„თუ არ დავუთმეთ გზა ახალგაზრდებს, არაფერი შეიცვლება...“ - გზაპრესი

„თუ არ დავუთმეთ გზა ახალგაზრდებს, არაფერი შეიცვლება...“

ლადო მესხიშვილის სახელობის ქუთაისის დრამატული თეატრის მსახიობი, სალომე ყანჩელის სახელობის ჯილდოს მფლობელი, 2018 წლის "საუკეთესო მეორეხარისხოვანი ქალის როლის" ნომინაციაში გამარჯვებული, 2019 წლის "საუკეთესო ქალის როლის შემსრულებლის" "დურუჯის" პრემიის მფლობელი - ენდი ძიძავა იმ თემებზე გვესაუბრება, რომლებიც ახლა თეატრალურ საზოგადოებაში აქტუალურია.

- ახალს ვერაფერს ვიტყვი. მეტიც, ალბათ გამეორებაა, მაგრამ მაინც იქიდან დავიწყებ საუბარს, რაც ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ტექნოლოგიების ეპოქაში გვიწევს ცხოვრება, ამიტომ ჩემთვის სრულებით არ არის გასაკვირი ის, რომ მსახიობის პოპულარიზაციაში კინემატოგრაფია გაცილებით დიდ როლს თამაშობს, ვიდრე თეატრი... მაინც, მიუხედავად იმისა, რომ თეატრს ამ ეპოქაში კინემატოგრაფიასთან ერთად, სხვა კონკურენტი, მათ შორის ინტერნეტსივრცე გამოუჩნდა, რომელიც კომფორტის ზონას უქმნის თეატრის პოტენციურ მაყურებელს - სახლიდან გაუსვლელად შეუძლია იხილოს არაერთი, კარგი კი არა, გენიალური თეატრალური პროდუქტი (სპექტაკლი), თეატრი მაინც რჩება თეატრად! თეატრი ხომ სანახაობაა, ცოცხალი სანახაობის ადგილი, სადაც ვუყურებ, ვუსმენ, განვიცდი, ვცხოვრობ. ასეთია თეატრის ბერძნული განმარტება...

თეატრი ბევრი შემოქმედებითი სფეროს სინთეზია, მათ შორის, მწერლობის, დრამატურგიის, მუსიკის, მხატვრობის, რომელსაც საბოლოოდ რეეჟისორი და მსახიობი აერთიანებს და ასე მყარდება ცოცხალი ემოციური კონტაქტი მაყურებელთან. მარტივად რომ აგიხსნათ, თეატრი ძვირფასი ნივთივითაა და ალბათ მაშინ უფრო დაფასებული იქნება, თუ თავადაც დაიფასებს ძვირად თავს... შეიძლება ვინმემ გამკიცხოს ამ ფრაზისთვის, მაგრამ ასეა. მსახიობმა შეიძლება ითამაშოს ასჯერ და კიდევ მეტჯერ ერთი პიესა ანუ სპექტაკლი და თავისი გმირის შინაგან სამყაროში ასჯერვე რაღაც ახალი იპოვოს. ყველა ახალი ნაპოვნი დეტალი იქვე, ადგილზე თამაშის დროს უნდა შეძლოს და დააფიქსიროს, დაიმახსოვროს, შეისისხლხორცოს და შემდეგ ეს დეტალები ყოველ ახლად შესრულებულ ერთსა და იმავე გმირს მიუმატოს, რათა კიდევ უფრო საინტერესო გახდეს მაყურებლისთვის. როგორც იუველირი მუშაობს თავის ახალ ძვირფასი მეტალიდან შექმნილ ნივთზე, დაახლოებით ასე ქმნიან მსახიობები იმ გმირების სახეებს, რომლებიც დიდხანს რჩება მაყურებლის მეხსიერებაში. ამ დროს კი მაყურებელი დეფიციტური გახდა... განსაკუთრებით რეგიონებში, თუმცა, შეიძლება დედაქალაქშიც ასეა... ადამიანებს თეატრი დაავიწყდათ.

- რატომ?

