სპექტაკლი პირველ ემიგრანტ ქალზე პარიზში
თამარ ლოჩოშვილი 2008 წლიდან დღემდე პარიზში ცხოვრობს. საკმაოდ მიზანდასახული და შრომისმოყვარეა - ალბათ, სხვაგვარად ვერ შეძლებდა ის ეტაპები გაევლო, რომელზეც მოგითხრობთ.
მსახიობი, პანტომიმის რეჟისორი, ქორეოგრაფი და პედაგოგი ფანტაზიორი ბავშვი ყოფილა. ქიმია-ბიოლოგიის პროფილურ გიმნაზიაში სწავლობდა და პედიატრობასაც აპირებდა, მაგრამ სკოლაში ბოლო ზარისთვის მეგობართან ერთად დადგმულმა საღამომ, პედაგოგებისა და მაყურებლების იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, რომ გადაწყვიტა, თავისi მომავალი სცენისთვის დაეკავშირებინა. მემედ აბაშიძის სახელობის ხელოვნების ინსტიტუტში ჩააბარა, სადაც ამირან შალიკაშვილის სტუდენტი გახდა და მაშინ მიხვდა, ეს ის სფერო იყო, სადაც ყველაზე კარგად გრძნობდა თავს. გარკვეული პერიოდი თავისი პედაგოგისა და ცნობილი მიმის ასისტენტ-პროფესორად იმუშავა, მაგრამ ევროპაში გამგზავრებისა და სწავლის სურვილი არ ტოვებდა. ამის შანსი მაშინ მიეცა, როცა აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული რეგიონული პროგრამის ფარგლებში სტაჟირებაზე პარიზში გაემგზავრა. ერთ-ერთ თეატრში რეჟისორის ასისტენტად მუშაობდა, თუმცა, ვინაიდან საზღვარგარეთ დარჩენა და ცოდნის გაღრმავება სურდა და სტუდენტის სტატუსი ამის საშუალებას მისცემდა, უმაღლესში ჩაბარება გადაწყვიტა. თავდაპირველად ენა მინიმალურ დონეზე იცოდა, მაგრამ პროფესიულად შესწავლილი სხეულის ენა დაეხმარა, შემდეგ კი დიდი შრომისა შედეგად ფრანგულსაც დაეუფლა. ჯერ ხელოვნებათმცოდნე გახდა ცეკვის განხრით, შემდეგ კონსერვატორიის სტუდენტი, სადაც ცეკვის დამწერლობა შეისწავლა. ბევრი სპექტაკლისა და ფესტივალის მონაწილეა. პარალელურად, რამდენიმე სკოლაში ბავშვებს ცეკვას ასწავლიდა. ორი საავტორო და ერთი სოლო სპექტაკლის ავტორია. პანდემიის პერიოდში ქორეოგრაფიული ვიდეოების სოციალური ქსელებით გავრცელება გადაწყვიტა. დღესდღეობით თეატრალური ასოციაცია TAM’ART-ს ხელმძღვანელობს, წერს სცენარებს და მისი უმთავრესი სურვილია პარიზის, შატლეს თეატრში გამართოს წარმოდგენა.
- პარიზში, უნივერსიტეტში სტუდენტობის პარალელურად, საჯარო სკოლებში დავიწყე მუშაობა. ყველა ასაკის ბავშვთან მიწევდა შეხება. პანტომიმის მსახიობი ვარ და არაერთი თანამედროვე ცეკვების შემსწავლელი სტაჟირება მაქვს გავლილი, აქედან გამომდინარე შერეული სტილი შევიმუშავე, რომელშიც ქართული ილეთებიცაა შეტანილი. 2019 წელს ბავშვებთან სპექტაკლი დავდგი, მაგრამ სოციალურ ქსელში იმ ფოტო და ვიდეომასალის გამოქვეყნების უფლება არ მაქვს, რადგან არასრულწლოვნები არიან და კონტრაქტის მიხედვით, ასეა გაწერილი.
