თურქეთის მაღალჩინოსანი არველაძეების "ფანკლუბიდან" - გზაპრესი

თურქეთის მაღალჩინოსანი არველაძეების "ფანკლუბიდან"

დიპლომატიური თუ საერთოდ, საერთაშორისო ურთიერთთანამშრომლობა ქვეყნებს შორის ჩვენთვის, როგორც წესი, მშრალი ოფიციალური განცხადებებითა და ხანმოკლე ბრიფინგებით შემოიფარგლება. მოლაპარაკებებისა და სამუშაო შეხვედრების კულისები მხოლოდ "რჩეულთა" თვალ-ყურისთვისაა ხელმისაწვდომი. თუმცა, პოლიტიკური თუ ეკონომიკური კონტაქტების შესახებ თხრობას არც ამჯერად ვაპირებთ, ერთი ეპიზოდი სწორედ მსგავსი ღონისძიებების დროს მოხდა. ის "საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის" დირექტორმა, დავით ბრაგვაძემ გაგვიზიარა:

- 2016 წლის მიწურულს უშიშროების საბჭოს აპარატში ახალი მდივანი დანიშნეს. ცოტა ხანში გავიგე, რომ ახალი უფროსი თურქეთში ოფიციალური ვიზიტით მიდიოდა და მეც უნდა გავყოლოდი. ასეთი დონის დელეგაციაში მანამდე არასოდეს ვყოფილვარ და ვღელავდი. პირველი, რაც გავაკეთე, ჩვენი მასპინძლის ბიოგრაფიას ჩავუჯექი. თურქეთის უშიშროების საბჭოს გენერალური სამდივნოს გენერალური მდივანი სეიფულა ჰაჯიმუფთუოღლუ იყო ტიპური თურქი ბიუროკრატი, შთამბეჭდავი კარიერით - წარსულში 6 რაიონის გამგებელი, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე და რიზეს ყოფილი გუბერნატორი. ისიც გავიგე, რომ თურქეთში დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, მისთვის სწორედ ასე უნდა მიგვემართა - ბატონო გუბერნატორო...

ანკარაში რომ ჩავფრინდით, ძალიან ციოდა. თურქეთის უშიშროების საბჭოს გენერალური სამდივნოს ოფისი იმაზე დიდი იყო, ვიდრე საქართველოს ადმინისტრაციული შენობების აბსოლუტური უმრავლესობა. შთამბეჭდავი ნაგებობაა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციის დამხმარე ნაგებობის მესამე სართულზე მუშაობ. გენერალური მდივანი სეიფულა ჰაჯიმუფთუოღლუ ტანმორჩილი კაცი აღმოჩნდა, თავისებური შარმით. შეხვედრა ძალიან მოძველებული ინტერიერის დიდ ოთახში ტარდებოდა, სადაც დიდი მრგვალი მაგიდა იდგა, ორი ქვეყნის დროშა ეკიდა და კედელზე ორი საათი - ერთი ანკარას დროს აჩვენებდა, მეორე - თბილისის. ეს ჟესტი ნამდვილად სასიამოვნო იყო.

ტრადიციული მოკლე მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, თითქოს საქმეზე უნდა გადავსულიყავით... ჩვენმა მასპინძელმა საუბარი - არც მეტი, არც ნაკლები - შოთა არველაძეზე წამოიწყო. გვითხრა, რომ თავად წარმოშობით ქართველია, ტრაბზონელი და "ტრაბზონსპორის" დიდი გულშემატკივარი; რომ ბევრი დიდი ფეხბურთელის თამაში უნახავს თურქეთის ჩემპიონატში, მაგრამ შოთა არველაძეს ვერავის შეადარებდა... ვინც ტრაბზონში ნამყოფია, ყველამ იცის, რომ არველაძეებზე გაგონილი ლეგენდები - ლეგენდები არ არის, მაგრამ შუაგულ ანკარაში, თურქეთის უშიშროების საბჭოს გენერალური მდივნისგან ქართველ ფეხბურთელზე საუბარი, მაინც მოულოდნელი იყო... შოთა და აჩი არველაძეებზე ლაპარაკი არც ოფიციალური ვახშმის დროს დავიწყებია. ვიზიტის სამახსოვროდ სეიფულა ბეიმ დელეგაციის წევრებს მოხატული თეფშები გვაჩუქა.

