"საკუთარი სახლი ყველას გვენატრება, მაგრამ აქ საოცრად თბილი გარემოა" - გზაპრესი

"საკუთარი სახლი ყველას გვენატრება, მაგრამ აქ საოცრად თბილი გარემოა"

მერი წამალაშვილი და გურამ ჩოქური მოხუცთა თავშესაფარ "ბარბარეს" მცხოვრებლები არიან. ჩვენი ყურადღება მათმა ქორწინებამ მიიქცია და გადავწყვიტეთ, მათი სიყვარულის ამბავი მოგვესმინა.

შეუძლებელია, უყურო მათ და არ გაგიჩნდეს სურვილი, ამ ასაკში მათსავით გიყვარდეს. წყვილის ურთიერთობა წლებს ითვლის, თუმცა თავს იწონებენ, რომ ეს დრო ისე გალიეს, ერთხელაც არ უკამათიათ. ერთმანეთზე დიდი სიყვარულით საუბრობენ და ახალგაზრდებს რჩევებსაც აძლევენ.

თავშესაფრის თანამშრომელი დიდი სიყვარულით გვიყვება მათზე:

- ძალიან ტკბილები არიან. უკვე სამი წელია, ჩვენთან ცხოვრობენ და მათი ხმამაღალი სიტყვაც არ გვსმენია. მათთან შესვლა ყველას გვიყვარს, ისეთი თბილი გარემო აქვთ ოთახში შექმნილი, ჩვენი მშობლებივით არიან. ერთმანეთზე იმდენად ზრუნავენ და ისეთი ტკბილები არიან, გულგრილად ნამდვილად ვერ ვუყურებ ხოლმე.

- ქალბატონო მერი, გვიამბეთ თქვენი პირველი შეხვედრის შესახებ.

- ცოლად ისე გავყევი, ნანახიც არ მყავდა. ერთმანეთი არ გვიყვარდა, გარიგებით გავთხოვდი, 8 წელი გვირიგებდნენ ერთმანეთს და არ მივყვებოდი, უარზე ვიყავი. მრცხვენოდა, 33 წლისა გახლდით. ვფიქრობდი, რომ ჩემი გათხოვება უკვე გვიანი იყო. შემდეგ ნათესავებისა და ახლობლების დაჟინებული თხოვნით, ვინმეს რამე რომ არ ეთქვა ჩემზე, გავყევი.

- როგორც ამბობთ, არც კი იცნობდით მას. რთული არ იყო უცხო მამაკაცის ცოლობა?

- რა თქმა უნდა. დედამთილი შშმ პირი იყო. საწოლიდან ვერ დგებოდა და ვფიქრობდი, - რომ გარდაიცვლება, სახლში დავბრუნდები-მეთქი. როდესაც მოკვდა, ახლა ჩემი მეუღლე შემეცოდა. ვიფიქრე, მარტომ რა უნდა აკეთოს-მეთქი და ორმოცამდე დავრჩი, მაგრამ მერე იმხელა სიყვარული გვესტუმრა, მის გარეშე ცხოვრება ვეღარ წარმომედგინა.

- რამდენ წელს ითვლის თქვენი ოჯახური ცხოვრება?

- 45 წელია, უკვე ერთად ვართ, ერთმანეთის გარეშე არაფერს ვჭამთ, არაფერს ვაკეთებთ. ერთმანეთის კარგად ყოფნაა ჩვენი ცხოვრების მთავარი მიზანი. ერთი კანფეტი რომ გვქონდეს, შუაზე გავყოფთ და ისე შევჭამთ.

მახსოვს, ერთხელ მაყვლის საჭმელად ტყეში წავედი მეზობელ ქალებთან ერთად. მათ დაკრიფეს და იქვე ჭამეს, მე მუჭში შევაგროვე. გაოცდნენ, რატომ არ ჭამო? სახლში წავიღებ, მე და გურამი ერთად შევჭამთ-მეთქი, ვუთხარი. ასეთი ბევრი ისტორია გვქონდა.

- თუ გქონდათ რაიმე ოჯახური ტრადიცია?

- როდესაც გურამი სამსახურში მიდიოდა, აუცილებლად კარამდე მივაცილებდი, ვაკოცებდი, ჩავეხუტებოდი. შინ დაბრუნებულსაც კართან ველოდებოდი, ჩამიხუტებდა და სახლში ისე შევყავდი. ყოველდღე ასე ხდებოდა.

