როგორ უნდა მოხდეს მსოფლიოში ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია
ქართული ტრადიციული სამოსი 2017 წელს მოირგო და მას შემდეგ ყოველდღიურად ჩოხით დადის. დავით ნასარიძეს სწორედ მაშინ შეარქვეს "ჩოხა" და დღეს ამ სახელით იცნობენ. აბანოთუბანში, მასთან სასაუბროდ მისულმა, ერთ პატარა სივრცეში ვნახე: ტრადიციული ქართული სამოსის ნიმუშები, ხმლები, ხანჯლები, წიგნები ქართულ იარაღსა და საბრძოლო ხელოვნებაზე, ჯარისკაცუნების კოლექცია და ა.შ. თუმცა, ეს მხოლოდ მცირე ნაწილია ეთნოგიდი და თამადას პირადი კოლექციიდან...
სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას სამხედრო მუზეუმი არ აქვს. დავით ნასარიძის სურვილია, თავის კოლექციას სამხედრო მუზეუმში მოუყაროს თავი, სადაც ერთიანი ინტერესით მივა როგორც ადგილობრივი, ისე საქართველოში ჩამოსული სტუმარი. მანამდე კი ისტორიული ნივთების გამოფენა გადაწყვიტა და დამთვალიერებლისთვის საინტერესო რომ გამხდარიყო, ექსპოზიცია "ხელშესახები" გახადა. "ფეისბუკისა" და "ინსტაგრამის" ეპოქაში ჯაჭვის პერანგში, ჩოხებსა და ჩაჩქანში პოზირება ბევრს მოსწონს...
დავით ნასარიძე სოხუმიდანაა. დედა ექიმი იყო, მამა ახალ ათონში პურის ქარხანაში მუშაობდა, რომელიც გუდაუთას ამარაგებდა. სწორედ სოხუმიდან გამოჰყვა ჯარისკაცების კოლექციიდან პირველი ნივთები: 3 ინდიელი, რომელიც წლების შემდეგ მრავალრიცხოვან არმიად იქცა.
ისტორიით დაინტერესებაც ბავშვობის წლებში დაიწყო და ეს უმთავრესად ბებიის, თამარ ჟვანიას მეშვეობით მოხდა, რომელიც ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსის, ლეონიდეს ქალიშვილი იყო. შვილიშვილებს: დავითსა და კონსტანტინეს წარსულს, რწმენის სიყვარულს სწორედ მან აზიარა. შვილიშვილები სხვადასხვა კუთხის სიწმინდეებზე დაჰყავდა და ქრისტიანულ რიტუალს აცნობდა. აფხაზეთის დატოვების შემდეგ, ოჯახმა რამდენიმე საცხოვრებელი გამოიცვალა: რაჭა, ქუთაისი, წყალტუბო და ბოლოს თბილისში დასახლდნენ. ხშირი გადაადგილების გამო, დავითს 7 სკოლის გამოცვლამ მოუწია. 1994 წელს, მაშინდელი მერის, ლეონ ლუკა ორლანდოს ინიციატივით, 100-ზე მეტი აფხაზეთიდან დევნილი ბავშვი პალერმოში წაიყვანეს. ამბობს, რომ იტალიაში გატარებული 3 თვე იყო დიდი გამართლება, ესწრებოდა სხვადასხვა ღონისძიებას, ათვალიერებდა ისტორიულ ძეგლებს, ბოტანიკურ ბაღს, მუზეუმებს; ნახა, თუ როგორ ექცევიან ისტორიას, ყველა ეპოქის წარსულს და იკვლევენ. სამხედრო სამსახურში ყოფნა უნდოდა, თუმცა, ეს სურვილი ვერ შეისრულა, ინჟინერი გახდა, იყო აქტიური მოლაშქრეც და შემდეგ წლებში არაერთ ადგილას მუშაობდა. რამდენიმე წლის წინ, საკუთარი ინტერესის სფეროს თავის საქმიანობა მოარგო (თუ პირიქით) და ტურიზმის სფეროში პირველი ნაბიჯების გადადგმა გადაწყვიტა.
