23 წლის მოდელი, ექთანი, რეაბილიტოლოგი და მწვრთნელი - გზაპრესი

23 წლის მოდელი, ექთანი, რეაბილიტოლოგი და მწვრთნელი

ახლახან დუბაიში გამართულ კონკურსზე - Miss Model of the World - 23 წლის მარიამ მანაგაძემ პირველი ადგილი დაიკავა. გადავწყვიტეთ, სამშობლოში გვირგვინით დაბრუნებული მოდელი მკითხველებისთვის უკეთ გაგვეცნო...

- თავდაპირველად საქართველოში კასტინგი ჩატარდა, თუ ვინ წარადგენდა ჩვენს ქვეყანას. სამოდელო სააგენტო "კატრინის" დამფუძნებელმა - ეკატერინე მგალობლიშვილმა, რომელიც კონკურსის ეროვნული დირექტორი გახლავთ, მე შემარჩია. 90 ქვეყნის წარმომადგენელს შორის 40 კონკურსანტი ფინალში გადავედით (ონლაინ შეგვარჩიეს). შემდეგ ფინალისტები ერთმანეთს დუბაიში შევხვდით, სადაც 2 კვირა გავატარეთ. ჯერ შოუ ჩატარდა, 10 იანვარს კი უკვე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა... დუბაიში ჩასვლის დღიდან, კონკურსანტებს გიჟური სამუშაო გრაფიკი გვქონდა: დილის 6 საათიდან ვიწყებდით რეპეტიციას, ვარჯიშს... ფინალის წინ 2 დღე "გადავაბით" - არ შეგვისვენია. ფინალზე უენერგიოდ გავედით, მაგრამ როგორც კი გავიგე, რომ პირველი ადგილი საქართველომ დაიკავა, ისეთი ძლიერი ენერგია მივიღე, შოკირებული ვიყავი!.. ასეთ წარმატებას არ ველოდი...

mariami-da-eka-1642761807.jpg

- კონკურსზე რა ნიშნით შეგაფასეს?

- ეს კონკურსი "ტოპმოდელებს" შორის ჩატარდა. პირველი და მნიშვნელოვანი კრიტერიუმი კონკურსანტის გარეგნული მონაცემები იყო, ასევე - პოდიუმზე სიარულის მანერა, გამოცდილება, კომუნიკაბელურობა... ასეთ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად პოზიტიური ხარ... რა თქმა უნდა, კონკურენტად არავის აღვიქვამდი: ყველასთან მეგობრული, პოზიტიური დამოკიდებულება მქონდა... მოკლედ, კონკურსის მოთხოვნებს კარგად მოვერგე. კარგი ჩატწალკ-ი მქონდა, შრომისმოყვარე გახლდით, პასუხისმგებლობას ვგრძნობდი - დილით ყველაზე ადრე ვდგებოდი და რეპეტიციებზე არასოდეს ვაგვიანებდი... საქართველოს სახელით, კონკურსზე, "ტალანტის შოუში" ნაციონალური ცეკვა შევასრულე, რაშიც "სუხიშვილების" ქორეოგრაფი - ნელი მძევაშვილი დამეხმარა. გვინდოდა, საქართველოს ყველა კუთხიდან აგვეღო ცეკვის ილეთები და გაგვეერთიანებინა. შოუზე დამსწრე საზოგადოება გაგიჟდა, ცეკვა ისე მოეწონა! ერთმანეთს გადასძახეს - ნახე, რა მაგარი შოუაო (იცინის)... ცეკვის შემდეგ დამტოვეს, ფოტოები, ვიდეოები გადამიღეს... ჩემს ნაციონალურ კოსტიუმზე ნუგზარ კვანტალიანმა იზრუნა, საღამოს კაბებზე - ფატუნამ, "ტალანტის შოუს" ცეკვის ფორმაზე კი - "ნელიბრეტომ"... შემდეგ დუბაიში ეკატერინე მგალობლიშვილი ჩამოფრინდა, რომელიც ჟიურის წევრი გახლდათ და კონკურსზე მოწვევით იმყოფებოდა... საქართველოში გამარჯვებულები და დადებითი ემოციებით დამუხტულები დავბრუნდით. მალე ისევ გავემგზავრებით: რამდენიმე კარგ ბრენდთან და დუბაის "ფეშენ ვიკებთან" ვითანამშრომლებთ - კონტრაქტს გავაფორმებთ.

image00001-1-1642761823.jpeg

- როგორ მოხვდით სამოდელო სფეროში? თქვენი გამოცდილების შესახებ გვიამბეთ...

- 12-წლიანი გამოცდილება მაქვს. 12 წლის ვიყავი, როცა "ელიტ მოდელ ლუქის" კონკურსში ვმონაწილეობდი. სულ 69 გოგო ვიყავით. "ტოპოცეულში" მოვხვდი. 1 წელი იქ ვიმუშავე. შემდეგ, 7 წელი "ნატალიში" ვმუშაობდი. პირველად საზღვარგარეთ (ფლორენცია) "ფეშენ შოუზე" რომ გავედი, 14-ის გახლდით და საზღვარგარეთ მუშაობის სურვილი მაშინ გამიჩნდა. როცა სრულწლოვანი გავხდი, მილანში მარტო გავემგზავრე, ბევრი ვიშრომე და ბევრ წარმატებას მივაღწიე... რაც შეეხება კონკურსებს, World Top Model-ის "ტოპათეულში" ვიყავი, სადაც კონტრაქტი დამიდვეს - ერთ-ერთ სააგენტოსთან ვმუშაობდი. შემდეგ "მის ევროპა 2019"-ის კონკურსზე გავიმარჯვე და საქართველოში გვირგვინი ჩამოვიტანე. ყველა კონკურსზე აქცენტს ჩემს დიდ თვალებზე აკეთებენ (მათთვის კავკასიური გარეგნობა უჩვეულოა) და "მის ევროპაზეც" შესაბამისი ტიტული მომანიჭეს...