- რატომ გადაწყვიტეთ საცხოვრებლად თავშესაფარში გადასვლა?

- როდესაც მოვხუცდით და მივხვდით, საკუთარ თავებს ვეღარ ვპატრონობდით, სხვის შეწუხებას ასე ვარჩიეთ. გავარკვიე, როგორ შეიძლებოდა აქ მოხვედრა და წამოვედით. შვილები არა, მაგრამ ძალიან კარგი ძმისშვილები გვყავს, რომლებსაც ტვირთად ვერ დავაწვებოდით. ყველას თავისი ოჯახი აქვს, არ გვინდოდა არავის შეწუხება.

- როგორი რეაქცია ჰქონდა ოჯახს, როდესაც თქვენი გადაწყვეტილების შესახებ გაიგეს?

- სანამ აქ არ მოვედით, არაფერი გვითქვამს. მერეღა დავურეკეთ და ვუთხარით. ეწყინათ ჩვენი ეს გადაწყვეტილება, მაგრამ არჩევანი არ დავუტოვეთ.

- როგორი გარემოა აქ, თავს როგორ გრძნობთ, არ გენატრებათ საკუთარი სახლი?

- კი, საკუთარი სახლი ყველას გვენატრება, მაგრამ აქ საოცრად თბილი გარემოა. ყველაფერი გვაქვს, რაც გვჭირდება. დირექტორის მეუღლე, ქალბატონი მაკა ძალიან თბილი ადამიანია. ყველას საკუთარი მშობლებივით გვექცევა, ყველას გვინაწილებს სითბოსა და სიყვარულს. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ აქ წამოსვლით. ყველა მოხუცს ვურჩევ, თუ მარტოები არიან და საკუთარი თავის მოვლა-პატრონობა აღარ შეუძლიათ, მიმართონ ასეთ დაწესებულებებს.

- რატომ გადაწყვიტეთ ჯვრისწერა 45 წლის შემდეგ?

- თქვეს, თუ ჯვარი დაწერილი არ გაქვთ, იმ ქვეყნად ცოლ-ქმარი ვერ იქნებითო და ძალიან ვინერვიულე. მერე გოგონები გვესტუმრნენ და გვკითხეს, ჯვარი თუ გვქონდა დაწერილი. დამპირდნენ, რომ მამაოს მოიყვანდნენ. მეც დიდი სიხარულით დავთანხმდი.

- რა არის მთავარი მყარი ოჯახისთვის?

- ურთიერთგაგება და პატივისცემა. თუ ერთმანეთს პატივს არ სცემს ცოლ-ქმარი, მათი თანაცხოვრება დიდხანს არ გაგრძელდება. ქალი ვალდებულია, თავი დახაროს და გაჩუმდეს იქამდე მაინც, სანამ ქმარი არ მიხვდება, რომ დამნაშავე თვითონაა. შემდეგ უთხარი, როდესაც სიბრაზე გადაგივლის, ხომ შეიძლება? ჩემი მეუღლე არასოდეს ჩხუბობდა, მთიული დინჯი კაცია. მე უფრო მოლაპარაკე ვიყავი და ვეუბნებოდი, მითხარი რამე-მეთქი. ის კი იცინოდა, რა გინდა, რა გითხრაო. ასე გავიყვანეთ ჩვენი ცხოვრება, კამათის გარეშე.

- ბატონო გურამ, როგორი ცოლი იყო ქალბატონი მერი?

- პირველი ნახვისთანავე მომეწონა, ისეთი ლამაზი იყო. მომთმენი, ყოველთვის გვერდით მედგა, შრომა არ ეზარებოდა. სოფლის მეურნეობა გვქონდა და ის ჩემთან ერთად დაუზარებლად შრომობდა. ეს არის მთავარი, ცოლი ქმარს გვერდში უნდა ედგეს, როგორც კარგი მეგობარი. ერთმანეთის დასაყრდენები უნდა იყვნენ. ასე მოვიტანეთ დიდი სიყვარული დღემდე.

- ახალ თაობაზე რას ფიქრობთ?

- ბევრი რამ არ მომწონს მათი. ნეტავ, ყველა ბედნიერი იყოს, მაგრამ იმას რომ იტყვიან ხოლმე, რა მოხდა, მერე, თუ წავა, გოგოების/ბიჭების მეტი რა არისო, არ მომწონს. ერთმანეთის ფასი უნდა გაიგონ და ყველაფერს ერთად გაუძლონ!

ფიქრია რობაქიძე