18 წლის ვიყავი, მსახიობობაზე, რეჟისორობაზე ვოცნებობდი და ერთხელაც, ამირან შალიკაშვილმა მითხრა, - შენ კარგი პედაგოგი იქნები, პედაგოგად უნდა გაგზარდოო. მაშინ ეს არ მესიამოვნა, ყველა ოცნება "ჩამიფუშა" ამ სიტყვებმა (იღიმის), მაგრამ შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. სკოლაში სამუშაოდ პირველად რომ მივედი, დირექტორის მითითებით ყველასთვის უნდა წარმედგინა თავი, თუ რას ვაკეთებდი და რა უნდა შემეთავაზებინა. მე ვთქვი: პანტომიმას ვასწავლი. 5 წუთის განმავლობაში უხმოდ გავაკეთებ რაღაცას და შემდეგ თქვენ მომიყვებით, რა დაინახეთ-მეთქი. 200 ბავშვი ხმაურობდა. დავიწყე ნომერი "კედელი". უცბად ჩამოვარდა სიჩუმე და რომ დავასრულე, მომცვივდნენ, გარს შემომერტყნენ, დაუწყეს უხილავ კედელს ძებნა და ამ დროს წამაქციეს კიდეც (იღიმის). მაშინ ვიგრძენი დიდი ბედნიერება... მახსოვს ისიც, ერთმა მშობელმა სკოლის დირექტორს ჩემზე გამოჰკითხა. თურმე მისი შვილი 1 წელი დადიოდა ცეკვაზე, მაგრამ შინ არ უცეკვია, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენთან დაიწყო სიარული, 1 კვირაში მშობლების წინაშე იცეკვა და აღფრთოვანებული ქალი კითხულობდა, - ვინ არის, ეს როგორ მოახერხაო (იღიმის)?! თავიდან რამდენიმე სკოლაში ვმუშაობდი, ახლა მხოლოდ ერთში ვარ, კონტრაქტით ნახევარ განაკვეთზე ვმუშაობ. ამის გარდა, ცეკვის გაკვეთილები მაქვს სხვადასხვა ადგილას. შაბათობით დავდივარ ვერსალში, სადაც ჯანმრთელობის პრობლემების მქონე სხვადასხვა ასაკის ადამიანებს გაკვეთილს ვუტარებ, რაც მათთვის ერთგვარი "ბედნიერების თერაპიაა".
- პედაგოგიური საქმიანობის გარდა, თქვენი ასოციაციის განვითარებაზეც მუშაობთ. რა გეგმები გაქვთ ამ მიმართულებით?
- 2016 წელს პირველი სოლო სპექტაკლი გავაკეთე, მუსიკოს ალექსი ჭაუჭიძესთან ერთად, რომელიც პარიზში ცხოვრობს. ის პიანინოზე უკრავდა, მე ვცეკვავდი. ამ პირველ თანამედროვე პანტომიმის სპექტაკლს ბევრი მაყურებელი დაესწრო. "ნუ ელი სიტყვას" შედგება ქალის ცხოვრების 5-5-წუთიანი ისტორიებისგან. ეს სპექტაკლი ბათუმის მერიის დაფინანსებით, 2017 წელს ბათუმშიც წარმოვადგინე. ამავდროულად, იმავე წელს, პარიზში ფრანგ და ქართველ ხელოვანებთან ერთად ჩამოვაყალიბე ინტერნაციონალური თეატრალური ასოციაცია TAM’ART, რომლის მიზანი სპექტაკლებისა და პერფორმანსების დადგმა, ქართული და ფრანგული კულტურის დაახლოება და ხელოვანთა დასაქმებაა. მინდა ხელი შევუწყოთ ფრანგი და ქართველი არტისტების, გამოცდილების გაზიარებას, ორი ქვეყნის კულტურის უფრო მეტად შეერთებას და თანამშრომლობას. 2019 წელს საბავშვო სპექტაკლი "ჯადოსნური ქოლგა" დავდგი და იმავე წელს, 14 იანვრის აღსანიშნავად, საფრანგეთში ლანჩხუთის თეატრი ჩამოვიყვანეთ. ეს მათი ბიუჯეტით მოხდა, მაგრამ მეგობრების დახმარებით ვუპოვე თეატრი, ინფორმაცია გავავრცელე და ამ ვიზიტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ქართული სპექტაკლის ნახვა ყველას ესიამოვნა. ეს პანდემიის დაწყებამდე მოხდა. სურვილი მქონდა, საქართველოდან რეგიონული თეატრები სისტემატურად მომეწვია და 14 იანვარი აღგვენიშნა. მაშინ სალომე ზურაბიშვილი ახალი არჩეული იყო პრეზიდენტად. ერთ-ერთ შეხვედრაზე პირადად გადავეცი ამ საკითხზე შედგენილი წერილი, გავესაუბრე კიდეც. ხელშეწყობის შემთხვევაში, მინდოდა გვქონოდა სივრცე, სადაც ასოციაცია უფრო აქტიურად შეძლებდა მუშაობას. ეს ნაბიჯი ამ ეტაპზე და მომავალშიც, პარიზში ქართული თეატრის არსებობას ჩაუყრიდა საფუძველს და ბევრ ნიჭიერ ქართველ ხელოვანს გაუკვალავდა გზას. სამწუხაროდ ჩემს წერილს რეაგირება არ მოჰყოლია. ამის შემდეგ პანდემია დაიწყო, 50 დღე შინ ყოფნამ მომიწია. საღამოს 8 საათზე სამადლობელო ტაში რომ იწყებოდა, მეც გამოვაღებდი ფანჯარას და პატარ-პატარა ნომრებს ვდგამდი, რაზეც დავიწყე ვიდეოების გადაღება და სოციალურ ქსელში ატვირთვა. ყოველდღე ახალ-ახალ სიუჟეტსა და ცეკვის ვიდეოებს ვთავაზობდი ჩემს მაყურებელს. ოთახი იყო სცენა, სახლის ნივთები - რეკვიზიტები. ამ სერიალივით ვიდეოებზე პირველი ჩართვა ნინო არაზაშვილმა გააკეთა.