- 2017 წელს გადავწყვიტე, ეთნოგიდი ვყოფილიყავი და ჯინსსა თუ შორტში არც ერთი ტური არ ჩამეტარებინა. როცა კომპანიებიდან მიკავშირდებოდნენ, ვეუბნებოდი, ჩოხის გარეშე არ მოვალ-მეთქი. ბევრს ეს არ სურდა. უნდა ვაღიარო, ადგილობრივების მხრიდან იყო როგორც დიდი პოზიტივი, ასევე ნეგატივიც. მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ, - რად გინდა, ჩოხა რომ გაცვია, ჩვენც უნდა ჩავიცვათო? მეუბნებოდნენ იმასაც, რომ ტურისტებს ჩოხიანი გიდი არ აინტერესებდათ, თუმცა ეს არა ტურისტის, არამედ პირადად მათი აზრი იყო. მოკლედ, დიდი კონკურენციის პირობებში, 1 წელი ძალიან გამიჭირდა, მაგრამ მერე ხალხმა გამიცნო. საწყისი ეტაპიდანვე იყვნენ ისეთი ტურისტული კომპანიებიც, რომლებიც ჩემს ხედვებს იზიარებდნენ. ტურისტებისთვის განსხვავებული სერვისი რომ შემეთავაზებინა, დავიწყე მივიწყებული ადგილებისა და ციხესიმაგრეების ძებნა, სადაც ხდება ბრძოლების ინსცენირება და ფოტოსესიები ჩოხებში, ხანჯლებში, ჯაჭვის პერანგებში და ტურისტებს ეს მოსწონთ. ვუყვებოდი მათი წარმოშობის ისტორიას; ვუხსნიდი, რომელ კუთხეში როგორ იმოსებოდნენ და ა.შ. იმ დროს ტურისტების დიდი ნაკადი გახლდათ. წითელი ჩოხითა და ხურჯინით დავდიოდი, რადგან ტურისტმა არ უნდა "დაგკარგოს". ძირითადად რუსულენოვანი გიდი ვარ და ვმუშაობდი: ესტონურ, უკრაინულ, ყაზახურ ჯგუფებთან, სტუმრებთან ისრაელიდან... რაც შეეხება ეთნოგიდობას, სამწუხაროდ, ამ კუთხით ვერავისგან ვერაფერს ვისწავლიდი, თავად უნდა შემექმნა პროგრამა... ეთნოტურიზმი არ გვაქვს, არადა, ეს ერთ-ერთი ის პერსპექტიული დარგია, რომელიც საქართველოში იმუშავებს. კორონავირუსის პანდემიამდე, 30-მდე ახალგაზრდა გამოჩნდა, ვინც პერიოდულად თუ სისტემატურად, ტრადიციული სამოსით ატარებდა ტურებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეთნოგიდისთვის ძვირი სიამოვნებაა: ჩოხის შეძენა, ქამარი, ხანჯალი, ახალუხი, ჩექმა და ა.შ. 2-3 ათასი ლარამდე ჯდება და თან, არა მხოლოდ ერთი, 2 ჩოხა ხომ მაინც უნდა გქონდეს... გიდები მხარს მიჭერენ და მგულშემატკივრობენ, ეს სასიხარულო ფაქტია.
- თქვენი დაკვირვებით, ტურისტების მხრიდან ყველაზე მეტ ინტერესს საქართველოს რომელი კუთხე იწვევს?
- ტრადიციები ყველაზე მეტად, მთაშია შენარჩუნებული. თუმცა ჩვენთან ერთ-ერთი დიდი პრობლემა ისაა, რომ ბევრს ტურისტთან მუშაობა არ სურს. პერსონალის მოძებნა და სტუმრის ღიმილით დახვედრა რთული საკითხია. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ საქართველოს უმრავლეს რეგიონში ტუალეტისა და სისუფთავის პრობლემაა. ამას კახეთზე ვერ ვიტყვი, ტურიზმის მიმართ ყველაზე კეთილგანწყობილი ეს ადგილია და იქ ტურისტული ობიექტები სადაც გაიხსნა, ყველგან შესაბამისი პირობებია.
- ცოტა რამ "თამადობის ინსტიტუტზეც" ვთქვათ...
- თამადა სუფრაზე საქართველოს წარმოადგენს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველა წესის დაცვით წარიმართოს სუფრა. ჯერ სადღეგრძელოების შეგროვება, ეთნოგრაფიულად შესწავლა დავიწყე, რომ თამადობის დროს შორიდან დამეწყო ახსნა, თუ რატომ უსხედან სუფრას ქართველები, რატომ სვამდნენ ღვინოს, რომ თამადა ლოცავს სუფრის წევრებს და ისინიც უერთდებიან ამ პროცესში. ეს თავისებური გუნდური ფსიქოთერაპიაა, ჰარმონიის შექმნა, სიმღერებით, ლექსებითა და ცეკვით. ძველად სუფრაზე იყო ძალიან ცოტა საკვები; ხინკალი და აჭარული ხაჭაპური ერთმანეთს ვერ "შეხვდებოდნენ". მეტიც, ხინკალი თბილისურ მენიუში მე-19 საუკუნის შუა წლებამდე არც ფიქსირდება. ჩვენი წინაპრები სვამდნენ მოზომილად. კი, იყვნენ გამონაკლისები, მაგრამ ხალხი მასობრივად ყანწებით არ თვრებოდა და ეს მცდარი შეხედულებაა. თამადობა რიტუალია, ეთნოგრაფიის ნაწილი და არ უნდა დავამახინჯოთ. ასევე სასურველია, თუ ტურისტები სადმე მიგვყავს, იქ იყოს ენთოგრაფიული გარემო, პროგრამაში ქართული სიმღერა და ცეკვა უნდა ფიგურირებდეს. 2 საათში 8-10 სადღეგრძელო შეგიძლია ჩაატიო. პირველი არის უფლის და შემდეგ უკვე, გარემოების მიხედვით მოჰყვება სადღეგრძელოები, იმის გათვალისწინებით, თუ ვინ არის სტუმარი, საეკლესიო დღესასწაულია, დაბადების დღის სუფრა, ქორწილი თუ ა.შ.
