"მუდმივად წინ მოძრაობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია წარმატებისთვის" - გზაპრესი

"მუდმივად წინ მოძრაობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია წარმატებისთვის"

"დაასრულე ჯოჯოხეთი, გახდი ბედნიერი" - წიგნი, რომელსაც ცირა პატურაშვილი გვთავაზობს, საკმაოდ გულახდილი საუბრით იწყება. ავტორი განვლილ რთულ გზაზე უამბობს მკითხველს, შემდეგ კი უამრავ საჭირბოროტო თემასაც ეხება. თუ ხარ ადამიანი, რომელსაც სასწაულების სჯერა და რომელიც მზად არის ცვლილებებისთვის, ეს წიგნი სწორედ შენთვისაა. ცირა პატურაშვილი სამოტივაციო ტრენერია. როგორც ამბობს, ამ მეთოდით თავი დააღწია ურთულეს ცხოვრებას. ახლა უნდა, თავისი გამოცდილება და ცოდნა სხვებსაც გაუზიაროს და მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს.

"რამდენიმე წლის წინ რომ გეკითხათ, რას ქმნიდა ჩემი გონება ან სად ვიყავი, გიპასუხებდით, რომ ეს არ იყო სამოთხე, უფრო ჯოჯოხეთისკენ გადავიხრებოდი, საერთოდაც, როგორ შეიძლება, ჭაობითა და ბურუსით მოცული ცხოვრება სხვა რამეს შეადარო?.." - ამ სიტყვებით იწყებს ამბის თხრობას ავტორი.

- რა გახდა თქვენი ემიგრაციის მიზეზი?

- ემიგრაციაში 2005 წელს, 21 წლის ასაკში წამოვედი. მაშინ სხვა ხედვები, მიზნები და ღირებულებები მქონდა. დიდი სივრცე მინდოდა, სიახლეები და მეტი შესაძლებლობები. საქართველოში მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლში ვმუშაობდი, ხელფასი 60 ლარი მქონდა და ვფიქრობ, ამანაც განაპირობა ჩემი წამოსვლა. რაც შეეხება ესპანეთს, ძალიან მომწონდა ენა, კულტურა და საერთოდ, როგორც ქვეყანა. მქონდა შესაძლებლობა სხვა ქვეყანაში წასვლის, მაგრამ ესპანეთი ვარჩიე.

- ალბათ რთული იყო ემიგრანტული ცხოვრება...

- ჩემთვის ემიგრანტი ქალი არის გმირი, მებრძოლი, თავგანწირული ადამიანი, რომლისთვისაც საკუთარი თავი მეასეხარისხოვანია. ეს განსაკუთრებით მათზე ითქმის, ვისაც შვილების დატოვებამ მოუწია. ამას ყოველთვის ხაზგასმით აღვნიშნავდი, მაგრამ მას მერე, რაც დედა გავხდი, უფრო მძაფრად გავიაზრე, რა წარმოუდგენელ ტკივილს განიცდიან ემიგრანტი ქალები და დედები.

მადლობა ღმერთს, ქუჩაში ღამე არ გამითენებია და არც არასოდეს ვყოფილვარ მშიერი. ბევრი მძიმე ისტორია მაქვს მოსმენილი. ვთვლი, რომ გამიმართლა, რადგან მუშაობამ მომიწია კარგ ადამიანებთან, კარგ გარემოში. გარდა ამისა, მყავდა არაჩვეულებრივი მეგობრები, რომლებიც მხარში მედგნენ და ამიტომ ჩემი ემიგრაციის საწყისი პერიოდები შედარებით მსუბუქად გავიარე, თუმცა უცხო ქვეყანაში მყოფს ყველაფერი გენატრება. რაც უნდა ბევრი მეგობარი გყავდეს და ერთი შეხედვით კარგად ცხოვრობდე, მაინც გაქვს სიცარიელის განცდა. ადრე რა მენატრებოდა, არ მახსოვს, მაგრამ ბოლო წლებია, პაპა-ბებიის სახლი მენატრება, სადაც ვიკრიბებოდით შვილები, შვილიშვილები, ვიღებდით მოსავალს, იყო ჟრიამული და მხიარულება. სამწუხაროდ, დღეს ის სახლი ცარიელია, ხშირად მესიზმრება.

არ მახსოვს, ვისი სიტყვებია, მაგრამ არსებობს გამოთქმა, რომ ადამიანი ორჯერ იბადება: პირველად, როდესაც ამ ქვეყანას ევლინება და მეორედ, როდესაც მისი ცნობიერება იღვიძებსო. ცირა პატურაშვილი დღეს არის ადამიანი, რომელმაც შეძლო თუნდაც მცირე დოზით გამოღვიძება და ეს ყველაფერი დიდი ტკივილის ხარჯზე მოხდა. ფაქტობრივად, ეს ერთადერთი გზაა გამოღვიძების. რატომ არის მნიშვნელოვანი გამოღვიძება? ამ გამოღვიძების შედეგად დავასრულე ჯოჯოხეთი და გავხდი ბედნიერი, რამაც უამრავ წყალობას მაზიარა.

- რატომ გადაწყვიტეთ, წიგნი დაგეწერათ? ეს ბიზნესგათვლა იყო თუ სურვილი, მკითხველისთვის თქვენი გამოცდილება და ცოდნა გაგეზიარებინათ?

