"ჩვენ ვართ ყველაზე საინტერესო "სათამაშოები" ბავშვებისთვის" - გზაპრესი

"ჩვენ ვართ ყველაზე საინტერესო "სათამაშოები" ბავშვებისთვის"

ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტი, ნეირორეაბილიტაციის მაგისტრი ნანა ნაცაური გვესაუბრება იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა ბავშვის განვითარებისთვის, ასევე, აუტისტური სპექტრის მქონე პირებში ფიზიკური თერაპიის მნიშვნელობისა და იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შევუწყოთ ხელი ბავშვის მოტორულ განვითარებას.

- სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი დავამთავრე. მესამე კურსზე ვიყავი, როდესაც მუშაობა საირმეში, გერმანელების მიერ დაპროექტებულ რეაბილიტაციის ცენტრში დავიწყე. შემდეგ გადავწყვიტე, მოხალისედ წავსულიყავი გერმანიაში. იყო ასეთი პროგრამა, შშმ პირების ხელშეწყობას ითვალისწინებდა. წელიწად-ნახევარი დავყავი გერმანიაში, რის შემდეგაც პოლონეთში სენსორული ინტეგრაციის კურსები გავიარე და კვლავ საქართველოში დავბრუნდი, რადგან მინდოდა, აქაც განხორციელებულიყო მსგავსი პროექტები. შემდეგ ნეირორეაბილიტაციის ფაკულტეტზე ჩავაბარე გერმანიაში, ფრეზენიუსის უნივერსიტეტში და ვიდრე დაფინანსებას მოვიპოვებდი, დავიწყე აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან მუშაობა. ვთვლი, რომ ვიპოვე ჩემი ადგილი, რადგან ბავშვებთან მუშაობა სულ სხვა ემოციებს გმატებს, სხვა სიხარულია. ბავშვს უნდა ასწავლო მისი ასაკისთვის შესაფერისი თამაშები და აქტივობები, ოღონდ ისე, რომ მისთვის იყო მთავარი "სათამაშო". ასე რომ, ჩვენ ვართ არა მარტო ფიზიკური თერაპევტები, არამედ ყველაზე საინტერესო "სათამაშოები" ბავშვებისთვის. სხვათა შორის, ჩემი პროფესიული არჩევანი იმანაც განაპირობა, რომ ჩემი დეიდაშვილი დაუნის სინდრომის მქონეა. არ არსებობს მოტორულ განვითარებაზე ორიენტირებული სპეციალური პროგრამა დაუნის სინდრომის მქონე პირებისთვის, არადა, მათ მთელი ცხოვრება სჭირდებათ ფიზიკური თერაპევტის მხარდაჭერა. ასეთი პროგრამის შექმნაზე ვმუშაობ დეიდაჩემთან ერთად, რომელიც კინესთეტიკის (მეცნიერება მოძრაობის აღქმის შესახებ) ტრენერია...

- რომელ ასაკში რამდენხნიანი ფიზიკური დატვირთვაა რეკომენდებული და რა უნარ-ჩვევების განვითარებას უწყობს ხელს?

- ფიზიკური აქტივობა ბავშვის ადრეული განვითარების საფუძველია და გავლენას ახდენს ჯანმრთელობის მრავალ ასპექტზე. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია განმარტავს, რომ ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ფიზიკური აქტივობა მოიცავს თამაშს, სპორტს, გადაადგილებას, საქმეებს, დასვენებას, ფიზიკურ აღზრდას ან დაგეგმილ ვარჯიშს. თუ ბავშვი სათანადოდ ვერ აღიქვამს საკუთარ სხეულს, ქაოსურია, ერთ ადგილზე ვერ ჩერდება, მოცემულ დავალებაზე კონცენტრირება უჭირს, ეს გასაკვირი არ არის. ახლანდელი ბავშვები ძირითადად შინ სხედან და სმარტფონით ერთობიან. სამწუხაროდ, ისინი ვერ ახერხებენ იმ ენერგიის დახარჯვას, რაც აუცილებელია მათი ასაკისთვის. უწევთ მოზღვავებული ძალების ატიპურად წარმართვა მაშინ, როდესაც წინა თაობების აქტივობები სირბილთან, რეზინობანასთან, წრეში ბურთის თამაშთან, ხეებზე ძრომიალსა და წარმოსახვით როლურ თამაშებთან ასოცირდებოდა. თამაში ბავშვს საშუალებას აძლევს ივარჯიშოს სხვადასხვა მოძრაობის უნარ-ჩვევაზე, თუმცა საჭიროა ფიზიკური აქტივობების გარკვეული სტრუქტურირება, რათა მან საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური პოტენციალი გამოავლინოს. იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ბავშვის მოტორულ განვითარებას, საჭიროა შესაბამისი გარემოს შექმნა, მოწყობა და სათამაშოებით უზრუნველყოფა.

სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებულია ფიზიკური დატვირთვა დღეში 60 წუთის განმავლობაში (თავისუფალი ფიზიკური დატვირთვა უნდა გაგრძელდეს დღის განმავლობაში რამდენიმე საათი). მჯდომარე პოზიციაში ბავშვის გაჩერება გადაბმულად დღეში 60 წუთზე მეტი რეკომენდებული არ არის. კარდიორესპირატორული და კუნთოვანი ფიტნესის, ძვალ-სახსროვანი სისტემის, გულ-სისხლძარღვთა და მეტაბოლური ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით აუცილებელია, 5-17 წლის მოზარდები ყოველდღიურად საშუალოდ 60 წუთი ძლიერი ინტენსივობის ფიზიკური აქტივობით იყვნენ დაკავებული, 60 წუთზე მეტი ფიზიკური დატვირთვა კი ჯანმრთელობისთვის დამატებით სარგებელს უზრუნველყოფს.

ფიზიკური აქტივობის შესაბამისი პრაქტიკა ეხმარება მოზარდებს ძვალ-სახსროვანი, კუნთოვანი, გულ-სისხლძარღვთა სისტემების, ნეიროკუნთოვანი აღქმის (კოორდინაცია და მოძრაობის კონტროლი) განვითარებასა და სხეულის ჯანსაღი წონის შენარჩუნებაში. ფიზიკური დატვირთვა ასევე დაკავშირებულია ფსიქოლოგიურ სარგებელთან, შფოთისა და დეპრესიის სიმპტომებზე კონტროლის გაუმჯობესებასთან, ხელს უწყობს სოციალურ განვითარებას, თვითგამოხატვის, თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებას სოციალური ურთიერთობისა და ინტეგრაციის საშუალებით. ფიზიკურად აქტიური ახალგაზრდები უფრო ხშირად ეწევიან ჯანსაღი ცხოვრების წესს და აქვთ უფრო მაღალი აკადემიური მოსწრება სკოლაში.

- საერთო ფიზიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და პაციენტისთვის აუცილებელი ვარჯიშების შესრულების მიზნით, "კოვიდ-19"-ის პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა ტელემედიცინის ჩართვა ფიზიკურ თერაპიაში. რა არის ტელემედიცინა, დისტანციური ფიზიკური თერაპია და რამდენად ეფექტურია?

- ტერმინი "ტელემედიცინა" მოიცავს ყველა იმ სამედიცინო დარგს, რომელიც პაციენტებს საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებით ემსახურება. პაციენტებს საშუალება აქვთ, ფიზიკურ თერაპევტს ვიდეოზარის მეშვეობით დაუკავშირდნენ და სახლიდან გაუსვლელად ივარჯიშონ. ჩატარებული კვლევები მოწმობს, რომ გარკვეულ შემთხვევებში ეს ისეთივე ეფექტურია, როგორიც სპეციალისტთან უშუალო კონტაქტისას ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ ფიზიკური თერაპია განსხვავდება ტრადიციული თერაპიის სესიისგან, ტელემედიცინას თავისი უპირატესობებიც აქვს, პირველ რიგში, უსაფრთხოება "კოვიდ-19"-ის გავრცელების გაზრდილი რისკის პირობებში. სხვა ფაქტორებს შორისაა დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა: პაციენტი ნაწილობრივ სწავლობს საკუთარი სიმპტომების მართვას, რაც დადებითად მოქმედებს ფუნქციების აღდგენის პროცესზე...