- პანდემიამ მთელი მსოფლიო აზარალა. რა დარტყმა მიიღო ტურისტულმა სფერომ ჩვენში?
- ჩემმა საქმიანობამ დიდი დარტყმა მიიღო... მოგეხსენებათ, ბევრი ციხესიმაგრე გვაქვს, სადაც შეიძლება სხვადასხვა მუზეუმის მოწყობა. საზღვარგარეთ, პატარა ქვეყნებშიც კი არის სამხედრო მუზეუმები, თეატრებში რაინდული წარმოდგენებია. ჩვენ სხვადასხვა საბრძოლო დღესასწაული გვაქვს: მარაბდობა, ასპინძობა, მარტყოფობა, ერეკლეობა, მაგრამ მათი აღნიშვნის დროს უმთავრესად, მხოლოდ სიმღერა და ცეკვაა. ეს კარგია, მაგრამ როცა "დიდგორობა" იმართება, ჩოხით ფარიკაობის ჩვენება ცოტა არ იყოს, არასწორად მიმაჩნია, მაშინ ეს უნდა ხდებოდეს იმ ეპოქის სამოსით, როგორიც დავითის დროს გახლდათ. ჩვენ შეგვიძლია ჩავატაროთ დღესასწაულები ისე, რომ ეთნოტურიზმის კუთხით იყოს საინტერესო და მომგებიანი. წარმოდგენის დასრულების შემდეგ კი მოხდეს სხვადასხვა მწარმოებლის ნაშრომის გამოფენა-გაყიდვა: ზოგი თექას, ნაქარგს გაყიდის, ზოგი მინანქარს, მინას, ზოგიც ჯაჭვის პერანგს და ა.შ. იქვე შეიძლება მასტერკლასების ჩატარება - ევროპაში ეს მიღებული პრაქტიკაა. მდიდარი და განსხვავებული კულტურა გვაქვს, ამის წარმოჩენა უნდა შევძლოთ. სამწუხაროდ, ჩვენთან ეთნოტურიზმი ხინკლის მოხვევით შემოიფარგლება...
- ერთჯერადი ღონისძიებები გასაგებია, მაგრამ იმ კოლექციით, რაც გაქვთ, თავისუფლად შეიძლება პატარა მუზეუმის გახსნა. ალბათ პროექტიც გექნებათ და მცდელობაც იქნებოდა, რომ შესაბამის უწყებებს გაეგოთ თქვენი ჩანაფიქრის შესახებ...
- შემოთავაზებები ყოფილა, მაგრამ აქ მნიშვნელობა აქვს როგორც ადგილმდებარეობას, ისე გასათვალისწინებელია რეალობაც: მუზეუმში მთავარია კონტაქტურობა; დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა ადამიანი ირგებს ძველ სამოსს და ასე იღებს ფოტოს. სამწუხაროდ, ტურისტი ქვეყნიდან რომ გადის, არ აფიქსირებს, რომ მუზეუმი დაამახსოვრდა. საქართველოში მუზეუმებს არ აქვთ დასწრება, წამგებიანი საქმეა სწორედ იმიტომ, რომ მოქცეულია ჩარჩოებში და ამ წესებს არ არღვევენ. ტურისტს არ აქვს სურვილი, ნივთი ვიტრინაში გამოფენილი ნახოს. მას უნდა შეეძლოს ხელის შეხება, თუნდაც ასლი იყოს, ამ გზითაც შეიძლება ინტერესის გამოწვევა. თან, ამ შემთხვევაში, მხოლოდ ტურისტებს არ ვგულისხმობ, კონტაქტურობა აღმზრდელობით ხასიათსაც ატარებს და მინდა, ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ბავშვებს ელემენტარული ცოდნა მაინც ჰქონდეთ თავიანთ წარსულზე; იცოდნენ, რა არის ჩოხა, ახალუხი, ნალი, აკვანი; იცოდნენ მუზარადსა და ჩაჩქანს შორის, ხმალსა და ხანჯალს შორის სხვაობა... ჩოხითა და ჯაჭვის პერანგით გადაღებული ფოტო სოციალურ სივრცეში მაშინვე იქცევს ყურადღებას, ეს კი ჩვენი კულტურის პოპულარიზაციაა. უცხოელის ასეთ ფორმაში გადაღებული ფოტო მისმა ათმა მეგობარმაც რომ ნახოს, დაინტერესდება ჩვენი ისტორიით და შეიძლება საქართველოში ჩამოსვლის სურვილიც კი გაუჩნდეს. კარგი იქნება, თუ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ და ამ გზებით შევძლებთ საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას.
ანა კალანდაძე