- თქვენი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია "მედეა - კოლხეთის დედოფალი", რომლითაც წელს პარიზში, 14 იანვარს, ქართული თეატრის დღე აღნიშნეთ...
- უკვე რამდენიმე წელია, ჩვენი ასოციაცია ცდილობს ტრადიციად დაამკვიდროს პარიზში ქართული თეატრის დღის აღნიშვნა. წელს, ამ დღესთან დაკავშირებით, მაყურებელს ქორეოგრაფიული სპექტაკლი "მედეა - კოლხეთის დედოფალი" წარმოვუდგინეთ. გვსურდა ამით წარმოგვეჩინა უძველესი ქართველი ემიგრანტი ქალის ბედი უცხოეთში. ვთვლი, რომ მედეა ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა ისტორიაში და გადავწყვიტე, ამით დამეწყო, თუმცა, აქ არავინ იცის მის შესახებ. ქართველებს მდიდარი კულტურა და საოცარი ბუნება გვაქვს, მაგრამ სამწუხაროდ, აქ მხოლოდ კრიმინალით ვართ ცნობილი... სპექტაკლში მონაწილე მსახიობები არიან ფრანგები, რომლებიც შერჩევითი გზით ავიყვანეთ. მედეას თემა იმდენად საინტერესო აღმოჩნდა მათთვის, რომ მართლა თავდაუზოგავად იშრომეს. ჩვენი ვიდეოსპექტაკლი ძალიან მცირე დროში დაიდგა. სიუჟეტი საინტერესოა იმით, რომ მაყურებელს წარვუდგინეთ მედეა
არა კლასიკური პიესის, არამედ მითოლოგიური ვერსიის მიხედვით, სადაც მას შვილები არ დაუხოცავს. მედეას თემა საშუალებას გვაძლევს, წარმოვაჩინოთ საქართველო, როგორც უძველესი ცივილიზაციის მქონე ქვეყანა. გვინდა, წინ წამოვწიოთ ემიგრაციის პრობლემები, რომელიც დღესაც უაღრესად აქტუალური და ტკივილიანია. ამავე დროს, სპექტაკლი აშუქებს ფემინისტურ საკითხებს. როგორ შეიძლება, ისეთი ძლიერი ქალიც კი, როგორიც მედეაა, რომელსაც შეუძლია ბრძოლა სიყვარულისთვის, თავისუფლებისთვის, საკუთარი უფლებებისთვის, გადაიქცეს საზოგადოების მსხვერპლად?! ეს არის სპექტაკლი სიყვარულსა და სიძულვილზე, ერთგულებასა და ღალატზე, თავგანწირვასა და ამბიციურობაზე, სიმართლესა და ცილისწამებაზე, სიკეთესა და სისასტიკეზე. სპექტაკლში გამოყენებულია ძალიან საინტერესო ქართველი მუსიკოსის, ივანე ჩიხლაძის მუსიკა, რომელიც ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს. პროექტის განხორციელებასა და გადაღებას საქართველოში ვგეგმავთ 2022 წლის ზაფხულში. ინტერნაციონალური თეატრალური ასოციაციის პროექტი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საგრანტო კონკურსში გამარჯვების შემდეგ განხორციელდა, რადგან მოწონება დაიმსახურა მედეას თემამ. ჩვენი პროექტის მიზანია, შევქმნათ რამდენიმე პატარა ვიდეორგოლისაგან შემდგარი პერფორმანსი თანამედროვე ქორეოგრაფიის და მუსიკის გამოყენებით, რომელსაც მაყურებელს წარვუდგენთ სოციალური ქსელების მეშვეობით. ვფიქრობთ, ეს ახალი შესაძლებლობაა, ჩვენი ხელოვნება და სათქმელი მივიტანოთ მაყურებლამდე, წარმოვაჩინოთ ქართული კულტურა.
- კიდევ რა შედის თქვენს უახლოეს გეგმებში?
- დიდი ხანია ვმუშაობ ქართული ცეკვების გათანამედროვეობაზე. სუხიშვილებმა შეიტანეს ცეკვაში ბალეტის ელემენტები და მათ შემდეგ, ეს არავის გაუკეთებია, ახლაც მხოლოდ კოპირება ხდება. ასევე, იტალიაში ვართ მიწვეული და იქ ჩემს ჯგუფთან ერთად, სამუშაო გასტროლით გავემგზავრები. გვექნება ვორკშოფები და საღამოს წარმოდგენები. დაბოლოს, ჩემს ოცნებასაც გაგიმხელთ - სახლიდან 10 წუთის სავალზე შატლეს თეატრია და ძალიან მინდა, იქ დავდგა სპექტაკლი.
ანა კალანდაძე