ამღერებული წინაპართა სულები და ჩონჩხების ცეკვა - გზაპრესი

ამღერებული წინაპართა სულები და ჩონჩხების ცეკვა

"ადამსები" პირველად კომიქსის სახით გამოჩნდა 1938 წელს, ერთ-ერთ ცნობილ ამერიკულ გაზეთში. ავტორი ჩარლზ ადამსია, რომელიც ამერიკაში შავი იუმორის ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენლად მიიჩნევა. დრომ დაამტკიცა, რომ კარიკატურისტმა არა მხოლოდ თავის ქვეყანას, არამედ მთელ მსოფლიოს აჩუქა მისივე გვარის მატარებელი უცნაური პერსონაჟები, რადგან წლების განმავლობაში მხატვრის მიერ გამოგონილ, ცოტა არ იყოს, "დარეხვილ" საგვარეულოს მიეძღვნა ფილმები, სერიალები, მიუზიკლი, ანიმაცია...

სერიალი "ადამსების ოჯახი" პირველად ეკრანებზე 1964 წელს გამოჩნდა და სეზონი 2 წელს გაგრძელდა. შავ-თეთრი ფილმი კომედიას, ფანტასტიკასა და საშინელებათა ჟანრს აერთიანებდა და მალევე საკმაოდ რეიტინგული გახდა. "ადამსები" 1991 წელს უკვე ფილმის, შავი კომედიის სახითაც "წარდგა" მაყურებლის წინაშე. ჰორორი უსაზღვრო ფანტაზიითაა გაჯერებული და, მიუხედავად იმისა, რომ ეს ოჯახი სასტიკი ქმედებებით გამოირჩევა, მაყურებელში არც უარყოფით ემოციებს წარმოშობს და არც შიშის გრძნობას ტოვებს. ამ შემთხვევაში წარმატების განმსაზღვრელი აღმოჩნდა მუსიკაც, რომელიც ერთხელ თუ მოისმინე, მაშინვე აგიყოლიებს და გამახსოვრდება. "ადამსებს" წლების განმავლობაში არ დაუკარგავს აქტუალობა და ამას ისიც მოწმობს, რომ 2019 წელს გამოვიდა ანიმაციური ფილმი, რომლის ერთ-ერთი საუნდტრეკი კრისტინა აგილერამ ჩაწერა.

ამჯერად "ადამსები" მოზარდ მაყურებელთა თეატრს სტუმრობს. ორმოქმედებიანი მიუზიკლის პრემიერა "ფრთხილად, ადამსები!" 15, 16 და 18 იანვარს შედგა.

ოჯახი ნიუ-იორკში, ცენტრალ პარკში ცხოვრობს. თანამედროვეობას არ აღიარებენ. არ ადარდებთ, რას ფიქრობს მათზე გარე სამყარო. თავს ყველაზე კარგად შინ გრძნობენ, სადაც უამრავი "გასართობი" აქვთ. წინაპართა სულებთან ცეკვა, არბალეტით ჩიტების ხოცვა, სახლის აფეთქება, ქვაბში მწარე ნაყენის შეკაზმვა - ეს არის მათი ყოველდღიურობა. ადამსების ოჯახი არც ინტერნეტს აღიარებს და არც ტელევიზიას. მათი "მომწამვლელი იუმორი" კი ყველას სწვდება. ერთ დღესაც ადამსების ერთ-ერთი წევრის, ვენსდეის ცხოვრებას სიყვარული ცვლის და აქ იწყება მრავალფეროვანი თავგადასავალიც...

წარმოდგენა საკმაოდ დინამიკური და "ცოცხალია". ორმოქმედებიანი მიუზიკლი დახუნძლულია მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრით, რაც მაყურებელს მოდუნების საშუალებას არ აძლევს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თემიდან და ქრონომეტრაჟიდან გამომდინარე, ეს სპექტაკლი გათვლილია სწორედ მოზარდებზე და არა პატარა მაყურებელზე.

2-copy-1642685462.jpg

ლევან გვაზავამ სპექტაკლისთვის პიესა მარშალ ბრიკმანისა და რიკ ელისის წიგნის მიხედვით შექმნა, თუმცა, აქედან მხოლოდ ფაბულა დარჩა. მასვე ეკუთვნის ინსცენირება, ის სპექტაკლის მუსიკალური ხელმძღვანელი და დამდგმელი რეჟისორიცაა. მსახიობი სპექტაკლში გომეს ადამსის როლსაც ასრულებს.

როგორც ლევანმა აღნიშნა, პიესის წაკითხვისა და 2010 წელს ბროდვეიზე წარმოდგენილი მიუზიკლის მიხედვით, ადამსების მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე სპექტაკლად ქცევის იდეას დიდხანს უტრიალა. ბოლოს გადაწყვიტა სიუჟეტი თავად მოეფიქრებინა, ახალი გმირები გამოეგონებინა და ქართველ მაყურებელზე მოერგო.

სპექტაკლის ქორეოგრაფი დავით მეტრეველია, მხატვარი - ნინო კიტია; მონაწილეობენ მსახიობები: კატო შარიქაძე, ნინო კიკაჩეიშვილი, ანა ზამბახიძე, გიორგი ჯიქურიძე, რაჟდენ კერვალიშვილი, ქეთი ჩაჩუა, ანა მღებრიშვილი, ზურა ავსაჯანიშვილი, გიორგი ბერიძე, ნინო ლეჟავა, დათო როსტომაშვილი, არჩილ სულაქველიძე, დევი რეხვიაშვილი, სოფო ფერაძე, მარიამ ჩუხრუკიძე, თაკო ჭანუყვაძე, მარიამ ხუხუნაიშვილი, სანდრო ლელუაშვილი, ლანა მანაგაძე, ზურა ხარაზიშვილი და ლევან ხვთისიაშვილი.

საპრემიერო დღეები გრძელდება, ასე რომ, თვალი ადევნეთ მოზარდ მაყურებელთა თეატრის აფიშას.

ანა კალანდაძე