რას გვთავაზობს 2022 წლის მოდა - გზაპრესი

რას გვთავაზობს 2022 წლის მოდა

არა აქვს მნიშვნელობა, ქალია თუ კაცი, ყველას მოსწონს, როცა იმ სამოსს ყიდულობს, რომელიც მის გემოვნებას სავსებით აკმაყოფილებს და კარგად გამოიყურება. 2022 წლის მოდის ტენდენციებსა და სიახლეებზე დიზაინერებს - ფატუნა ბუშიჰედს, ავთანდილ ცქვიტინიძესა და ირაკლი რუსაძეს ვესაუბრეთ.

ავთანდილ ცქვიტინიძე:

- მოდის ტენდენციები მუდმივად ცვალებადია, ექვს თვეში ერთხელ სიახლეებს გვთავაზობს და რაღაცები იცვლება, ამ სეზონზე კი მოდის მოყვარულები საკმაოდ რადიკალურ ცვლილებებს შეეჯახებიან. აქტუალური ხდება დაბალი სათავეები შარვალსა და ქვედატანზე. უკვე სამი სეზონია, გოგონები მაღალსათავიან შარვლებს ატარებენ და ახლა პრესის კარგად დამუშავება მოუწევთ, რადგან პერანგებიც, ზედა ტანსაცმელიც "გატოპდა". მოდის მიმდევრებს ფაქტობრივად, მთელი მუცლის, გვერდების სერიოზული "გამოფენა" ელოდებათ... მიუხედავად იმ პოზიტივისა, დღეს რომ სულ იმეორებენ და თითქმის ლოზუნგად არის ქცეული, შეიყვარე შენი სხეული, როგორიც არისო, მაინც ცოტა ცვლილებები იქნება საჭირო: ქალბატონებს, რომლებსაც პრობლემა არა აქვთ, შეუძლიათ თამამად გამოაჩინონ მენჯი, პრესი, ჭიპი, გვერდი... რაც შეეხება სილუეტს - თუ ამ ყველაფერს ადამიანი ვერ მოირგებს და ვფიქრობ, ძალიან ბევრი ვერ მოირგებს, განსაკუთრებით ქართულ რეალობაში, მაშინ შეუძლიათ წელი დააფიქსირონ...

როგორც იქნა, ოვერსაიზი სამოსი პატარა ნაბიჯებით, მაგრამ უკან იხევს. წლებია, აქტუალურია და ფაქტობრივად, მოდის ყველა სტერეოტიპი დაამსხვრია. დღეს უკვე ნომერ პირველ მოდად ითვლება დიდი ზომის სპორტული სამოსი. მოდის ტენდენციების გარდა, პანდემიამ შეუწყო ხელი იმას, რომ სახლიდან მუშაობის დროს პრაქტიკულ, მოსახერხებელ სამოსს ვირჩევთ, რომელიც არ გვაწუხებს. ამიტომაც ოვერსაიზი კვლავ დარჩება და ბოლომდე ვერ გაქრება.

ფერთა გამა მაქსიმალურად ბუნებასთან მიახლოებულია: მწვანე, ყავისფერი, ჩალისფერი გრადაციებით. ძალიან გააქტიურდება ცისფერი, მზისფერი, ყვითელი. ასე რომ, მოდის მიმდევრებს ყოველგვარ ქიმიურ ფერებზე უარის თქმა მოუწევთ. აბსოლუტურად ნატურალურ ფერებსა და მასალებზე იქნებიან ორიენტირებულები.

- კაბებზე რას იტყვით?

- პანდემიამ კაბები საფუძვლიანად იმსხვერპლა. იმედია, ნელ-ნელა გამოცოცხლდება იმის საჭიროება, რომ ქალბატონები აქტიურად დაუბრუნდნენ თავიანთ სილუეტს. ქალი კაბაში ყოველთვის არაჩვეულებრივია და ვფიქრობ, მისთვის უფრო იდეალური ტანსაცმელი არც არსებობს... ბევრი ქალი მსხვერპლს იმისთვის იღებს, რომ ლამაზი გამოყვანილი კაბა ჩაიცვას. ამისთვის დიეტებსა და ყველანაირ ხერხს, ქირურგიულ ჩარევასაც კი მიმართავენ. ახლა ქალის გარდერობში 90 პროცენტი მამაკაცური სამოსია და ალბათ ნელ-ნელა შემცირდება, ისევ მამაკაცს დაუბრუნდება.

საკმაოდ მოკლდება კაბის სიგრძე და თუ მიუ-მიუს ბოლო ჩვენებას ნახავთ, ფაქტობრივად, ქამრის სიგრძეა ქვედაბოლოები, მენჯზე და ოდნავ ქვემოთ. კაბა დუნდულებს არც კი ფარავს. ვნახოთ, როგორ აითვისებენ ქართველი ქალბატონები ამ სიახლეს, რომ კაბის სიგრძე ამდენად მოკლეა და თან ზევით - ძალიან მოკლე პერანგი, მაისური, ქურთუკი, პიჯაკი და ასე შემდეგ... არ ვიცი, წინ რა გველოდება, რამდენად გაამართლებს ქართულ რეალობაში მოდის ეს ტენდენციები. დღეს ალბათ ბევრი ადამიანი აღარ ცდილობს, ტენდენციებს მოერგოს, ყველაფერი იმდენად ინდივიდუალური გახდა და წინ პერსონამ წამოიწია. დღეს ისმის - როგორი სხეულიც მომწონს, ისეთი მაქვს! დამოუკიდებელი ადამიანის აზრი - "არ მოვერგები არანაირ წესს, მოუსმინე საკუთარ მეს!" - აბსოლუტურად ყველგან მუსირებს. ადამიანი ირჩევს იმას, რაც უნდა და რამეს იოლად არ მოერგება. ეს ყველაფერი მხოლოდ მახარებს, რადგან მოდა იმისთვის არის, რომ რაც მინდა, მისგან ის ავიღო და სხვა ვალდებულება არ მაქვს. თუ არ მომწონს, ეს ჩემი პრობლემა არ არის. ასე რომ, მოდის ტენდენციების შესახებ ვიცოდეთ, სიახლეებს გადავხედოთ და თუ ხასიათზე ვიქნებით, ჩავიცვათ, თუ არა და, დამოუკიდებელი ადამიანი ირჩევს იმას, რაც მას სურს!