- აღნიშნეთ, საზღვარგარეთ ვმუშაობდიო. საქართველოში რატომ დაბრუნდით?

- პანდემიის დაწყებამდე, მილანში ვცხოვრობდი და სააგენტოსთან კონტრაქტით და კიდევ ბევრ ცნობილ ბრენდთან ვთანამშრომლობდი. "არმანისთან" ე.წ. ჩალლ Bაცკ-იც მქონდა, მაგრამ პანდემიის გამო ყველაფერი დაიხურა... მერე აი, ქალბატონმა ეკამ კონკურსზე წამიყვანა და ჩემი "გასვლები" ისევ იწყება, რადგან მადლობა ღმერთს, პანდემია ნელ-ნელა უკან იხევს...

- საქართველოში დაბრუნებული რას საქმიანობდით?

- "ემერჯენსის", გადაუდებელი განყოფილების და რეანიმაციის ექთანი ვიყავი. ვცეკვავ "სუხიშვილებში". ასევე, ვარ მწვრთნელი (პილატესი, აერობიკა, გაწელვები)...

- ამდენი საქმის დაუფლება როდის მოასწარით?

- ალბათ, ეს ჩემი ენერგიულობის დამსახურებაა. როცა ადამიანს ასაკი გემატება, ნაკლები ენერგია გაქვს, მეტაბოლიზმი იკლებს... 23 წლის ვარ და ვცდილობ, ჩემი ენერგია მაქსიმალურად გამოვიყენო. ჩემი მოტივაციაა, ახალ თაობას მაგალითი მივცე, რომ რამდენიმე საქმის კეთება და კარიერის აწყობა შესაძლებელია. სამოდელო სფეროში მუშაობის პარალელურად ვსწავლობდი. მილანში, კასტინგიდან კასტინგზე რომ მივდიოდი, მეტროში წიგნს ვკითხულობდი... ექთანის პროფესიის გარდა, სერტიფიცირებული რეაბილიტოლოგიც ვარ, პედიატრიის მიმართულებით. თავდაპირველად, უკრაინაში ვსწავლობდი, შემდეგ საბუთების გადატანა მილანში მინდოდა. უბრალოდ, სამედიცინო ტერმინების სწავლა ქართულ ენაზეც რთულია, იტალიურზე კი - უფრო გამიჭირდებოდა, რადგან იტალიურს მხოლოდ სალაპარაკო დონეზე ვფლობ. შესაბამისად, ვამჯობინე, სწავლა ისევ საქართველოში გამეგრძელებინა. თან, ონლაინრეჟიმი ყველაფერს ამარტივებს... მწვრთნელობას რაც შეეხება, დარბაზიდან თავად დამირეკეს და ჯგუფური გაკვეთილების ჩატარება შემომთავაზეს. მივედი. გასაუბრებამ კარგად ჩაიარა. ჩემი 3-წლიანი სპორტული გამოცდილება დამეხმარა ("ემემეით" და კიკბოქსინგით ვიყავი დაკავებული)... მოკლედ, კურსები გამატარეს, რა როგორ უნდა ყოფილიყო და ჯგუფური გაკვეთილები დავიწყე.

mariam-6-1642761835.jpg

- როდის იყავით სპორტით დაკავებული?

- 19-დან 21 წლის ჩათვლით. სპორტი სკოლის მოსწავლეობის პერიოდშივე მაინტერესებდა. თავდაპირველად კარატეზე შევედი, მაგრამ დედა ძალიან ნერვიულობდა - არ მინდა, რამე დაგიშავდესო (იცინის). თეატრალურ წრეზეც დავდიოდი და სურდა, მსახიობის პროფესიას უფრო "გავყოლოდი", ვიდრე "ჩხუბს"... როცა სრულწლოვანი გავხდი, სპორტზე ჩუმად ისევ შევედი. ამის შესახებ ოჯახის წევრებმა ნელ-ნელა, სოციალური ქსელიდან შეიტყვეს - სპორტული დარბაზიდან ფოტოებს და ვიდეოებს ვაქვეყნებდი (იცინის). "ემემეი" და კიკბოქსინგი ჩემს ხასიათზე დადებითად მოქმედებს, მაგრამ პროფესიონალურ დონეზე მაინც ვერ ვიჩხუბე, რადგან სამოდელო სააგენტო რაიმე სახის ფიზიკურ დაზიანებას "მიკრძალავდა"...

- თქვენს თაყვანისმცემლებზე რას გვეტყვით?

- მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია, მაგრამ ასე ვთქვათ, თავს არ ვიწუხებ (იცინის). თან, პირად ცხოვრებაზე საჯაროდ არ ვსაუბრობ...

- კარგი. მაშინ გვითხარით, თქვენს ყურადღებას როგორი მამაკაცები იქცევენ?

- ძალიან ყურადღებიანი. ჩემთვის მამაკაცის ხასიათის თვისებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გარეგნული მონაცემები. გვერდით ლამაზი მამაკაცის ყოლას, რომელიც ვერ მიგებს და მასთან ერთად ბედნიერი არ ვარ, მირჩევნია, კაცს ნორმალური გარეგნობა და საოცარი ხასიათი ჰქონდეს, ჩემი ფასი იცოდეს, კარიერაში ხელს მიწყობდეს, ჩემზე ზრუნავდეს და მეც ანალოგიურად მოვექცევი...

ეთო ყორღანაშვილი