- ბიზნესგათვლა ნამდვილად არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობ, არც ეგაა ცუდი, მშვენიერია, შენს შრომას რომ აფასებ. დიდი სურვილი მქონდა, მკითხველისთვის ჩემი გამოცდილება გამეზიარებინა და მოტივაცია მიმეცა, რადგან ჩემს შემთხვევაში, ყველაზე რთული სწორი მიმართულების აღმოჩენა იყო. ხშირად მიჩნდებოდა კითხვა, თუ რა შემეძლო გამეკეთებინა იმისათვის, რომ დავხმარებოდი იმ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს, როგორშიც მე ვიყავი და საპასუხოდ მოდიოდა იდეები, რომლებმაც ეს წიგნი დამაწერინა.

- წიგნის წერა თქვენივე ისტორიით დაგიწყიათ - ძალიან გაბედული ნაბიჯია, მოუთხრო საზოგადოებას საკუთარი მძიმე წარსულის შესახებ. რატომ გადაწყვიტეთ, მკითხველთან ასე ღიად გესაუბრათ?

- წიგნში ხაზგასმულია მომენტი, თუ რას განვიცდიდი, რა იყო ჩემს ცხოვრებაში, თავს როგორ ვგრძნობდი, საიდან დავიწყე, ამ ყველაფრის შემდეგ რა შევძელი და როგორ შევცვალე ჩემი ცხოვრება იმისთვის, რომ მკითხველმა საკუთარი ემოციებისა და მდგომარეობის იდენტიფიკაცია მოახდინოს და გაუჩნდეს რწმენა, რომ მე თუ შევძელი, ისიც აუცილებლად შეძლებს შეცვალოს ცხოვრება უკეთესობისკენ; უფრო მეტიც, განახორციელოს ყველა ის ცვლილება, რაც მას მოესურვება. გულწრფელობა კი, ვთვლი, ერთ-ერთი ფასდაუდებელი თვისებაა.

- ამბობთ, რომ თითქმის სუიციდის მცდელობამდე მიხვედით. რა გახდა ამის მიზეზი?

- მიზეზი მძიმე ემოციური მდგომარეობა გახდა, უამრავი გაუმართლებელი სიტუაცია ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, რაც საკმაოდ დიდხანs გაგრძელდა; და ასევე, გამძაფრებული უსარგებლობის შეგრძნება: რისთვის ვარსებობ? რა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას?.. გადარჩენას ღმერთს ვთხოვდი გულმხურვალედ და გადამარჩინა კიდეც. გავიაზრე და მივხვდი, თუ რატომ მიდიან ადამიანები ასეთ უმძიმეს გადაწყვეტილებამდე.

- თქვენი ცხოვრებაც უკეთესობისკენ შეიცვალა. რა უნდა გააკეთოს ადამიანმა იმისთვის, რომ იყოს წარმატებული?

- წარმატების განსაზღვრა იმდენნაირია, რამდენი ადამიანიც არსებობს. ჩემი წარმატების ფორმულა არის გულწრფელი პატიება და მადლიერება ყველაფერ იმისთვის, რაც გვაქვს. ეს ყველაფერი ადამიანში შინაგან სიმშვიდესა და კმაყოფილებას იწვევს. შემდეგ საჭიროა გონების, სულისა და გულის ურთიერთთანხვედრაში მოყვანა და აუცილებლად, მიზნების დასახვა. ჩემი ერთ-ერთი მასწავლებელი ამბობს, - უმიზნო ადამიანი საშიშიაო, - და ვეთანხმები. უმიზნო ადამიანის გონება ისეთი საშიში ფიქრებით არის მოცული, რომ ვერავითარ შემთხვევაში ვერ შექმნის ბედნიერ ცხოვრებას. და ყველაზე მნიშვნელოვანია მუდმივად წინ მოძრაობა.

received-659421755475032-copy-1642685940.jpeg

- როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი იმისათვის, რომ იყო კარგი დედა და ცოლი?

- მთავარია, იყო კარგად. თუ თავად არ ხარ კარგად, მაგრამ ძალისხმევის ხარჯზე ცდილობ, იყო კარგი დედა, ცოლი, მეგობარი, მეზობელი და ა.შ. ეს ყველაფერი დაგღლის და ტკივილს მოგაყენებს, რადგან ასეთი ქმედება იქნება განპირობებული და არა - უპირობო, ანუ მოლოდინი იქნება ყოველთვის იმისა, რომ გაღიარონ, როგორც კარგი ცოლი, დედა, მეგობარი, მეზობელი და ა.შ. როდესაც თავად კარგად ხარ, უპირობოდ გასცემ ყველაფერს, მოლოდინების გარეშე, სიყვარულით; მაშინ ყველაფერი უკეთ გამოგდის, ხარ ხალისიანი და ბედნიერი. აი, ამ შემთხვევაში შეუძლია იყოს ქალს კარგი დედა, კარგი ცოლი, კარგი მეზობელი, კარგი მეგობარი და ა.შ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხარ ტყვე სურვილისა, რომ გაღიარონ ან რჩები იმედგაცრუებული.

- დაბოლოს, რამდენიმე რჩევა რომ მისცეთ ჩვენს მკითხველს იმისათვის, რომ მათ ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალონ.

- რამდენიმე რჩევით ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა ძალიან რთული იქნება, მაგრამ ვეცდები. ადამიანმა ცხოვრება უკეთესობისკენ რომ შეცვალოს, პირველ რიგში ამის სურვილი უნდა ჰქონდეს, შემდეგ მზაობა მოქმედების განსახორციელებლად. მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ ის ცვლილება, რომელიც გვსურს, ჩვენს ცხოვრებაში დავინახოთ; კარგად ჩამოვაყალიბოთ და შემდეგ ამ მიმართულებით დავიწყოთ ფიქრი და კონკრეტული პატარ-პატარა ნაბიჯების გადადგმა, რათა ეს ცვლილება უფრო მარტივი და ადვილად მისაღწევი გახდეს.

ფიქრია რობაქიძე