263344683-4990539564311857-8844860799003411903-n-copy-1644480528.jpg

ფატუნა ბუშიჰედი:

- ტენდენციები, რომლებიც მოდიდან არასდროს გადის, ეს კულტურა, ზრდილობა და კეთილგანწყობაა... რაც შეეხება კონკრეტულად მოდას, ძირითადად, თეთრეულის სტილის სამოსია 2022-2023 წლების აქტუალური ტენდენცია. ტოპები, ე.წ. ჰუდები, სპორტული სამოსი, ცოტა "გაზარმაცებული" ვიზუალური მხარე, რომელიც პირადად მე არ მხიბლავს... ფართოტოტებიანი შარვალი, რამდენიმე ზომით დიდი სამოსიც კი ისევ აქტუალურია. თუმცა, აბრეშუმი და ხარისხიანი ქსოვილი ყოველთვის ტრენდულია. მე არასდროს მივყვები ტენდენციებს. ყოველთვის ინდივიdუალური ხასიათის დანახვა მომწონს. სულაც არ არის აუცილებელი კარნახით შემოსვა. ვის რაც სურს, ის ჩაიცვას, მთავარია შინაგანი განწყობა, რომელიც გაცილებით ეფექტურ ვიზუალს წარმოაჩენს, ვიდრე ნაკარნახები ფერთა გამა თუ რთული კონსტრუქცია. ფერების მხრივ ინდივიდუალური არჩევანია: იისფერი, რუხი, ლურჯი... საღამოს კაბებში შენარჩუნებულია კონტურული მოხაზულობის გამოკვეთა. იმდენად თავისუფალია დღეს სამოსი, რომ საზღვარი არა აქვს... ოთხმოცდაათიანი წლებიც დაბრუნდა - მაღალწელიანი და ფართო შარვლები, სქელძირიანი ფეხსაცმელი. თუმცა მე მაინც კლასიკასთან ნაზავისკენ უფრო ვიხრები.

screen-shot-2020-06-10-at-0007-1644480543.19 - Copyaaaaa.jpg

ირაკლი რუსაძე:

- პანდემიიდან გამომდინარე, ყველას ახალ რეალობასთან ადაპტირება მოუხდა. რასაკვირველია, ეს სიახლეებიც ახალმა რეალობამ წარმოშვა, როგორც ყველა სხვა მომიჯნავე სფეროში, ტანსაცმლის დიზაინზეც თავისებური გავლენა მოახდინა. სიახლეები ძალიან ინდივიდუალურია, გააჩნია ბრენდს, დიზაინერს და ხედვას... მოდის სფეროში დრო ძალიან აჩქარებული იყო, ბევრი პროდუქცია იქმნებოდა და ამ პანდემიამ ტემპი შეანელა. ახლა ადამიანები ცდილობენ, ისეთი სამოსი შეიძინონ, რომელსაც რამდენიმე სეზონის განმავლობაში ჩაიცვამენ.

- ახლახან პარიზში იყავით. რამდენად იგრძნობა 2022 წლის სიახლეები მოდის სფეროსა და ქუჩაში?

- მართალია, 2022 წელი სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო, მაგრამ პარიზში უკვე შეიმჩნევა მოდის ახალი ტენდენციები. პარიზი მოდის დედაქალაქია და არც არის გასაკვირი, რომ იქ უკვე ყველაფერი იგრძნობა ქუჩაშიც და ყველა სივრცეშიც. როგორც მოგახსენეთ, დღეს ყველა დიზაინერი იმას ქმნის, რაც მოსწონს და კონკრეტული ფერთა პალიტრისგანაც თავისუფლები არიან.

- საქართველოში როგორი ვითარებაა?

- ვფიქრობ, ჩვენთან, პანდემიიდან გამომდინარე, უფრო მძიმე ვითარებაა. ვირუსის ამდენი შემთხვევაა, ამდენი გარდაცვალება და ახლა მოდის ტენდენციებზე ხალხი ნაკლებად ფიქრობს. ყველაფერი ჩაკეტილია, ივენთები ნაკლებად ეწყობა, მოდის კვირეულები მეორე სეზონია, გადადებულია. მხოლოდ პანდემია კი არა, მატერიალური სიდუხჭირეც დიდ გავლენას ახდენს და ხალხი ჩაცმულობაზე ნაკლებად აკეთებს აქცენტს. ყველა იცვამს იმას, რაშიც კომფორტულად გრძნობს თავს და უკეთეს რჩევას ვერც მივცემთ. ფერების შერჩევაც ინდივიდუალურია - აცვიათ ის, რაც უხდებათ. იმედია, რთული პერიოდი მალე დასრულდება და უფრო ნათელი ფერები გამოჩნდება ჩვენ ირგვლივ.

მანანა გაბრიჭიძე