თურქეთში ვიზიტიდან ცოტა ხანში, სეიფულა საპასუხო ვიზიტით თბილისში გვეწვია. ცხადია, არც აქ დავიწყებია საუბარი არველაძეებზე. მეორე დღეს, პროტოკოლით გათვალისწინებულ ვახშამზე უარი თქვა: ხომ ვივახშმეთ უკვე და ქალაქის დათვალიერება მირჩევნიაო. მისი გიდი მე უნდა ვყოფილიყავი, რასაც, ცხადია, სიამოვნებით დავთანხმდი. სასტუმროში შევიარეთ, თურქ კოლეგებს ნივთები რომ დაეტოვებინათ და სასეირნოდ გამზადებულიყვნენ. ლობიში გაზეთს ვკითხულობდი, როდესაც დავინახე, რომ ჩამოვიდნენ. ცოტა ხნით იქიდან გასვლამ მომიწია და როდესაც მოვბრუნდი, ისევ იქ იდგნენ, სადაც დავტოვე, სეიფულა ბეი კი თავისი დელეგაციის წევრებს საკმაოდ ემოციურად, რაღაცას უმტკიცებდა. ჩვენი სტუმარი ინგლისურ ენაზე არ საუბრობდა, მე თურქული არ ვიცი და კომუნიკაციას თარჯიმნის მეშვეობით ვამყარებდით, რომლის მოვალეობასაც ექსკურსიის დროს ჩვენი ერთ-ერთი თურქი კოლეგა ასრულებდა. ვიკითხე, რაშია საქმე-მეთქი? სეიფულა ბეიმ რაღაც თქვა თურქულად, საიდანაც მხოლოდ ორი სიტყვა გავიგე "შოთი არველაძე". - ბატონი გუბერნატორი ამბობს, რომ შოთი არველაძე დაინახაო...

2017 წლის აპრილის ბოლო იყო. თუ არ ვცდები, ამ დროს შოთი თელ-ავივის "მაკაბის" მთავარი მწვრთნელი გახლდათ. ისრაელის ჩემპიონატის გრაფიკი კარგად არ ვიცი, მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ გაგანია სეზონი იდგა და შოთა თბილისში არ უნდა ყოფილიყო. - რამე ხომ არ გეშლებათ, შოთი თბილისში არ უნდა იყოს-მეთქი. - არა, არ მეშლება, ნამდვილად დავინახეო. ჩვენი სტუმარი დარწმუნებული და ძალიან კატეგორიული ჩანდა. - იქნებ აჩი იყო-მეთქი?.. - რაო?! შენ გინდა მითხრა, რომ აჩისა და შოთის ვერ ვარჩევო (კინაღამ ვუთხარი, ქართველი გულშემატკივრის ნახევარზე მეტი ვერ არჩევს-მეთქი)?!. ეგეც არ იყოს, აჩიც ძალიან მიყვარსო... ბევრი რომ არ გავაგრძელო, სეიფულა ბეის შოთის გაცნობა უნდოდა, რომელიც მისი მტკიცებით, რესტორანში შევიდა. ათასმა აზრმა გამიელვა. რომ შევიდე, რა ვუთხრა? კაცი მეგობრებთან ერთადაა, მიადექი ვიღაც, რისთვის?.. რომ არ წამოვიდეს? ისიც ვიფიქრე, ხომ არ მოვატყუო, რომ არ დამხვდა-მეთქი?..

მოკლედ, ავედი რესტორანში. შესასვლელში ახალგაზრდა გოგო იდგა. ვკითხე, აქ შოთა არველაძე ხომ არ შემოსულა-მეთქი? უკაცრავად, მაგრამ სტუმრებზე ინფორმაციას ვერ მოგცემთო. კარგი, დავჯდები, ყავას დავლევ-მეთქი. რესტორანს თვალი გადავავლე და შოთა არველაძე დავინახე. ნაღდად ის იყო, ჩვენი სტუმარი არ ცდებოდა, ორ მეგობართან ერთად იჯდა. ეგრევე მივეჭერი მაგიდასთან: - შოთა, გამარჯობა. ბოდიში, რომ საუბარს გაწყვეტინებ. ახლა რომ გითხრა, ვინ ვარ, ჩემი სახელი არაფერს გეტყვის. თურქეთის უშიშროების საბჭოს მდივანი მყავს სტუმრად, ლობიში დაგინახა, "ტრაბზონსპორის" ფანია და შენი გაცნობა უნდა. თუ ცოტა ხანი ჩამოხვალ და დაელაპარაკები, მადლობელი დაგრჩები, იქნებ უმუშევარიც არ დავრჩე-მეთქი...

