„უკიდურესობამდე გულწრფელი, მართალი, მიამიტი...“ - გზაპრესი

„უკიდურესობამდე გულწრფელი, მართალი, მიამიტი...“

ალბათ ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომ ეს მსახიობი არ უყვარდეს. საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი ოთარ მეღვინეთუხუცესი 16 იანვარს 90 წლის გახდებოდა. აი, რას წერდა ვასილ კიკნაძე: „ოთარ მეღვინეთუხუცესის სიკვდილით დამთავრდა ქართული ტრაგედიის თეატრის ეპოქა. უნიკალური იყო მისი შემოქმედებითი შესაძლებლობები და გამოსახვის მასშტაბები. არც ერთი დიდი ხელოვანი არ მეორდება, ის ერთადერთია და როცა კვდება, მასთან ერთად კვდება მთელი სამყაროც...“

გთავაზობთ რამდენიმე მოგონებას მსახიობზე, რომელიც თავის დროზე ჩაწერეს ცნობილმა ადამიანებმა (სტილი დაცულია):

გიგა ლორთქიფანიძე:

"თეატრალურ ინსტიტუტში პედაგოგი აკაკი დვალიშვილი მეორე კურსელებთან ჩეხოვის „ხელის თხოვნაზე“ მუშაობდა. ჩემი ყურადღება სასიძოს როლის შემსრულებელმა ბიჭმა მიიპყრო. იმდენად გრძელი და მოუქნელი იყო, რომ ღიმილსაც კი იწვევდა. მაშინ ვფიქრობდი, - კომედიური ჟანრის მსახიობი გახდება-თქო. როგორც კი საშუალება მომეცა, იქვე ინსტიტუტში, მეოთხე კურსელების სადიპლომო სპექტაკლში „შემოსავლიანი ადგილი“, სასურველი მსახიობები მეორე კურსიდან, უსიტყვო როლებზე „მოვიწვიე“. სტუდენტურ სპექტაკლში დასამახსოვრებელი ეპიზოდები შექმნეს უსიტყვოდ მოქმედმა პირებმა - თვალებნაღვლიანმა მეღვინეთუხუცესმა და მასთან ერთად ირაკლი უჩანეიშვილმა. ჩვენი ხელახალი შეყრა მარჯანიშვილის თეატრში მოხდა. მერე იყო რუსთავის თეატრი, სადაც ოთარი გადაიქცა ქართული დრამატული სცენის ერთ-ერთ ლიდერად. ეს არის პროფესიონალი, რომელიც თავის ხელოვნებაზე ფანატიკურად შეყვარებული, მტკიცე ნაბიჯებით მიარღვევს ყოველგვარ დაბრკოლებას. მას შეეძლო საათობით მჯდარიყო საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ფიროსმანის ნახატებთან, როდესაც თავისი საოცნებო როლის - კოროსტილიოვის ფიროსმანის განსახიერება ერგო წილად. იგი გოლიათური ძალის მსახიობია, ამის დასტურია თუნდაც, ტრაგიკული ფერებით მოსილი ოიდიპოსი.

ოთარ მეღვინეთუხუცესი ყოველთვის მიმაჩნდა მაღალი ინტელექტის მსახიობად, რომელიც დრამატურგისა და რეჟისორის თანაავტორი, თანამოაზრე ხდება, მას დამოუკიდებელი აზროვნების ძალზე დიდი უნარი აქვს. თუთაშხიას, უბრალო ქართველი კაცის, მეჯოგის როლი მან ფილოსოფიურ დონემდე აიყვანა. ის ერთ-ერთი უძლიერესი მსოფლიოს მასშტაბის მსახიობია. ჩემი შემოქმედებითი ბიოგრაფია წარმოუდგენელია მისი სირანო დე ბერჟერაკის, ნიკოლოზ პირველის, სატინის, ფიროსმანის, ლიმონას, ოიდიპოსის უბრწყინვალესი აქტიორული შესრულების გარეშე. ოთარის დათა თუთაშხია კი გვირგვინია როგორც მისი, ასევე ჩემი შემოქმედებითი ცხოვრებისა..."

