს ლილე კილაძეს, რომელიც რადიოს სიმფონიურ ორკესტრს ხელმძღვანელობდა, ვუთხარი, - სანამ ხალხი ახმაურებულა, კონცერტი დაიწყე-მეთქი და ის ასეც მოიქცა..."

ilia-1642685120.jpg

სამების ტაძარი

"პირველად ჩემი სამი ზარი დაიკიდა საბურთალოს პანთეონში, სადაც ქართული მიწის დასაცავად დაღუპული ჩვენი ვაჟკაცები განისვენებენ, ამის შემდეგ კი - წმინდა სამების ტაძარში. იქ 9 ზარია. მათი თანამიმდევრობა ქართულ საეკლესიო სამგალობლო ჰარმონიას ქმნის. ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო, რომ ასეთივე კომპოზიციის 5 ზარი ბოდბეში, წმინდა ნინოს ეკლესიაშიც ჩამოიკიდა.

იმისათვის, რომ ქართული ზარი ამეღორძინებინა და მეტალურგიული ცოდნა გამომეყენებინა, გადავწყვიტე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ზარის ჩამოსხმის რიტუალები შემეგროვებინა, ბევრი დეტალი შემესწავლა და მხოლოდ ამის შემდეგ დამეწყო მუშაობა სამების ტაძრის ზარებზე. პირველად ჩემს ცხოვრებაში გავაკეთე ზარის მონახაზი, მისი კედლებისა და ენის სიმძიმე განვსაზღვრე და ცნობილ მოქანდაკე გია ჯაფარიძესთან მივედი. ზარის ჩამოსხმა საკმაოდ ძვირი ფუფუნებაა, რადგან მას მაღალი ხარისხის სპილენძი და სხვა ათასი წვრილმანი სჭირდება. გიას ვუთხარი, - შეგიძლია გარისკო და ეს გააკეთო. ჩათვალე, რომ ჩემთვის გიჩუქებია არცთუ ისე მცირე თანხა-თქო. გავრისკოთო, - თქვა. გააკეთა ყალიბი, ჩამოასხა ზარი და მიუხედავად იმისა, რომ ბრწყინვალე სმენა მაქვს, როცა ზარმა დარეკა, ყურებს არ დავუჯერე, სპეციალური აპარატითაც კი შევამოწმე - ზარი ზუსტად იმ კამერტონზე "იჯდა"! გამახსენდა უწმინდესის სიტყვები: სამების ტაძარი რომ აიგო, მანამდე მის ადგილას დიდი ქვაბული იყო და ზოგმა არასერიოზულ წამოწყებად ჩათვალა. როცა მას ჰკითხეს, ამ ორმოს რა ამოავსებსო, უწმინდესმა შესანიშნავი პასუხი გასცა: "უფლის ნება". აი, ზუსტად ასე იყო ზარების შემთხვევაშიც. უფლის ნება რომ არ ყოფილიყო, ასეთი სიზუსტის დაცვა შეუძლებელი იქნებოდა..."

P.S. ჟურნალ "გზის" რედაქცია მწუხარებას გამოთქვამს ნოდარ მამისაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახსა და ახლობლებს.

ანა კალანდაძე