- არ ვიცი, არ მგონია, მხოლოდ სოციალური ფონი იყოს მაყურებლის თეატრისგან დაშორების მიზეზი. საქართველოში, ევროპული ქვეყნების, მათ შორის რუსეთის თეატრებისგან განსხვავებით, არასდროს მინახავს სალაროებთან რიგები. საბჭოთა საქართველოში მაინც ხომ ნაკლებად იყო პრობლემები. შესაძლოა, ვინმემ თქვას, რომ ახლა სხვა რეალობაა. ვიცი, მაგრამ ამ „სხვა“ რეალობას, ანუ სოციალურ ფონს, ვფიქრობ, კიდევ ემატება მიზეზები.

ახალია რაღაც საჭირო, სიახლეები ხომ უყვართ ადამიანებს. ჩემს ბავშვობაში ბატონმა რობიკომ შეძლო და შექმნა ახალი ქართული თეატრალური ეპოქა. რუსთაველის თეატრმა ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრით“ მსოფლიოს გააცნო ქართული თეატრი. შემდეგ იყო „რიჩარდ მესამე“, „მეფე ლირი“...

მიუხედავად იმისა რომ ბუნებით პესიმისტი ვარ, მაინც არ ვკარგავ იმედს, რომ შეუძლებელი არაფერია. ბატონი თემურ ჩხეიძე სამომავლოდ დიდ საქმეს უკეთებს ქართულ თეატრს, დღემდე აგრძელებს პედაგოგიურ მოღვაწეობას და ალბათ სწორედ ეს ახალგაზრდები იქნებიან, რომლებიც აუცილებლად, აუცილებლად შეძლებენ და მსოფლიო თეატრალებს თავიანთ ხმამაღალ სიტყვას გააგონებენ. ყოველ ჯერზე, ამ ახალი სიტყვის მოლოდინში დიდი ინტერესით ვადევნებ ახალგაზრდებს თვალს. უფრო მეტიც, როგორც იტყვიან, სანთლით ვეძებ მათთან ურთიერთობას, რომ ვიმეგობრო, ვიფიქრო მათთან ერთად, მინდა მათნაირი გავხდე.

- მაშინ ასაკობრივ სხვაობას ვერ გრძნობთ, არა?

- ვერა. მათთან ურთიერთობისას შესაძლებელია ძალიან სასაცილოდაც კი გამოვიყურებოდე, მაგრამ ასეთი საქციელით ვცდილობ, ისინი ჩემი ასაკით არ შევაშინო; მინდა დამიჯერონ, რომ ჩემთვის მისაღებია ყველა ის ფორმა და ხერხი, რომლითაც თეატრში რაღაც ახლის შექმნას ცდილობენ. თუ არ დავუთმეთ გზა ახალგაზრდებს, არაფერი შეიცვლება. ხანდახან ვფიქრობ, ამ ახალგაზრდებს შორის რომ „ჩამაგდოს“ ვინმემ სპექტაკლში, რას გავაკეთებ, ხომ არ დავურღვევ ახალგაზრდებს ანსამბლურობას?.. მგონი დავურღვიე კიდეც მიშა ჩარკვიანს, ევრიპიდეს „ჰეკაბეში“... დავურღვევ იმიტომ, რომ შესაძლოა, ჩემი საშემსრულებლო ხერხები მოძველებული იყოს. კიდევ იმიტომ, რომ შესაძლებელია ვერ ვიყო მსახიობი-უნივერსალი.

endi-2-1644222211.jpg

- ამას როგორ უნდა მიხვდეთ, თუ ვერ ითამაშებთ?..

- სწორედ ამას ვგულისხმობ. თუ მათთან არ მექნება შემოქმედებითი კავშირი. ჩემი ფიქრები ფიქრებად დარჩება, ეჭვები კი ეჭვებად - შევძლებდი თუ არა გავმხდარიყავი „უნივერსალი არტისტი“. ამიტომ გავიძახი გამუდმებით, რომ აუცილებელია სახელმწიფო თეატრები გაიხსნას ახალგაზრდა რეჟისორებისთვის და მიეცეთ მათ შესაძლებლობა, შექმნან თეატრალური პროდუქტი, სამსახიობო ასაკობრივი ბარიერების დარღვევით.

- ახლა ბევრ თეატრში ხელმძღვანელი უნდა შეიცვალოს. ზოგიერთის - მაგალითად, ლევან წულაძის გარშემო - დიდი აჟიოტაჟი ატყდა. რას იტყვით ამის შესახებ?