gat-1643884894.jpg

ლანა ღოღობერიძე:

"ზოგი რამ, ძალიან იშვიათად შეიძლება განგებამ დაგანათლოს, როგორც ეს მოხდა ოთარის დაბადებისას. უპირველესად, ასეთი გარეგნობა, ასეთი სიმაღლე, ასეთი პლასტიკურობა, ასეთი თვალები - რაღაცნაირად ლურჯი თუ ცისფერი. მერე ასეთი ტალანტი! მაგრამ ამ ღვთით ბოძებულ საჩუქარსაც უნდა მოვლა და ეს რჩეულთა ხვედრია - შეძლო სწორად გამოიყენო ის, რაც ზეგარდმო ძალამ მოგანიჭა. ოთარი ასეთი რჩეული იყო - დიდი მსახიობი, უკანასკნელი მოჰიკანი, ეპოქის დასასრული... რა დგას ამ საყოველთაოდ აღიარებული ეპითეტების მიღმა? ჩემთვის, უპირველესად ღირსება! ის განმსჭვალული იყო იმ უბრალო, ადამიანური ღირსებით ყველა სიტუაციაში, მაშინაც კი, როცა ეს ძალზე ძნელი იყო, ქვეყნის ძნელბედობის ჟამს... ის არასდროს უშვებდა კომპრომისს სინდისთან. იყო შმაგი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და რაინდული! თავშეუკავებელი ვნებების გამოვლინებაში და დელიკატური! სრულიად უაზროდ, სასაცილოდ ეჭვიანი და მორცხვი! და რაც მთავარია, ყოველთვის, შმაგობაშიც და სიმორცხვეშიც, უკიდურესობამდე გულწრფელი, მართალი, მიამიტი...

„თავადი ქალი მაიას“ გადაღებებისას ინტერესდებოდა პოეზიით და საღამოობით ჩემ მიერ თარგმნილი თაგორის ლექსებს მთელი თავისი პოეტური სამყაროთი აყურადებდა. ოთარ მეღვინეთუხუცესი მაშინ სულ ახალგაზრდა, მაგრამ უკვე ჩამოყალიბებული მსახიობი იყო, სრულიად განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემებითა და მსახიობური ინდივიდუალობით, სერიოზული, თავის თავში ჩაღრმავებული და გაშმაგებამდე ფიცხი. მასთან მუშაობამ ჭეშმარიტ ხელოვნებასთან ზიარების არაერთი წუთი მარგუნა. და არა მარტო მაშინ, ჩვენი ახალგაზრდობის წლებში, არამედ ბევრად უფრო გვიანაც, როცა მან მოხუცი პროფესორის როლი ითამაშა ფილმში „ორომტრიალი“.

თემურ ფალავანდიშვილი:

"ფილმში „მზე შემოდგომისა“ მედეა ჯაფარიძის სურვილი იყო, ოთარს გაეწია მისთვის პარტნიორობა. ოთარ მეღვინეთუხუცესთან მუშაობა ძალზე ადვილი იყო. თავიდან ვუთხარი, მისი გმირი როგორი უნდა ყოფილიყო და შემდეგ უკვე ყველაფერი თავად გააკეთა. როცა ასეთ პროფესიონალთან გიწევს მუშაობა, მას მთლიანად უნდა მიენდო. თუმცა თავიდან, როცა ფილმზე მუშაობა დავიწყეთ, ოთარი ცოტა არ იყოს, სკეპტიკურად უყურებდა როლს. იმასაც აცნობიერებდა, რომ ფილმს მხოლოდ ერთი მთავარი გმირი ჰყავდა - მედეა ჯაფარიძე, რომლისთვისაც საგანგებოდ დაიწერა სცენარი. და მაინც, დრო სხვაგვარად აფასებს ხოლმე მოვლენებს და ეს ამ ფილმთან მიმართებითაც გამოჩნდა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ერთ-ერთ შეხვედრაზე ოთარი ჩემთან მოვიდა და მითხრა: „ამას წინათ ფილმს „მზე შემოდგომისა“ ვუყურებდი და გაკვირვებული დავრჩი - რამდენი დიდი პიროვნება და დიდი ხელოვანი აღბეჭდილა ფირზე?! მართლაც, რა მშვენიერი ფილმი გადაგვიღიაო!“ ცნობილია, რომ ოთარი კრიტიკული იყო საკუთარი კინოროლების მიმართ. მით უმეტეს, დროის დისტანციიდან მსახიობი თავისი შემოქმედების გადაფასებას ახდენს, მაგრამ ამ ფილმთან დაკავშირებით, ოთარს შევატყვე, კმაყოფილების გრძნობა ამოძრავებდა..."