საკმაოდ გრძელი სიტყვა გამომივიდა. შოთის გაეღიმა, მივხვდი, რომ წამოვიდოდა. მეგობრებს გადახედა და, - ძმებო, ერდოღანისთვის რამის თხოვნა ხომ არ გინდათო?.. ძალიან მინდოდა გადამეხარხარა, მაგრამ თავი შევიკავე. შოთა კიბეზე დაეშვა თუ არა, სეიფულას თვალები გაუბრწყინდა. კიბე საკმაოდ გრძელია, შოთას ბოლომდე ჩასვლამდე ვერ მოითმინა, პატარა ბავშვივით მისკენ გაიქცა და ჩაეხუტა. რამდენიმე წუთი თურქულად ილაპარაკეს, მერე სურათები გადაიღეს (მე ვერ გავეკვეხე, სამწუხაროდ) და ერთმანეთს დაემშვიდობნენ. სეიფულა ბეიმ თავისი სავიზიტო ბარათი მისცა, ანკარაში რომ იქნები, აუცილებლად დამირეკეო...

9djccchsex049pg-copy-1642685291.jpg

გამოვედით სასტუმროდან, ექსკურსიის დაწყებამდე კიდევ ბევრი ვილაპარაკეთ შოთაზე. მითხრა, - შენ აზრზე არა ხარ, რამხელა სიხარული განვიცადე!.. შენ რომელი გუნდის გულშემატკივარო ხარო? მიუნხენის "ბაიერნის"-მეთქი. - ფრანც ბეკენბაუერი პირადად რომ გაგეცნო, ასე გახარებული არ იქნებოდიო. - ფრანც ბეკენბაუერის თამაში არ მახსოვს-მეთქი... მაშინ, ვისიც გახსოვსო. აი, "ბარსელონის" გულშემატკივარი რომ იყო და მესი გაგეცნო, ასეთი ბედნიერი მაინც ვერ იქნებოდიო... შთამბეჭდავი შედარებები იყო, ღმერთმანი.

მერე მომიყვა, რომ "ტრაბზონსპორის" არა მხოლოდ გულშემატკივარი, არამედ კლუბის სამეთვალყურეო საბჭოს წევრიცაა და შოთი რომ გუნდის მწვრთნელი გახდა, მაგაში ჩემი დიდი დამსახურება იყოო. გავიფიქრე: შე აფერისტო! სამეთვალყურეო საბჭოს წევრი თუ ხარ, აქამდე როგორ არ იცნობდი-მეთქი?.. ეს ვკითხე კიდეც, "აფერისტოს" გარეშე... - მთელი ცხოვრება ისეთი სამსახურები მქონდა, ტრაბზონში იშვიათად მიწევდა ყოფნა, მაშინაც, როცა არველაძეები თამაშობდნენ და ახლაც. მხოლოდ მაშინ თუ ვახერხებ ჩასვლას, ვინმე ახლობელი რომ მომიკვდება... იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ შოთა არველაძე "ტრაბზონსპორის" მწვრთნელად დაბრუნდება. როცა მოვიყვანეთ, მაშინ უბრალოდ მზად არ იყო, მაგრამ ახლა იმის მეშინია, როცა მზად იქნება, თავად აღარ მოისურვებს დაბრუნებას და უფრო დიდ გუნდში იმუშავებსო.

შოთა არველაძის გაცნობის შთაბეჭდილებაზე აეროპორტში დამშვიდობების დროსაც გვესაუბრა, - ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩამოვედიო. ჯერ ერთი, შოთას მშობლიური ქალაქი სულ მაინტერესებდა, მერე შოთა გავიცანი და მესამეც... ოოო, რა საოცარი რამაა ეს ხაჭაპურიო!.. სხვათა შორის, თურქეთის მაშინდელ ელჩს დაავალა: 30 ხაჭაპური მომიტანე სამშობლოში წასაღებადო.

ტრაპზე ასვლამდე სეიფულა ჰაჯიმუფთუოღლუმ მითხრა: შენ თეფში გაჩუქეო? - დიახ, თურქეთშიც მაჩუქეთ და აქაც-მეთქი. - დიდი თუ პატარაო? - საშუალო იყო-მეთქი... დიდი გეკუთვნისო, - და უზარმაზარი თეფში მაჩუქა. თურქეთის უშიშროების საბჭოს სტილიზებული ლოგოც მოაყოლა ბონუსად, - ნამდვილად დაიმსახურეო!..

ნანული ზოტიკიშვილი