- საქართველოს თეატრის კანონმდებლობით, სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიცია ოთხწლიანია. ამიტომ, არ მესმის, ამ მოვლენის გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი. ყველა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს (მათ შორის ლევან წულაძესაც; მარჯანიშვილის თეატრმა გააკეთა განცხადება სოციალურ პლატფორმაზე ამასთან დაკავშირებით) პირველ იანვარს ამოეწურა მმართველობის ვადა. ტყუილია, წულაძე გაათავისუფლე, თითქოს მინისტრმა დისკრეციული უფლება გამოიყენა და უკონკურსოდ, ოთხ თეატრში, დანიშნა რუსთაველის თეატრი - რობერტ სტურუა, გრიბოედოვის თეატრი - ავთანდილ ვარსიმაშვილი, რ.გაბრიაძის მარიონეტების თეატრი - ლევან გაბრიაძე, ჩრდილების თეატრი „აფხაზეთი“ - გელა კანდელაკი სამხატვრო ხელმძღვანელებად. ასევე ვიცით, რომ კიდევ ორ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელები კონკურსის შედეგად უკვე დანიშნულები არიან: ა.წუწუნავას სახელობის ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი - ვასილ ჩიგოგიძე, გ.მიქელაძის თბილისის თოჯინების თეატრის ხელმძღვანელი - ნიკოლოზ საბაშვილი. დანარჩენი თეატრები მოლოდინის რეჟიმში ვართ. ველოდებით ახალ სამხატვრო ხელმძღვანელებს, რომლებიც სავარაუდოდ, ახალ შემოქმედებით პროცესებს შემოგვთავაზებენ. აქ კიდევ ერთხელ გავამახვილებ ყურადღებას ახალგაზრდებზე და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ყველა ახალგაზრდას უნდა მიეცეს საკუთარი პოტენციალის რეალიზაციის შესაძლებლობა, გნებავთ სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე. ამიტომ თქვენს კითხვაზე, ჩემს შემოქმედებით გეგმებთან დაკავშირებით, მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს, ვარ თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის და ახალი შემოქმედებითი გამოწვევების მოლოდინში. წარმატებას ვუსურვებ მომავალში ყველა თეატრს და მათ ახალ თუ ძველ სამხატვრო ხელმძღვანელებს.

- კინო და თეატრი სცენასა და კადრში, ამა თუ იმ ეპოქის პრობლემებს, ყოფას, ჭირსა და სიხარულს ასახავს და მაყურებლის სათქმელს ამბობს, თუმცა არსებობს სხვა მოლოდინიც ამ სფეროსგან - რაღაც ახლის თქმის და შექმნის...

- გეთანხმებით, ბევრი დაკვირვებისა და კვლევის საგანი სრულებით არ არის ეს. პრაქტიკულად, ყველა გადაღებული ქართული ფილმის სცენარი ჩვენს სოციალურ რეალობას ასახავს. იგივეს ვიტყვი ქართულ თანამედროვე დრამატურგიაზე. დეკემბრის თვეში, თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ქართული ფილმების ქეისს დავესწარი. ჩემ მიერ ნანახი ყველა ქართული ფილმის სცენარი სოციალურ რეალობას გადმოსცემდა.

წლების წინ თავად ვმონაწილეობდი რეჟისორ ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის ფილმში „გრძელი ნათელი დღეები“, რომლის სიუჟეტიც ასახავს საქართველოში 90-იან წლებში სამოქალაქო ომიდან გამოწვეულ სოციალურ პრობლემებს (ოჯახურ კონფლიქტებს, მეგობრულ ურთიერთობებს და ა.შ.). ფილმის პრემიერა გაიმართა 2013 წელს, ბერლინის 66-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ფორუმის პროგრამაში და პრიზიც გაიტანა. ფილმის ჩვენების ბოლოს შედგა შეხვედრა გადამღებ ჯგუფსა და მაყურებელს შორის, სადაც გაოცებული მაყურებელი დაინტერესდა ფილმში არსებული 90-იანი წლების ინტერიერისა და სიუჟეტის რეალობით.