276715-copy-1643884910.jpg

თამარ სხირტლაძე:

"ოთარი პირველად რომ მოვიდა მარჯანიშვილის თეატრში, მასობრივ სცენაში პატარა როლი მისცეს. ეს იყო სპექტაკლი „ლეგენდა სიყვარულზე“. უნდა გაევლოთ ერთი კულისებიდან მეორემდე და „გზად“ წყალი მოეთხოვათ. სულ ეს იყო ტექსტი. მიუხედავად იმისა, რომ ოთარის პერსონაჟი ერთ სიტყვას ამბობდა - „წყალი“, მაყურებელზე მაინც შთაბეჭდილებას ახდენდა და სწორედ ამ ეპიზოდური როლით იპყრობდა დარბაზის ყურადღებას. შემდგომმა პერიოდმა აჩვენა, რომ ამ მსახიობში არ შემცდარან. მით უმეტეს, მისთვის რთული იყო ადგილის დამკვიდრება იქ, სადაც მას ტიტანები დახვდნენ. ბევრი პარტნიორი მყოლია თეატრში, მაგრამ ოთარს განსაკუთრებით გამოვარჩევდი, ის საოცრად გრძნობდა სიტყვას. მისგან ვისწავლე, რომ პარტნიორს უნდა გრძნობდე, ისევე, როგორც ის - შენ.

დედობრივი სითბო და მზრუნველობა გასდევდა ჩვენს ურთიერთობას ფილმზე „განვედ!“ მუშაობისას. ფილმს დმიტრი ასტრახანი იღებდა. ებრაელი დედის როლზე ჩემი კანდიდატურა განიხილებოდა და სინჯებზე ლენინგრადში ჩავედი. ვხედავ, ასტრახანი საგონებელშია ჩავარდნილი, მთავარი გმირის შემსრულებელს ეძებს. სავარაუდო კანდიდატების ფოტოებს გადავხედე და დარწმუნებით ვუთხარი: ამ როლს მხოლოდ ოთარ მეღვინეთუხუცესი თუ შეეჭიდება-მეთქი. რეჟისორი დაფიქრდა, ეს აზრი ჭკუაში დაუჯდა, სცენარი გადმომცა და მთხოვა, ბატონ ოთარს თბილისში გადაეცითო. ოთარს სცენარი მოეწონა და როცა სინჯები გადაუღეს, ასტრახანი აღტაცებას ვერ ფარავდა, იმ დღესვე დაამტკიცეს როლზე.

