11 წლის ელისაბედ რეგანის სახალისო ქართული ანბანი - გზაპრესი

11 წლის ელისაბედ რეგანის სახალისო ქართული ანბანი

11 წლის ელისაბედ რეგანმა გადაწყვიტა, სახალისო ქართული ანბანი შექმნას, რომელიც ყველა ბავშვს შეუყვარდება და ასოების შესწავლას გაუადვილებს. იმის გასაგებად, თუ რამდენად საინტერესო იქნებოდა საზოგადოებისთვის მისი თვალით დანახული ანბანი, დედას სთხოვა, ერთ-ერთ სახელოვნებო ჯგუფში აეტვირთა ნამუშევრები. მაშინ ვერც წარმოიდგენდნენ, თუ ასეთი გამოხმაურება და მოწონება ექნებოდა.

მარიამ ხუცურაული/რეგანი, დედა:

- ორენოვანი ოჯახი ვართ: ჩემი მეუღლე წარმოშობით ირლანდიელია, ოღონდ მისი ოჯახი ამერიკაში, ჩრდილო კაროლინაში ცხოვრობს. დიდი ოჯახი აქვს. მისი მშობლები ჩამოდიან ხოლმე, როდესაც მოუხერხდებათ. ერთმანეთი საქართველოში, მცხეთაში გავიცანით. სტუმრად იყო ჩემს მეგობართან, რომლის მეუღლეც ასევე ამერიკიდან გახლავთ. გარკვეული პერიოდი ამერიკაში ვცხოვრობდით, შემდეგ აქეთ გადმოვიდა სამუშაოდ. 3 შვილი გვყავს: 13 წლის ქეთი, 11 წლის ელისაბედი და 10 წლის გაბრიელი. მინდოდა, საქართველოში ესწავლათ ბავშვებს, ასე ვამჯობინე. ასე რომ, ამერიკელი ირლანდიელები ქართულ ყაიდაზე იზრდებიან. 1 წელი შესრულდება, რაც ჩემი მეუღლე ისევ ამერიკაშია, სამსახურის გამო. ბავშვებს ძალიან ენატრებათ მამა და უნდათ, ჩამოვიდეს. მასაც ძალიან უყვარს აქაურობა.

- რატომ გაუჩნდა ელისაბედს სახალისო ანბანის შექმნის იდეა?

- ხატვა უყვარს, საერთოდ, ხელოვნება, რაც ალბათ გენეტიკის ბრალიცაა: დედაჩემის მხრიდან პაპა ცნობილი ხურო იყო რაჭაში, ბიძაჩემიც კარგად ხატავდა. ელისაბედი დადიოდა მუსიკისა და ხატვის წრეზე ხელოვნების სკოლაში. მცხეთაში არაჩვეულებრივი პედაგოგია ქალბატონი ციცინო ედიშერაშვილი, აკადემიაში ასწავლიდა. მასწავლებელმა მასში ნიჭი შენიშნა. რაკი ჩემს შვილებს ორივე ენაზე უწევთ კომუნიკაცია, მეტყველება უჭირდათ. ამიტომ, ჩემი ინიციატივით, ყოველ ღამე თამაშ-თამაშით ვასწავლიდი ქართულ ასოებსა და სიტყვებს, "ანბანის თამაში" დავარქვით, რათა უფრო იოლად და სწრაფად ესწავლათ ქართული. ვიწყებთ ასოების ჩამოთვლას ანბანის მიხედვით და რომელ ასოზეც შევჩერდებით, მასზე დაწყებული სიტყვა უნდა ვთქვათ უცებ.

ელისაბედი:

- მცხეთაში, პირველ სკოლაში ვსწავლობ, მეექვსე კლასში ვარ. მულტფილმები მიყვარს და ხშირად ვხატავ პერსონაჟებს. ფერებს ძალიან კარგად ვგრძნობ, ხატვის პროცესი მამშვიდებს. ზოგჯერ, რასაც სიზმარში ვხედავ, იმას ვხატავ ხოლმე. განსაკუთრებით მომწონს პორტრეტებზე მუშაობა, თუმცა პეიზაჟებიც მიყვარს. ასევე, ფოლკლორიდანაც ვხატავ საინტერესო გმირებს. მაგალითად, დავხატე ლა ლორონა, რომელსაც საინტერესო ამბავი უკავშირდება. ეს არის ისტორია ბოროტ აჩრდილზე, რომელიც ბავშვებს იტაცებს. ლეგენდის მიხედვით, დედა შვილებს დაკარგავს და ისინი რომ მოძებნოს, არაფერს უშინდება. ლა ლორონას შესახებ ლეგენდა ითარგმნება როგორც "ატირებული ქალი" და პოპულარულია მთელ სამხრეთ-დასავლეთ შეერთებულ შტატებსა და მექსიკაში. ლა ლორონა ყოველთვის აღწერილია როგორც ტირიფისებრი თეთრი ფიგურა, რომელიც შვილების გოდების წყალთან ჩნდება. რაც შეეხება ანბანის იდეას, მინდა, ბავშვები გავახარო, უფრო გაუადვილდეთ მისი შესწავლა და შეუყვარდეთ ქართული. ფურცელზე დავხატე და მაკრატლით გამოვჭერი. ყველა ასო გავაფორმე. მაგალითად, ა-ში ატამი ჩავსვი, ჟ-ში - ჟირაფი, თ-ში - თაგვი, ბ-ში - ბალი, პ-ში - პეპელა და ა.შ. ამ ანბანის შექმნაში მთელი ოჯახი ჩაება - დედა, ჩემი და-ძმა.

მარიამი:

- ბავშვს სოციალური ქსელი არა აქვს, ამიტომ მე დავეხმარე და რამდენიმე მონახაზი "აკადემიის" გვერდზე დავდე. დამაინტერესა, როგორ მოეწონებოდა ხალხს. ერთი დღის შემდეგ იმდენი მოწონება და კომენტარი ჰქონდა, მოლოდინს გადააჭარბა. ასეთ გამოხმაურებას არ ველოდით. ელისაბედი ამან ძალიან გაახარა და მეტი მოტივაცია მისცა. პედაგოგები გვწერდნენ, რომ არიან ბავშვები, რომლებსაც აღქმა უჭირთ. მათ რომ ვაჩვენეთ, ღიმილი მოჰგვარათ ელისაბედის დახატულმა ასოებმა და ადვილადაც დაიმახსოვრეს. გვკითხეს, - წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, ამ ანბანით რომ ვისარგებლოთო? ამან გვაფიქრებინა, რომ შესაძლებელია სახალისო მოძრავი ანბანის შექმნაც. ელისაბედს უნდა, სკოლის ჩანთაც გააფორმოს ქართული ასოებით და აუცილებლად დავეხმარები, რომ ეს ჩანაფიქრიც სისრულეში მოიყვანოს.

271728378-511225286851033-8388547453414427412-n-copy-1643615736.jpg

- ელისაბედ, როგორც მითხარი, ხატვის გარდა კიდევ ბევრი რამ გაინტერესებს და მოგწონს, ვინ გინდა გამოხვიდე?

- მიყვარს მუსიკა, ძერწვა და თოჯინების კერვა. მინდა, თექაზე მუშაობაც ვისწავლო, ძალიან მაინტერესებს. ადრე ასტრონავტობა მინდოდა, დიზაინერობასაც ვფიქრობდი, ახლა კი აღარ ვიცი, რა პროფესიას ავირჩევ, გადაწყვეტილების მიღება მიჭირს.

ნინო ჯავახიშვილი