ბოლო წლებში მომეცა შესაძლებლობა, მეთამაშა ქართველი ახალგაზრდა დრამატურგების პიესებში: ალექსი ჩიღვინაძის „მარინა რევია“ - ვ.გუნიას სახელობის ფოთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და მაკა კუკულავას „გადაუღებლად წვიმს 13.06“ - ლ.მესხიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. ორივე პიესაში დღევანდელი ქართული სოციალური პრობლემებია წარმოდგენილი.

ქართულ თეატრში დღეს იდგმება კლასიკოსი დრამატურგების პიესებიც, მაგ.: შექსპირი, მოლიერი, იბსენი და ა.შ. რა თქმა უნდა, ვცდილობ, შეძლებისდაგვარად ყოველი ახალი დადგმული სპექტაკლი ვნახო. რეჟისორების მიერ ახალი ფორმებისა და ვერსიების პოვნის მცდელობები (გემოვნებაზე არ დაობენ) ნათელია, ამიტომაც ვამბობ, რომ ძიების პროცესშია ქართული თეატრი. თუმცა, სამწუხაროდ, უმრავლესობისთვის თეატრი აღარ წარმოადგენს სულიერ საზრდოს. მოკლედ, მაყურებელს რაღაც დაემართა. მაყურებლის დამოკიდებულება თეატრისადმი აშკარად შეცვლილია.

endi-1-1644222242.jpg

- რა მხრივ?

- რაღაცას ითხოვენ, ამ „რაღაცაში“ კი კონტაქტს გულისხმობენ. სოციალურ პლატფორმაზე ვადევნებ რამდენიმე მაყურებელს თვალს და მათგან მესმის, რომ მაყრებელსა და მსახიობს შორის სულ კონტაქტს ითხოვენ. ოღონდ ზუსტად ვერ ვხვდები, რა კონტაქტს გულისხმობენ. რა არის საჭირო იმისთვის, რომ მოგვიბრუნდნენ. ზუსტად ვიცი, მაყურებელსა და მსახიობს შორის ემოციური კავშირი უნდა შედგეს, ალბათ ეს გვაკლია და ამ ემოციურ კავშირზეა საუბარი.

- მაყურებელი შეიცვალაო თქვით, ალბათ საზოგადოება შეიცვალა, არა?

- ყველა სოციალურ პლატფორმას ინტერესით ვადევნებ თვალს და ძირითადად, ადამიანები ამ პლატფორმებს ფოტო-ალბომებად იყენებენ, ზოგი საკუთარ დღიურს აქვეყნებს. ზოგი უფრო თამამია და პერიოდულად, თავის სამოქალაქო პოზიციას აფიქსირებს. მეც ასეთების რიგს მივეკუთვნები. შეშინებულებიც მრავლად არიან და ისინი ჩუმად გამოიხატება. არადა, იმ საქართველოში დავიბადე სადაც უღრუბლო, მოწმენდილი, სუფთა ცა იყო. იმ საქართველოში „ბედნიერი“ ბავშვობა რომ მქონდა და მაინც... ჩუმად, მეგობრის სხვენში, ვუსმენდით „ამერიკის ხმას“. ჩუმად ვუსმენდით Pინკ Fლოყდ-ის Aნოტჰერ Bრიცკ Iნ თჰე ჭალლ-ს. ახალგაზრდები ჩუმად რომ ვეძებდით თავისუფლების ხმას, ისეთ საქართველოში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ ყველაფერი ხომ შედარებითია. მგონია, ახლა იმდენი თავისუფლება გვაქვს, რომ არასწორადაც კი გვესმის მისი არსი... ძალიან მსიამოვნებს როდესაც ვხედავ, რომ სამოქალაქო აქტივობა იზრდება, პროტესტის გრძნობა უჩნდება საზოგადოებას, მაგრამ ის მაშინებს, რომ ქართველებს ზომიერების დაცვა გვიჭირს.

- როგორ საზოგადოებად ჩამოვყალიბდით?

- მცდელობებს ვხედავ ევროპულ საზოგადოებად ჩამოყალიბების და ძალიან მინდა, ამ საოცარი მოვლენის მოწმე გავხდე. ვინ იცის, იქნებ ოდესღაც მოხდეს.

ლალი პაპასკირი