გადაღებები რუსეთის ერთ-ერთ მიყრუებულ სოფელში მიმდინარეობდა. მრავალრიცხოვან ჯგუფს დიდი სასადილო გვემსახურებოდა. მშიერი ოთარი მძიმე ასატანი იყო, საშინელ გუნებაზე დგებოდა. გათენდებოდა თუ არა, უნდა გვესაუზმა. სასადილოს რიგში პირველი ჩვენი გვარები იყო ჩაწერილი, რადგან ოთარის გრიმის პროცედურა თითქმის ორ საათს გრძელდებოდა: თმას უღებავდნენ, მერე უხვევდნენ, გრიმს უკეთებდნენ და წვერ-ულვაშს აწებებდნენ. ჭამის დროს იძულებული იყო, წვერი მოეხსნა, მერე ისევ უნდა მიეკრა, ძალიან წვალობდა. ოთარი ჩემ გვერდით ოთახში ცხოვრობდა და მოწმე ვარ, როგორი თავდადებით მუშაობდა როლზე, გვიან ღამემდე კითხულობდა ტექსტს და იმგვარად ითვისებდა მას, რომ გადაღების დროს დაფიქრებაც აღარ სჭირდებოდა. ოთარს მორიდებული ხასიათი ჰქონდა. კინოჯგუფის წევრები ხან საზამთროს ნაჭერს, ხან ვაშლს მიაწოდებდნენ, ის კი ყოველთვის უარზე იდგა. რომ ვეტყოდი, - მიირთვი ოთარ, ნუ ხარ უარზე, ამ სიცხეში გესიამოვნება-მეთქი, - უხერხულია, აქ სხვებიც დგანანო, მპასუხობდა. საღამოობით მორიდებით დააკაკუნებდა კარზე, ჩაი არ დავლიოთო? მე უკვე მომზადებული მქონდა მისთვის ვახშამი, წინასწარ ვიმარაგებდი პროდუქტებს, ვიცოდი რა მისი ხასიათი. სუფრას ფოიეში გავშლიდი. სად იშოვეო? - უკვირდა,, რადგან ირგვლივ უდაბური ტყე იყო. შორიახლოს მხოლოდ პატარა მაღაზია მუშაობდა და პროდუქტებს იქ ვყიდულობდი. აბა, ოთარს სად ეცალა ამისთვის?!

firo-1643884927.jpg

ერთხელ შუადღის შესვენებაზე შევდივარ სასადილოში და ვხედავ, ოთარი უზარმაზარი რიგის ბოლოს დგას. აღელვებული ვეუბნები, - მალე გადაღება დაიწყება და ვერ მოასწრებ-მეთქი. მივდექ-მოვდექი, რიგში მდგომი ხალხი შევაწუხე, ვუხსნი, რომ გვეჩქარება, გრიმია გასაკეთებელი. როგორც იქნა, გამატარეს. მივდივარ ოთართან თეფშებით, დავსხედით მაგიდასთან და ცოტა ხანში, მორცხვად მეუბნება: თამარა, თავი შეიკავე ხოლმე, თორემ იტყვიან, ეს რა მაჩხუბარა დედაკაცი ყოფილაო. - ოთარ, მთავარია შენ არ იჩხუბო, - მივუგე მშვიდად.

ბედნიერი ვიყავი, რომ კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება ოთარისთვის გამეწია პარტნიორობა. ამ უზადოდ ნიჭიერი ოსტატისგან ბევრს ვსწავლობდი, ის ძალიან მეხმარებოდა სირთულეების დაძლევაში. სუფთა, გულუბრყვილო ადამიანი, ამასთანავე უდიდესი მსახიობი, პარტნიორთან მუშაობის მხრივ ხომ სამაგალითო იყო. მისგან არ მახსოვს თუნდაც ოდნავი წყენა. ჩემს მეუღლესაც (მსახიობი კოტე თოლორაია) ძალიან უყვარდა. ერთხელ წვეულებაზე სუფრასთან ოთარმა სადღეგრძელო თქვა და განსაკუთრებული გრძნობა ჩააქსოვა. გამიკვირდა, თურმე რა კარგად სცნობია ჩემი მეუღლე. ოთარი ეუბნებოდა ხოლმე: თამარა ჩემი დაქალია, ჩვენ მეგობრები ვართო. ოთარ მეღვინეთუხუცესი უსაზღვროდ ნიჭიერი კაცი გახლდათ. კიდევ ბევრი შემიძლია ვთქვა მის სისპეტაკესა და კაცობაზე. ვიცოდი, რომ ცუდად იყო, მაგრამ მისი გარდაცვალება რომ გავიგე, ძალიან განვიცადე. ოთარი მოუშუშებელი ტკივილია ჩემთვის და ასე დარჩება მუდამ...

P.S. ფილმში „განვედ!“ მოტლ რაბინოვიჩის როლისთვის, ოთარ მეღვინეთუხუცესი ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობად აღიარეს.

ნანული ზოტიკიშვილი