272221160-5167800169906527-6845809455170984076-n-copy-1644482186.jpg

ორი წლის წინ გერმანიაში გავიგე "შინ მომსახურების" სერვისის შესახებ: ფიზიოთერაპევტები მიდიოდნენ პაციენტებთან, რომლებსაც სხვადასხვა პრობლემის გამო ცენტრში მისვლა არ შეეძლოთ. ჩემს კოლეგასთან ერთად შევქმენი სარეაბილიტაციო სერვისი, რომელიც პაციენტს ნებისმიერ სივრცეში მოემსახურება. ეს პროგრამა ითვალისწინებს მომსახურებას ხანდაზმული ადამიანებისთვის, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები ან შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობა აქვთ: მობილობის ან წონასწორობის დარღვევა და სიარულის გაძნელება, ფიზიკური დეკომპენსაცია, ძალისა და გამძლეობის დაქვეითება; ვინც გადაიტანა "კოვიდი" და აწუხებს პოსტკოვიდური სიმპტომები - დაღლილობა, ყოველდღიურ საზრუნავთან გამკლავების სირთულე, ჰაერის უკმარისობა, წონასწორობის პრობლემები ან ხშირი თავბრუსხვევა, სახსრების ტკივილი და ა.შ. სერვისი ამ ეტაპზე არ ითვალისწინებს თანადაფინანსებას, მაგრამ ვფიქრობ, შეიძლება მომავალში დაინტერესდეს სახელმწიფო, ჯანდაცვის სისტემა. მერია აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის გამოყოფს 20 საათს, რომელშიც ფსიქოლოგის სეანსიც შედის და ალტერნატიული თერაპიაც. ეს გულისხმობს, რომ მთელი თვის განმავლობაში 6 სეანსი მაქვს ბავშვთან, მაშინ, როდესაც ამერიკის ფიზიკური თერაპიის ასოციაცია (APTA) და იუნისეფი (UNICEF) გვეუბნებიან, რომ ბავშვის დატვირთვა უნდა მოხდეს მინიმუმ კვირაში ორჯერ ერთი საათის განმავლობაში, ხოლო იქ, სადაც პრობლემებია, ვარჯიშის ინტენსივობა ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს, რაც ჩვენთან არ ხდება. მოტორულ განვითარებაზეც უნდა იმუშაო, თამაშის უნარ-ჩვევებზეც, გარეთაც უნდა გაიყვანო, ინტეგრირება უნდა მოხდეს ბაღში, სკოლაში. ხშირად ეს ყველაფერი რომ მიიღოს ბავშვმა, მშობელი ამატებს გარკვეულ თანხას. არადა, ბავშვებისთვის, მით უმეტეს სპეციალური საჭიროების მქონეთათვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოტორული განვითარება. პატარა თავიდანვე სწავლობს თავისი სურვილებისა და ემოციების მართვას, მეტყველებას. საქართველოში ძირითადად მეტყველების დაგვიანების გამო მიმართავენ ხოლმე სპეციალისტებს, ნაკლებ ყურადღებას აქცევენ მის მოტორულ განვითარებას, რაც არასწორია, რადგან მოტორული და კოგნიტური განვითარება ჰარმონიაშია ერთმანეთთან. თუ მოტორული განვითარება შეესაბამება ასაკს, ბევრად კარგად ვითარდება კოგნიტური მხარეც. პანდემიის პერიოდში ეს ყველაფერი გართულდა, რადგან ბავშვები გარე სამყაროს, მეგობრებს სრულიად მოწყდნენ და ვერ ისწავლეს ისეთი მარტივი აქტივობები, როგორიცაა მაგალითად, ხტომა, ბურთით თამაში. ამის გამო, წინა წლებთან შედარებით, მომართვიანობა ბევრად მეტია.

ნინო ჯავახიშვილი